Litclub.ge

აბასთუმანი
(1874 წ.)

აბასთუმნის საზოგადოებას საფუძველი აქვს იყოს უკმაყოფილო ახლანდელი სეზონით. ამ ზაფხულის მკვეთრმა ატმოსფერულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მთის შესანიშნავი ბუნების კეთილნაყოფიერი გავლენა და ცუდი გავლენა მოახდინა მოაგარაკეთა ჯანმრთელობაზე. მოაგარაკენი თითოეულ ფეხის ნაბიჯზე უჩივიან გაცივების გამო გამოწვეულ ავადმყოფობას, რამაც დაუკარგა მათ იმედი ჯანმრთელობის აღდგენისა და გამაგრებისა. მთელი ივნისი და ივლისის პირველი ათი დღე ისეთი წვიმანი და ცივი იყო, რომ ბინებში ღამღამობით ვერცხლის წყალი 8 გრადუსამდე ეშვებოდა რეომიურით. აჭარა-ახალციხის ქედის მწვერვალებზე სქელ ფენებად იდვა თოვლი. ეს იყო ნამდვილი უბედურება იმიტომ, რომ აბასთუმნის ბინების დიდი უმეტესობა წარმოადგენს უბრალო ქოხებს, რომლებიც ვერც წვიმასა და ვერც სიცივისაგან ვერ იცავენ, მით უმეტეს, რომ ღუმელებისა და ბუხრები უქონლობის გამო მათი გათბობა არ ხერხდება. შემდეგ კი უეცრად ისეთი სიცხეები დაიჭირა, რომ ჩრდილში დღისით ტემპერატურა 25 გრადუსს აღწევდა, ე.ი. ჩვენ ვიხარშებოდით ისეთ მაღალ ტემპერატურაში, რომლის მსგავსი თბილისშიც კი იშვიათია. მხოლოდ ივლისის ბოლოს დადგა მთიანი ადგილების ნადვილი ზაფხულის ზომიერი ტემპერატურა, მაგრამ ეს ხომ თითქმის გვიან არის. 1 აგვისტოსათვის ბევრმა დასტოვა აბასთუმანი. ზოგმა კი იმავე თვის 15 რიცხვში, ხოლო ისინი კი, რომლებიც დარჩნენ სეზონის ბოლომდე, დიდხანს ვერ დასტკბენ კარგი ამინდით, ვინაიდან 20 აგვისტოდან კვლავ დაატყდათ თავს ცვალებადი შემოდგომის დროს ყოველგვარი უსიამოვნება. მაგრამ ატმოსფერული ცვლილებანი ერთადერთი მიზეზი როდია, რამაც მავნე გავლენა მოახდინა მოაგარაკეთა ჯანმრთელობაზე. აქაური როტონდა არ შეიძლება არ იქნას ცნობილი ჯანმრთელობის დამღუპველად. იგი მოთავსებულია მთაზე, სადაც ქარები დანავარდობენ, მოწყობილობა კი ადამის დროინდელი აქვს. ეს როტონდა ისეთ ძლიერ გაცივებას იწვევს, რომ ძალაუნებურად გებადება აზრი - განგებ ხომ არ მოაწყო როტონდა რომელიმე მიზანტროპმა იმ მიზნით, რომ ორგანიზმებში დაეშალა ის, რასაც მათში მინერალური წყლები და მთის სუფთა ჰაერი ქმნის. ამ ზაფხულზე რამდენიმე სუბიექტი მძიმედ ავად გახდა და კინაღამ არ გამოეთხოვა სიცოცხლეს, სწორედ როტონდას წყალობით. მე ახალციხის მაზრის ექიმებისაგან მსმენია, რომ აბასთუმნის როტონდა ყოველ წელიწადს რამდენიმე სუბიექტით ზრდის განუკურნავ ავადმყოფთა რიცხვს, რომლებსაც საუბედუროდ მონაწილეობა მიუღიათ ცეკვებში.

დაავადებულ ადამიანთა საბედნიეროდ, აქაური როტონდისა და აბასთუმნის ბინების დღეები უკვე დათვლილია და, არა უგვიანეს შემოდგომის დამდეგისა, ნგრევა შეუდგება თავის საქმეს და ქვას ქვაზე არ დასტოვებს. ძველი აბასთუმნის მაგიერ ორი-სამი წლის შემდეგ აშენდება ახალი, რომელიც იმედი უნდა ვიქონიოთ, უფრო მეტად და უკეთესად დაიკმაყოფილეს ტანჯულ ადამიანთა საჭიროებებს.

მიუხედავად ამისა, აბასთუმნის საზოგადოებას არ შეუძლია მოწყენილობას უჩიოდეს. 25 ივლისიდან თითქმის ყოველდღE უკრავდა პოლკის მუსიკა, ეგრეთ წოდებულ პარკში; მოზრდილთათვის და ბავშვთათვის კვირაში ორჯერ ტარდებოდა ცეკვები; ხშირად ეწყობოდა აგრეთვე პიკნიკები, რომლებიც ზოგჯერ ჰომერიულ საზღვრებს აღწევდნენ, ვინაიდან მათში მონაწილეობას იღებდნენ ხოლმე მთელი აბასთუმნის საზოგადოება; ეწყობოდა ჯგუფური გასეირნება ახლომდებარე დიდებულ ნანგრევთა დასათვალიერებლად; ხშირად ადიოდნენ აჭარა-ახალციხის უღელტეხილზე, საიდანაც კარგ ამინდში თვალწინ იშლება დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის უდიდესი და უმშვენიერესი ხედი; განსაკუთრებით კი ყოველდღიური გასეირნება ცხენებით წარმოადგენდა საყვარელ გასართობს როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის. ყოველივე ეს, არაჩვეულებრივ უბრალოებასა და პატრიარქალურობასთან შეზავებული ქმნიდა აბასთუმანში სასიამოვნო სააგარაკო ცხოვრებას და შეჰქონდა მასში მრავალფეროვნების სიმშვენიერე. ყველა წუხდა, რომ დრო ასე მალე და შეუმჩნევლად მიფრინავს და ახლოვდება სეზონის ბოლო. მაგრამ გასაოცარი საქმეა! ამავე დროს ყევლა თავის ვალდებულებად სთვლიდა თითოეული ფეხის ნაბიჯზე შეეჩივლათ ერთმანეთისათვის მოწყენილობა. ამბობდნენ - აბასთუმანი მოგვბეზრდაო. კაცი ისეთი ბედნიერი იყო, რომ დროის სრბოლასაც ვერ ამჩნევდა და ამავე დროს მაინც მოწყენილობას უჩიოდა, დამეთანხმეთ, ეს ულოგიკობას აღემატება. მაგრამ ეს ულოგიკობა არავის არ აღელვებდა. ამასთანავე უმართებულო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ აბასთუმნის საზოგადოება დაინტერესებული იყო მხოლოდ სასიამოვნო გართობებით. მათში მხურველა თანაგრძნობას იწვევდა სასარგებლო საქმეებიც. ამას ადასტურებს ლატარია-ალეგრის ბრწყინველე წარმატება, რომელიც გაიმართა ახალციხის ქალთა უფასო სკოლის სასარგებლოდ მისი დამაარსებლის ა. ვ. მუსხელიშვილის მიერ. ამ საქმეში მთელმა საზოგადოებამ მიიღო მხურვალე მონაწილეობა. რამდენიმე საათში შეგროვდა 600 მანეთამდე ვერცხლის ფულით. სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ახალგაზრდა ქალთა ნაწილი, რომელმაც დიდი სიამოვნებით იკისრა ალეგრის ბილეთების, ხილეულობისა და სასმელების გაყიდვა, ისეთი ენთუზიაზმით მოქმედებდა, ისე მოაჯადოვა საზოგადოება, გამოიყვენა ისეთი ენერგიული საშუალებანი საზოგადოების ჯიბეებიდან თავიანთ ყულაბაში მოძულებული ლითონების მოსაგროვებლად, რომ გულცივი სუბიექტებიც კი გახდნენ საერთო გართობის მსხვერპლი და, წინააღმდეგ წინასწრ მიღებული გადაწყვეტილებისა ერთი-ორი მანეთით აეშორებინიათ თავიდან ეს საქმე, ხალისით ხარჯავდნენ ათ მანეთს ვერცხლით. როცა შევყურებდი ხანშიშესული ადამიანის გამოცოცხლებულ სახეებს, რომლებსაც უკან ოქროსა და ვერცხლის ათეული წლებიც კი მოუტოვებიათ, არ შეგვეძლო არ დაგველოცნა ახალგაზრდობა, რომელიც ყოველგან და ყოველთვის ასულდგმულებს ცხოვრებას, შეაქვს მასში ხალისი და ენთუზიამზი.

მაგრამ საგანი, რამაც გამოიწვია აბასთუმნის საზოგადოებაში ასეთი თანაგრძნობა, იმსახურებს თუ არა ამას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: წარმოადგენს თუ არა ახალციხის უფასო სკოლა პედაგოგიური მხრივ ისეთ მოვლენას, რომელსაც აქვს უფლება საზოგადოების ასეთი განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობისა? ამ კითხაზე პასუხი უნდა გასცეს სკოლის დაარსებისა და მისი ორგანიზაციის ისტორიამ და მის მიერ მოპოვებულ მიღწევებზე მითითებამ. მე მეტად საჭიროდ ვთვლი, რაც შეიძლება, დაწვრილებითი ხასიათი მივცე ამ პასუხს. ახალციხის ქალთა უფასო სკოლა დაარსდა 1871 წელს ა. ვ. მუსხელიშვილის მზრუნველობითა და გონივრული ინიციატივით. მისი არსებობა და განვითარება უზრუნველყო აგრეთვე მისი დამაარსებლის საქმიანმა ხელმძღვანელობამ და მზრუნველობამ. ეს პირველ ხანებში თითქმის დაუძლეველ სიძნელეებს წარმოადგენდა. საჭირო იყო ადგილობრივ მცხოვრებთა წრეში სანახევროდ მაინც შექმნილიყო მოთხოვნილება მოზარდ ქალთა წერა-კითხვის ცოდნისა და განათლებისა; საჭირო იყო საზოგადოების ინტელიგენტურ ნაწილში გაღვიძებულიყო თანაგრძნობა სასწავლებლის დაარსებისადმი და მის მხრივ აქტიური მონაწილეობის გამოწვევა; საჭირო იყო არც თუ ისე პატარა თანხების გამონახვა მის დასაარსებლად და მისი არსებობის უზრუნველყოფა საიმედო სახსრებით. ვინც იცნობს ადგილობრივი მოსახლეობის უძრაობასა და აპათიურობას, მისთვის ადვილი გასაგებია, თუ როგორი ღონისძიებანი იყო საჭირო, რომ სკოლის დაარსება მომხდარ ფაქტად ქცეულიყო, რომ იგი დაზღვეული ყოფილიყო ეფემერული არსებობის ყოველგვარი შემთხვევითობისაგან, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მსგასი ახალი საქმის წამოწყების ხვედრია და ადგილობრივ საზოგადოებაში, - ასე ვთქვათ, პედაგოგიური პირობების უქონლობის გამო; სკოლის ორგანიზაცია და განსაკუთრებით სასწავლო ნაწილის გონივრულად დაყენება წარმოადგენდა დიდ სიძნელეს. მაგრამ ყველა ეს წარმატებით იქნა დაძლეული. სკოლის მიზანი თავიდანვე ზუსტად იქნა განსაზღვრული. ის მდგომარეობდა არა მარტო უბრალო წერა-კითხვის სწავლებაში, არამედ, შეძლებისდაგვარად, სრული ელემენტარული განათლების მიცემაში. ამით იყო განსაზღვრული სასკოლო კურსის მოცულობა. ამ კურსის შემადგენლობაში შედიოდა: რუსული და ქართული ენები, საღვთო რჯული, არითმეტიკა, თვალსაჩინო სწავლება, დაწყებითი გეოგრაფია, გალობა, სუფთაწერრა და, გარდა ამისა, ხელსაქმე. კურსის მოცულობამ განსაზღვრა მისი ხანგრძლივობა. პირველ ხანებში დადგენილ იქნა ოთხწლიანი კურსი. მოსწავლეთა მიღება, შეძლებისდაგვარად, ერთდროულად წარმოებდა, რაც საჭირო იყო კლასში ბევრი განყოფილების დაარსების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ კურსის ხანგრძლივობამ მაინც აუცილებელი გახადა ოთხი განყოფილების დაარსება. საჭირო იყო აგრეთვე ამ უხერხულობის თავიდან აცილებაც, მით უმეტეს, რომ ეს იწვევდა მოსწავლეთა მრავალრიცხოვანობას. ამ მიზნით დაარსდა ორი კლასი - უფროსი და უმცროსი, რომლებიც მოთავსებულ იქნა ორ ცალ-ცალკე ოთახში. შეძენილ იქნა სასწავლო წიგნები და ხელსაწყოები საჭირო რაოდენობით, შეიქმნა პატარა სასკოლო ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა აუცილებელ წიგნებს, როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთათვის. ერთი მხრივ ადგილობრივ ინტელიგენტურ წრეში პედაგოგიური საქმისათვის საფუძვლიანად მომზადებულ ისეთ პირთა გამონახვის შესაძლებლობამ, რომლებიც იკისრებდნენ სკოლაში ყველა საგნის სწავლებას და მეორე მხრივ - თანხების სიმცირემ, რის გამო შეუძლებელი იყო მუდმივი და საკმარისი ჯილდოს გაღება სკოლაში სწავლებისათვის, აიძულა სკოლის ხელმძღვანელობა უარი ეთქვა სასკოლო მასწავლებელთა სისტემაზე და მიეღო საგნობრივ მასწავლებელთა სისტემა. ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი სასწავლო პერსონალის საჭიროება. ამ საჭიროების გამო თვითონ სკოლის დამაარსებელმა მიიღო მონაწილეობა სწავლების საქმეში, მიიზიდა სკოლაში მასწავლებელი და რამდენიმე განვითარებული ქალი. ყველა ეს პირი, გარდა ერთი მასწავლებლისა, სრულიად უფასოდ ასწავლიდნენ. მაგრამ გამოცდილებამ ერთხელ კიდევ დაადასტურა პედაგოგიკის მიერ დადგენილი ის უდავო ჭეშმარიტება, რომ დაწყებით სკოლებსი, რაც უფრო განსაზღვრულია სასწავლო პერსონალი, მით უფრო მალე იღებს წესიერ სახეს მეცადინეობა, მით უფრო უზრუნველყოფილია წარმატება. ამ ჭეშმარიტების შეგნებამ, ერთი მხრივ და სახსრების გადიდებამ, მეორე მხრივ, გამოიწვია მასწავლებელთა შემადგენლობაში შემდეგი ცვილებება: გასული წლის სექტემბერში სკოლის მასწავლებლად დაინიშნა ყოველწლიური, საკმაო ხელფასით ერთი ქალი, რომელმაც საფუძვლიანი განათლება მიიღო თბილისის ერთ-ერთ ქალთა სასწავლებელში; მან იკისრა საგნების უმეტესი ნაწილის სწავლება, ხოლო დანარჩენ საგნებს ასწავლიდა თვითონ სკოლის დამაარსებელი. ასეთია არსებითად ახალციხის ქალთა უფასო სკოლის ორგანიზაცია. მისი არსებობის სამი წლის შემდეგ მას კარგი მხრივ ახასიათებენ. ის წრე, საიდანაც შედიან ამ სკოლაში მოსწავლეები, მხურველა თანაგრძნობას იჩენს მის მიმართ. მოსწავლეთა მოზღვავება, რომელთა რიცხვი ახლა 56 აღწევს, ყოველ წელიწადს მატულობს. სკოლაში შესვლის მსურველთა რიცხვი გაცილებით აღემატეა სკოლის ფართობს, ასე რომ, სამწუხაროდ, ბევრს უარს ეუბნებიან მიღებაზე.

ჩვენში, სადაც ჯერ კიდევ ძალიან სუსტია წერა-კითხვის ცოდნისა და განათლების მიღების მოთხოვნილეა, სკოლას არ შეუძლია ძლიერად მიიზიდოს, განსაკუთრებით, ნივთიერად შეუძლებელია კლასი, თუ ის არ იძლევა თვალსაჩინო, საგრძნობ შედეგებს, თუ მშობლები თვალნათლივ არ დარწმუნდნენ, რომ მათი ბავშვები სკოლის გავლენით ყოველდღე უკეთესდებიან, გონებრივი და ზნეობრივი მხრით. საკმარისია სულ მცირე ხანი დაჰყოთ ახალციხის ქალთა სკოლაში, რომ ნათლად შეიგნოთ, თუ რა კეთილ გავლენას ახდენს ბავშვებზე სკოლაში ყოფნა და სწავლა. გოგონების მკვირცხლი და გონივრული სახეები, მათი მოფიქრებული და თავისუფალი პასუხები შეკითხვებზე გვიჩვენებენ, რომ მათი გონებრივი ძალები გაღვიძებულია სწორი და პედაგოგიური განათლებით, სწავლებით. მნახველებისადმი თავისუფალი და სანდო მოპყრობა იმ ბავშვების მხრივ, რომლებიც ჩვეულებრივად მეტად მივიწყებული და გაველურებული შედიან სკოლაში შეუძლო კლასის ოჯახებიდან, ნათლად ადასტურებს იმას, რომ აღზრდა, სწავლასთან ერთად, იქცევს სათანადო ყურადღებას და, ჩანს, გონებრივი მხარის პარალელურად აუკეთესებს მოსწავლეთა ზნეობრივ მხარეს, ბავშვები ყოველგვარი დარცვენის გარეშე გიმღერიან თქვენ ქართულ და რუსულ სიმღერებს. ხელსაქმის ნიმუშები ეჭვს არ სტოვებენ, რომ ცხოვრებაში პრაქტიკულად საჭირო და უშუალოდ სასარგებლო საქმეს გულმოდგინედ ეკიდებიან სკოლაში. საკლასო კურსის თითოეულ საგანში სწავლების შედარებითი შედეგების შესახებ ცნობების უქნოლობა მიაძულებს მე თავი შევიკავო ამა თუ იმ საგანში მოსწავლეთა წარმატების განხილვისგან. მაგრამ ყველამ ვისაც, შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა ამა წლის ივნისის გამოცდებს, ძალიან კარგი მხრით დაახასიათა მოსწავლეთა წარმატებანი თითოეულ საგანში და გამოცდებიდან გამოიტანა მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება. აბასთუმნისკენ გზად გვლით სკოლის დათვალიერების დროს პირადად მე არ შეიძლება არ დავრწმუნებულიყავი ერთში: მოსწავლეებს რუსული ენა შეგნებულად და გონივრულად აუთვისებიათ. ეს შედეგი მიღწეულია რუსული ენის წესიერი, მეთოდური სწავლებით, რისთვისაც განკუთვნილია გაკვეთილების დიდი რაოდენობა და, იმ მეტად მნიშვნელოვანი გარემოების გამო, რომ მეცადინეობაში მექანიკურობის აღმოფხვრის მიზნით, რუსულ ენაზე სწავლებას გვერდს უვლიან, ვიდრე მოსწავლეები იმდენად არ დაეუფლებიან იმას, რომ ასე თუ ისე, თავისუფლად გაიგონ თავიანთი მასწავლებლის ნათქვამი. მას, ვინც დაეჭვდება ამ ჩემი მსჯელობის სისწორესა და სიმართლეში, მივუთითებ დაღესტნის ოლქსა და ყაზანის გუბერნიაში არსებულ ადგილობრივ სკოლების მაგალითზე, რომლებიც თავიანთი დაარსების დასაწყისში წარმოადგენდნენ იმის განსაცვიფრებელ საბუთს, რომ ადგილობრივ სახალხო სკოლებში რუსული ენის სწავლებაში მკვიდრთა ენის გამოუყენებლობა, რასაც აუცილებლად შეაქვს მომაკვდინებელი მექანიკურობა მთელ სწავლებაში, არამც თუ აბრკოლებს მოსწავლეთა წარმატებას ელემენტარული კურსის საგნებში და ხელს უშლის მათს სწორ განვითარებას, არამედ აფერხებს თვით რუსული ენის დროულად და შეგნებულად შეთვისებას.

მუდმივი და ერთდროული კერძო შემოწირულობანი და აგრეთვე სპექტაკლისა და ლატარია-ალეგრის საშუალებით შეგროვილი თანხები უზრუნველყოფენ სკოლის მატერიალურ მხარესა და განვითარებას, სკოლას საკმაოდ გააჩნია აგრეთვე მორალური

საშუალებანი, რაც მთავარი პირობაა ასეთი წამოწყების წარმატებისა და განტკიცებისა იმ ბედნიერი გარემობის წყალობით, რომ მის სათავეში დგას ისეთი პიროვნება, როგორიცაა ა. ვ. მუსხელიშვილი. ამიტომ წინასწარმეტყველად ყოფნა არ არის საჭირო, რომ სრული დაბეჯითებით ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ეს სკოლა ყოველმხრივ გახდება სანიმუშო და გადაკეთდება ქალთა პროგიმნაზიად, თუ მას ექნება სასკოლო შენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნილებას.

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალციხის ქალთა უფასო სკოლა ჰპოვებს მიმბაშველებს ჩვენი კუთხის სხვა სამაზრო ქალაქებში და იქნება ნიმუში ქალთა უფასო სკოლების დაარსებისა და ორგანიზაციისა, რომელთა საჭიროება ყველგან ასე ძლიერ იგრძნობა.