Litclub.ge

დამპატიჟე
დედა შვილს ჰაერში აბურთავებს, თვითონაც ხტუნავს და შეჰხარის:

- ითამაშე, ტიტიკო! იხტუნავე, ბიჭიკო!

მამა დაირას აბრახუნებს, ორივეს შესცინის, სტოკავს და იძახის:

- ითამაშეთ, ჭირი მე! გაიხარეთ, ჭირი მე!

და მისი ცოლ-შვილიც ჰხარობს: ბიჭიკო ტიტველ ფეხებს პაწია მუთაქებისავით აქანავებს და მაღლიდან ხითხითებს, ცოლი კი ისევ უვლის და იმ ფეხებს უკარნახებს:

- მარცხენა გენაცვალე! მარჯვენა, გენაცვალე!

- ათამაშე, ტიტიკო! ახტუნავე, ბიჭიკო! დიპლიპიტო-დაფტიპიტო! დაფტიპიტო-დიპლიპიტო!!

ბებერი ძაღლი ბუზღუნებს, ბოჩოლა, გაოცებით შესცქერის. ბალღის დიდედა ორად მოხრილა და გოდრებში ბადრიჯანს აწყობს, პაპა თევდორე კი სადღაც ქვეით გააფთრებით სთოხნის და მეხუთეჯერ იძახის:

- კაცო, ოქროპირ, მიშველე ცოტა, თორემ წავიდა მოსავალი.

თუნდა წავიდეს, თუნდ მოვიდეს. რა მოსავალი, რის გასავალი! ოქროპირი ოქროპირობს:

- ითამაშეთ, ჭირი მე! იხტუნავეთ, ჭირი მე!

და უჭირო ზედსიძე, მისი "გენაცვალე" ცოლი და ბუთხუზა შვილიც კიდევ დიდხანს ხტუნაობენ, კისკისებენ და შეჰხარიან ყველასა და ყოველივეს: დათენთილ მზეს, მომავალ ურმებს, უცნობ მავალებს, ნაცნობ მეზობლებს, ბუზღუნა თოლიას, გაოცებულ ბოჩოლას, ერთმანეთს, თავიანთ თავსა და მადლიან ცხოვრებას, რომელიც მუქთი ნობათივით მიდის და მოდის - მხოლოდ მათთვის, მარტო მათთვის - უდარდელად, მაძღრად, ხელგაშლილად, გაუთავებელ ქორწილივით, სადაც ყველაფერი მოაქვთ და არაფერს თხოულობენ გარდა ჭამა-სმისა, ცეკვისა, სიმღერისა და თავაგლეჯილ მოლხენისა.

* * *

სადღაც რაღაც მოხდა. ეს ამბავი მებაღე თევდორემ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა სამნი მოვიდნენ და უთხრეს:

- ახლა ეს ბაღიც შენია და ეს სახლიც.

სახლისა და ბაღის პატრონი კი სწორედ მაშინ დაიკარგა, როცა სადღაც რაღაც ხდებოდა.

- აქ როგორ სცხოვრობ! - გაიკვირვეს მოსულებმა და თევდორე ნესტიან ოთახიდან ზემოთ აიყვანეს, თანაც უბრძანეს: იცხოვრე და იმუშავე. რადგან ყველაფერი შენის ოფლით არის შეძენილი, მოიხმარე, შეგერგება!

ქონება დასთვალეს, ჩასწერეს, თევდორე დაარიგეს და წავიდნენ. მერე ისევ მოვიდნენ, ხელახლად დასთვალეს, ჩასწერეს და ისევ წავიდნენ. შემდეგ მათს მოსვლას, დათვლას, ანგარიშსა და ჩაწერას ბოლო აღარ მოეღო.

- ქაა, ავშენდით, ააშენა ღმერთმა ამათი თავი! - ამბობდა ზოგჯერ თევდორეს დედაკაცი მაკრინე.

- ვენაცვალე კოჭებში! - იძახოდა მათი ქალიშვილი, თუთხმეტი წლის პირწითელა ბაბალე, და გულმოდგინედ სცვეთავდა გაქცეულ ბატონის დიდ სარკეს, ხავერდის ავეჯსა და ფუნჩულა ლოგინს.

უკვე მოხრილი თევდორე კი მხოლოდ ღამღამობით ამჩნევდა ცვლილებას, როცა ფეხგახდილი შევიდოდა მოლოკილ ოთახებში, ცოტას დაისვენებდა ჩალის სკამზე და ვახშმის შემდეგ ხმელ ტახტზე დაწვებოდა. რბილი ავეჯი ენანებოდა, კრიალა რკინის საწოლი ეხამუშებოდა. იხმარონ ბატონისეული დედაკაცებმა, თევდორე კი არც ადრე ყოფილა შეჩვეული და არც ახლა გაჰრყვნის დაკოჟრებულ ტანსა და ხელებს.

და რიჟრაჟი რომ მოატანს, მისი ლანდი, როგორც მუდამ, ბაღ-ბოსტანში დასცოცავს და იქაურობას ჰხევს, ჰგლეჯავს, ჰფქვავს და ჰკორტნის. გაშმაგებული ბარი დევის კბილივით კრიალებს და ჭახუნით ახრამუნებს შავ მიწას, გააფთრებული თოხი მშიერ ძაღლივით სვრეპავს ბალახბულახს, წყალი კვლებში გველივით მიიპარება, დანა ტოტებში ნიბლიასავით დაჰხტის.

მაკრინეც საღამომდე იქვე სადმე ირკალება: რგავს, ჰმარგლავს, პკრეფავს, ჰრწყავს, აფხვიერებს, ჰხრავს, ჰკვალავს და მუდამ მიწას ჩაჰკირკიტებს, თითქო რაღაცას არიგებს და ვერ შეუსმენიაო, ან დაკარგულს ეძებს და ვერ უპოვნიაო.

ოცი წელიწადი გასტანა ცოლ-ქმარმა ამ მიწის დარიგებასა და დაკარგულის ძებნაში. ბოლოს იპოვნეს კიდევაც: ნაოფლარი დაუბრუნდათ და მზითევიც თან მოჰყვა. ამიერიდან მოსავალიც უკლებლივ მათი იქნება და აგერ ის ორსართულიანი სახლიც, გედივით რომ ჩამჯდარა ვეება მწვანე ბუდეში.

- ავშენდით, ქაა, ააშენა ღმერთმა ამათი თავი! - იმ დღესაც გაიფიქრა მაკრინემ.

არც თევდორე იწყევლება. გაზაფხული შემწიფდა. ნუშმა, ატამმა და ვაშლმა თეთრი გაიხადეს. ბალი შევარდისფერდა. საცაა ალუბალიც წითელს ჩაიცვამს. სათბურებში ნაადრევი ხენდრო ლალებივით ჰყრია, შუშაკიტრი ვეღარ ითმენს, ყვავილ-კომბოსტო თითქოს აქაფდა, სატაცურმა თითები ამოჰყარა. თევდორე შრომისაგან გაცოფდა. მაკრინე ხელახლად ეძებს დაკარგულს, ბაბალეც დარბის ოჯახში, თითქო ვიღაც უნახავს კეკემალულობას ეთამაშებაო. დრო წამობით ითვლება. საღამოზე პირველი პირი უნდა მოჰკრიფონ და ხვალ ალიონზე ბაზარში გაიტანონ.

სწორედ ამ დროს მოვიდა "ის კაცი" და თან ვიღაც მოიყვანა - მაღალფეხა, შავულვაშა, მოღიმარი, თეთრკბილა, ცხვირკოდალა, თვალეშმაკა, თმაქოჩორა. შუატანი კრაზანას წელს მიუგავდა, და რადგან თეძოებიდან ჩამოვარდნას ჰლამობდა, ჭაბუკი განიერი დოინჯით იმაგრებდა, თანაც ფეხს ხშირად ინაცვლებდა, თითქო რიგ-რიგად ერთს ასვენებდა და მეორეს ჯაფით ჰღლიდაო.

ოოჰ, ნეტავ ის დღე არ გასთენებოდათ თევდორეს და მაკრინესა!

ააჰ, ნეტავ იმ დღეს, ასე რომ გაუცინა იმ ბიჭმა წითელპირა ბაბალესა!

ისევ სადღაც რაღაც მოხდა და თევდორეს ბედუბედობის პირველი ნახევარიც ოციოდე წამში გათავდა: რადგან ბაღ-ბოსტანი სამი სულისათვის დიდი აღმოჩნდა, თევდორეს მონახევრე მოუყვანეს. სად, როგორ, ან ვინ იანგარიშა, ან რაღა ეს ბიჭი მოუყვანეს, ან რატომ თვითონ თევდორეს არ აარჩევინეს - არავინ იცოდა, ან იცოდა, მაგრამ თევდორეს არ უთხრეს. "სადღაც გადასჭრეს, მაშ ასე ყოფილა საჭირო" დააჯერა თავისი თავი და ახალმოსულს გადაჰხედა, როცა "იმ კაცს" რაღაც ქაღალდზე ხელი მოუწერა და მის მიმავალ ზურგს თვალი მოსწყვიტა.

- რა გქვიან, ძმობილო? - ჰკითხა უცნობს.

- დამპატიჟე. - არხეინად უპასუხა ახალმოსულმა.

ბაბალეს კისკისმა ხის ფოთლები შეარხია.

- დაიკარგე აქედან, შე ტუტრუცანავ, შენა!- შეუტია მამამ.

ტუტრუცანა კაბის შრიალით ავარდა კიბეზე. ერთი წამის შემდეგ სარკმელიდან მისი თავი გადმოეყუდა და ახალმოსულს ზევიდან დაერჭო.

ერთი საათის შემდეგ, როცა ოთახი დაულაგეს და ხელცარიელი მონახევრე შეიყვანეს, როცა თევდორე კისერ-გადაჭრილივით ბადრიჯანის მოსარწყავად წავიდა, ხოლო მაკრინე ბოსტნის მეორე კუთხეში ხელახლად მოირკალა, იმ ოთახში ერთხელ კიდევ შეიხედა ბულულა თავმა და ახალმოსულს ჰკითხა:

- მართლა დამპატიჟე გქვიან?

კოდალა-ცხვირმა სკამიდან წამოიწია, კბილების კრიალოსანმა თეთრად გაიელვა და ორი გრძელი ხელი კარებში გახლართულ თავისკენ წამოვიდა. თავი კარს მოსწყდა და იმავე წამს კედლის უკან ბავშვური ჟივილი გაისმა:

- დამპატიჟე, ხა -ხა-ხა!.. დამპატიჟე, ხი-ხი-ხი!

კიბეზე ჩაირბინა, ბუჩქნარში შესხლტა, ერთხელ კიდევ მოიხედა და სარკმელში გადმოზნექილ აყლაყუდას ერთხელ კიდევ შესძახა:

- დამპატიჟე, ხი-ხი-ხი! - და აპენტილი შავი თმა მწვანე ფოთოლში ჩაიძირა.

ორი წამის შემდეგ აყლაყუდამაც იმ ბუჩქნარში შეალაჯა.

* * *

თევდორემ არ იცის, როგორ მოხდა, რომ ვიღაც ოქროპირი, მეტსახელად "დამპატიჟე", მზამზარეულს მოუჯდა და წლის სარჩო გაუნახევრა. ამან მთელ წელიწადს იმუშავა, წელი მოიწყვიტა, დედაკაცსაც სიქა გააცალა, ბაბალეც ხომ მუშად ჩაითვლებოდა, ადრე გაზაფხულზე მუშაც დაიქირავა, თესლი შეინახა, ზოგიც იყიდა, ერთი სიტყვით - კალოს ცხენებივით ჯაფა გასწიეს, დადნენ და დაილივნენ, ახლა კი ვიღაც უცნობმა - სწორედ იმან, ვინც ბაღ-ბოსტანი დაულოცა - მეორე უცნობი მოუყვანა და მონახევრედ ჩაუსახლა. არა, სამართალი სად არის! თევდორეს სამ სულსაც ნახევარი და ახალმოსულ მარტო-ხელასაც ნახევარი?!

ეს კიდევ არაფერი. უწინ აქ ხრიოკი მიწა იყო. თევდორე და მაკრინე ოც წელიწადს სჯიჯგნიდნენ და ეჭიდებოდნენ ქვიშნარს და თიხნარს, ოც წელიწადს! მართალია, დაკარგული ბატონი ჯამაგირსა და სარჩოს აძლევდა, მაგრამ ოცი წელიწადი მაინც ოცი წელიწადია, ახლა კი ვიღაც დამპატიჟე მოეთრია, სასწორზე აჰხტა და თევდორეს ოცი წლის ნაშრომი გადასწია.

უკვე იყო "ზემდელაში", ხელებიც აიქნია, ოდნავ ხმაც აუწია, მაგამ არაფერი გამოვიდა. დიდი ბაღი გქონიაო, ეს იყო თურმე თევდორეს ბრალიცა და ყოველივეს დასაწყისიც.

- გაჩუმდი, თორემ სულაც არ ჩამოგართვან - ურჩიეს აქეთ-იქიდან და თევდორეც გაჩუმდა. "ეს ერთი წლის მოსავალი ვითომ სულაც არ მომსვლია". - იფიქრა და ბედს შეურიგდა.

დამპატიჟე მეორე დღიდანვე გვერდით ამოუდგა მებაღეს და სული შეუგუბა: რამდენად ფასობს მარწყვი? როგორ გაიყიდება სალადი, ტარხუნა, თვის-ბოლოკი, პრასა, ოხრახუში და ნიახური? ნაღდად იყიდება თუ ნისიად? ნეტა რა მაზანდა დაედება შუშა-კიტრს?

- იმუშავე, ძმობილო. - ეტყვის ზოგჯერ თევდორე.

დამპატიჟე იმუშავებს, რატომ არ იმუშავებს! მაგრამ ბაღ-ბოსტნის საქმისა იმდენივე იცის, რამდენიც თევდორემ ზღვაოსნობისა.

- ჯერ თოხი არ მჭერია ხელში, არც დანა და არც ნიჩაბი. - იკვეხის ოქროპირი და მისი ნაკეთები ხუთჯერ ნაკლებია განაფუჭებზე. ამიტომ გაფუჭებას ისევ იოლი საქმე ან უქმად დგომა და ხეტიალი სჯობია. თუ მოსარწყავია რამე, თოხზე დაებჯინება და იქამდე შესცქერის ღრუბელს ან წეროს, სანამ წყალი იქაც არ გადავა, რაც მოსარწყავი არ არის. თუ მოსათოხნია, ოციოდეჯერ გაჰკრავს, ამდენჯერვე გამოჰკრავს, მერე თავს ჩაჰქინდრავს და გახევდება. თუ გასამარგლია, ან მოსაკრეფი, ან დასარგავი, ძლივს-ძლივობით დაიღუნება, ასწლოვან ბებერივით აკვნესდება, რამდენჯერმე ხელს მოაცაცუნებს, შემდეგ გაიშოტება, კოდალა ცხვირს ცას მიაბჯენს და აღიღინდება: "ორი ქოთანი ვიყიდე, ვააი! ყურიანი და უყურო, ვაააი!"

სადმე ბუჩქიდან ბაბალეს თავი ამოიწევს და დაიძახებს:

- დამპატიჟე, როგორა ხარ?

- შენი თავიღა მაკლია, გოგოჯან! - ეტყვის და გრძელ ტანს ზლაზვნით მიათრევს იმ ბუჩქისაკენ.

ზოგჯერ თევდორე ჰკითხავს მონახევრეს:

- კაცო, ოქროპირ, რა დაგემართა? გაანძრიე რაღა ეგ ოხერი ხელი!

- წელი მტკივა. - თავს იმართლებს და მორიელივით იკლაკნება, ან ისევ გაიშოტება და ღიღინებს: "ყურიანი და უყურო, ვააი!"

დამპატიჟე გვიან დილით გამოჩნდება ბოსტანში, იქაურობას მოათვალიერებს, ორიოდეჯერ ხელს გააქნევს და სამხარის შემდეგ მონახევრეს ეტყვის:

- მივდივარ.

შეეჩვია თევდორე დამპატიჟეს "მივდივარს". ზეპირად იცის - საით წავა, როდის დაბრუნდება და რას იტყვის. სადილის დრო რომ მოატანს, მაშინღა გამოჩნდება, ჯოხზე დაებჯინება, ქუდს მოიხდის, ოფლს მოიწმენდავს, ღრმად ამოიოხრებს და მოჰყვება:

- ფიცხელი კამათი გვქონდა. ახლაღა გათავდა კრება... ივანემ სთქვა... პეტრემ უპასუხა... მეც ჩავერიე და საქმე გამოვასწორე, თორემ...

თორემ თევდორე დაიღუპებოდა. იმ ბაღს თურმე სხვებიც ეტანებიან. სამ-ოთხ ნაჭრად უნდათ გაჰყონ, ხოლო სახლში რაღაც კალაკტივი დააარსონ. მაგრამ ნუ შეშინდება თევდორე! სანამ დამპატიჟე ცოცხალია და "ის კაციც" - მისი ბიძაშვილი - "იქა ზის”, ხელსაც ვერავინ ახლებს, ამიტომ -

- არხეინად იცხოვრე და პატიოსნად იმუშავე, ძმაო თევდორე.

თევდორეც პატიოსნად მუშაობს, მაგრამ არხეინად ვერა სცხოვრობს. მუდამ რაღაც ხიფათი დასტრიალებს თავთ. ხან უნდა გაიყონ მისი ბოსტანი. ხან უნდა ჩამოართვან, ზოგჯერ კიდევ ვიღაც უნდა ჩაუსახლონ, ან ისეთი გადასახადი აჰკიდონ, რომ ცოლშვილის დაგირავებაც ვეღარ უშველის.

მაგრამ არხეინად იყოს პატიოსანი მუშაკი: დამპატიჟე იქ არის, ყველას კარგად იცნობს და ყოველი ხვრელის გასავალ-გამოსავალიც იცის. და გამჭრიახი მონახევრე დილით საღამომდე იმ ხვრელებში დაძვრება, ეშმაკურად დაგებულ ქსელებს ჰხევს და შეშინებული მებაღე ყველგან "ჩისტად გამოჰყავს".

თევდორეც ჩაწერილია სადღაც, მაგრამ არა სცალია სიარულისათვის. ზოგჯერ მაინც გაჰბედავს და კრებაზე ან "იმ კაცთან" წასვლას დააპირებს, მაგრამ დამპატიჟე როგორ აკადრებს!

- ხელი აიღე, რა შენი საქმეა! აქ არა ვარ?! - ან კიდევ - შენ იმ კაცთან ვერ მიხვალ... არ მიგიღებს... შინ არ არი... არა სცალია.

და მხოლოდ თვითონ დადის, ხიფათს ებრძვის, ლანდებს ჰფანტავს, ახალ ხიფათს იგონებს და ისევ თვითონვე იმარჯვებს. მაგრამ გამარჯვებას ხარჯი სჭირდება. ხარჯი კი ბოსტანმა უნდა გაიღოს. ნობათი ზედიზედ მიდის და რჩეული ხილი და ბოსტნეული კალათებით გააქვთ. ზოგი მუშის ხელით იგზავნება, ზოგიც თვითონ მიაქვს დამპატიჟეს.

მაგრამ მარტო ხილი არა კმარა. "იმ კაცს" ქეიფიც ჰყვარებია, ამიტომ დამპატიჟე ხშირად მამლის ყივილისას ბრუნდება, კარს მუშტებით არახუნებს და ხაფი ხმით გაჰკივის:

- ჰაი ჰუუი!.. ბიძაჩემო, კარი გამიღე!

დამპატიჟემ მოუხშირა: რაღა საჭიროა შუა ქალაქში გასვლა და ხეტიალი! დუქანიც აქვეა, ბაღის გვერდით, გზის გადაღმა, და როცა თევდორეს ხვითქი ჩამოსდის, ხოლო მაკრინე ისევ დაკარგულს ეძებს, იმ დუქნიდან მათი მონახევრის ღრიალი მოისმის: "ყურიანი და უყურო, ვააი!"

დამპატიჟე ”იმ კაცის” მეგობარია, "იმ კაცს" სხვა მეგობრებიცა ჰყავს, ამიტომ ცხადია, ისინიც დამპატიჟეს მეგობრები იქნებიან. მეგობრობა კი ხშირი პატიჟით უნდა განმტკიცდეს, თორემ ადვილად მოიშლება და თევდორეს ბაღ-ბოსტანიც სხვის ხელში გადავა. ამიტომ მეგობრები ზოგჯერ დუქანს ასცდებიან და თევდორეს ბაღ-ბოსტანს გიდელ-კალათებით ესტუმრებიან. და მათი მოსვლა უფრო მონღოლთა შემოსევას ჰგავს, ვიდრე სტუმრობას, ხოლო თევდორე და მისი ჯალაბნი უფრო ფარეშებს ჰგვანან, ვიდრე მასპინძლებს. რა თქმა უნდა, დამპატიჟე მასპინძლობს: ბრძანებას ბრძანებაზე იძლევა, შეძახილს შეძახილი მოსდევს. სადმე ჩრდილში სუფრა გაიშლება, იქვე ცეცხლი აინთება, ზედ მწვადი შიშხინებს, იქით ქათმები იკვლება, აქეთ კი ზვავივით მოდის ხორაგი, მწვანილი, ხილი და ღვინო. შემდეგ, როცა შეხურდებიან, ტიკებივით იბერებიან და ხარებივით ჰღრიალებენ: "აბა ქალო ბაბალეო, ვაი, ვაი! ღვინო გვასვი მალ-მალეო, ვაი, ვაი!!"

შავთვალა ბაბალე ახალ-ახალ ხელადებს მოათრევს, თევდორე და მაკრინე კი გაჭყეპილ სტუმრებს კალათებს უვსებენ და თანაც ერთმანეთს სწეწავენ:

- კაცო, როდის გათავდება ეს ამბები?! - შეუტევს თევდორეს დედაკაცი.

- ეშმაკმა იცის მაგათი თავი და შენიცა! - დააჯახებს გამწარებული ქმარი.

- სულ შენი ბრალია, შენი! - ისევ მიახლის დედაკაცი.

და მეოცეჯერ დაიწყება დამნაშავის ძებნა, ბრალის დადება, ურთიერთის გამტყუნება და საკუთარი თავის გამართლება.

- აგაშენა ღმერთმა, კარგად გვაქეიფეთ, - ამბობენ კალათებით დატვირთული სტუმრები, - სამაგიეროდ საქმე გაგიჩარხეთ.

"გაჩარხული საქმე" კი ხელიდან მიდის, ილევა და საცაა სულაც გაჰქრება.

დამპატიჟე დღისით ერიდება მუშაობას, რადგან სიცხეს ვერ იტანს, თორემ ღამის საქმეს თვითონვე ეტანება. ჭირნახულს დარაჯობა სჭირდება. ცოდოა თევდორე. სიცხითა და შრომით დაქანცულს ღამით დასვენება სჭირდება.

- მეც მესმის - ეუბნება დამპატიჟე - კაცი ვარ და ამხანაგი. არხეინად დაიძინე. დღესაც მე დავდგები ყარაულად.

და რამდენჯერაც სადარაჯოდ დადგა დამპატიჟე, სწორედ იმდენჯერვე გაუთენდა თევდორეს ავი დღე: ბოსტანი აფორიაქებულია, ხეხილი დამტვრეულია და ეზოშიც უეჭველად აკლია რამე.

- მაგრად დამძინებია, - თავს იმართლებს დამპატიჟე, - ვერ იქნა, ფრთხილი ძილი ვერ ვისწავლე!

შემოდგომა მოვიდა. ბაღ-ბოსტანი დაცარიელდა. თევდორემ დრო იხელთა: დაჯდა და დასთვალა. ნაღდი, ნარჩენი და ვალი სასწორზე ააგდო. ვალმა გადასძლია.

მაშ დაიღუპა თევდორე? მაშ ეს არის ოცი წლის შრომის დასასრული? რითაც დაიწყო ისევ იმით უნდა გაათავოს? ისევ მოჯამაგირედ უნდა დაუდგეს ვინმეს? გასათხოვარი ქალი მოესწრო, დედაკაცი ტყდება, თვითონაც მოიქანცა და ეხლა ხელახლად უნდა შეუდგეს ლუკმა პურის ძებნასა და თავშესაფარის აშენებას?!

- წადი, კაცო, გაიარე. - ჩაჰკირკიტებს მაკრინე. - შენც კაცი ხარ, ხმა ამოიღე და ხელი გაანძრიე.

რა თქმა უნდა, წავა. ხელსაც გაანძრევს და ხმასაც ამოიღებს. არის თუ არა სამართალი! აგრე ხომ არ არის მართლა ქვეყანა მომართული, რომ ერთმა იმუშავოს და სხვამ იქეიფოს!

თევდორე ნამდვილი მებაღეა - თავისივე ლობიოთი გატენილი ტომარასავით მორცხვი, პირნათელი, ამტანი და პატიოსანი. მაგრამ ეხლა კი წამოსცდა:

- ერთი ბაღლინჯო ძლივს მომაშორეთ და მეორე დამასვით კისერზე? - ეუბნება "იმ კაცს".

- რაშია საქმე, ამხანაგო? - ცივად ეკითხება ის კაცი.

- საქმე ის არის, რომ... - და ყველაფერი გადმოულაგა.

ბოლოს გამოირკვა, რომ თურმე თვითონ მებაღეს ედებოდა ბრალი: თევდორემ დამპატიჟე დასჩაგრა: ამუშავა, წელი მოსწყვიტა და მოატყუა: ანგარიში სწორედ ვერ გაუსწორა.

- რა ვქნა, ახლა რაღას მედავება ის კაცი! - გაოცდა თევდორე - ორ-სამ დღეში ერთხელ ვასწორებდით ანგარიშსა. მაშინ ხმაც არ ამოუღია და ახლაღა მოაგონდა?

მაგრამ საქმე ეს არ არის. ფულის ანგარიშებს სხვაგან სადმე გაასწორებენ, აქ კი იჯარის საქმე უნდა გადასწყდეს. ვინ აიღებს ბაღ-ბოსტანს იჯარით, თევდორე თუ დამპატიჟე? ვისი ძალა-უფლება გადასძლევს? ვისკენ არის სამართალი?

- ჩემსკენ. - გამოტყვრა საიდანღაც დამპატიჟე. - ჩემსკენ არის სამართალი, - და ჩაქუჩივით ჩაჰკრა, - შენ მდიდარი ხარ, მე კი ღარიბი.

- მე ვარ მდიდარი? მენა? - დაიბნა თევდორე.

- ჰო, შენა, შენა! - და საბუთებიც დაულაგა: აქ ამდენი აქვს გასესხებული, იქ იმდენი აქვს შენახული, სადღაც სახლიც უნდა ჰქონდეს ნაყიდი, მზითევისთვისაც ასი თუმანი მაინც ექნება შენახული და უცნობ ბიძაშვილთანაც ორასი უნდა ჰქონდეს მიბარებული.

- რასა სჩმახავ, რას მიჰქარავ! - ახლა კი გაცხარდა თევდორე.

და დაიწყო უთავბოლო სირბილი, მტკიცება, უარი, ბრალდება, თავის გამართლება. ზამთარი მოდის. ბოსტანი უნდა დაიბაროს, ხეხილი გაისხლას, სასუქი შემზადდეს და ათი სხვა საქმეც გაკეთდეს. თევდორე კი დარბის და დამპატიჟეს ჭორს დასდევს.

- კაცო, დაიჯერეთ რაღა ჩემი სიტყვა! - ეხვეწება ნაცნობსა და უცნობსაც. - ღმერთი, რჯული, არაფერიც არ გამაჩნია...ვალის მეტი არაფერი მაქვს... მოდით, დასთვალეთ ეს ოხერი, და ვინც რამეს მიპოვნის, იმისთვის მიჩუქებია.

მაგრამ არავინ არის არც მშველელი, არც დამთვლელი. დამპატიჟე კი გამალებული დარბის და სთესავს: თევდორე "კულაკია"... პროლეტარს დამპატიჟეს სჩაგრავს... ამუშავა, ტყავი გააძრო და ხელცარიელი გაისტუმრა.

- ყური მიგდე, თევდორე, - ეუბნება ტიმოთე. - მე გასწავლი, დამიჯერე. აიღე, შე კაცო, და განგებ გაეყარე მაკრინესა.

გაფუჭდა ქვეყანა, გაფუჭდა! არა, ან თავის თავს როგორ აკადრა ტიმოთემ ასეთი დარიგება, ან თევდორეს როგორ გაუბედა!

- განგებ, შე კაცო, განგებ.

იცის თევდორემ, იცის. უნახავს და გაუგია: განგებ გაიყრებიან ხოლმე ორი ნორმის მისაღებად და მაინც ერთად სცხოვრობენ. დღისით ერთმანეთს ერიდებიან, ღამეს კი ერთ ჭერქვეშ ათენებენ. თანაც არავისაც არ ერიდებიან: ქმარი ცოლს მოჯამაგირედ დაუდგება, ან მონახევრედ შეუდგება და ყოველივე ძველებურად წავა: ორ ნორმასაც შეირჩენენ და შვილებსაც მოიმატებენ. მარტო ორი რამ შეიცვლება: ცოლი საკუთრებას გაიჩენს და ისევ ძველ გვარს დაირქმევს.

მაგრამ თევდორე ამას როგორ იკადრებს! ოცი წელიწადი იცხოვროს თავის დედაკაცთან და ახლა გაეყაროს?!

- განგებ, შე კაცო, განგებ მეთქი!

- თუნდაც განგებ. რა საკადრისია! რა სათქმელია!

ტიმოთემ ხელი ჩაიქნია და წავიდა.

ზამთრის პირას შუაკაცი გამოჩნდა. იარა, იყბედა და მოარიგა: ერთ წელიწადსაც მონახევრედ დარჩებიან, მერე კი -

- მერე რაც იქნება, იქნება! - გადასწყვიტა თევდორემ.

ხელი-ხელს მისცეს, დალიეს, ძველი დაივიწყეს და ახლის იმედით ისევ ერთ უღელში შეებნენ.

* * *

ზამთარია. ხან წვიმა მოდის, ხან თოვლი, ზოგჯერ ცივა და ზოგჯერაც ქარი უბერავს, დამპატიჟეც ამიტომ აღარ მოდის ბაღში. ქალაქის ნაპირას ცხოვრებაც უკადრისია. თევდორე და მაკრინე კი შეჩვეულები არიან. მათთვის სიცხეცა და სიცივეც თანაბარია. და რადგან საზამთრო საქმე ისევ ზამთარში უნდა გაკეთდეს, ხოლო შრომას ორივენი ისე არიან შეჩვეულნი როგორც დამპატიჟე წელის ტკივილს, ამიტომ მათი ოცდაპირველი ზამთარიც ისე გავიდა, როგორც პირველი წელიწადი: ეძებენ და ვერ უპოვნიათ. სთხრიან და ვერ გადაუთხრიათ. ჰღობავენ და ვერ შემოუღობიათ. კენჭებს ჰკრეფავენ და ვერ აუკრეფიათ. ოფლს იწმენდავენ და ვეღარ მოუწმენდიათ.

დამპატიჟე ათიოდე დღეში ერთხელ გამოჩნდება, როცა ქარი არა ჰქრის, არცა სწვიმს, არცა ცივა და გზაც გამშრალია.

- დამპატიჟე მოხვედი? - უხარიან მარტო ბაბალეს.

- მოვედი, გოგონაჯან, მოვედი. - ეტყვის მონახევრე და საჩუქარს მოუტანს. მერე ბოსტანში ჩავა და ჯოხის ნაცვლად ბარს ან ნიჩაბს ჩაითრევს, მოიკითხავს, მოიკითხავენ. შემდეგ თევდორეს ამოუდგება გვერდით და ხელს გაანძრევს.

- დამპატიჟე, დაიღალე? - ჰკითხავს თევდორე ათიოდე წამის შემდეგ.

- დავიღალე. - გამოტყდება მონახევრეც და კიდევ ათი წამის შემდეგ იმ ბარს ან ნიჩაბს უკანვე მოათრევს.

ხე და ბუჩქი გაძარცულია. ამიტომ ბაბალე ბუჩქებში ვეღარ მირბის და დამპატიჟეც ვეღარ მისდევს. გაძნელდა მათი გამარტოებაც. მაგრამ არა უშავს რა: გაზაფხული მოვა, ბაღი დაიბურება და ბაბალეც შემწიფდება. ჯერ კი ესეც საკმარისია: საჩუქარით გულს მოუგებს, გაკვრით გადაჰკოცნის, ცოტასაც უღიტინებს, ერთ-ორსაც უჩქმეტავს და ღიღინით წავა: "ორი ქოთანი ვიყიდე, ვაი! ყურიანი და უყურო, ვაააი".

დრო მიდის, გაზაფხული საცაა ზამთარს დაეწევა და დაჰლევს. ბოსტნის მაჯისცემაც მატულობს. სათბურები მინის საბურავებს იხურავენ. კვლები სწორდება და ღერო-ჩინჩხვარისაგან იწმინდება. უქმისათვის დღე მატულობს, მშრომელს კი თითივით მოკლედ ეჩვენება.

- იცი რას გეტყვი? - ეუბნება თევდორე მონახევრეს. - მოდი ეს ბაღი შუაზე გავიყოთ.

- არა, არ მინდა. - ისე უცებ მიახალა დამპატიჟემ, თითქო პასუხი კბილებით ეჭირაო.

- რატომ არ გინდა?

იმიტომ არ უნდა, რომ დამპატიჟე კაცია, ადამიანი! მარტო იმისთვის ხომ არ შეუამხანაგდა თევდორეს, რომ სწორედ ნახევარი მიიღოს მოსავლისა ან ცოტა ნაკლები, თუნდაც ოდნავ მეტი, არა - ადამიანი მინდა მე, ადამიანი და ამხანაგი! - ხშირად ისვრის დეკლარაციას ოქროპირი.

ცალცალკე ცხოვრების დრო წავიდა. ახლა კი ამხანაგობის დრო მოვიდა. ეს კიდევ არაფერი:

- მეტსაც გეტყვი: ისეთი დროც მოვა, რომ ქალაქის ყველა მებაღეები ერთად მოვიყრით თავს, ერთად ვიმუშავებთ და მოსავალსაც თანაბრად გავიყოფთ.

- ნეტა მართლა მოვიდეს ეგ დრო - გაიფიქრა თევდორემ და გაჩუმდა.

მეორე დღეს კვირა იყო. დამპატიჟე ქალაქში ქეიფობდა. ორშაბათს დილითღა დაბრუნდა და შუა ბოსტანში ღობესა და მეზობლებს წააწყდა.

- ეს რა ამბავია ? - გაიკვირვა ოქროპირმა.

უბრალო ამბავია: აღარ უნდა თევდორეს ასეთი ამხანაგობა. მორჩა! გათავდა!

- ჭირში სხვაგანა ხარ და ლხინში ჩემთანა? - მოუბრუნდა თევდორე და ბარის ტარზე დაეყრდნო. - აი ეს პატიოსანი ხალხიც აქ არის და ამათთან გეუბნები: შენ შენთვინა, მეც ჩემთვინა!

- ამაზე მეტი რაღა გინდა, ძმობილო! - ჩაერია ნიკიფორე,- ბაღი გაგისხლა, ბოსტანი დაგიბარა. ყოლიფერი შეგიმზადა და ჩაგაბარა. შენც გაანძრიე ხელი და იცხოვრე.

- ნერგსაც გაძლევს და თესლსაც. - დაუმატა სევასტიმაც.- სახლის ნახევარიც შენია, ბაღისაც და ბოსტნისაც. ეირჩიე, რომელიც გინდოდეს.

დამპატიჟემ ღობეს თვალი გააყოლა და სთქვა:

- ეს ნახევარი სჯობია, მეტიც არის.

- მეც ვიცი, რომ სჯობია. - ჩაილაპარაკა თევდორემ.

- განგებ გადაღობა ეგრე. - განუმარტა ნიკიფორემ. - ამაზე მეტ მოგებას სადღა ნახავ! დაჯექი და იმუშავე.

დამპატიჟემ კოდალა ცხვირი მოიფხანა, მიიხედ-მოიხედა და შეყოყმანდა. თევდორეს სამართალს ვეღარ გაუძლო და უცებ მოტყდა:

- თუ თქვენც მიშველით... - წაუბუზღუნა მეზობლებს.

- გიშველით, შე კაცო, რატომ არ გიშველით! - მიუგეს აქეთ-იქიდან. - ხალხნი ვართ, მეზობლობას გაგიწევთ და გაცხოვრებთ.

დაიფანტნენ და საღამოზე ისევ მოვიდნენ. ისევ თევდორესას სვეს, სჭამეს, ორივეს გუშინდელის დავიწყება ურჩიეს, დღევანდელი გაყრა მიულოცეს და ხვალისათვის უკეთესი უსურვეს.

* * *

- დამპატიჟე, მოდი ერთი დამპატიჟე.

- მიშველე და დაგპატიჟებ.

რატომ არა, უშველიან! და იმის მიწაზე მეზობლების ოფლი იღვრება, თვითონ კი ან უნდილად იზლაზნება, ან მიწაზე გაიშოტება და ღიღინებს: "ორი ქოთანი ვიყიდე, ვააი! ყურიანი და უყურო, ვაააი!!"

- ვაი შენ და შენს თავს! - ბუზღუნებენ მშველელნი და თვითონაც გაურბიან მკვდარ მიწას, სადაც არც პატრონის ოფლი იღვრება და არც მისი ძარღვი ჰფეთქავს.

მაგრამ თევდორეს გაზრდილი და ნაჭმევი მიწა თავისთავადაც იწველება, ურმებიც თავისთავად იტვირთება ბოსტნეულით და ფულიც თვითონვე მოდის საიდგანღაც. დამპატიჟე კი უპატრონო ინდოურივით დაჰყიალებს და გასუქებულ ბურვაკივით ღრუტუნებს: "საიქიოს ერთად წავალთ, ვააი! ფულიანი და უფულო, ვაააი!"

როცა მუშაობა გათავდება - მუშაობა კი მეტად ადრე თავდება დამპატიჟეს ნახევარში - უდარდელი ოქროპირი თოხს თუ ბარს იქვე მიწაზე დააგდებს, გზას გადასჭრის და გოჭოს დუქანში ჩასახლდება. მისი მეგობრებიც მიწიდან ამოძვრებიან და მათი ღრიალი შუაღამემდის არ აძინებს თევდორეს და მეზობლებსაც, შემდეგ კი ისევ აბრახუნებდა ალაყაფი და ისევ მოისმის დამპატიჟეს ხაფი შეძახილი:

- ჰაი-ჰუუუი! კარი გამიღე, ბიძაშვილო!

და ერთ ღამეს, კვირა ღამეს, "ბიძაშვილი" თევდორე დამპატიჟეს ნაჩუმარ სიმამრად გადაიქცა. იმ ღამეს თვითონ თევდორეც სხვაგან იყო წასული. და როცა შორს დამპატიჟეს "ჰაი-ჰუი" გაისმა, ალაყაფის კარი ჩუმად გაიღო და ქალმაც ჩუმად ჰკითხა:

- დამპატიჟე, შენა ხარ?

- გოგონი! გენაცვალოს დამპატიჟე!

- ტსსს... დედას სძინავს... ხელი გამიშვი!

ბაბალეს ნათქვამს ცხადი აზრი ჰქონდა: დედას სძინავს და არ გააღვიძოო. მაგრამ დამპატიჟემ თავისებურად გაიგო: დედას სძინავს და დრო იხელთეო.

და იხელთა. გოგოს ხელი დაავლო და ოთახის ნაცვლად ბუჩქებში შეიყვანა. დედას კი ისე მაგრად ეძინა, რომ ბაბალეს კრუსუნმაც ვერ გააღვიძა.

* * *

დამპატიჟეს ღამითაც არხეინად სძინავს. მის ბოსტანში არავინ შედის. სამაგიეროდ თევდორეს ვეღარ მოუხუჭავს თვალები. დროგამოშვებით თვისი ნახელავი მოთელილ-მოკრეფილი დაუხვდება. ამანაც ვერ უშველა ოქროპირს: შუა ზაფხულში მისი ნახევარი დიღმის მინდორს დაემზგავსა, თევდორეს ნახევარში კი ისევ მაისი იდგა. მოკრეფილის ნაცვლად ახალ-ახალი ირგვება, ითესება, დამპატიჟემ კი უკვე მოსცელ-მოჰკრიფა და გაათავა. დადის მას აქეთ ოქროპირი და სთელავს იქაურობას: სხვის ბოსტნებს, თევდორეს ბაღს, დიდ გზასა და დუქნის კარებს.

ერთ დღეს ისევ გაახსენდა ხიფათიც და ნობათებიც.

- უნღა გავუგზავნოთ. - ჩააცივდა თევდორეს.

- არა, არ მოგცემ! - ახირდა თევდორე.

- უნდა გავუგზავნოთ მეთქი, თორემ....

- თორემ ყურებზე ხახვი არ დამაჭრან. - შეუტია თევდორემ.

რაღაცას თუ ვიღაცას გაუმხნევებია ბებერი მებოსტნე. ბოძივით დაერჭო უარზე და ფეხიც აღარ მოინაცვლა.

ვაშლების ქვეშ ბაბალეს ტიტველა ფეხები გასხლტენ და დამპატიჟეს გრძელი ცხვირიც გაიყოლეს. ოქროპირმა წეროსავით წამოიწია, დაბუჟებული ფეხი ნალოსავით აითრია და თვითონაც ხეხილს შეერია.

მესამე დღეს ვიღაც სამნი მოვიდნენ და საიჯარო გადასახადის ნარჩენი მოითხოვეს.

- მე ჩემი წილი შევიტანე. - უპასუხა თევდორემ.

- ჩვენ წილი-მილი არ ვიცით, - სთქვა უფროსმა. - ორივენი პასუხს აგებთ. აბა, ჩქარა!

თევდორემ დამპატიჟეს გადაჰხედა.

- ჩემისთანა ღატაკს ფული ვინ მისცა! - წაიბურტყუნა დამპატიჟემ და გაბრუნდა. მოსულებმა თევდორეს ერთი დღე-ღამის ვადა მისცეს და თანაც გააფრთხილეს:

- ეს მამული გაყოფილი არ არის. ასე სწერია ჩვენს დავთრებში. ხვალვე აშალეთ ეს ღობე, თორემ ორ მამულად ჩავსწერთ და ორჯერ მეტსაც შემოგაწერთ. თუ არ აგიშლიათ, დიდ ჯარიმას დაგადებთ. - დააშინეს თევდორე აგენტებმა და წავიდნენ.

ორი საათის შემდეგ თევდორემ გოჭოს დუქანთან გაიარა. დამპატიჟე და მრისხანე აგენტები პატარა აივანზე ისხდნენ და მგელდარეულ ძროხებივით ბღაოდნენ: "ორი ქოთანი ვიყიდე, ვააი! ყურიანი და უყურო, ვაააი!"

თევდორე საღამოჟამს დაბრუნდა. ღობე აღარსად იყო. დამპატიჟე მთვრალი ჯარით მიჰსეოდა და ერთ საათში აეშალნა.

- ეს რა ამბავია? - ისევე გაოცდა თევდორეც, როგორც გაზაფხულზე დამპატიჟე, როცა გაყოფილი ბოსტანი დაუხვედრეს.

- ის ამბავია, - გაბუვდა ოქროპირი, - რომ მამულის გაყოფა აკრძალულია. ისეთ ჯარიმას დაგვადებენ, რომ ეს ბაღიც ვერ გადაიხდის, თუნდაც გაჰყიდო.

თევდორეს ხელი თავისთავად მისწვდა სქელ მარგილს, მაგრამ გაბუებული დამპატიჟე დროზე გადაიქცა სირაქლემად, ხუთიოდე ნახტომით მიაღწია ღობეს და ისე გადაევლო ზედ, თითქოს ორჩოფეხებზე იდგაო.

- დედას გიტირებ, დედასა! - თოფივით მიაჭექა თევდორემ და ძველი მეზობლებიც კი გააოცა: მაშ, უხმო თევდორესაც სცოდნია გაჯავრება?! მაშ ჩუმს მებოსტნესაც შესძლებია მოთმინების გადასვლა?!

- მაგრე, გენაცვალე, თევდორევ, მაგრე! - გადმოსძახა ტიმოთემ.

თევდორემ მზის ჩასვლამდე აღადგინა ღობე.

* * *

მაგრე! მაგრე! მაგრამ ისევ ტიმოთე მოვიდა შუაკაცად: დამპატიჟეს ვერ აჯობებს თევდორე. ვინ იცის, რამდენი ჰყავს ნათესავიც და ძმაბიჭიც. "იმ კაცს" ხომ ყველაფერი შეუძლიან, ამიტომ "დაანებე თავი, ნუ ერჩი, თორემ შენვე წააგებ".

აღარ ერჩის თევდორე, მოვიდეს და იცხოვროს ოღონდ გადასახადის ნახევარი დაუბრუნოს, იმის მაგივრად რომ შეიტანა, და ბაღის გაერთიანებაზედაც ხელი აიღოს.

დამპატიჟე დუქნიდან ისევ ბაღში გადმოსახლდა, მაგრამ არც ვალი დაუბრუნა თევდორეს და არც საზღვრის მოშლაზე აიღო ხელი. პირდაპირ ვეღარაფერს უბედავს და ისევ იქიდან უვლის და უჩხიკინებს, სადაც თევდორეს არც ხმა მიუწვდება და არც ხელი. დღე იშვიათად გაივლის, რომ თევდორეს ან შუა კაცი არ ეწვიოს, ან აგენტი არ მოადგეს, ან "იმ კაცის" - მუქარა არ დაუხვდეს. მაგრამ მებოსტნე წერაქვივით უდრეკია: ძალით თუ მოსტეხავენ, თორემ ნებით ვეღარ დაიყოლებენ.

- მორჩა! გათავდა!

არა, არც მორჩა და არც გათავდა. მხოლოდ ეხლაღა იწყება.

იმ დღეს დამპატიჟე არსად სჩანდა. მაკრინემ ბაბალეც სადღაც გაისტუმრა და თვითონ თევდორეს მოუჯდა. ჯერ დიდხანს უარა, ოხვრითა და წუწუნით შეამზადა.

- სთქვი, დედაკაცო, რა გინდა ჩემგან! - შეუტია თევდორემ.

რა უნდა და ის უნდა, რომ საქვეყნოდ თავი მოგეჭრა, შე საწყალო. მთელმა ქვეყანამ გაიგო და რაღა შენ ვერ გაიგე?

- სთქვი მეთქი, დედაკაცო!

გეტყვის, ეხლავე გეტყვის. აქამდე როგორ ვერ შეამჩნიე, რომ ის ოხერ-ტიელი, დამპატიჟეა თუ ვიღაც მუდრეგი, ბაბალეს გადაეკიდა!?

- სთქვი და გაათავე, დედაკაცო!

რაღა სთქვას, რაღა გითხრას! ბაბალეს და დამპატიჟეს ყველაფერი გაუთავებიათ.

- რაო?. რა სთქვი?

ისა სთქვა, რაცა სთქვა: ბაბალეს და დამპატიჟეს ყველაფერი გაუთავებიათ. ბაბალე დამძიმებულა.

- ჰააა?. ბაბალე? ბაბალე? - და უცებ მოსხლტა. - სად არის?.. სად დამემალა? სად დამემალა მეთქი? - მთელ სახლს შემოურბინა, ყველგან შეიხედა, თანაც უძახოდა: - ბაბალე გოგო ბაბალე!.. სად იმალები, სად დამემალები?

მაკრინეც ფამფალით დასდევდა და ბურტყუნებდა:

- ქაა, გაიგონე, აქ არ არის მეთქი... სხვაგან წავიდა, სხვაგან დაიმალა.

ეხლა დამპატიჟეს დაეძებს თევდორე, ხელში მსხვილ კეტს ატრიალებს, თანაც დორბლსა ჰყრის და გაჰკივის:

- დედას გიტირებ, დედასა!

როდის უტირებს დედას, არავინ იცის.

ჯერჯერობით კი მთვრალივით დაბორიალებს და ვეღარც ბარს ეკარება, ვეღარც თოხს იღებს ხელში. ბაბალე აჩრდილივით შემოსხლტა და ქვემო სართულში დაიმალა. თევდორემ თვალი მოჰკრა, მაგრამ იმდენი ბრაზიც აღარ ეყო, რომ დაეტუქსნა, თუნდაც ერთხელ დაეყვირნა. მხოლოდ მაკრინეს მიუგდო, ისიც გაკვრით და შორიდან:

- დედაკაცო, დაგიდგეს ეგ თვალები, რომ ვერაფერი დაინახე!

ჯავრის ნაშრეტი ძაღლზე ამოიყარა, თოლია კუდის ქნევით გაეხახუნა, მაგრამ თევდორემ ისე მძლავრად წაჰკრა ფერდში ფეხი, რომ თოლია წკავილით გაიქცა, შორიახლოს ჩაცუცქდა, აკვნესდა და ცრემლიანი თვალებით პატრონს შეეკითხა და უსაყვედურა. თევდორეს თვითონაც აუჩუყდა გული და შორიდან დაუყვავა. თოლია წკმუტუნითა და ფოფხვით წამოვიდა, პატრონს ხელები მოულოკა და თითქო მიზეზი გამოჰკითხა.

- ეჰ, თოლიავ, ნეტავი შენა! - წაიბურტყუნა თევდორემ. - რომ იცოდე რა ამბები ხდება ამ ქვეყანაზე...

არც თვითონ იცის, თოლიას საიდანღა ეცოდინება! მაინც საჭიროა გაგება. დამპატიჟე გაიძვერა კაცია, "იმ კაცის" კუდია. ეხლაც ალბათ "ზემადელაში"-ში ტრიალებს და თევდორეს მახეს უგებს: ღობეს ააშლევინებს და შარშანდელივით გააკოტრებს. თევდორეც წავა და ხმას ამოიღებს, ხელს გაანძრევს. მიდის მებოსტნე და ბოღმით ივსება. სხვანაირ გუნებაზე დადგა დღეს. ტუჩები ეკუმება, მუშტები ეკუმშება, თოფის წამალით იტენება. ყუმბარასავით უნდა გასკდეს თევდორე, იქ უნდა დაიჭექოს, იქ, "იმ კაცთან", დამპატიჟეს ნათესავთან! აჰ, ნეტა დამპატიჟეც შეხვდებოდეს ახლომახლოს! დედას უტირებს, დედასა!

გზა ძლივს გაიკვლია და "ის კაცი" მოითხოვა. რა საქმე აქვს? ეს თევდორემ იცის. პირისპირ უნდა დაუდგეს და ყოველივე უთხრას.

- აქ აღარ არის, ამხანაგო, შენც საჩივლელად ხომ არ მოხვედი?

საჩივლელად მოვიდა, თევდორეც საჩივლელად მოვიდა.

- მაშ გამომძიებელთან წადი და ყველაფერი უამბე.

მაშ "ის კაცი" დაჭერილია! ჰაი აშენდეს ქვეყნის სამართალი! ყაჩაღს ურმით დასდევს, მაგრამ ბოლოს მაინც მიეწევა. წავიდა დამპატიჟეს საქმეც! ეგდოს თავის ნახევარში. ოღონდ ღობეს ნუღარ აუშლის თევდორეს, თორემ... თუმცა... დამპატიჟე სულაც აღარ მოვა. დაფთხა, იმალება, თევდორე კიდევ მოიცდის ერთ კვირას და მერე იმ ნახევარსაც დაიბრუნებს. გამომძიებელი კი... ჯანდაბას "იმ კაცის" თავი! ხომ დაიღუპა, მეტი რაღა უნდა თევდორეს! მუშა კაცს სახლში საქმე ეღუპებოდეს და თვითონ კი გამძიებელთან დაეხეტებოდეს?! არ წავა თევდორე, როგორც გადასჭრა, სწორედ ისე მოიქცევა.

და როცა ბოსტანს მიუახლოვდა, შორს ღობეს სირაქლემა გადაევლო.

მეორე დღეს ალაყაფში სამი კაცი შემოვიდა. დამპატიჟეც ფრთხილად მოჰყვა, მოშორებით შესდგა, დოქის ყურებივით დოინჯი შემოიყარა და კოდალა ცხვირი თევდორეს დაუმიზნა.

- აი, ძმაო თევდორევ, - დაიწყო ერთმა, მებოსტნეს მკლავი მკლავში გაუყარა და ხეხილისკენ წაიყვანა. ორნიც გაჰყვნენ. დამპატიჟემ კი სახლის უკან მაკრინეს მოჰკრა თვალი და მისკენ გატრიალდა. ესენი აქ ჩურჩულებდნენ, ქვეით კი თევდორე გაჰკიოდა.

მერე, როცა ოთხივენი წავიდნენ, თევდორე მაკრინეს წინ გახევდა, ჯერ დიდხანს უმზერდა, თითქო ვერა სცნობსო, შემდეგ გაოცებით დაეკითხა.

- გაიგე, დედაკაცო? გაიგე, რა მოხდა?

გაიგო, როგორ არ გაიგო! ის პირშავიც აქ არ იყო! მაკრინეს მოუჯდა და ყველაფერი უამბო.

- ეჰ, ვინ იცის, იქნება სჯობდეს კიდევაც. - თითქო თავისთვის ჩაილაპარაკა დედაკაცმა.

როგორ თუ სჯობდეს! რასა ჰბოდავ, დედაკაცო! შენც ხომ მოსყიდული არა ხარ! შენ ესა სთქვი, როგორ მოხდა, რომ ეს ბაღი დამპატიჟეს მისცეს იჯარით და თევდორეს კი არაფერი შეატყობინეს? გესმის რამე ამ საქმისა? არც თევდორეს ესმის. ვერაფერი გაუგია. ან დაბერდა, ან დაბრმავდა. თევდორემ თავის სიცოცხლე აქ გასტეხა, აი ამ მიწაში ჩაჰღვარა მთელი ძალღონე, ამ ბაღ-ბოსტანს შეაბერდა, აქვე აპირებდა სიკვდილსაც და ახლა ხელახლად უნდა დაიწყოს ყველაფერი?

- არა, შენ ეს მითხარი, სამართალი სად არის? დედაკაცო, სთქვი თუ იცი, სად არის მეთქი სამართალი?!

არც მაკრინეს ესმის ამ ქვეყნისა. არც სამართალი უნახავს ოდესმე. მაგრამ ქალურ ალღოთი, მეშვიდე თუ მეცხრე გრძნობით ჰხედავს თუ ესმის, რომ სამართალი მუდამ სტყუის საქმესთან.

- გაიგე, კაცო, გაიგე! - ცხვირ-პირში ჩაჰკირკიტებს კოჟრიანი ხელით, - გაიგე მეთქი, რომ საქმე სამართალი კი არ არის, საქმე საქმეა, საქმეა მეთქი!

სიტყვებს ეძებს, მაგრამ ვეღარ პოულობს და მისი აზრი უძალოდ ფართხალებს სამ-ოთხნაირად დატრიალებულ ერთ სიტყვაში:

- საქმე საქმეა მეთქი, საქმე! გაიგე, კაცო?

გაიგო, რატომაც არ გაიგო! მაგრამ მაინც ვერ გაიგო: რად ჩაუსახლეს დამპატიჟე, რომელსაც ბაღის საქმისა ფრჩხილის ოდენაც არ ესმის? ვინ არის ეს კაცი? საიდან მოვიდა? ვინ მოიყვანა, ან რაღა თევდორეს მოუყვანეს? რითი სჭრის ეს ადამიანი - ცოდნით? შრომით? პატიოსნებით? თუ ნათესაობით, ღვინითა და ძმაბიჭობით? "ის კაცი" ხომ გაება.

- მაშ როგორღა მოახერხა დამპატიჟემ ბაღის დაჩემება?

ვერ იქნა და ვერ გაიგო. ვერც გაიგებს.

"დედაკაცი კი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. შეუჩნდება, შეეპარება, სულსა და სისხლში ჩაეღვრება. ჯერ ბუზის ოდენას უკბენს, მერე მოჰყვება და იმ ნაკბენით მამაკაცს თავის აზრითა და ნებით გაავსებს". მაკრინეც ასეთია. ჯერ ერთი წვეთი შეაპარა:

- კაცო, სად უნდა წახვიდე, სად?!

მართლაც და, აბა სად უნდა წავიდეს თევდორე? ახალ ბაღს არავინ მისცემს. ყველა კრუხივით აზის და თოფით უვლის აჩემებულს.

- მოჯამაგირედ წავალ. - ჰკვნესის მამაკაცი.

- კაცო, თუ მოჯამაგირედ წახვალ, ისევ შეჩვეული ჭირი არა სჯობია შეუჩვეველ ლხინსა?

"სიმართლე რომ ითქვას, მართალს ამბობს დედაკაცი: მადლიანი ბაღი, მშვენიერი სახლი, შეჩვეული მეზობლები და პატრონიც უდარდელი. იაროს და იქეიფოს დამპატიჟემ, თევდორე კი არხეინად იმუშავებს და ხეირიან ჯამაგირსაც აიღებს, არც ზარალი, არც დარდი, არც მაზანდა, არც იჯარა, არც ათასი გადასახადი".

- ერთი "იმ კაცთან" მიმიყვანა როგორმე და დანარჩენი მე ვიცი. - იმუქრება თევდორე.

- გეუბნები, ვერ მიხვალ მეთქი, და თუ მიხვედი, შენი სიტყვა ვერ გასჭრის. შენ იმ ახლისთვისაც უცხო ხარ, ისინი კი ნათესავები და ძმა-ბიჭები არიან.

ნათესავები და ძმა-ბიჭები, - აი საქმეც ეს ყოფილა! "იმ კაცს" თევდორე ვერ აჰყვება, ნობათებით ვერ გაავსებს და თვეში ერთხელაც ვერ აქეიფებს. ესეც რომ მოახერხოს, ვერც გაუძმობილდება და ვერც დაუნათესავდება. მაშ ცხადია ყოველივე! მორჩენილია! გათავებულია!

- ახლა ამ გოგოზედაც იფიქრე. ესეც გაუბედურდება და ჩვენც თავი მოგვეჭრება. ამიტომ...

"ჰოი, გველო! მცურავო! ქვემძრომო! აღარაფერი დაგრჩენია: არც ნამუსი, არც თავის პატივი და აღარც პირის წყალი! მაშ ანგარიშის მეტი აღარაფერია ამ ქვეყნად, რაღა! ჯერ ბაღის ნახევარი წაართვა, მერე ქალი შეუცდინა, შემდეგ მთელი ბაღი ჩამოართვა და ეხლა ზედსიძედაც მიიღოს? არა! არასოდეს! არასგზით!"

- ნამუსს შევინახავთ, კაცო, ნამუსსა!

"ქალი გველია მეთქი, გველი! შემოგიჩნდება, შემოგეპარება... თუმცა... ეჰ, ვინ რას გაიგებს დედაკაცისას! ზოგჯერ უცაბედად სიმართლესაც იტყვის ხოლმე... აი, ახლაც რომ სთქვა მაკრინემ ბაბალესაც უბედურებას ავაცდენთ და ჩვენც ნამუსს შევინახავთო: კიდევ რა სთქვა? ჰო, მართლა: დამპატიჟე რომ დაოჯახდება, დადინჯდებაო. გარდა ამისა, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო. ეს ბაღი ხომ წაგვივიდა ხელიდან. ბარემ ისევ ჩვენი ქალისა და იმის შვილის კერძი გახდესო".

- არა, მართალი სთქვი, არ ემჯობინება? - ისევ ეკითხება მაკრინე.

რა ვქნა, რას ჩააცივდა ეს დედაკაცი მეშაბათესავით?! ახირებული ქალაქის აგენტივით: ახლავე მომეცი პასუხიო. ზოგი ხომ დღეს ილაპარაკა, ზოგიც ხვალისთვის გადასდოს.

- სთქვი, არ ემჯობინება მეთქი?

- გეყოფა, დედაკაცო, დამაძინე!

"გველია მეთქი დედაკაცი, გველი! დაიჟინებს, შეუჩნდება და..."

და უთუოდ თავისას გაიტანს.

* * *

ჯერ-ჯერობით ორი წელიწადიც გავიდა.

აი ეხლაც, - ეხლა და თითქმის ყოველ დღესაც - ბაბალე შვილს ჰაერში აბურთავებს, თვითონაც ხტუნავს და შესძახის:

- ითამაშე, ტიტიკო! იხტუნავე ბიჭიკო!

დამპატიჟე დაირას აბრახუნებს, თვითონაც სტოკავს და გაიძახის:

- ითამაშეთ, ჭირი მე! გაიხარეთ, ჭირი მე!

ბიჭიკო ფუნჩულა ფეხებს მუთაქებსავით ისვრის და მადიანად ხითხითებს, ბაბალე კი ამ ფეხებს შეჰხარის და უკარნახებს:

- მარცხენა, მარჯვენა! მარცხენა და მარჯვენა! მარჯვენა და მარცხენა!

- ახტუნავე, ბიჭიკო! ათამაშე, ტიტიკო! დიპლიპიტო-დაფტიპიტო! დაფტიპიტო-დიპლიპიტო!

ბებერი თოლია ძილში იღრინება - ალბათ ავ სიზმრებს ეომება. ბოჩოლა გაოცებულია. კატა გულში იცინის. მაკრინე კი ისევ დაკარგულს ეძებს და ვერ უპოვნია. თევდორეც მიწას ებრძვის და ვერ მოჰრევია. დამპატიჟეს ბაღ-ბოსტანი თავქვე მიდის, ვერანდება, მოსავალიც ნახევრდება.

- ოქროპირ, მიშველე, კაცო! - წამოიხრიალებს დროგამოშვებით უკვე მოდრეკილი მებაღე.

მაგრამ დამპატიჟეს არა სცალია, არასოდეს არა სცალია: არც დილით, არც შუადღეს, არც საღამოზე, არც ზამთარში და არც გაზაფხულზე.

- საქმე მაქვს, მელოდებიან.

სირაქლემას ფეხებს ალაყაფში გაალაჯებს, და გოჭოს დუქნიდან მალე ბღავილის ტალღა წამოვა: "ორი ქოთანი ვიყიდე, ვააი! ყურიანი და უყურო, ვაააი!!"

- ვაი შენ და ღვთის რისხვა! - წაიბურტყუნებს თევდორე და ელოდება: როდის მოაშორებენ კისრიდან ამ ბაღლინჯოს? როდის გააჩუმებენ დამპატიჟეს? როდის გაჰყრიან თევდორეს და ზედსიძეს?

ელოდება და თანაც ფიქრობს: "ოთხფეხს ტკიპი შეუჩნდება, ფუტკარს წინწკალი ჩაუჯდება, ხეს ხავსი და ფითრი მოეკიდება, კლდესაც კი ფათალო ჩაექსოვება და ასე სცხოვრობენ სხვისი წვენით. ნეტა ადამიანიც ასე ხომ არ არის მოწყობილი?"

ფიქრობს თევდორე და დღემდისაც ვერ გადაუჭრია.

1928 წ.