Litclub.ge

ქვის სტუმარი
სცენა I

დ ო ნ ჟ უ ა ნ ი და ლ ე პ ო რ ე ლ ო

დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
აქ დაველოდოთ შეღამებას. მადრიდის კარებს
მადლობა უფალს მოვაღწიეთ. კიდევ ცოტაც და
ნაცნობ ქუჩებში ძველებურად გავინავარდებ.
პირს მოსასხამით მოვიბურავ, შუბლს თავსაბურავით,
შენ როგორ ფიქრობ? ჩემი ცნობა გაუჭირდებათ.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
რაღა თქმა უნდა! დონ ჟუანის ცნობა ძნელია,
ათას კაცში ვერ გამოარჩევ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
შენ ხუმრობ,მაგრამ
ვინ უნდა მიცნოს, შენი აზრით?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ვინ? პირველმავე
ღამის გუშაგმა, მემუსიკემ, თუ გინდა, მთვრალმა,
სულაც, ჩვენმა ძმამ - თავგასულმა კაბალიერომ,
მოსასხამის ქვეშ მხარიღლივ რომ ჰკიდია ხმალი.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რა მენაღვლება, დაე, მიცნონ, ღამეულ გზაზე
ოღონდ ჩვენს პატრონს - თვითონ მეფეს არ შევეფეთო.
თუმცა მადრიდში მე არავის არ მეშინია.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
კარგად ბრძანეთ! მაგრამ ხვალვე იმის ყურამდე
მიაღწევს ხმა, რომ დონ ჟუანი თავისი ნებით,
დაუკითხავად ჩამოვიდა ქალაქსო, - მაშინ,
მითხარით, რა დღე დაგადგებათ, რას გიზამთ მეფე?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
არაფერს. უკან გამაგზავნის და ეს იქნება.
რა უნდა მიყოს უარესი! თავს არ მომკვეთენ,
ეს ცხადია და ჭეშმარიტი. მე ხომ საქვეყნო
დანაშაული არაფერი ჩამიდენია.
ისევ ჩემდამი სიყვარულის გამო პატრონმა
განმიშორა მე, რომ მოკლულის ნათესაობას
და ოჯახს სისხლი არ აეღო. . .
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ჰოდა, ის ჯობდა
განრიდებოდით მესისხლეთა შურისძიებას!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მონავ უბირო, აკი ნახე საკუთარ თვალით,
მოწყენისაგან კინაღამ რომ ამომხდა სული!
მაინც რა მკვდარი ქვეყანაა! ან რა ხალხია?
ცა, - ცა რასა ჰგავს გაკვამლული? ქალები? არ,
ანდალუზიის უკანასკნელ გლეხის გომბიოს -
ჩემო ერთგულო ლეპორელო, შენ ეს იცოდე, -
ყველა იქაურ მზეთუნახავს ვანაცვალებდი.
ჯერ კი მხიბლადნენ მე ისინი. მისაკუთრებდნენ
კანის სითეთრით და ცისფერი თვალების ნაბვით,
და კიდევ კდემამოსილებით, უფრო კი - გეტყვი -
სიახლით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მალედვე მივხვდი,
რომ ცოდვაც კია მათი ხვევნა, - მკვდართან ხარ თითქოს,
თითქოს ცვილისგან გამოძერწილ თოჯინებს ჰკოცნი.
სხვა სიცოცხლე აქვთ ჩვენს დიაცებს!. . მაგრამ მოიცა,
ეს მიდამო და ჭალა რაღაც მეცნაურება.
ჩვენ აქ ვყოფილვართ. . . გაგახსენო? ზაფხულში, ერთხელ. . .
ლ ე პ ო რ ე ლ ო
წმინდა ანტონის მონასტერი! ზაფხულში, დიახ,
აქეთ ინებეთ, კარგად მახსოვს, წამობრძანება.
ცხენები აგერ, იმ ჭალაში გვეყენა, ქვევით.
სამსახური მაქვს უბედური, დროს აქ, - მერწმუნეთ,
თქვენ ატარებდით ჩემზე უკეთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
(დაფიქრებულია)
ჩემი ინეზე!
როგორ მიყვარდა! აღარაა ამ ქვეყნად უკვე.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ინეზა! მახსოვს, შავთვალწარბა. . . დიდად მოგწონდათ,
სამი თვე სდიეთ, გასაქანი აღარ მიეცით
და ბოლოს ეშმას შემწეობით დაიყოლიეთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ივლისში. . . ღამით. რაღაცნაირ მწველ სიტკბოებას
და ნეტარებას მგვრიდა მისი მწუხარე მზერა
და მიწისფერი ტუჩები. - ეს უცნაურია.
არც შენ მიგაჩნდა ის ლამაზად მაინცდამაინც
და მართლაც, მასში ცოტა იყო ამაღლებული
და ჭეშმარიტად მშვენიერი; თვალები მხოლოდ,
შავი თვალების გამოხედვა. . . ასეთი მზერა
მეტად არასდროს შემხვედრია, აღარ მინახავს.
ხმაც საოცარი ჰქონდა, ყრუ და სუსტი, ვით სნეულს, -
ქმარი ჰყოლოდა გარეწარი, გულღვარძლიანი,
გვიან შევიტყო. . . ო, საწყალი, საბრალო ქალი!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
რას იზამ! მერე სხვა გამოჩნდა. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ვერაფერს ვიტყვი.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
კარგად ვიყოთ და იმათ კიდევ სხვები მოჰყვება.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
სწორია ეგეც, რა უნდა ვთქვა. . .
ლ ე პ ო რ ე ლ ო
მადრიდში ახლა
ვის მივადგებით ამ საღამოს?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ვის და ლაურას!
ახლა პირდაპირ იქ მივდივარ.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
დიდებულია!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
უეცრად მინდა თავს წავადგე, მაგრამ თუ სტუმრად
ვინმე ჰყავს, - უჯობს გაისტუმროს თუნდა ფანჯრიდან.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
კარგია! ხედავ, გულს დარდი გადაგვყრია!
მიცვალებულნი გულს დიდიხნით ვერ გვიშფოთებენ.
აქეთ ვინ მოდის? (შემოდის ბერი)
ბ ე რ ი
ახლა აქეთ მოეშურბა
იგი. თქვენ იქნებ მხლებელნი ხართ დონა ანასი?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
არა, მამაო, თავადები გახლავართ თავად
და გულის ნებით აქ ვსეირნობთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
თქვენ ვისღა ელით?
ბ ე რ ი
ახლა აქ მოვა დონა ანა, მოსახილველად
თავის მეუღლის აკლდამისა.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ო, დონა ანა
დე-სოლვა? როგორ! კომანდორის თანამეცხედრე?
რომელიც მოჰკლა. . . ვინ, - არ მახსოვს?
ბ ე რ ი
ყოვლად გახრწნილმა,
ურცხვმა, უღმრტო დონ ჟუანმა.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ნუ დაუჯერებ
თუ გინდ ყურებს! უმყუდროეს მონასტერშიც კი
ისმის სახელი დონ ჟუანის. საკვირველია!
და განდეგილნი უგალობენ ქებათა ქებას.
ბ ე რ ი
იცნობდით იმ კაცს?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
რასა ბრძანებთ! არც კი გვინახავს!
სად არის ახლა, ხომ ვერ გეტყვით?
ბ ე რ ი
გადაასახლეს
შორეულ მხარეს.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
მადლობა ღმერთს! რაც შორს იქნება,
მით უკეთესი! მემრუშეებს სუყველას ერთად
თავს მოვუყრიდი და მორევში გადვუძახებდი.
რას როშავ, ბრიყვო!
ხმა გაკმინდეთ: ყასიდად ვამბობ. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მაშასადამე, კომანდორი აქ მარხია?
ბ ე რ ი
დიახ. მეუღლემ აღმართა ქვის ქანდაკება
და ყოველდღე აქ მობრძანდება, რომ მისი სულის
მოსახსენებლად მოილოცოს ადგილი ესე
და დაიტიროს.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
უცნაური ქვირივ ყოფილა!
ლამაზიცაა?
ბ ე რ ი
სილამაზე დედათა ჩვენთვის,
მონაზონთთვის, ამაო და ფუჭი სიტყვაა:
მაგრამ სიცრუით ვერ შევცოდავ, არავის ძალუძს
მისი მშვნება საოცარი არ აღიარო.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მიტომაც იყო ეჭვიანი განსვენებული
და დონა ანა ჩაკეტილში მიტომაც ჰყავდა.
აკი ჩვენთაგანს არასოდეს უხილავს იგი.
ორიოდ სიტყვას ვეტყოდი მე. . .
ბ ე რ ი
ო, დონა ანა
მამაკაცებთან არ საუბრობს. არც არასოდეს
უსაუბრია.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ხოლო თქვენთან, მამაო?
ბ ე რ ი
ჩემთან
სულ სხვა საქმეა. მე არა ვარ სოფლის კაცი.
აგერა ისიც.
(შემოდის დონა ანა)
დ ო ნ ა ა ნ ა
ო, მამაო, გამიღეთ კარი!
ბ ე რ ი
ახლავე, შვილო. მე თქვენს მოსვლას ველოდებოდი.
(დონა ანა თან მიჰყვება ბერს)
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ჰა, როგორია?
ვერაფერი ვერ გავარჩიე
ქვირივ ძაძების და ამ შავი მოსაუბრის ქვეშ,
მხოლოდ პატარა, ბუდეშური ფეხი შევნიშნე.
ეგეცა კმარა, ხვაშიადი რომ ვიცი თქვენი;
დანარჩენს ყოველს წარმოსახვა დაგისურათებთ
გამჭრიახი და მხატვრისაზე უფრო ცხოველი.
ხომ სულერთია თქვენთვის, თხემით დაჰყვებით დაბლა
თუ კოჭებიდან აუყვებით.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
შენ, ლეპორელო,
ყური დამიგდე, - მე ამ ქალის გაცნობა მინდა.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
რაღა თქმა უნდა, გენდომებათ! ქმარი მოუკლა
და ახლა, რა ქნას, მოენატრა ქვრივის ცრემლები.
შეხედავს მარტო. უსინდისო!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ამასობაში
შეღამდა კიდეც. ვიდრე მთვარე არ ამოსულა
და მწუხრი ნათელ საღამოდ არ გადაქცევია,
შევიდეთ ქალაქს.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ღამეს ელის და მთვარიანში
სიარულს უფრთხის ესპანელი გრანდი! - ო, ღმერთო,
რა ცხოვრება მაქვს. ან როდემდე უნდა ვეწვალო
ამ დამთხვეულის გადამკიდე!. . .


ს ც ე ნ ა II

(ოთახი. ლაურასთნა ვახშამია)

პ ი რ ვ ე ლ ი ს ტ უ მ ა რ ი
თავს გეფიცები, არასოდეს გითამაშნია,
ჩემო ლაურა, - ესოდენი სრულყოფილებით.
რა სწორად გქონდა შენი როლი ამოცნობილი!
მ ე ო რ ე
და მერე როგორ, რა ბრწყინვალედ განავითარე!
მ ე ს ა მ ე
რა საოცარი ხელოვნებით!
ლ ა უ რ ა
გამომდიოდა
დღეს თითეული მიხრა-მოხრა რაღაცნაირად.
თავდავიწყებით ვეძლეოდი მე შთაგონებას
და სიტყვა ისე მომდიოდა, თითქოს მას შობდა
არა მონური მახსოვრობა, არამედ გული.
პ ი რ ვ ე ლ ი
თვალები ახლაც შთაგონებით გიბრწყინავს, სახე
წითლად გიღუის და არ გტოვებს აღფრთოვანება,
ნუ გააცივებ მას ამაოდ! ლაურა, მოდი,
გვიმღერე რამე.
ლ ა უ რ ა
მომაწოდეთ, აბა გიტარა!
(მღერის)
ყ ვ ე ლ ა ნ ი ე რ თ ხ მ ა დ
დიდებულია! ბრწყინალეა! გადასარევი!
პ ი რ ვ ე ლ ი
მადლობას გწირავთ, ჯადოქარო. შენ უცნაური
ხმით გვაჯადოვებ. წუთისოფლის სიამეთაგან
მუსიკა მხოლოდ სიყვარულის წინაშე იხევს,
თუმცა სიყვარულიც მუსიკაა. . . შეხედეთ, თვითონ
შენს პირქუშ სტუმარს, დონ კარლოსსაც შეუძრა გული.
მ ე ო რ ე
რა სიმღერაა! რა გრძნობაა შიგ ჩაქსოვილი!
ლაურა, ლექსი ვის ეკუთვნის?
ლ ა უ რ ა
დონ ჟუანს.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ვისო?
ლ ა უ რ ა
დონ ჟუანს. ლექსი დამიწერა ოდესღაც ჩემმა
თავქარიანმა საყვარელმა, სანდო მოყვარემ.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
გარეწარი და ღვთის პირიდან გავარდნილია
ეგ შენი სანდო მეგობარი.
ლ ა უ რ ა
დაჰკარგა ჭკუა?
მსახურთ ვუხმობ და შენს თავს ახლავე ავაკუწვინებ,
თუმცა ქედმაღალი ესპანელი გრანდი ხარ.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
უხმე!
პ ი რ ვ ე ლ ი
ჩემო ლაურა, გულისწყრომა დაიცხრე, შენ კი
ნუ ფიცხობ, კარლოს, ჩვენს მასპინძელს არ ახსოვს ალბათ. . .
ლ ა უ რ ა
რა? - რომ დონ ჟუანს პატიოსან ორთაბრძოლაში
მაგის ღვიძი ძმა შემოაკვდა? რატომ თვითონ ეგ
არ წარუმძღვარა!
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ვნანობ უკვე ჩემს გულფიცხობას.
ლ ა უ რ ა
აჰა, ხომ ნანობ! უგუნურო! კარგი, შევრიგდეთ,
რაცკი თვითონაც აღიარებ.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ჰო, მომიტევე.
დამნაშავე ვარ. შენ ხომ იცი, ჩემს უნებურად
სისხლი მემღვრევა ამ სახელის გაგონებაზე.
ლ ა უ რ ა
მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ მე წამდაუწუმ
მაინცდამაინც ეგ სახელი მადგება პირზე?
კარგი, შერიგდით და ნიშნად ამ შერიგებისა,
ლაურა, ერთი სიმღერაც თქვი.
ლ ა უ რ ა
დროც არი უკვე -
შუაღამეა. რა გიმღეროთ გამოსათხოვრად?
ჰო, - მაშ, მისმინეთ. (მღერის)
ყ ვ ე ლ ა ნ ი
ბრწყინვალეა! დიდებულია!
ლ ა უ რ ა
აბა, ნახვამდის, ბატონებო.
ღამე მშვიდობის.
(გადიან. ლაურა დონ კარლოსს შეაჩერებს)
ლ ა უ რ ა
შენ დარჩი, შმაგო! დღეს როგორღაც მომინადირე
შენი უგონო საქციელით, სიტყვის უკმეხი
შემობრუნებით და კბილებით ღრჭენით, უეცრად,
დონ ჟუანი რომ მომაგონე.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ოჰ, ბედნიერი!
მართლა გიყვარდა? თუ . . .
(ლაურა დასტურის ნიშნად თავს უქნევს)
ძალიან?
ლ ა უ რ ა
ძალიან, - მართლა!
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
და ახლაც გიყვარს?
ლ ა უ რ ა
ახლა, ამ წუთას? მე სიყვარული
ერთბაშად ორი მამაკაცის არ შემიძლია.
ახლა შენ მსურხარ.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ო, ლაურა, კითხვას აუგად
ნუ ჩამომართმევ, - რა ხნისა ხარ?
ლ ა უ რ ა
თვრამეტის გავხდი.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ახალგაზრდა ხარ. . . ახალგაზრდა იქნები კიდევ
ხუთ-ექვს წელიწადს. შენს ნადიმზე კიდევ ცოტა ხანს
ივლის ეს ხლხი, ხელის გულზე გატარებს გულით,
საჩუქრებს გიძღვნის, მუხლს მოგიყრის, მოგეფერება,
არ მოგასვენებს ღამღამობით სერენადებით
და ისევ შენთვის ერთმანეთთან წაკიდებულნი
გზაჯვარედინზე გაუყრიან ერთმანეთს მახვილს.
მაგრამ მოვა დრო, - შენი ჟამიც მიიწურება.
თვალებში ცეცხლი ჩაგიქრება, ჩაგიღამდება
ღრმა ნაოჭებით უპეები და შენ, - ჭაღარას
და წელსი მოხრილს, - უშნო ბებერს დაგიძახებენ.
რას იტყვი მაშინ, რაღასა იქმ?
ლ ა უ რ ა
განა ამაზე
ღირს თავისტეხა წინდაწინვე? საკითხავია
ასეთი რამე? მოიშორე პირქუში ფიქრი.
მოდი, გავიდეთ აივანზე. . . რა მყუდრო ცაა.
ვერხვის ფოთოლიც კი არ იძვრის და სუნი ასდის
ღამეს დაფნის და ლიმონისა, ცის კამარაზე
დინჯად მიცურავს ვეებერთელა სადაფის მთვარე
და გუშგების დაძახილი ისმის: დარია. . .
ხოლო იქით, შორს, ჩრდილოეთით, მთების გადაღმა
ნისლია ალბათ, ღრუბლებითაა ცა მოგრაგნილი,
უჟმურად წვიმს და უპირქუბო ქარი უბერავს.
თუმცაღა ჩვენ რა გვენაღვლება? მომხედე, კარლოს,
მე ღიმილსა და სულ სხვა სიტყვებს მოველი შენგან. . .
ჰო, - ეგრე.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
ჩემო სასურველო!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ჰაუ, ლაურა!
ლ ა უ რ ა
ვინ არის ნეტა, ვისი ხმაა?
კარი გამიღე!
ლ ა უ რ ა
ო, ღმერთო! ნუთუ. . .
(კარს აღებს. შემოდის დონ ჟუანი)
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
გამარჯობა!. . .
ლ ა უ რ ა
შენ ხარ, დონ ჟუან!
(ლაურა მკლავებში უვარდება დონ ჟუანს)
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
დონ ჟუანიო!. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
საყვარელო ჩემო, ლაურა. . . (კოცნის)
ვინ არის შენთან, ჩემო კარგო?
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
მე ვარ - დონ კარლოს,
შენი მტერი და სულთამხდელი!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
აი, შეხვედრაც
ამასა ჰქვია! ხვალვე მზადა ვარ შენ სამსახურად.
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
არა, ახლავე მოემზადე!
ლ ა უ რ ა
დონ კარლოს, გეყოთ,
რაა, ქუჩაში ხომ არა ხრთ, ჩემთან ხართ, სახლში,
თუ ჩხუბი გინდათ, გთხოვთ მიბრძანდეთ!
დ ო ნ კ ა რ ლ ო ს ი
(ყურადღებას არ აქცევს)
მე გელოდები!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ხმალი თანა გაქვს - იმედია. . .
ხმლის დარდი ნუ გაქვს,
არ დაგაყოვნებ, რაკი ჩქარობ. ჰა!. . . (იბრძვიან)
ლ ა უ რ ა
რასა შვრებით!
(საწოლზე პირქვე ემხობა. დონ კარლოსი ეცემა)
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ადე, ლაურა, მოვუთავე ხელი . . .
ლ ა უ რ ა
რას ამბობ?
მოჰკალი? ღმერთო! მერე სადა? ჩემთან, ოთახში!
რაღა ვქნა ახლა! უტირარო, სატანის წილო!
სად გადავმალო მე ეს გვამი?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
იქნებ ჯერ კიდევ
სულს არ გაჰყრია.
ლ ა უ რ ა
არ გაჰყრია! შეხედე, ლეგო,
შიგ გულში მაინც არ დაგეცა მახვილი, თუმცა
რას ააცდენტი. დაიცალა სისხლისგან უკვე
და აღარ სუნთქავს, - როგორია?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
აკი თვითონვე
ინდომა ეგრე. სხვა არც მქონდა გამოსავალი.
ლ ა უ რ ა
კარგი, იყუჩე თუ ღმერთი გწამს, რას არ ჩადიხარ
და ბრალი მაინც არ გედება . . . დიდი ხანია,
რაც ჩამოხვედი?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ეს-ეს არი, მაგრამ ფარულად.
ჯერ მეფისაგან ხომ შეწყალება არ მიმიღია.
ლ ა უ რ ა
ჩამოხვედი და იმ წუთასვე მე მომაშურე
სულმოუთქმელად , ხომ ასეა? ვერ დაგიჯერებ!
შენ მიდიოდი შენი გზით და ალბათ უეცრად
თვალი მოჰკარი ჩემს კარიბჭეს.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
არა, ლაურა,
თუ გინდა, ჰკითხე ლეპორელოს! მე ქალაქგარეთ
დავიდე ბინა, იმ უბადრუკ ფუნდუკში და აქ,
მადრიდში შენთვის ჩამოვედი. (კოცნის)
ლ ა უ რ ა
ჭირიმე შენი!. . .
მაცალე, კარგი. . . მკვდარს რა ვუყოთ, რა მოვუხერხოთ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მოეშვი მაგას! დილით ადრე, გამთენიისას,
თავის საკუთარ მოსასხამში გახვეულს გარეთ
გზაჯვარედინზე დავდებ სადმე.
ლ ა უ რ ა
მაგრამ იცოდე,
ფრთხილად იყავი, გზად არავის არ შეეჩეხო. . .
მაინც რა დროზე მომაკითხე! წუთით ადრე რომ
მოსულიყავი, - ჩემთნა ვახშმად შენი ნაცნობი
გრანდები ისხდნენ. ის-ის იყო დამემშვიდობენ. .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დიდი ხანია, რაც ეს კაცი გიყვარს, ლაურა?
ლ ა უ რ ა
ბოდავ თუ. . . ვისზე მეუბნები?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ერთსაც გკითხავ და
ნუ დამიმალავ: მითხარი, ჩემს აქ არყოფნაში,
სხვებთან რამდენჯერ მიღალატე?
ლ ა უ რ ა
შენ, - უტიფარო?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
გამოტყდი!. . . თუმცა, მერე, - სხვა დროს ვილაპარაკოთ.


ს ც ე ნ ა III

(კონმანდორის ძეგლი)

დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
საქმე ამეწყო: დონ კარლოსი მე უცბად
რომ შემომაკვდა, მონაზონად შემოპარულმა
აქ შევაფარე თავი, და აქ ყოველდღ ვუჭვრეტ
უმშვენიერესს ჩემს ქვირვს და მგონი მისგანაც
ვარ შენიშნული. დღემდე დიდად ვერიდებოდით
ეთმანეთს, უბრად გვერდს ვუვლიდით, ამ საღამოს კი
დროა ხმა გავცე, რამე ვუთხრა, გავესაუბრო.
რითი დავიწყო? ”სინიორა”. . . ანდა: ”უკეთუ
ნებას მიბოძებთ”. . . უჰ, რას ვამბობ! მოუმზადებლად,
ვით სამიჯნურო სიმღერის და ლექსის მომგონი,
უეცრად თავში რაც მომივა, იმ სიტყვას ვეტყვი. . .
დროც არი უკვე, რომ გამოჩნდეს. უიმისოდ, ვხედავ,
მოწყენილია კომანდორი. რა ბუმბერაზი
ძეგლი დაუდგამს, გეგონება ჰრკულესია, -
რა მხარბეჭი აქვს, რა სიმაღლე! . . . სინამდვილეში
განსვენებული დაბალი და ძაბუნი იყო
და აქვე, ფეხის წვერებზე რომ შემართულიყო,
მარჯვენას თავის საკუთარ ცხვირს ვერ მიუწვდენდა.
ესკურიალთან როცა შევხვდით ორთაბრძოლაში,
მკერდით ჩემს მახვილს წამოეგო და გაინაბა
ნემსზე აგებულ კალიასებრ, - ისე კი იყო
გამბედავი და ქედმაღალი, - და სულიც ჰქონდა
პირქუში, მკაცრი. . . ოჰო, მოდის.
დ ო ნ ა ნ ა
ისევ აქა ზის!
მე მგონი, ხელი შევუშალე თქვენს ფიქრს, მამაო,
გთხოვთ, მომიტევოთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მოტევებას მე უნდა გთხოვდეთ,
ეგების თვითონ მე ვაბრკოლებ მგოლვიარებით
ავსილი გულის მოოხებას. . .
დ ო ნ ა ნ ა
არა, მამაო,
უკურნებელი ჩემი ჭირი ჩემსავ მწუხარე
გულში ღვივის და ცათა მიმართ ლოცვები ჩემი
სხვათა წინაშე აღიკმევა, მე გთხოვთ, მამაო,
ამ ჩემს ვედრებას შეუერთოთ თქვენი კურთხევა.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ჩემი კურთხევა შევუერთო ვედრებას თქვენსას?
ო, დონა ანა, მე ამ ხვედრის ღირსი არა ვარ.
ვით შეურაცხყო მე, ცოდვილმა, ბიწიერი ხმით
თქვენი ლოცვები, უწმინდესი გულით ნათქვამი?
მე მხოლოდ შორით, მოწიწებით და მოკრძალებით
გადევნებთ თვალყურს, როცა უხმოდ თავმოდრეკილი
ფერწასულ და ცივ მარმარილოს მოაბნევთ ხოლმე
მაგ შავ კულულებს, - და მგონია, აკლდამა ეგე
ცით მოვლენილმა ანგელოსმა მოინახულა.
და აღარ ძალუძს შეძრწუნებულ გულს მოიძიოს
კურთხევის სიტყვა. მდუმარე და განცვიფრებული
ვდგავარ და ვფიქრობ: ბედნიერი იგია, ვისაც
მისი ციური ამოსუნთქვა უთბობს აკლდამას
და ვისაც მისი სიყვარულის ცრემლი ეცემა. . .
დ ო ნ ა ნ ა
რა უცნაური სიტყვებია!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ო, სინიორა!
დ ო ნ ა ნ ა
თქვენ გავიწყდებათ. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მავიწყდება, რომ მე უღირსი
განდეგილი ვარ? რომ ჩემი ხმა ამ თაღების ქვეშ
მკრეხელობაა და უცნაურ რასმე ღაღადებს?
დ ო ნ ა ნ ა
მე ვერ გავიგე, მე მეგონა. . . მე მომეჩვენა. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ო, ვხედავ, ვხედავ! თქვენ ყველაფერს მიმიხვდით, დონა.
დ ო ნ ა ნ ა
მაინც რას უნდა მივმხვდარიყავ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
იმას, რომ არ ვარ
მე განდეგილი. . . და თქვენს ფერხთით აწ სიკვდილს ველი.
დ ო ნ ა ნ ა
ღმერთო! . . ადექით, წამოდექით. . . ვინა ხართ, ბრძანეთ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
უნუგეშო და უიმედო გულისთქმის მსხვერპლი!
დ ო ნ ა ნ ა
ო, ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის ამ აკლდამასთნა.
წა, უკუდექით!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ერთი წუთი, ო, დონა ანა,
მადრევით მხოლოდ ერთი წუთი!
შემოვა ვინე . . .
დ ო ნ ა ნ ა
ჩაკეტილია ბაღის კარი. სულ ერთი წუთი!
ჰო, კარგი, ბარემ თქვით, რაც გინდათ! რას ითხოვთ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
სიკვდილს!
ო, მოვკვდე ნეტავ, მე თქვენს ფერხთით ამ წუთას, ახლავე,
და ჩემი ნეშტი უბედური აქვე დამარხონ, -
თქვენთვის ძვირფასი საგოდებლის გვერდით კი არა,
ან აქვე სადმე, - ახლომახლო, - არამედ იქით,
ამ აკლდამისგან მოშორებით, შემოსასვლელთან,
რომ უბედურის საფლავის ქვას ხანდახან მაინც
მსუბუქი ფეხი დააკაროთ ან სამოსელით
მიესალბუნოთ, როცა აქეთ, თქვენი მეუღლის
სულის საოხად, თავდახრილი გამოსწევთ ხოლმე.
დ ო ნ ა ნ ა
შმაგის, უცნობოს ნაუბარს ჰგავს ეგ სიტყვა!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
იქნებ
მართლა სიშმაგის ნიშანია სიკვდილის ნატვრა?
შმაგი რომ ვიყო და უცნობო, ცოცხლად დარჩენას
მოვინდომებდი. მექნებოდა კიდევ იმედი,
რომ უნაზესი სიყვრულით გულს შეგიძრავდით.
შმაგი რომ ვიყო, ღამეს თეთრად გავათენებდი
თქვენს აივანთან, აგიკლებდით სერენადებით,
ლექსით, სიმღერით, არ მოგცემდით გასაქანს, ყველგან
წამოგყვებოდით აჩრდილივით, შმაგი რომ ვიყო,
გადაგიშლიდით გულს მდუარეს. . .
დ ო ნ ა ნ ა
თქვენ აგრე დუმხართ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
შემთხვევამ, მენდეთ, დონა ანა, მხოლოდ შემთხვევამ
ამიყოლია უნებურად, თორემ ნაღვლიან
ჩემს საიდუმლოს ვერასოდეს ვერ გაიგებდით.
დ ო ნ ა ნ ა
და უკვე დიდი ხანია, რაც გულს ჩაგივარდეთ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დიდი ხანია თუ მცირედ, არ ვიცი თვითონ.
ის ვიცი მხოლოდ, რომ იმ დღიდან გავიგე ფასი
წუთისოფელისა, რომ იმ დღიდან ვიგემე კრულმა
თუ რაა ქვეყნად ჭეშმარიტი ბედნიერება.
დ ო ნ ა ნ ა
გამშორდით, წადით! თქვენ საშიში კაცი ყოფილხართ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
საშიში? რატომ?
დ ო ნ ა ნ ა
მე მაშინებს თქვენი სიტყვები.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მე დავდუმდები, ოღონდ იმ კაცს ნუ განიშორებთ,
ვისაც ამ ქვეყნად მხოლოდ თქვენი ნახვა აცოცხლებს.
მე კადნიერი იმედები არა მაქვს გულში
და ღმერთმა იცის, არც არაფერს მოვითხოვ თქვენგან,
მაგრამ ნახვით კი უნდა გნახოთ, რაკი სიკვდილი
არ მომესაჯა.
დ ო ნ ა ნ ა
კარგი, წადით, მომეშვით-მეთქი!
ასეთი ქცვა არ შეშვენის ამ მწუხარ ადგილს.
ხვალ მოდით ჩემთან. . .თუკი მომცემთ რაინდულ სიტყვას,
რომ მომეპყრობით ასეთი პატივით, - მოდით. . .
მე თქვენ მიგიღებთ, ოღონდ გვიან, შეღამებულზე.
მას შემდეგ ქმარი რაც დავკარგე, არ გამიცია
ხმა კაცისათვის. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დონა ანა, ანგელოზი ხართ!
და ისემც ღმერთი განუგეშებთ, როგორც ამ წუთას
თქვენ ანუგეშეთ უბედურის ტანჯული გული!
დ ო ნ ა ნ ა
ახლა კი წადით!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
კიდევ ერთი, სულ ერთი წუთი!
დ ო ნ ა ნ ა
აჯობებს, თვითონ გაგეცალოთ. . . ვედრების სიტყვაც
არ მომდევს რაღაც, გამაბრუეთ თქვენ საამსოფლო
ენამჭევრობით; უკვე დიდი, დიდი ხანია,
გადაეჩვია ჩემი ყური ამგვარ საუბარს.
აბა, ხვალამდე.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დაჯერება მიმძიმს ჯერ კიდევ!
ჯერ ნეტარების განცდა სრულად არ შემიზლია. . .
მაშ, ხვალ გიხილავთ! თქვენსავ სახლში, დაუფარავად!
ღმერთო ძლიერო! . . .
დ ო ნ ა ნ ა
ხვალ საღამოს დაგელოდებით
თქვენი სახელი
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დონ . . . დიეგო, დიეგო, - დიახ.
აბა, ნახვამდის, დონ დიეგო. (მიდის)
დ ო ნ ა ნ ა
ჰე, ლეპორელო!
(შემოდის ლეპორელო)
ლ ე პ ო რ ე ლ ო
აქ ვარ, ბატონო, რს მიბრძანებთ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ო, ლეპორელო,
ვერ წარმოიდგენ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ!. . .
ხვალო, შენ გესმის? საღამოს, მოგვიანებით. . .
გული ბალღივით მიფანცქალებს!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
კომანდორის ქვრივს
ემუსაიფეთ? ორიოდე გულის მოსაფხან
სიტყვას გეტყოდად, თავმოდრეკით გაგიღიმებდათ
თუ ის დალოცეთ და. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ოჰ, არა! მან პაემანი, -
გესმის, სულელო, - პაემანი დამინიშნა მე!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ო, ქვრივო, ასე სულმოკლენი იქნებით მუდამ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დიდად მიხარის და მზადა ვარ მთელი ქვეყანა
გულში ჩავიკრა მეტისმეტი სიხარულისგან.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
მაგრამ რას იტყვის კომანდორი?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რისი თქმა გინდა?
იეჭვიანებს, ვითომ?. . . მუდამ ჭკვიანი იყო, -
სიკვდილის შემდეგ ყიფი უფრო დაუცხრებოდა.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
არა მგონია! ქანდაკებას შეხედეთ, აბა!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ჰო, რაა?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
კუშტად დაგცქერით და გიწყრებათ თითქოს. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მიდი ახლავე, ლეპორელო, და ქანდაკებას
სთოხვე მეწვიოს! . . . თუმცა არა. . . მოიპატიჟე
დონა ანასთან, მობრძანდით-თქო, ხვალ საღამოთი.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ეგ რაა! სტუმრად ქანდაკება მოვიპატიჟო?
კი მაგრამ რისთვის?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რა თქმა უნდა, იმისთვის არა,
რომ მთელი ღამე ღვინო ვსვათ და ვიმასლაათოთ.
სთხოვე მოვიდეს ხვალ საღამოს, მოგვიანებით,
დონა ანასთან და კარებთან გვიყარაულოს.
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ეგ ვერაფერი ხუმრობაა. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
გასწი, ახლავე!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
მაგრამ, ბატონო. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
გასწი-მეთქი, რომ გეუნები!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
დიდად განთქმულო, ღირსეულო. . . რა მემართბა!. . .
ჩემი ბატონი დონ ჟუანი უმორჩილესად
გთხოვთ, ხვალ საღამოს. . . თავსა ვფიცავ, არ შემიძლია!
შიშისგან ლამის სული გამძვრეს!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მხდალო, ჯაბანო!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ჩემი ბატონი დონ ჟუანი გთხოვთ, ხვალ ეწვიოთ
მოგვიანებით დონა ანას, მეუღლეს თქვენსას
და კართად დადგეთ. . .
(ქანდაკება თანხმობის ნიშნად თავს უქნევს)
ო, მიშველეთ!. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რა ამბავია!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
მიშველეთ, ვკვდები!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ხმა, - სულელო! რა მოგივიდა?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
ოჰ, ქანდაკება. . . (თავს აქნევს)
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რა თავს აქნევ?
ლ ე პ ო რ ე ლ ო
თავს მიკატუნებს. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რას როშავ ნეტა, უკეთურო!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
თვითონვე ნახეთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მიყურე კარგად! კომანდორო, მე გთხოვ შენს ქვრივთან
მიხვიდე, სადაც ხვალ საღამოს მეც დაგიხვდები, -
და კართან დადგე ყარაულად . მოხვალ თუ არა?
(ქანდაკებ თვს უქნევს)
ო, ღმერთო ჩემო!
ლ ე პ ო რ ე ლ ო
რა მითხარი?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
წავიდეთ ჩქარა.

ს ც ე ნ ა IV

(დონა ანას ოთახი)

დო ნ ჟ უ ა ნ ი დ ა დ ო ნ ა ა ნ ა !

დ ო ნ ანა
მე თქვენ მიგიღეთ, დონ დიეგო, ოღონდ მაშინებს
ის, რომ ნაღვლიან მუსაიფით საბრალო ქვრივი
დაგაღონებდ და თავს შეგაწყენთ, მე ხომ ნიადაგ
იმ ჩემს უბედურ დღეს მივსტირი და აპრილივით
გაღიმებულსაც ცრემლითა მაქვს თვალები სავსე.
რატომ არაფერს მეუბნებით?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მდუმარედ ვტკბები
უმშვენიერეს, ულამაზეს დონა ანასთან
სასწაულებრივ მარტოყოფნით. აკი მე გხედავთ
აქ და არა იქ, სვებედნიერ ქვის მეუღლესთან
უხმოდ, უსასოდ მუხლმოდრეკილს.
დ ო ნ ა ნ ა
ო, დონ დიეგო,
თქვენ ეჭვიანი კაცი ჩანხართ, ჩემი მეუღლე
კუბოშიც რომ არ გასვენებთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ეჭვიანობის
მე რა ნება მაქვს. ის ხომ თქვენი რჩეული იყო.
დ ო ნ ა ნ ა
სცდებით! დონ ალვარს დედაჩემის ნებით გავყევი,
რაკი სიმდიდრით მოქადული თავადი იყო.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რა ბედს ეწია! მან ქალღმერთის ფერხთით უღირსი,
ფუჭი საუნჯე მოიღო და სამაგიეროდ
იგემა ცათა ნეტარება. მე უწინარეს
რომ გამეცანით, ჩემს ღირსებას, მთელ ჩემს ქონებას,
რაც მაბადია, ყოველივეს, რა სიხარულით
ვანცვალებდი ლმობით სავსე თქვენს გამოხედვას.
მე ხელის გულზე გატარებდით, მე ვიქნებოდი
მარტოდენ მონა უწმინდესი თქვენი სურვილის.
წარბის ახრა და მე უმალვე გამოვიცნობდი
თქვენს სულ უბრალო ახირებას, რომ ყოფილიყო
ცხოვრება თქვენი სასწაული განუწყვეტელი.
მაგრამ ვაი, რომ ბედისწერა სხვას მიმზადებდა!
დ ო ნ ა ნ ა
გეყოთ, დიეგო: ყურს რომ გიგდებთ, ცოდვას ჩავდივარ,
მე ნება არ მაქვს შეგიყვაროთ, თავის მეუღლეს
კუბოშიც უნდა უერთგულოს საბრალო ქვრივმა.
ო, რომ იცოდეთ, რა უსაზღვრო გრძნობით ვუყვარდი
მეუღლეს ჩემსას. არასოდეს არ მიიწვევდა
შეყვარებულ ქალს დონ ალვარი, დაქვრივებულიც
რომ ყოფილიყო. სამუდამოდ უერთგულებდა
ცოლქმრულ სარეცელს იგი. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მე გთხოვთ უმორჩილესად,
ო, დონა ანა, გულს ნუ მიკლავთ თქვენი მეუღლის
ესოდენ ხშირი გახსენებით, რაც დავისაჯე
მეკმაროს იგი, თუმცა სასჯელი დავიმსახურე.
დ ო ნ ა ნ ა
სასჯელი? რითი? უწმინდესი კავშირით აკი
შეუღლებელი არა ხართ და მაშასადამე,
ბრალიც არა გაქვთ არც ღვთისა და არც ჩემს წინაშე.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ღვთისა არა, მაგრამ. . . თქვენს წინაშე. . .
დ ო ნ ა ნ ა
ნუთუ რაიმე
ბრალი მიგიძღვით ჩემს წინაშე? მითხარით!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
არა!
ვერ გეტყვით. . .
დ ო ნ ა ნ ა
მაგრამ, დონ დიეგო, როგორ გავიგო,
თქვენ ჩემს წინაშე ბრალი გაქვთ და არა გსურთ მითხრათ?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დიახ, ვერ გეტყვით მე. . . ვერაფერის დიდებით!
დიდად
დ ო ნ ა ნ ა
მაოცებს მე ეგ. . . დონ დიეგო, მე გთხოვთ, მოვითხოვ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ოჰ, არა, არა.
დ ო ნ ა ნ ა
მაშ, ამგვარად მისრულებთ ნებას!
თუ აღარ გახსოვთ, რას ამბობდით აგერ ამ წუთას:
მარტოდენ მონა ვიქნებიო თქვენი სურვიის.
მითხარით, თორემ მე გავწყრები, ნუ აგვიანებთ,
რა დააშავეთ ჩემს წინაშე?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ვერა, ვერ გეტყვით,
განმირისხდებით, შემიძულებთ.
დ ო ნ ა ნ ა
არამც და არამც!
მე წინდაწინვე მიგიტყევეთ შეცოდებანი.
მითხარით-მეთქი, ოღონდ ჩქარა. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რად გსურთ, იცოდეთ
თავზარდამცემი საიდუმლო!
დ ო ნ ა ნ ა
თავზარდამცემი?
ნუღარ მაწვალებთ, დონ დიეგო, გემუდარებით,
ლამის შემშალოს უცნაურმა ცნობისწადილმა, -
რა მოხდა მაინც? შეურაცხი რა ჩაიდინეთ,
თქვით, ჩემდა მიმართ? საქმე თქვენთან მე არ მქონია,
მტრები კი არ მყავს, არც მყოლია, ერთიღა - ჩემი
მეუღლის მკვლელი თუ იქნება.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
(თავისთვის) იხსნება საქმე!
იცნობდით ნეტა, იმ უბედურ დონ ჟუანს?
დ ო ნ ა ნ ა
არა!
თვალითაც კი არ დამინახავს!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მისდამი შავი
მტრობა გაქვთ გულში?
დ ო ნ ა ნ ა
წესისამებრ. . . მე ვალი მაწევს. . .
მაგრამ თქვენ სიტყვას ბანზე მიგდებთ. მითხარით ჩქარა.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რას იზამთ, უცებ დონ ჟუანს რომ გადაეყაროთ?
დ ო ნ ა ნ ა
გულში ჩავცემდი არამზადას მახვილს.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მახვილი!. . .
სად გაქვს მახვილი, დონა ანა? ჰა, ჩემი გული!
დ ო ნ ა ნ ა
დიეგო! . . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
არა! თქვენს წინაშე დონ ჟუანია.
დ ო ნ ა ნ ა
ო, ღმერთო ჩემო, გონზე მოდით, რას მეუბნებით!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დონ ჟუანი ვარ. . .
დ ო ნ ა ნ ა
ტყუილია!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დიახ, მე მოვკალ
შენი მეუღლე! მე მოვკალი და არცა ვნანობ
და გულშიც არ მაქვს სინანული. . .
დ ო ნ ა ნ ა
რა მესმი, ღმერთო!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
დონ ჟუანი ვარ და მიყვარხართ თავდავიწყებით!
დ ო ნ ა ნ ა
სად ვარ. . . სადა ვარ? გული მიმდის. . . მიშველეთ. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ღმერთო!
რა გემართებათ, დონა ანა, გამოიფხიზლეთ,
ადექით, თვალი გაახილეთ, ცნობას მოეგეთ,
თქვენს ფერხთითაა მუხლმოყრილი თქვენი დიეგო.
დ ო ნ ა ნ ა
(მისუსტებული)
მომშორდი, წადი! ჩემი მტერი ყოფილხარ თურმე,
გაგიწირივარ სამუდამოდ. . .
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ო, საყვარელო!
მზად ვარ ახლავე ყველაფერი გამოვისყიდო,
შენივე ფერხთით ველოდები მე განჩინებას,
მიბრძანე ოღონდ და მოვკვდები, არადა შენთვის
დავრჩები ქვეყნად. . .
დ ო ნ ა ნ ა
დონ ჟუანი ეს არი, აბა!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
არაფერია საშინელი, ხომ მართალია!
ვინ იცის, ჩემზე რა არ გითხრეს. . . რას არ იტყოდნენ:
ბოროტიაო და ულმხეცი, ო, დონა ანა,
იქნებ მთლად ფუჭიც არ გამოდგეს ასეთი სიტყვა, -
სინდისს ნათრევს და უკვე დაღლილს იქნებ სიავეც
ბევრი ამძიმებს, - მე სიმრუშეს, გულარძნილოაბს
დიდხანს ვუდექი უერთგულეს მსახურად, მაგრამ
მას შემდეგ, რაც თქვენ დაგინახეთ, ასე მგონია,
თითქოს მეორედ დავიბადე, მეორედ ვიშევ.
განა თქვენდამი სიყვარულმა არ შემაყვარა
მე სათნოება და პირველად ჩემს სიცოცხლეში
არ დამაჩოქა მის წინაშე მორჩილი გულით?
დ ო ნ ა ნ ა
ო, ვიცი, ვიცი, გამიგია, ენაწყლიანი
კაცი არისო დონ ჟუანი, დიდი მაცდურიც.
თქვენზე ამბობენ, რომ უღმერთო მექალთანე ხართ
და დიდად მრუში პიროვნება. რამდენი ქალი
გყავთ დაღუპული, თქვით, გამოტყდით!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მაგრამ არც ერთი
არ მყვარებია არასოდეს!
დ ო ნ ა ნ ა
და სწორედ ახლა,
პირველად არის დონ ჟუანი შეყვარებული?
და ჩემში ახალ მსხვერპლს არ ეძებს? - ვერ დავიჯერებ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მე თვალთმაქცობა რომ მდომებოდა, გეტყოდით განა
ჩემს სახელს, სახელს იმ კაცისას, ვისი მარტოდენ
გახსენებაც კი სულს გიშფოთებთ? ამას ეძახით
თქვენ მაცდურობას, ვერაგობას, ქვებუდანობას?
დ ო ნ ა ნ ა
მაგრამ ვინ იცის, გულში რა გაქვთ?. . . მოვეშვათ ამას, -
გამაგებინეთ, თუ ღმერთი გწამთ, აქ როგორ გაჩნდით?
არ აგცდებოთად ხო სიკვდილი, ვინმეს რომ ეცნეთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
რაა სიკვდილი? პაემანზე თქვენთან შეხვედრის
ერთ ნეტარ წამში უდრტვნინველად დავთმობ სიცოცხლეს.
დ ო ნ ა ნ ა
მაგრამ აქედან როგორ გახვალ, შეუპოვარო?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
(ხელზე კოცნის)
და თქვენ ბდშავი დონ ჟუანის ბედი გაწუხებთ?
მაშ, ჩემდა მიმართ, დონა ანა, თქვენს ციურ სულში
აღარ ბოგინებს სიძულვილი?
დ ო ნ ა ნ ა
ოჰ, რომ შემეძლოს
მე გულით თქვენი შეძულება. . . ახლა კი დროა
დაგემშვიდობოთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
როდის შევხვდეთ?
დ ო ნ ა ნ ა
არ ვიცი. ვნახოთ.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ხვალვე რომ გნახოთ, რა იქნება?
დ ო ნ ა ნ ა
მაგრამ სად?
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
აქვე.
დ ო ნ ა ნ ა
ხედავთ, როგორი დამყოლი ვარ!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
საწინდრად ერთი
მშვიდობიანი კოცნა. . . ნიშნად პატიებისა.
დ ო ნ ა ნ ა
ნახვამდის, კარგი!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
საწინდარი? - ცივი, უბრალო. . .
დ ო ნ ა ნ ა
ო, რა კაცი ხარ, - აბეზარი. აჰა! . . . ნახვამდის.
რა ხმაა? ჩქარა, დაიმალე სადმე, დონ ჟუან!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ჩემო ძვირფასო მეგობარო, მშვიდობით იყავ.
(გადის და უკან შემორბის)
ოჰ, ოჰ!. . .
დ ო ნ ა ნ ა
რა იყო? . . .
(შემოდის კომანდორის ძეგლი. დონა ანა ძირს ეცემა)
ძ ე გ ლ ი
მომიწვიე და მეც მოვედი.
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
ღმერთო, ეს რაა? . . . დონა ანა!
ძ ე გ ლ ი
თავი ანებე!. . .
აწ ვერ გიშველის ვერაფერი. შენ თრთი, დონ ჟუან!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
მე? სულაც არა. მე გეძახდი და მიხარია
რომ შემისრულე სათხოვარი. . .
ძ ე გ ლ ი
მაშ, მომე ხელი!
დ ო ნ ჟ უ ა ნ ი
აჰა. . . რა მძიმე მარჯვენა აქვს! ლოდივით ცივი
თითებით მიჭერს. . . ლამის მაჯა გადამიმტვრიოს.
გამშორდი! თავი დამანებე! გამიშვი ხელი!. . .
გამიშვილი-მეთქი! ვიღუპები! ო, დონა ანა!