Litclub.ge

შუშის ნამსხვრევი
დილის გრილ ცაზე ჯაფარა ამოფრინდა, რბილად შემოუარა მაღალი წიფლების გარინდებულ კორომს, ფრთები მომტვრეულივით ააფათქუნა, ფეხები ჩამოუშვა, ხმელ როკზე დააპირა დაჯდომა, მაგრამ უცებ ხეზე რაღაცა დაინახა, დაიჩხავლა, შეშფოთებული ავარდა მაღლა და გაფრინდა. ხის ტოტები აფაჩუნდა და იქიდან პატარა ბიჭმა ამოყო თავი. დაინტერესებული იყურებოდა, საითაც ჯაფარა გაფრინდა. რაკი ვეღარაფერი დაინახა, ძირს ჩაიხედა. იქ, ძირს, თითქოსდა მიწაზე დაფენილ სიფრიფანა ფოთლებს შორის, მისი პატარა ყავისფერი ფეხსაცმელი ეწყო, ისინი ახლა ცოცხლებს ჰგვანდნენ, ერთმანეთს მიხუტებოდნენ და ვიღაცას ემალებოდნენ. ბიჭს გაეღიმა, ტოტს გადაალაჯა და მოხერხებულად დაჯდა. ნელ-ნელა ქანაობდა და ფიქრობდა. სულ მალე ისევ აყელყელავდა: ფერდობის თავზე, თეთრი სახლის მხრიდან, მოკლეკაბიანი გოგონა მოდიოდა. მოდიოდა კი არა, სახტუნაო თოკს ატრიალებდა და წვრილი, მაღალი ფეხებით სკუპ-სკუპით მოხტოდა. ბიჭს სახე გაუბრწყინდა, ხელი მომუჭა, ტუჩებთან მიიტანა და ბოხვერა კატასავით დაიჩხავლა: მიაუ!.. გოგონამ ვერ გაიგონა. მაშინ ბიჭმა ხმას აუწია. გოგონა შეჩერდა (სახტუნაო მორჩილად ჩაიკლაკნა მიწაზე), მიბუნდოვანებული შავი თვალებით ეძებდა იმ ხმის პატრონს. ბიჭმა სუნთქვაც კი შეწყვიტა. გოგონამ ერთხანს ეძება, მერე სახტუნაო დაიქნია და ხტუნვა განაგრძო. ბიჭს გაეღიმა და ხელახლა ატეხა: მიაუ! მიაუ! ჰავ! ჰავ! - ამჯერად კი გოგონასაც გაეღიმა. სახტუნაო აკეცა, წელზე შემოიხვია, მაღლა-მაღლა ყურებით ჩაირბინა მწვანიანი ფერდობი, ხეებს გრძელი, სუფთა მკლავებით ეჭიდებოდა, შეჩერდებოდა და ისევ მაღლა იყურებოდა. ბოლოს სწორად ასულ წიფელთან შვებით ამოისუნთქა, - ბალახებში ჩაყუჟული ფეხსაცმელი დაინახა.

- დათო! - დაიძახა ნასიამოვნები ხმით.

წიფლის ტოტზე გატვრენილი ბიჭი ხმას არ იღებდა. გოგონა ხეს ირგვლივ უვლიდა, თვალებზე ხელს იჩრდილებდა და ასე იყურებოდა მაღლა, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ შეამჩნია. მაშინ ფეხსაცმელი აიღო რაღაც მეტისმეტი სიფრთხილით. ეს იყო ცხვირდაჩხვლეტილი სანდლები, ოცდათოთხმეტი ან ოცდათხუთმეტი ნომერი. საქუსლეები ოდნავ ჩასჭეჭყოდათ. გოგონა ღიმილით დაჰყურებდა, ამოაბრუნა და ლანჩაზედაც დახედა. მერე გაიქცა.

ბიჭმა ყვირილი დაიწყო:

- ე, ე!

გოგონა შეჩერდა, ახლა ის მაღლა იყო, ნახევრად შემობრუნებული, გასაქცევად გამზადებული იყურებოდა სწორად ასული წიფლისაკენ, და დაინახა, ბიჭი დაინახა!

- უჰ! როგორ ახვედი?

- დავდგი საჩეჩელი, ვკარ ზედ ბუქნი და ამოვხტი!

- საძაგელო!

- ჰო, ჰო!

გოგონამ ბიჭის სანდლები ძირს დააწყო, თავისი თეთრი ფეხსაცმელიც გაიძრო, წვრილი, მსუბუქი ფეხებით გაირბინა ბალახებზე და წიფელს მივარდა.

- გგონია, მე ვერ ამოვალ?

- არ ამოხვიდე, გესმის? - შეშფოთებით ჩამოსძახა ბიჭმა.

გოგონამ ყური არ ათხოვა, წიფელს ხელები შემოხვია, აცოცება დაიწყო. ბიჭი ადგილს მოსწყდა და საოცარი სისწრაფით დაეშვა დაბლა. თან სულ იძახდა:

- არ გაბედო, გესმის? არ გაბედო! ჩავარდები!

არ დაუნახავს, როგორ გამოელია გოგონას ძალა, როგორ დაცურდა ხის გლუვ ძირზე და სასოწარკვეთილი იქვე ჩაიკეცა. ბიჭი კინაღამ ზედ დაახტა.

- სულელო! - ისწორებდა წინწამოშლილ სწორ მძიმე თმას გოგონა.

- სულელი შენა ხარ, სად მიძვრები?

- შენ რომ მიძვრები?

- მე ბიჭი ვარ.

- ოოჰ, ბიჭი! დიდი ამბავი, თუ ბიჭი ხარ!

ბიჭი გაწითლდა, გვერდზე ბალახი მომუჭა, მოგლიჯა და გაუბედავად თქვა:

- მე რომ ჩამოვვარდე, არაფერია!

- რატომ ვითომაო?

- მე რომ ფეხი მომტყდეს, არაფერია, ბიჭი ვარ. შენი კი არ შეიძლება...

ბიჭმა გოგონას გრძლად გამოშლილ სწორ ფეხებს გადაატარა თვალი. გოგონამ კაბის მოკლე კალთა წინ წამოიწია.

ბიჭი წამოდგა, გოგონას აღარ უყურებდა. უცებ რაღაც დაინახა.

- ფშაველი მოვიდა! - წამოიძახა და გაიქცა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა, მიმოიხედა.

- ჩემი სანდლები რა უყავი?

გოგონამ ორივეს ფეხსაცმელები მოარბენინა. ბიჭმა ტერფები წვივებზე შეიწმინდა, სანდლების გადასაჭირებელი არ გაუხსნია, ისევე ჩაიცვა. გოგონამაც აითრია თავისი ფეხსაცმელები და ქშენით, ფათაფუთით აირბინეს აღმართი. მაღლა, პატარა მოედანზე, ბოხოხიან მოხუც ფშაველს დაბალი ლეგა ცხენი გაეჩერებინა და მუცელთან რაღაცას უსინჯავდა, ეს ფშაველი ხშირად მოდიოდა ხოლმე, ხან ერბო მოჰქონდა, ხან ყველი, ხან მაწონი. მოაგარაკეთა მიყუჩებულ ცხოვრებაში გამოცოცხლება შეჰქონდა. დღეს ადრე იყო, მოედანზე არავინ ჩანდა. მოთელილ, მიწაში ჩაჭყლეტილ ბალახს სისველე შემორჩენოდა. ფშაველმა ცხენს ლაგამთან ჩასჭიდა ხელი, პატარა ფანჩატურთან აიყვანა, ბოძზე მიაბა. ბოხოხი მოიხადა, დატკეპნილ ჭაღარა თმაზე ხელი ჩამოისვა, ბოხოხი ისევ დაიხურა. გოგონამ ახლოს მიირბინა, ბიჭი ცოტა მოშორებით გაჩერდა.

- რა მოიტანე? - იკითხა გოგონამ.

ფშაველმა მოხედა, თითქოს რაღაცა უჩვეულო რამ დაინახაო, თვალები ჯერ მოჭუტა, მერე ჩქარ-ჩქარა დაახამხამა, მერე გაეღიმა, წვერ-ულვაში გაუნათდა.

- მაყვალი, მაყვალავ.

- მე მაყვალა არა ვარ!

- აბა?

- ცირა.

- აჰ, არა! მაყვალა ხარ, მაყვალა!

- დედას გეფიცებით!

ფშაველი სიამოვნებით იღიმებოდა და უნაგირს უკან გადაკიდებულ ხურჯინს თასმას ხსნიდა. აი, ახსნა. გამოიხედა, ბიჭი დაინახა, დაუძახა:

- ერთი ახლოს მოდექ, ბალღო!

ბიჭი მივიდა.

ფშაველმა ხურჯინის გაბერილ თვალს ხელები ქვემოდან ამოსდო.

-აესე დამიჭირე.

ბიჭი გაუბედავად შეენაცვლა.

- მაგრა დაიჭირე, ბალღო, ნუ გეშინიან!

ფშაველმა ცხენს წამოუარა, მეორე თვალი ასწია, დაიძაბა, სიწითლემ აჰკრა. უცებ ცხენი შეტოკდა, კუდი გაიქნია და ცოტა გვერდზე მიდგა. ბიჭმა ხურჯინს ხელები გაუშვა და უკან გახტა. ხურჯინის მეორე თვალი ფშაველსაც გაეშვა. გაისმა ყრუ ჟღარუნი და ძირსდაცემული ხურჯინის თვლებიდან ორი შავი ნაკადი მოსკდა. აქ თავქვე იყო, ეს ორი ნაკადი მიისწრაფოდა ქვემოთ, იშლებოდა, ფართოვდებოდა, ფუსფუსებდა, ბოლოს შეერთდა და შეჩერდა. გოგონას ხელები ლოყებზე ჰქონდა შემოწყობილი და შეშინებული დაჰყურებდა მაყვალს. ფშაველმა ხურჯინს ხელი წამოჰკრა, ჩაიხედა, მერე იმანაც დაპნეულ მაყვალს გაადევნა თვალი, ფუო, მაგრამ აქ ისევ პატარა გოგონა შეამჩნია და შუბლი გაეხსნა, წელში გაიმართა, ხან გოგონას შეხედავდა, ხან დაპნეულ მაყვალს. მერე უცებ წამოიძახა:

- რა ლამაზია ეს ტიალი, არა?

გოგონასაც თვალები გაუნათდა და ჩაიჩოქა:

- მოვკრიფოთ!

- იყოს მაგის...

- მოვკრიფოთ, მთლად სუფთაა, აი, ნახეთ!

გოგონამ მუჭა აავსო, ხურჯინში ჩადგმული ვედრო მოითრია და შიგ ჩაყარა.

ფშაველმაც ჩაიჩოქა. კრეფდნენ მაყვალს და იღიმებოდნენ.

ბიჭი კი ხეზე ასულიყო და იქიდან იყურებოდა გაბოროტებული თვალებით.; გრძნობდა, რომ წახდა, თავს ლაფი დაესხა, და უნდოდა ჰქონოდა გრძელი, ბასრი მახვილი, ყოფილიყო ცოტა დიდი, გაეძრო ეს მახვილი, გაეწვია ის ფშაველი ხმალში, შეჰბმოდნენ ერთმანეთს და...

კი არ მოეკლა, არა, დაეცა მიწაზე, დაეგდებინებინა აი ის ბრტყელი შავი ხანჯალი და მკერდზე გამარჯვებულს დაედგა ფეხი...

ფშაველს კი ერთხელაც არ გამოუხედავს მისკენ.

გოგონა და ის რაღაც საამო გაფაციცებით დასტრიალებდნენ ფერდობზე ჩამოღვრილ შავ ნაკადს, ლაპარაკობდნენ კიდეც, იცინოდნენ კიდეც... და ბიჭმა მხოლოდ მაშინ იგრძნო, საყრდენს რომ მოსწყდა, როცა საზარლად გაუშხივლა ყურებში ქარმა.

მას შემდეგ ბევრი, ძალიან ბევრი წელიწადი გავიდა. იმდღევანდელ ბიჭს ახლა ბევრის მცოდნე და ბევრის მნახველი მამაკაცი ჰქვია, მაგრამ ყოველთვის, როგორც კი ყავარჯენს მოჰკიდებს ხელს, მაინც ასე ეჩვენება, რომ მის მიერ გამოვლილი უღიმღამო დღეების ფონზე მხოლოდ ის ერთი დღე ბრწყინავს მიმზიდველად... ბრწყინავს ღამეულ უდაბნოში ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევივით.