Litclub.ge

თვალები
_ ჰო, იმას გეუბნებოდი, ჩემო კარგო! მე სული გავნაბე, ერთ ხეს ამოვეფარე და გაფაციცებით შევყურებდი იმ მხარეს, საიდანაც ფოთლების შრიალი მომესმა. ფეხის ხმა თან-და-თან გარკვევით მესმოდა... გული ძალზე მიფანცქალებდა...…თოფი მოვიმარჯვე და მოუთმენლად მოველოდი ნადირის გამოჩენას... ისე მაგრად მოვუჭირე თოფის კონდახს ხელი, რომ, საშინლად გულ-აფანცქალებულმა, რაღაცა, არა ჩვეულებრივი ტკივილი ვიგრძენი; ხელის თითები სულ ერთიანათ დამწითლებოდა, მაგრამ რა დროს ამაზე ფიქრი იყო! აგერ, ელვის უმალესად გამოხტა ირემი, ჯიღოსანი თავი იქით-აქეთ მიატრიალ-მოატრიალა, მწღაზარი თვალები გააელვ-გამოაელვა და, რა დაინახა ჩემი ხელის მოძრაობა, ერთი დაიფრუტუნა, იტლინკა უკანა ფეხები და შურდულივით გაექანა ტყისაკენ...
_ გრრრ!.. _ დაიგრიალა ჩემმა თოფმა და ფეხებმომტვრეული ირემი ძირს დაეცა. ისე თავისუფლად ამოვისუნთქე, თითქო მტრის ბანაკი ამეკლოს და ერთს უშველებელ განსაცდელს გადავრჩენოდე. ამაყად წავედი ჩემი მსხვერპლისაკენ და გულ-მოდგინედ დავუწყე სინჯვა: სად ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, იმას კი არა ვგრნობდი, რომ ჩემის ჟინის დასაკმაყოფილებლად სულსა ჰლევდა საბრალო ნადირი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ მიუძღოდა ჩემთან.
ამ დროს საცოდავმა ირემმა ერთი საზარლად დაიღრიალა, უეცრად თავი მაღლა ასწია და ისევ დაანარცხა მიწას. მოვუარე თავისკენ, მაგრამ, დავხედე თუ არა, ასე მეგონა, ცა ჩამოინგრა და თავზე მეცემა-მეთქი: ირმის ლამაზ სახეს საშინელი ტანჯვის ბეჭედი ჰქონდა ზედ დასმული, მშვენიერი, დიდრონი თვალები ფართოდ გაეღო და საცოდავისა და შესაბრალისის ცრემლებით სტიროდა.
ღმერთო, რა წამი იყო ეს ჩემთვის... განა შემეძლო წარმომედგინა, რომ ეს, უენო არსება მთელს ჯოჯოხეთს დაატრიალებდა ჩემს გულში და ნათლად დამანახვებდა იმ უბედურ შემთხვევას, რომელიც სრულიად დავიწყებული მქონდა?! _ არ მეგონა, მაგრამ ასე კი მოხდა...
_ მერე, რა მოგაგონდა ისეთი? _ შეეკითხა ლევანი.
_ ნუ მკითხავ, დამაცადე და მე თითონ გიამბობ იმას, რასაც ამდენ ხანს გიმალავდი... დავეხარე მომაკვდავს ირემს, და ათრთოლებული ხელი ყბის ქვეშ ამოვუდე: მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ შევინანე ჩემი მხეცური საქციელი, მაგრამ რაღა დროს...……
ირემმა მძიმეთ ამოიკვნესა და უსიცოცხლოდ მიბნედილი თვალები ისე მომაშტერა, ისე საწყლად ამომხედა, თითქო უნდოდა ეთქვა: რას მერჩოდი, მე ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის? არ გებრალები, რომ მომკალი? უენო ვარ, სიტყვის თქმა არ შემიძლიან, მაგრამ აჰა, დამხედე რანაირად ვტირი, რა ნაირად გილტობ მაგ ხელს, რომელმაც სიცოცხლე მომისპო. _ ფუ, შენს ვაჟკაცობას, რა უსამართლო ყოფილხარ. _ მომკალ და ეხლა კი ხელს მისვამ, მეფერები; მაგრამ ამისთვისაც გმადლობ, გმადლობ, რომ მომაკვდავს მაინც მომხედე და შემიბრალეო.
კიდევ ამოიკვნესა, კიდევ გადმოაგრიალა მდუღარე ცრემლები და ერთი საშინლად გააჟრჟოლა... მოკვდა, გათავდა... მაგრამ ცრემლ-შეყინული თვალები ისევ მე შემომყურებდა... ეხლა ჩემ წინ ირემი კი არ იდო, _ არა, იმისი უსულო გვამი იყო, ვინც ისე მოვიძულე და დავკარგე...
_ კარგი იქნება, თუ მეტყვი, რაც გაწუხებს. _ თანაგრძნობით უთხრა ლევანმა.
_ მომაგონდა ის ქალი, რომელმაც თვისი სიცოცხლე შემომწირა: არ შეუშინდა მშობლების წყევლას, ქვეყნისაგან განკიცხვას, სიღარიბეს და გამომყვა იმიტომ, რომ უყვარდი. მერე, რა მიიღო ყველა ამის სანაცვლოდ? _ ათასგვარი გაჭირვება და ბოლოს... ბოლოს ღალატი...
_ ოჰ, რა საზიზღარი ვარ! _ წამოიძახა შალვამ და, უიმისოთაც ფერწასულს, ნაცრის ფერი გადაედო.
_მერე, რა ჩაიდინე ისეთი, რაც სხვას არ ექნას! შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი იქნები.
_ უბედურებაც ეგ არის!.. უკანასკნელი რომ მე ვიქნებოდე, თუგინდ გამომესყიდოს ჩემი დანაშაული; მაგრამ სანამ მამაკაცნი ქვეყნად ვართ, განა შეიძლება გულ-ზღვავობა მოისპოს? რა ვართ ჩვენ, თუ არ ბუდე ცვალებადობისა, ხარბობისა და, მართლა უნდა ვთქვა, სიბილწისა... და ამ სავანეს უწმინდურებისას მოევლინება ხოლმე ისეთი ბედნიერება, ისეთი ხელთუქმნელი განძი, რომელიც სხვას არას გაგემებს, თუ არ ნეტარებას. მაგრამ, ის, რაც თავის-თავად მოგვეცემა, ამაოა, არარაობაა; ხოლო, რაც არა გვაქვს, თუნდაც ჯოჯოხეთს ემსგავსებოდეს, მაინც გვინდა, რომ მოვიპოვოთ; იმ ძვირფას განძს-კი მოვიძულებთ, გადავაგდებთ ისე, როგორც არაფრად გამოსადეგ ძონძს, იმიტომ რომ სხვას, ახალს გვინდა წავატანოთ ხელი. ეს საერთო ჟინია ადამიანთა, ჟინი ხარბობისა და გულ-ზღვავობისა! _ გააფთრებით სთქვა შალვამ და ხელი დაჰკრა მაგიდას.
_მიკვირს!.. _ სთქვა ლევანმა და მხრები აიწია.
_მეც მიკვირს... დავაგდე ისე, რო ერთხელაც არ დავფიქრებულვარ, რას ვერჩოდი... რითი უნდა ეცხოვრნა, რა ნუგეში ჰქონდა ჩემს შემდეგ ამას?! _ არაფერი! მართალია, ჩემს ხელშიაც დიდს გაჭირვებაში იყო და ჩვენი პატარა ოთახი სრულიადაც არა ჰგავდა, მამა-მისის სამ-სართულიანს, მდიდრულად მოწყობილ სასახლეს; მაგრამ ის ოთახი, რომლის კედლებზე თავქვე ჩამოკიდებული შპალერის ნაგლეჯები ქარბუქის დროს იალქნებივით ფრიალებდენ; _ ათას წილად ერჩია სტავრა-დიდებით მორთულს სადგომს. უკეთესად ცხოვრების სახსარი არცა გვქონდა, იმ სამი თუმნიდან, რომელსაც თვეში ვიღებდი, ხუთ მანათს ოთახში ვაძლევდით, დანარჩენით-კი, თვიდან_თვემდე, უნდა გვესაზრდოვებინა თავი და ჩაგვეცვა კიდეცა... თითონ აკეთებდა ყველაფერს: შეისწავლა ჩინებული ჭრა-კერვა და საჭმელის მზადება, ნაშუადღევის ორი საათი რომ მოაღწევდა, გაფაციცებით შეჰყურებდა ხოლმე კარებს, რომ მომგებებოდა და საჩქაროდ დავესვი სადილის საჭმელად. ის სრულ ბედნიერათ სთვლიდა თავის-თავს, ჩემით სულდგმულობდა და მეც უზომოდ მიყვარდა... მაგრამ, როცა შვენიერის სახლიდან ერთს უშნოდ გაბღინძულს ავეტიქას, ან ბაღდუას დავინახავდი გამოსულს, საკუთარს ეტლში ჩაბრძანებულს და შურდულივით გაქანებულს მიხეილის ქუჩაზედ, მაშინ-კი უმადურად გადავაქნევდი თავს. ბედნიერნი არიან მიდარნი მეთქი. _ გავიფიქრებდი!.. მე, რომელიც ახალგაზრდა ვიყავ, ლამაზი და კარგი შთამომავლობისაც, საცოდავათ მოკუნტული მივდიოდი ხოლმე სახლისაკენ; შაურის მოხერხება არა მქონდა, რომ კონკაზე დავმჯდარიყავ, _ ჩქარა მივსულიყავ სახლში და ყინვისაგან გათოშილი ტანი გამეთბო... საშინელებაა სიღარიბე, მაგრამ ბედნიერებას ვერც სიმდიდრით იშოვის კაცი... იქ, იმ ქოხში, მელოდა მოყვარული ადამიანის გული, რომელიც ჩემს გაყინულ თვალ-რბილს თვისის მეგობრულის ალერსით გაათბობდა და დაატკბობდა. ეხლა-კი, იმ ძვირფას სასახლეში, რომლის კიბესთან მეც ავეტიქასებური ეტლი მელოდება ხოლმე, გაყინული ვარ მაშინაც-კი, როცა ქვეყანას ალმური ასდის... გული, უმოყვროდ და უამხანაგოდ დაშთენილი, სამარეა, მძოვრგანსასვენებელი სავანე, _ სხვა არაფერი... რაც დავკარგე, სამაგიერო ვერა მომცა-რა ვერც ლამაზმა ცოლმა და ვერც იმისმა აუარებელმა სიმდიდრემ. ჩემთვის ყოველივე ამაოა იმიტომ, რომ ორი ადამიანი ერთარსებათ ვერ შეუქმნივართ სიმდიდრეს. შეადარე ჩემი ცოლი იმ ადამიანს, რომელზედაც ეხლა გელაპარაკები და ადვილად მიხვდები, რა ძვირფასი განძი დამიკარგავს!.. განა ის ფეხს გადასდგამდა სადმე უჩემოდ, ან მოისვენებდა, სანამ არ მომივლიდა?!. და ჩემი ცოლი-კი... მაგრამ რაღა გითხრა, ყველაფერი იცი, რადგან ძმასავითა ხარ ჩემთან... _ მწუხარედ სთქვა შალვამ.
_ ეჰ, _ ამოიოხრა ლევანმა, _ მერე, რა იქნა ის ქალი?
_ აქვე დარჩა. მეორე საღამოს, შეიტყო, თურმე, რომ არსად მივდიოდი და გავემგზავრე იმიტომ, რომ იმ ღამეს მდიდარ საცოლეზე დამეწერა ჯვარი, მდუღარეს ცრემლით, თურმე, სტიროდა მთელ კვირას; და ბოლოს, როცა სახლის პატრონმა შეიტყო, რომ მე ცოლი შევირთე და ის კი უპატრონოდ დავაგდე, სახლიდან, თურმე, დაითხოვა _ იფიქრა ვერაფერს მომცემსო.
ის ცრემლით, თურმე, შეევედრა, ნუ გამაგდებ სახლიდგან, რადგან აქ რომ ვარ, ასე მგონია კიდევ მოვა შალვაო... ამასთან, შეჰპირდა ქირას ყოველთვის წინ-და-წინ მოგცემო. მართლაც ასე იქცეოდა, თურმე. პირველად სხვის სარეცხს ჰრეცხავდა, მაგრამ პაწაწინა, ქორფა ხელები სულ ერთიანად დაუსისხლიანდა და მერე ერთ სამკერვალოში დაიწყო კერვა, დღეში ათ შაურათ... ასე თურმე წვალობდა, მაგრამ მაინც ვერ გაჰბედა, რომ დედ-მამისათვის მიეწერა თავისი ამბავი და მოტევება ეთხოვა!
_მერე, შენ რატომ არ შველოდი ცხოვრებაში, რომ ამით მაინც შეგემსუბუქებინა ის დანაშაული, რაც შენ იმასთან ჩაიდინე! თუ ისე უყვარდი, როგორც შენ ამბობ, და თუ მაგდენად უმანკო ადამიანი იყო, მე მგონია, ხელს არა ჰკრავდა შენგან გაწვდილს შემწეობას და, ვინ იცის, იქნებ მოგიტევებდა კიდეც...
_ მე განა მაცლიდა ფუფუნება, _განცხრომით ცხოვრება, რომ ერთხელ მაინც მომგონებოდა ჩემგან გაუბედურებული ადამიანი? არა, ჩემო ლევან, მე ისე გართული ვიყავი ბედნიერ ცხოვრებაში, ისე ხარბად დავეწაფე სიმდიდრის ნექტარს, რომ პირველ ხანებში ერთხელაც არ მომგონებია, თუ ოდესმე ქვეყნად არსებობდა ადამიანი, რომელიც ჩემს ჭირსა და ლხინს შუა იყოფდა, თვითონ იტანჯებოდა, და შრომობდა და მე კი მახარებდა, მატკბობდა... ისე შევეთვისე მდიდრულს სასახლეს, აუარებელ მოსამსახურეთ და ათასს სხვა სამაცდურო ამაოებას, თითქო დაბადებიდან ასე მეცხოვროს და თვალითაც არ მენახოს ის, პაწაწინა, ნოტიო ოთახი, რომელშიაც ოთხს წელიწადს ვცხოვრობდი... მაგრამ მალე ამეხილა თვალი; ვიგრძენ, რომ სამოთხეც ჯოჯოხეთი ყოფილა უამხანაგოდ, და იმ დროს მომაგონდა ის ქალი, რომელმაც თვისი გული ხელთ მომცა და მთელის თავისის არსებით მე მემონებოდა; მაგრამ გვიანღა იყო: უფსკრულ ზღვაში გადაგდებულს მარგალიტს ვეღარავინ იპოვნის... მეც ვეღარ დავიბრუნებდი ჩემს დაკარგულს ბედნიერებას და დავემორჩილე მწარე ხვედრს, _ სულის ობლობას.
_ თუ კი გიყვარდა და მაგრე კარგი იყო, რატომ არ შეირთე? სიმდიდრეს ყოველთვის შეიძენს კაცი, მაგრამ ადამიანი-კი ძნელი საპოვნელია!.. _ გულმტკივნეულად შეეკითხა ლევანი.
_ უნდა გამოგიტყდე, ჩემო ლევან, რომ არ მჯეროდა იმისი გულ-წრფელი სიყვარული. თუ ის ჩემი ერთგული იყო და მუდამ ჩემს სიამოვნებას ცდილობდა, ყველა ამის შესახებ მე იმას ვფიქრობდი, რომ დედ-მამას მოშორდა, მე გამომყვა და ჩემთანაც რომ ორგულობა გამოიჩინოს, _ შემძულდება და ეშინიან-მეთქი, რომ ვინმე მდიდარმა, ჩემსავით ახალგაზდამ, ხელი მოჰკიდოს, ეხლვე მიმატოვებს მეთქი, ვფიქრობდი და ამ ფიქრს სხვაც ბევრი ერთვოდა: თუ ამან ის გაჰბედა, რომ მე გამომყვა და თავი შემწირა, რატომ არ გაჰბედავს, ჯვარ-დაწერილიც რომ ვიქმნეთ, სხვას გაჰყვეს და თავისი გრძნობები ხურდა ფულივით გადასცეს ერთს ხელიდან მეორეს? რად გამომადგება-მეთქი? _ ვფიქრობდი და ამ ფიქრს კვერი დაჰკრა მდიდარი საცოლის გამოჩენამ. მართალია, მიყვარდა, მაგრამ სიყვარულის გრძნობას სხვა, უფრო მაცდური, გრძნობა აეტუზა გვერდით; ოთხი წლის განმავლობაში არ მიფიქრნია, რომ ჩემი ქცევა უწესო იყო, მაგრამ, გამომიჩნდა თუ არა მდიდარი საცოლო, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე: უკანონო სიყვარული და მასთან ასე ღარიბულად ცხოვრება დიდ საძრახი საქმედ მომეჩვენა და, რაც ოთხის წლის განმავლობაში აზრადაც არ მომსვლია, იმ წამში სინდისიან კაცის მოვალეობად ჩავთვალე: წესიერება მოითხოვს, რომ კანონიერი ცოლი მყავდეს-მეთქი და ათასგვარი შავი ფიქრები ქარბუქივით აირივ-დაირივნენ ჩემს გონებაში.
საქმის დაწყების დღიდგან, ორი კვირის შემდეგ, კარაპეტიანცის სიმდიდრე ჩემს ხელში იყო და ბედაური ცხენებით შებმულს ეტლს ხან აღმა დავაქანებდი და ხან დაღმა.
_ იმანაც დაგივიწყა?
_ დამივიწყა?!. არა, ჩემო კარგო, იმის გული იმდენად წმინდა იყო, რომ, რაც ერთხელ შეიყვარა, იმას არ დაივიწყებდა.
_ არ უნდა შენი ნახვა, თუ იცი?
_ იმას ეხლა აღარავის ნახვა აღარ უნდა! მაგრამ წინად, უქმე დღეს, ხშირად დადგებოდა, თურმე, ოთახის კართან და დიდხანს გაჰყურებდა გზას; ერთხელ თვალი თურმე მომკრა ქუჩაზედ და კინაღამ გული წაუვიდა, მაგრამ თავი შეიმაგრა; სახე გადა-ფითრებული გამოიჭრა გზის პირათ და ისე მიყურა, სანამ მეორე ქუჩისკენ არ შევუხვიე.
_ რანაირად შეიტყე, რომ ეს ასე იყო?
_ ეს მოხდა ამ ექვსი წლის-წინად. ჩემი ცოლი სააგარაკოდ იყო წასული და სახლში მარტო მე და ორი ბიჭი ვიყავით. მე მაშინ ერთი წლის ჯვარდაწერილი ვიყავ, მაგრამ იმდენად შორს იყო ჩვენი სული და გული ერთმანეთისაგან, რომ სრულიადაც არ ვნანობდი სახლში მარტო ყოფნას; პირიქით, მიხაროდა კიდეცა. ერთს საღამოს აივანზე ვიჯექი და, ღრმა ფიქრში გართული, გადავყურებდი მიხეილის ქუჩაზედ გაქანებულ ეტლთა მიმოსვლას, ხალხი ბუზივით ირეოდა, ყველა გამოეტყუებინა ამ მშვენიერ საღამოს სასეირნოდ. დიდხანს ვიჯექ ასე, მერე რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე აივანზე, გადავეყუდე ერთ კუთხეს და ისე ჩუმად შევყურებდი საღამოს სურათს. მაგრამ ჩემი სიჩუმე უეცრად დაარღვია ვიღაცის მოკრძალებულმა ხმამ.
_ ბატონო, შალვა, ბატონო!
_ ვინა ხართ? _ წამოვიძახე და აქეთ-იქით მიმოვავლე თვალი.
_ მე გახლავარ, ვერ მიცანით, ბატონო?! _ გადიწია სახეზე შემობურული თავშალი დედაკაცმა. _ ოჰ, როგორ ვერ გიცანი, ჩემო სოფიო! მოდი, მოდი, საჩქაროთ ამოდი, რა ამბავია-მეთქი? _ უცბად გადავძახე და რაღაც ინსტიქტიურად გამირბინა აზრმა: იქნება ანეტამ გამოგზავნა-მეთქი,
_ შინ კი ვერ გიახლები, _დამინახავს ვინმე, და თუ კიბეზე მნახავთ, კარგია...
_ აქ არავინ არ არის, ნუ გეშინიან-მეთქი. _ ვუთხარი და საჩქაროდ შევირბინე ოთახში. თვალის დახამხამების უმალესად ჩავირბინე კიბეზედ, გავაღე კარები და ისეთის გრძნობით გადავეხვიე სოფიოს, თითქოს ათი წლის უნახავი დედა მენახოს.
_რა ამბავია, სოფიო?! ანეტა, ანეტა... _ ნაწყვეტ ნაწყვეტად ვამბობდი და თანაც გული ძალზე მიცემდა, მთელი ტანი მიკანკალებდა. _ წამოდი, მიამბე რამე, _ უთხარი სოფიოს და ხელი წავატანე, მაგრამ არ წამოვიდა.
_ ვერ ამოვალ, მძიმე ავადმყოფი სახლში უპატრონოდ დავაგდე; მინდა მომაკვდავის უკანასკნელი სურვილი შეგატყობინო; ანეტა სულს ებრძვის და ნახე... _ ისე სთქვა სოფიომ, თითქო გული ყელში ამოებჯინაო, და მდუღარე ცრემლები გადმოყარა.
_რას ამბობ? _ შევყვირე შეშლილივით და ენა დადუნებულივით გავშტერდი.
_ დიაღ! ეს ერთი კვირაა, რაც ანთებით არის ავად. სანამდის ენა ჰქონდა, სულ თქვენ სახელს იძახდა, ჰნატრობდა, რომ უკანასკნელად კიდევ შეეხედნა თქვენთვის, მაგრამ ეხლა-კი უენოდ, უმოძრაოდ მდებარე, გულ-საკლავად გაშოტილი გდია ლოგინზედ... მისთვის არც მშობელია, არც თვის-ტომი და არც მეგობარი, რომ დღიურ ლუკმისთვის ნაწვავ-ნადაგი ხელები გულზე დაუკრიბოს და მეგობრული ცრემლი დააყაროს იმის გაცივებულ გვამს... დამწვა იმისმა საცოდაობამ... კარგი რომ არ იყოს ის უბედურის დღისა!.. მაგრამ მე რით უნდა მოვხმარებოდი, როცა ჩემი სიქვრივ-სიობლე კარდაკარ მატარებს. შეიბრალეთ, ნახეთ თქვენგან გაუბედურებული ქალი, რომ სიკვდილის წამი მაინც დაუტკბოთ; _ ქვითინით დაასრულა სოფიომ.
_ ოჰ, უბედური! _ ჩაილაპარაკა ლევანმა და თვალები შეაშტერა შალვას...
_ ვერ გადმოგცემ, ჩემო ლევან, რას ვგრძნობდი მაშინ და რანაირად მედაგებოდა მთელი ტანი... ჩემს გარშემო დაბნელდა, თავი ათასნაირად დამიტრიალდა და კრიჭა შეკრულმა ძლივს წამოვილუღლუღე:
_ ეხლავ-მეთქი.
ათი წუთის შემდეგ იმ სახლის კარებთან ვიდექი, სადაც ხუთი წლის წინათ ჩემთვის თავგანწირული ადამიანი მივიყვანე და დავაბინავე.
ოჰ, რა მწვავე იყო ის მოგონება ჩემთვის! კრუხს რომ ქორი წიწილას მოსტაცებს, ისე გამოვსტაცე დედ-მამას უმანკო არსება, მომეთვისა, მივეთვისე და ბოლოს ყელი გამოვჭერ, გულ ღვიძლი ამოვკორტნე და გადავაგდე. ყოველივე წარსული მომაგონდა და ეს მოგონება მრისხანე ჯალათივით აღშფოთდა და აბობოქრდა ჩემს არსებაში...
აღარ მახსოვს, რა მომივიდა, როცა სოფიომ კარი შეაღო და ოთახში შევედი, ვგრძნობდი რაღაც ცივი ხვდებოდა ჩემს სახეს და, ამ საგნის შეხების დროს, ვკრთებოდი, მაგრამ ღონე თან-და-თან მელეოდა და მელეოდა.
როცა გონს მოველ, დავინახე, რომ ტახტზე ვიწექი, სახე გაფითრებული; სოფიო თავს მადგა და ხელში ჯამი ეჭირა. მივხვდი, რომ გულ-წასული ვიყავი. ერთი მძიმედ ამოვიკვნესე, მოვიკრიბე ძალა და, მთვრალი კაცივით, ბარბაცით წავედი იმ ლოგინისაკენ, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანი უმოძრაოდ იდო და ძლივსღა ჰფეთქავდა... მთელის ტანით ათრთოლებული, ჩამოვჯექ იმის ლოგინზედ და მხურვალეს გრძნობით დავეწაფე იმისს, სიცხისაგან გამშრალსა და გაფიცხებულს, ტუჩებს. ის სრულიადაც ვერაფერსა ჰგრძნობდა... ვუკოცნიდი მთელს სახეს, ჩავძახოდი სანუგეშო სიტყვებს; მაგრამ იგი მაინც არ იძროდა და არა. ჯოჯოხეთის გენია შემოენთო ჩემს ტანს და თავგანწირული ხმით ჩავძახე: _ ანეტა, ანეტა, შემომხედე შენს უბედურს შალვას, შემომხედე-მეთქი! _ და ამ სიტყვებთან ელვასავით წამომსკდა მდუღარე ცრემლები. ამ ხმაზე თითქო მოცოცხლადო, თვალები გაახილა და, რამდენადაც შეეძლო, გაშტერებით დამიწყო მზერა. მე კვლავ განვუმეორე სანუგეშო სიტყვები. მზად ვიყავი ჩემი სიცოცხლე იმის სანაცვლო მსხვერპლად შემეწირა; მაგრამ ყოველი ავეჯი ამ სახლისა, ყოველი უსულო საგანი და თვით შპალიერ-ჩამოგლეჯილი კედელიც-კი, რომელიც ერთის წლის წინად “სიყვარული, სიყვარულიო”-ო! მომაძახებდა ხოლმე, ახლა “ღალატი, გაცემა”-ო ჩამომძახოდნენ ყურში და ეს ხმა დამფრთხალ შველივით მაცეცებინებდა თვალებს აქეთ-იქით. მოღალატე ვიყავ, გამცემი, იუდა და ამ უსამართლობამ უსულო საგნებიც მეტყველად აქცია, რომ მე შევეჩვენებინე... ოჰ! რანაირად მინდოდა, რომ ანეტას ბაგეთაგან გამეგო “გამცემო”!.. კარგ ხანს მიყურა ასე და, როცა დარწმუნდა მე ვიყავი, იმისი თვალები ცრემლის მორევმა შთანთქა; უმოძრავოდ გაშტერებულ უპეთაგან კრიალით გადმოსკდა ცრემლი და ყურებთან ჩამოწეწილი თმა სულ ერთიანად დაუსველა. ცრემლები მოვწმინდე და ვკითხე _ მიცანი, თუ არა-მეთქი? მან თანხმობის ნიშნად თვალები დანაბა და ხელ-ახლად დამიწყო მზერა, თითქო ჰსურდა ეთქვა: “როგორ ვერ გიცანი, ჩემო შალვავ? ვაი, რომ ვკვდები, ვკვდები და ენა აღარა მაქვს, რომ, ერთხელ კიდევ გითხრა _ მიყვარხარო”. მერე, ამის ღირსი ვიყავი მე? რასაკვირველია, რომ არა! მაგრამ იმის სახეზე მხოლოდ სიყვარული და მოტევება იხატებოდა...
_ ეეჰ! ძმაო, ბევრი რამ შეუძლია სიყვარულს, თუ მან პატიოსანი ადამინის გულში დაიბუდა. მოყვარული გული რას შესძლებს, ვინ იცის! _ მერე? განაგრძე.
_ ჩემს სიცოცხლეში არ მიგრძვნია ისეთი ტანჯვა, როგორიც, მაშინ ვიგრძენ: სულის აღშფოთებას, მოულოდნელ უბედურებას, მძიმე დანაშაულობის შეგნებას და ხელ-ახლად აღგზნებულს წრფელ სიყვარულს ზედ დაერთო სასოწარკვეთილება და სიბრალული, სიბრალული ჩემგან გაუბედურებულის ქალისა. რომ შემძლებოდა იმისი გამობრუნება, რას არ მივცემდი, რას არ ვიტვირთებდი; მაგრამ ყოველი სასოება დაკარგული იყო ჩემთვის... ის კი ძალას ატანდა თავის-თავს და შემომყურებდა, თითქო უნდოდა, საყვარელი კაცის სახე სამუდამოდ აღებეჭდა თავისს უმანკო გულში, მაგრამ თვალის ზემოთა უპეები ნელ-ნელა ეფარებოდა ქვემოთას და ცრემლი ღელესავით ჩამოჰქუხდა იმის გაყვითლებულ ლოყებზე. ერთი საათის შემდეგ ცვლილება დაეტყო: მკერდი ძალზე ასდიოდა და დასიდოდა, ძარღვები მედგრად აუძგერდა და თავს მოწყვეტილივით დაუწყო ქანება. რაღაცნაირად აღშფოთდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ენა აღარა ჰქონდა...
ბოლოს თავისი გამხდარი მკლავები შემომხვია, მიმიზიდა თავისკენ და დიდის გაჭირვებით წამოილუღლუღა “მიყვარხარო”. ამ უკანასკნელ სიტყვასთან შესწყდა უმთავრესი ძაფი იმასა და სიცოცხლეს შუა... ჩემს გარშემო მყოფმა საგნებმა ერთხმად გაიმეორეს “სიყვარული, სიყვარული”-ო; მაგრამ საერთო რაღა მქონდა სიყვარულთან, რაკი ძლიერი ბურჯი ამ ძვირფასის სიტყვისა ირყეოდა და დაქცევას ჰლამობდა... დაიქცა კიდეც: დილის ათ საათზე, ამ უბედურმა ხელებმა სამუდამოდ დაუხუჭა თვალები იმას, ვინც უსიტყვოდ მითხრა: “შენთვის ვკვდები, მაგრამ მიყვარხარ და მიპატიებია ყველაფერი, რადგან სიკვდილის წამი დამიტკბეო!”
_ ღირსეულად უპატრონე? _ ჰკითხა ლევანმა.
_ რასაკვირველია! რას ვემართლებოდი, რომ მკვდრისთვის მაინც არ მეპატრონებინა! რომ შეგეხედა, ჩემო ლევან, რა მშვენიერი იყო, რა სათნოება იხატებოდა მიცვალებულის სახეზედაც კი, გაგიკვირდება, რომ მე, მოღალატე, ცოცხალი დავრჩი და თან არ ჩავყევი! მაგრამ დრომ და ბუნებამ თავისი გაიტანა, ცოტ-ცოტაობით დავივიწყე ყოველივე.
ლევანი გაქვავებულივით იყო, ხან-და-ხან შეიჭმუხნებოდა, თავს გააქნევდა და მძიმედ ამოიოხრებდა ხოლმე.
_ და, შენ კიდევ გიკვირს, რომ მე უწინდელი შალვა აღარა ვარ? რას მიშველის სიმდიდრე და ლამაზი ცოლი, რომელიც მხოლოდ ცოლია და არა მეგობარი?
_ ძნელია, ძალიან ძნელია, მაგრამ რას გააწყობ! _ თანაგრძნობით ანუგეშა ლევანმა.
_ მეც ვიცი, რომ ვეღარას გავაწყობ და ამიტომაც ვცდილობდი გულიდან გადამეგდო როგორმე, მაგრამ რის დავიწყებასაც ეს რამდენიმე წელიწადი მოვანდომე, დღეს ყველაფერი თვალ-წინ წარმომიდგა, აკი გითხარი, ჩემს წინ მკვდარი ირემი კი არ იდო, ანეტას უსულო გვამი იყო, იმისი თვალები შემომჩერებოდა და მეც ვეღარ გავუძელ ამ თვალებს... რეტიანივით დავასკდი მიწას და ვგმინავდი, მაგრამ იმისკენ გახედვას კი ვეღარ ვბედავდი. მინდოდა როგორმე დაჰხუჭოდა თვალები, ან სხვა მხარეს მიქცეულიყო იმათი მხედველობა, მაგრამ არ იქნა; ნუ იფიქრებ, რომ შიშისაგან მომსვლოდეს ესა, მომაკვდავი ირმის თვალები არა მრისხანებით, შურის ძიებით და წყევლა-კრულვით გამოიყურებოდნენ, არამედ _ საცოდავად, შესაბრალისად. აწმყოთი წარსულის სურათი დავინახე და უიმისოდაც მოწამლული გული უფრო უარესად მომეწამლა; ვიტანჯებოდი სულით, ვიტანჯებოდი მთელის ჩემის არსებით: ვეღარ მოვითმინე, დავეყრდენ ირემს, ვუკოცნიდი სახეს, ყურებს, რქებს, ჩლიქებს, მთელს ტანს და სინანულის ცრემლს ვაფრქვევდი იმისს ლამაზად გადაგდებულს ყელს, მაგრამ ცრემლით სავსე თვალები ისევ საცოდავად და შესაბრალისად ისე შემომყურებდნენ და მე... ჩემი თავი უდაბურს ტყეში კი არ მეგონა, ანეტას ოთახში ვიყავ, იმის მომაკვდავს სახეს დავყურებდი, მისი ცრემლიანი თვალები მომჩერებოდა...
დიდ ხანს ვიყავ ასეთ საშინელს მდგომარეობაში, აღარ ვიცოდი, რა მექნა, რა ნაირად უნდა დამეტოვებინა უპატრონო მკვდარი. გონება შემოვიკრიბე და დამარხვა მოვინდომე; მაგრამ ისეთი არა მქონდა-რა, რომ მიწა გამეთხარა. იმდენი მოვახერხე, რომ თოფის ლულით ორ-ციდაზე ამოვჩიჩქნე მიწა, ჩავდე ირემი და ზემოდან აუარებელი ფოთლები და ფიჩხები მივაყარე. საღამომდინ მოვუნდი ამას. საღამოს საჩქაროდ გამოვსწიე, მაგრამ სახლისკენ კი არა; გულ-გაცეცხლებულმა მივაშურე ჩემი მეგობრის საფლავს, რომ აღშფოთებული სული მისს სამარეზედ დამემშვიდებინა. დავემხე მის საფლავს, მდუღარე ცრემლით დავტიროდი, ვეძახდი და ვუზიარებდი ჩემს ვარამს. მთელი ეკლესიის არე-მარე ისე მიჩუმებული იყო თითქოს ყურს უგდებდა ჩემს გულ-შემზარს მოთქმას. არავითარი ხმა, არც კაცთა და არც ფრინველთა, არ ისმოდა ჩემს ახლო-მახლო. მხოლოდ მაშინ მოვიდოდი გონს, როცა ჩემს ცეცხლ მოკიდებულსა და სასოწარკვეთილს მოთქმას ხმას მოსცემდა შავი მთის გული, ვგოდებდი მე და ჩემს გოდებას იმეორებდა მთელი მიდამო ეკლესიისა, ხოლო ნუგეში მეგობრისა არსაიდან არ ისმოდა.