Litclub.ge

მრისხანე ბატონი
(არაისტორიული ამბავი)

- მიწყალე მე, უფალო, დიდითა წყალობითა შენითა! - გადიამ პირჯვარი გადიწერა და მუჭი მაგრათ ჩაიკრა მკერდში: აღთქმა ჰქონდა მიცემული, დილის პირველი სიტყვით ღმერთს შევედრებოდა.

ჯერ კიდევ ღამე იყო. მხოლოთ აღმოსავლეთის ღრუბელს ოდნავ გადაჰკროდა ალისფერი. ქვეყანას ახლათ მოსული მაღალი თოვლი დასდებოდა.

- უი, თვალები კი დამიდგეს, გათენებულა კიდეც! - წამოიძახა გადიამ, წამოჯდა ლოგინზე და თვალებს ფშვნეტა დაუწყო. - მაკრინია! მაკრინია! - მიუბრუნდა იგი იატაკზე მძინარე გოგოს, - გააჭყიტე, ძღაბო, თვალი, პირსაბანი წყალი შემოიტანე, იქნებ ძილი დევიფრთხო!

- უუ, რა ცივა! - უპასუხა პატარა გოგონამ და ზანტათ დაიწყო ჩაცმა.

- სიცივეა, თვარა მამიშენის ქოხში თორნესავით თბილა, შენმა გახეთქამ!.. ადექი!

გოგო წამოდგა.

.............

- ქათმებს საკენკი დაუყარე! ინდაურებს ცომი მოუმზადე! საბატე გააღე! - ისმოდა გადიას ბრძანება და გოგოებიც ციბრუტივით ტრიალებდენ.

გამდელის ძახილმა, ბრაგა-ბრუგით კარების გაღებამ და დაკეტვამ მოურავიც წამოაგდო ფეხზე.

- უი, დასწყევლა ღმერთმა, ნამდვილი ეშმაკის ფეხია, არც დღე სძინავს და არც ღამე.

მოურავმა გადასცა ხაბაზს ფქვილი, მზარეულს დასაკლავი ცხვრები და ქათმები, ბიჭებს თავლაში, ბოსელში, მარანში სამუშაო მისცა და ფეხაკრეფით ავიდა ოდის აივანზე; ნელა გაიარა მოაჯირიანი აივანი, დარბაზი და დაჯდა პატარა ოთახის კუთხეში მიმდგარ ტახტზე. მერე ადგა, თაროდან ჩამოიღო ახლათ მოტანილი სურა და სინჯვა დაუწყო.

„შენი გამკეთებელი კი ვაცხონე, მადლიანი ხელი გქონია“, - ფიქრობდა მოურავი.

მართლაც, სურის გამობერილ შუა ტანში ოთხი სურათი იყო, ერთი მეორეზე მეტის შნოთი და ლაზათით ამოჭრილი.

პირველ სურათზე ქალი პირის დასაბანათ სურით წყალს უსხამს ყმაწვილს.

მეორეზე - ცხენოსნები და მეურმეები მოჩუხჩუხე წყაროზე სურებს ავსებენ საგზაოთ წყლის წასაღებათ.

მესამე სურათი წარმოადგენდა სუფრაზე შემომსხდარ საზოგადოებას, რომელსაც სურით ღვინოს უსხამს მერიქიფე.

მეოთხე სურათზე შემოსილი მღვდელი ტრაპეზზე სურით ღვინოს ასხამს ბარძიმში.

სურას ყელზე მტევნებით სავსე ვაზი ეხატა, ქვევით, ძირზე ეწერა ულაზათო ლექსი:

სიამოვნებით დავხატე

სურა კაცთა მრგებელი;

მიხსენე, ვინც იხმარო,

გიგო, ოქროსა მჭედელი.

- ეი, კოსტა, - დაიძახა ცოტა ხნის შემდეგ ოთახიდან ვიღამაც.

მოურავმა ფეხაკრეფათ შეაღო წინა ოთახის კარი, გაიარა დარბაზი და მოწიწებით მიადგა საწოლ ოთახს.

- მე მიბრძანებ, ბატონო?

- ჰო, შენ, აბა ვის, ეშმაკს?! შემოდი!

მოურავი შევიდა და კარებთან აეტუზა.

- რა ამბავია?

- მშვიდობა, ბატონო!

- მოთოვა?

- დიდი, ბატონო!

- მეთოვლეები გაგზავნე სახურავზე?

- კი, ბატონო!

- სხვა რა იცი?

- თქვენი მშვიდობა, ბატონო, სახურავის ბიჯგები შესუსტებულა. თუ მიბრძანებ, ახლავე დავიწყებ მარაგობას და თოვლი რომ გადავა, გავაკეთებ.

- შენ იცი... აბა, ფარეშს უბრძანე წვერი მომპარსოს და პირი დამაბანინოს.

- ახლავე, ბატონო.

.............

ბატონი გამოვიდა აივანზე.

- უ, რომ მცოდნოდა, საყურდგლეს წავიდოდი. ჩემი ასკერეი დამეხუთება; რამდენი ხანია, აბა, სანადიროთ არ ვყოფილვართ?..

- ორი კვირეა, ბატონო!

- მართლა, ლაბაშა რას შვრება? - მიუბრუნდა ბატონი კურძვალთ უხუცესს.

- მორჩა, ბატონო, ხვალ კიდევ და მერე სანადიროთაც წაიყვანება.

- ზანგს კიდევ არ მოუგია კვიცი? - გადაჰხედა ბატონმა მეჯინიბეს.

- არა, ბატონო! დღეს მოუწევს დრო.

- სტყუი! ჩემის ანგარიშით, გუშინ უნდა ყოლოდა.

- არა, ბატონო! შარშან 28 მარტს გევიდა „კოჭო“. თქვენ „ჟუჟუნა“ გახსოვთ. ის კი ჯორით არის მაკე!

- ეს ვინღა მორბის, მოურავო?

- არ ვიცი, შენი რისხვა არ მომეცეს, ჩვენებური არ არის.

ჭიშკარში უფრო შემოვარდა, ვიდრე შემოვიდა კაცი, რომელსაც ამ სიცივეში გული გაეღეღა და ისე მორბოდა.

- გამარჯობა! - მისცა სალამი ბატონმა.

- ღმერთმა გაგიმარჯოს, დღე გრძელი მოგცეს, ბატონო!

- რა დაგემართა, ასე გიჟივით რომ მორბიხარ?

- ბატონიშვილი პაატა ღრმა პატივისცემით მოგიკითხავს და ამ წერილს მოგართმევს, - და შიკრიკმა ბატონს გადასცა მრგვლათ დახვეული მოყვითალო ბარათი, ორს ადგილს დაბეჭდილი.

„ქ“

„წმინდა სამება, ერთარსი და ღვთისმშობელი მარიამი და მფარველი ანგელოზები გწყალობდეს და გფარავდეს ბატონო და საყვარელო ცოლისძმაო ლევან! სხვა, ოდიშის ახალგაზრდა ბატონიშვილს, ჩემს სიძეს, შემოუთვლია, გეწვევიო. დაპირებისამებრ მსურს შეგყაროთ ერთად და გეახლებით, ვითომც სანადიროთ. ბატონიშვილს ეხლება ასი ცხენოსანი, რჩეული. მეც წამოვიყვან ას ქვეითს და ორმოც ცხენოსანს. სხვები მათ მოყვება.

წერილი ესე მიეცი წაკითხვისა უმალ ცეცხლს, რათა შეყრილობისა ჩვენისა მიზანს თვალი არ მიაპყრან.

დედაჩემი ელენე პატივით მოვიკითხავთ. დედასა თქვენსა მოწიწებით ხელს ვეამბორები და პატარა ვარდოს ძმურად ვაკოცებ. თქვენი და სიყვარულით ჩაგეხვევათ და გულს გეამბორებათ. ერთგული ლხინში და ჭირში ძმა.

ბატონიშვილი პაატა.

სახელითა ღვთისათა, ამინ“.

ლევანმა ხელმეორეთ გადაიკითხა წერილი. ნასიამოვნები დარჩა. მაგრამ როცა თვალები წერილს დააშორა, შეამჩნია, რომ დოსტაქარი, სპარსელი იუსუფა, თითქოს მიწიდან ამომძვრალაო, უკან იდგა და არაჩვეულებრივის დაკვირვებით ადევნებდა თვალს.

ბატონმა წერილი შეახვია და იქვე მდგომ მაგიდაზე დააგდო, თითქოს უმნიშვნელო რამ არისო.

- როდის წამოდი? - დაეკითხა შიკრიკს ბატონი.

- ამ დილას, ბატონო.

- სტყუი! ჯერ ჩვენ საუზმეც კი არ მოგვისწრია.

- ბატონიშვილი რევაზი არ მომიკვდეს!

- ვინ არის რევაზი, რას ბჟუტურობ, ყაზახო! - მრისხანეთ შეუტია ბატონმა.

- თქვენი სიძის უფროსი ვაჟი, ბატონო.

- ვიცი, მაგრამ ოჯახის მემკვიდრე დავითია, ბრიყვო! - რევაზი პირველი ცოლის ხელში ჰყავდა ბატონიშვილს პაატას, ხოლო დავითი - სოფიოს, ლევანის დისწული იყო. ამიტომ გარისხდა ლევანი. ამაზე მეტის თქმა კი ვერ გაბედა, რადგან შიკრიკის შეურაცხყოფა თვით პაატას შეურაცხყოფა იქნებოდა. - კარგი, შენს თავს კი გამოვართმევ ბატონიშვილს და მაშინ ნახავ, ვინ უნდა გყავდეს საფიცრათ!..

შიკრიკი ისევ ქუდმოხდილი, თავშიშველი, ფეხებგადაჯვარედინებული იდგა; ოფლი ღვითქათ მოდიოდა და ორთქლი ოხშივარივით ასდიოდა.

„რაც იქნება, ღვთის მადლია, მე კი ჩემს ადათს არ გადავალ, თუ გინდ შანთით დამწვან“, - ფიქრობდა შიკრიკი და კიდევ უფრო თავის დახრით გააცილა ბატონი, რომელიც თავის ოთახში მიდიოდა წერილით ხელში. როგორც კი ოთახში შევიდა, ლევანმა წერილი ბუხარში შეაგდო და შემდეგი დიპლომატიური უსტარი დასწერა:

„ქ“

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ჯვარცმულისა და მესამესა დღესა ზეაღდგომილისა და ათორმეტთა მისთა მოციქულთა ლოცვა და კურთხევა მწყალობელს სიძეს და ბატონიშვილს პაატას.

სიხარულითა დიდითა შევიტყვეთ წერილითა თქვენგან, რომ მობრძანდებით თქვენ და სიძე თქვენი, აფხაზეთის მთავრის შვილი, სანადიროთ. სანადიროცა და სახლიცა ჩემიცა თქვენდა ფეხთა მტვრათ იყოს და თქმულსა მოწყალებაზე უარობას ნუღარ განიზრახავთ. ვინადირებთ, ვითა ფრიდონ, ავთანდილ და ტარიელ. უთვალავ არს აქა ირემი და შველი, დათვი და ზოგან ვეფხიც.

გეაჯები აგრეთვე დისა ჩემისა წამოყვანებასა, ვითარმედ და ჩემი, პატარა ვარდო, მოუთმენლათა ელის თავის უფროს დასა, აღმზრდელსა და საყვარელსა, და დედაი ჩემი ღრმათ მოხუცდა და მუდამ ევედრების ღმერთსა, რათა ეღირსოს უკანასკნელათ ხილვა შვილისა და შვილიშვილისა.

შერვაშიძის შვილისთვის საჩუქრათ მყავს არაბულისა ჯიშისა ცხენი საკვირველი, რომელი აჩუქა სულთანმა არზრუმის ფაშას და ბრძოლის დროს გატაცებულ იქმნა ერევნის ხანის მიერ. იგი შემკულია თვით შერვაშიძის წინაპრის ნაქონი რახტით, რომელიც უბოძებია პეპერა ჩემისთვის გურიელს.

სახელითა მამისათა და ძისათა სულისა წმიდისათა, ამინ!

უღირსი ცოლის ძმა,

მორჩილი მეფისა ლევან“.

..............

- რა ამბავია, ზალიკა?

- მშვიდობა, ბატონო! ოღონდ მთაში დიდი თოვლი ჩამოწვა და არ ვიცით, რაი ვქნათ, შინაურ პირუტყვს, საქონელს ქე მოვუარეთ ღვთისა და თქვენის წყალობით. ცხენები, ღორები, თხა და ცხვარი ჩამოვდენე; ძველი არ ეყო და ახალი თავლები დავაწნევინე; რაღაც ღმერთმა ჰქმნა, ჯერ კიდევ შარშანდლიდან დარჩენილი თივა, ჩენჩი და ნეშო მქონდა შენახული და ვკვებავ.

- აბა რაღა გაწუხებს? ყველაფერი კარგათ ყოფილა.

- ირმები ჩაეფლენ, ბატონო, თოვლში, მათი უცოდველი ხეში მატლი არ არის. ჩემი ბიჭი გახლდათ და ასე სთქვა, მორცხვ ჭირისუფალივით სტირიანო.

ბატონი ჩაფიქრდა.

- ღომი ბევრი გაქვს?

- გახლავთ, ღვთისა და თქვენი წყალობა.

- მჭადის-მჭადი?

- კიდევ მეტი.

- მაინც?

- ხუთი ბეღელი გახლავთ.

- იცი რა, ზალიკა! წადი ახლავე, ჩემი ხუთი ბიჭი წაიყვანე, გზას გაგიკვლევენ, თვარა ძნელია ამ მაღალ თოვლში გატნევა. რაც მოსახლე და სოფელი ნახო, ყველა გამოიწვიე. ვისაც რამდენი ღომი და მჭადის-მჭადი ექნეს, წაიღეთ მთაში და დაუყარეთ ჩაფლულ ირმებს.

- ნუ გამირისხდები, ბატონო, ეს არ მართებს სოფლებს.

- არა!.. წესათ არ შემომაქვს, დამეხმარონ. ორწილათ დაგიბრუნებთ: ყველას ვანთავისუფლებ სამის წლით ღომის, მჭადის-მჭადის და ჩალის გადასახადისაგან. თქვენს ეკლესიას ზარა სჭირდება, იმასაც მე გამოგიგზავნით.

- გადღეგრძელა ღმერთმა!

- რამდენი ხელოსანი მყავს იქ?

- ცხრა!

- მემორჩილებიან?

- კი... - და ზალიკა საიდუმლოთ შეჩერდა.

- დაათავე...

- ვერ დაგიმალავ, ბატონო, ზედა-ტყისელი გლეხები არ გემორჩილებიან. თქვენგან ნაბრძანები ჰქონდათ, ლეჩხუმისკენ არ წასულიყვნენ სათარეშოთ, მარა არ იჯერებენ, დაძვრებიან ჩუმ-ჩუმათ.

- რატომ ბედავენ, თუ იცი?

- რა მოგახსენო, ბატონო! თქვენ უფრო მიხვდებით, მარა ჩემი მოკლე ჭკუით ისე შევატყვე, რომ ჩვენგან სიშორე აიმედებს მათ და თქვენი ბიძაშვილიც აგულიანებს. ხუმრობა კი არ არის, ორი დღის სავალზე არიან; ნახევარი დღის სავალზე სხვა მოსახლე არ ახლავთ, ჩვენებური იქით ძვირათ ავა, რომ ამბავი მათგან გაიგო, და აქეთ რომ ჩამოვლენ, აბა რას იტყვიან? ასე ფიქრობენ, თუ ბატონი ძლიერ გაგვიწყრა, დადიანს მივემხრობითო.

- იმათთანაც გაგზავნე კაცი და ჩემი ბრძანება შეუთვალე.

- ბატონო, ასე უეცრათ ნუ ინებებთ, მთლათ არ გადაგვიდგენ.

- ეს ჩემი საქმეა. გასწი, ნუ იგვიანებ. ჰო, ჩემი ბიძაშვილი სად არის ახლა?

- ლეჩხუმშია დედასთან.

- მერე ციხე მიტოვებული აქვს?

- ძიძიშვილი ჰყავს დატოვებული; მას არ ჩამოუვარდება ვაჟკაცობაში, ციხეში ასამდე მეომარია.

- თან რამდენი წაიყვანა?

ნამდვილი არ ვიცი, მოსაზღვრეებმა მითხრეს, ცხენის კვალზე, ასე, სამოცი-ოთხმოცი კაცი უნდა ჰყავდესო. ასეც იქნება, - მთლათ მისი ჯარი ორასი კაცისაგან შესდგებოდა. შორეული სოფლები ახლოს გადმოასახლა, - ციხიდან წირვის გამოსვლამდის შეუძლია მიეხმაროს, სადაც საჭიროება მოითხოვს.

ლევანმა დაწვრილებით გაიგო ძმისწულის მდგომარეობა ისე, სხვათა შორის, თითქოს ამბავი მისთვის უმნიშვნელო ყოფილიყოს; თვით მთის მოურავიც ისე ელაპარაკებოდა, თითქოს სიტყვას მოჰყვაო.

..............

დანიშნულ დროს ბატონიშვილი პაატა, აფხაზეთის მთავრის შვილი და ლევანი შეიყარენ. პაატას თავისი მეუღლეც, ლევანის დაც, მოეყვანა. „თავის სახლს“ მოსული ქალი დამ და დედამ გულმხურვალეთ მიიკრეს მკერდზე და ცრემლნარევ ღიმილში ჰკოცნიდენ ერთმანეთს. უხაროდათ, რომ ამ არეულ დროს ყველა მშვიდობით იმყოფებოდა და ერთმანეთს მხიარულათ შეხვდენ.

თვითონ ლევანი ვერ იყო გუნებაზე: დაპირებულ სამასი კაცის მაგიერ ამ ორ დიდებულს სულ ასი კაცი ახლდა და ისიც უფრო ფარეშები, ბაზიერები, ხანჯლითა და შუბით შეიარაღებული.

აფხაზეთის მთავრის შვილი და პაატა თავს იმართლებდენ, ძლიერ მოგვიჩქარე და ამ თოვლში ცხენოსნები ვერ წამოვიყვანეთო.

ლევანი ახლა კიდევ უფრო ცდილობდა საიდუმლო მოლაპარაკება ნადირობათ გადაექცია.

მოსვლის მესამე დღესვე მთელი ეს აუარებელი ხალხი, ლევანის სპა-ჯარით შევსებული, მთისკენ გაემართა.

ჯერ კიდევ თოვლი იდვა. რაც უფრო მთას უახლოვდებოდენ, თოვლი უფრო და უფრო მაღალი იყო. ცხენები იფლებოდენ თოვლში. ბოლოს ჩამოხტენ, ცხენები უკანვე გააბრუნეს და თხილამურებით შეუდგენ მაღალ მთას.

ტყე სრულიათ დაფარული იყო თოვლით, მხოლოთ ალაგ-ალაგ პატარა ბუჩქებათ მოსჩანდა ასწლოვანი წიფელის, მუხის, წაბლის და ცაცხვის წვერები.

აქა-იქ შეხვდენ მონადირეები თოვლში ამოთხრილ ორმოებს, რომელშიაც ირმები იყვენ, ძლიერ გამხდარი, მოწყენილი, და ძლივს აკარებდენ პირს გოდრებში ჩაყრილ ღომსა და მჭადის-მჭადს.

გადაწყვეტილი ჰქონდათ შველისა და ირმისათვის ხელი არ ეხლოთ.

ლევანი ყველაზე წინ მიდიოდა.

უეცრათ ძალღმა თოვლის ფხოკნა დაიწყო.

ლევანი დააჩერდა.

- აქ კაცის ნაკვალევია, ადამიანი არ იყოს შიგ. ჩაფლული! აბა, ლაბაშა, ეცი! აა, ლაბაშა!

ძაღლი უფრო და უფრო ფხოკნიდა თოვლს. ჯერ გამოჩნდა გოდორი, მერე გატყავებული ირმის რქებმოხსნილი თავი, ფეხები...

- ხელოსანო, აქ ვინ უყრიდა ღომს ირმებს?

- ზედა-ტყისელები!..

- სადაა მათი მამასახლისი?

- აქ ვარ, ბატონო, - ფერმკრთალი ვაჟკაცი წინ წამოდგა.

- ეს რაა?

- ნუ შემრისხავ, ირემი კოჭლი იყო და ბრუტიანი... დაძაბუნდა და...

- თქვი, ვინ დაკლა ირემი?

- ჩემმა შვილმა.

- მომგვარე ახლავე.

- არ ვართ დამნაშავე, ბატონო, ბრიყვობით მოუვიდა, არ იცოდა, თუ გეწყინებოდა.

- ნუ სულელობ!

- შენ დაკალი, ბიჭო, ირემი?

- მე, ბატონო.

ყმაწვილი ბიჭი სიმაღლით სამი ადლი იქნებოდა; შესაფერი მხარ-ბეჭი ჰქონდა; სრულ ჩოხას ეტყობოდა, თუ რა დევგმირის ტანს ჰფარავდა.

- ექიმბაშო, ამას ცოტა თვალი სტკივა და მოურჩინე.

ექიმბაში საკვირველი ღიმილით მიუახლოვდა ყმაწვილს, მარცხენა თვალის უპე ჩამოსწია და... ხარის ოდენა შავი თვალი თეთრათ გადმოტრიალდა.

ამოდენა ვაჟკაცი უხმოთ დაეცა თოვლზე.

- ირემი კოჭლიც იყო, ექიმბაშო... - ბრძანა ისევ ლევანმა.

ექიმმა ოდნავ ჩასწია პაიჭი, საცვეთიდან ამოაძრო შალვარი და საცვალი, გამოაჩინა ტიტველი, კაჟსავით მაგარი მუხლები და თეთრ თოვლზე ჩქეფით დაიწყო დენა სისხლმა.

- მამასახლისო, ახლა წადი და თქვენებს უთხარი, ბატონი ლევანი მოწყალეა, მაგრამ მისი სურვილის წინააღმდეგ თუ ვინმემ საკუთარი წამწამი შეარხია, ურჩევნია თვითონვე დაითხაროს ორივე თვალი.

ნადირობა გაუგემურდა.

თვით აფხაზეთის მთავრის შვილი, რომელიც თხებივით ჰყიდდა ოსმალეთის ბაზარზე ტყვეებს და საკუთარ ყმებს, შეძრწუნდა.

დამფრთხალი ბიჭები, მონადირეები დარბოდნენ აქეთ-იქით.

როგორც კი ერთი დათვი მოჰკლეს, უკანვე დაბრუნება არჩიეს.

შერვაშიძე მხოლოთ მეორე დღეს მოვიდა გუნებაზე. ლევანს სურდა სტუმრები მალე მოეშორებინა თავიდან, მთელი ნადირობა მხოლოთ სანადირო სეირნობათ დაესახა და ამიტომ დილითვე გამოაყვანინა სამეჯინიბოდან რახტით შეკაზმული არაბული ცხენი.

პაატას კი მოართვეს ოქროში ამოვლებული ორი ცხრა ვერცხლის ლანგერი, სამი სევადით მოჭედილი ხონჩა და ცხრა ვერცხლის სუფრა-ყასუმი. დანარჩენს სტუმრებს ვის დამბაჩა ერგო, ვის ოქროს საპირწამლე, ვის სურა, კულა. უკანასკნელი ფარეშიც არ დარეჩნილა დაუსაჩუქრებელი.

ყველა მიხვდა, რომ ლევანი უკმაყოფილო იყო, მაგრამ სიამაყე ნებას არ აძლევდა უცხო დიდებული სტუმრები ცუდის საჩუქრებით გაესტუმრებია.

წასვლა სტუმრებმა მეორე დღისათვის გადასწყვიტეს.

როცა საღამოს, ნავახშმევს, სტუმრები და მასპინძლები გაყრას აპირებდენ, აფხაზეთის მთავრის შვილმა შეაჩერა ლევანი:

- განშორებამდი ცოტაღა დრო დარჩა. ჩემი სურვილია ამ საქმეში ჩემს ცოლისძმას ვასიამოვნო, თქვენი გული მოვიგო და როგორც კაცთა წესია, გულახდილათ ვამბობ, ჩემთვისაც სარგებლობა გამოვიტანო, ახლა ყოველივე გამჟღავნებულია. ვინ დაიჯერებს, რომ ამ უსაშველო ზამთარში დათვზე სანადიროთ მოვედი მე აფხაზეთიდან და პაატა კი მხოლოთ იმიტომ წამობრძანდა, რომ ცოლოური მოენახულებინა.

ლევანმა, რაკი შეატყო, აქ აღარაფერი გამოვაო, მთელი მიზანი იუარა. პაატას ხუმრობაში რაღაც უთხარი შარშან, თორემ არავითარი გადაჭრილი და გადაწყვეტილი არა მქონიაო.

სტუმრებმაც აღარ დაუჟინეს და მეორე დღეს დილას აბარგდენ. სამუდამოთ ძმობა და დახმარება შეჰფიცეს ერთმანეთს და გაშორდენ.

მხოლოთ პაატას მეუღლე ვაჟიშვილითურთ დარჩა დედულეთს გაზაფხულამდი.

პაატამ დასტოვა აგრეთვე შიკრიკი, რომელიც წინათ ითხოვა ლევანმა. დიდხანს უარობდა, მაგრამ ცოლმა დაარწმუნა - ლევანს იმ ბიჭის ჩუქებასავით არაფერი იამებაო.

შიკრიკი ისეთის საშინელის წამებით მოჰკლეს, რომ პაატას ყმათა შორის ხმა გავარდა, ვინც რევაზს დაიფიცებს, მიემხრობა, მოუვლის, მას ბატონი ჯოჯოხეთში ცოცხლათ ჰგზავნისო.

..............

„ქ“

„ანგელოზთა გუნდს, წმინდა გიორგის ვერ მოვიხმობ, ბიძაჩემო, შენდა მფარველად. წყევა-კრულვა კი ლაჩართა წესია. სათნო იესო იყოს ჩვენს შორის მსაჯული და მოგიკოთხოს უფალმა, ყოვლის მეცნიერმა, რაც ჩემთვის ზიანი და ვაება მოგეყენებინოს.

არ გეყო, რომ მამაჩემს, შენს ძმას, რისხვა მეფისა თავს მოავლინე მეფის ბრძანებით ჩაჰკალი და ახლაც უცნობ ადგილს გდია. დედა ზაფრაზე გადამეცვალა, რაც მოძრავი, თეთრი, თუ სამკაული მქონდა, წაიღე, თუ შეგარგებს, შეგარგოს ღმერთმა. ახლა კი იმ სამის სოფლიდანაც მიპირობ განდევნას, რომელიც დამრჩა.

მოგიწვევია აფხაზეთისა მთავრის შვილი და ოდიშის მთავართან ძლიერ დაახლოებული პაატა ბატონიშვილი, ბიძა მთავრისა. დიდის წინდახედულობით ამ თათბირისათვის ნადირობა დაგირქმევია და საწყალი უდანაშაულო ბიჭი გიწამებია, როგორც ყიზილბაშებიც კი არ აწამებდნენ ქრისტიან კაცს, ვითომცდა განრისხებული იყავი სანადირო ადგილების ცუდათ შენახვით.

ყმაწვილი ვარ, უნდა ვჩქარობდე აზროვნებაში, მაგრამ სიჩქარე შენის გაუმაძღრობისა ადინჯებს გონებასა ჩემსა და მაჩვენებს გზასა ნამდვილსა.

გსურდა აფხაზებისა და ოდიშელთა დახმარებით სრულიად ამოგეწყვიტა შენი გველივით სამძულვარი ძმისწული და მისი შვილი, მაგრამ ამაოთ. ჩემი შვილი გელოვანებშია და შენი ხელი ვერ მისწვდება. მე რომ მომკლან, შენ მაინც არაფერი დაგრჩება: ჩემი პატარა ძმა ოსეთში მყავს დამალული; მეორე კახეთის მეფეს ახლავს. ყველგან ვერ მისწვდება ბელზებელის ხელი, ან შენ რისთვის იხვეჭ უდანაშაულო სისხლით საუნჯესა. ღმერთმა არ ისურვა თესლი ბოროტისა გამრავლებულ ყოფილიყო და ხარ უძეო. ქალიც კი ვერ სძლებს შენთან წელსა უმეტეს სამისა და თვით მოსახლეებშიც, გამიგია შენი გარყვნილებაც, გყავს თურმე შთამოება უსულო.

წერილი ჩემი არ იმოქმედებს შენზე. ვიცი ესე. ვისაც ძმის, ძმისწულის სიყვარული ნაკლებ აქვს მხეცისა, ვითარმედ შეიგნოს მან სიტყვა ადამიანისა.

გწერ წერილს ამას, რათა უწყოდე, რომ მზე ანათებს თვით უფსკრულსა და საიდუმლონი შენნი ცხად არიან.

ცდილობ უკუღმართსა, მაგრამ უფალი მიანიჭებს ჩემს ფრიდონს ამდენის უსჯულოებით მონახვეჭსა შენსა.

მტრათ საზიზღარს, ნათესავათ იუდას უგზავნის ამ წერილს ძმის მკვლელის ძმისწული.

ვახტანგი“.

ლევანმა წერილი წაიკითხა. გასცა ბრძანება მომტანი დაეჭირათ. მდევარი გაექანა. ახლა მათ მოსვლას უცდიდა და დიდათ ჩაფიქრებული იყო.

მოაგონდა ლევანს ძმა. ორივე თითქმის ერთ დროს წავიდენ პირველათ საომრათ. გადაეფარა უმცროსი ძმა ლევანს, როცა მტრის მოქნეული ხმალი შუაზე გაპობას უქადდა. თვით დაიჭრა განსვენებული. მძიმეთაც დაიჭრა თავში, მაგრამ მას ხმლის მხოლოდ შუა ტანი მოჰხვდა. რა დაემართებოდა ლევანს, ხმლის წვერი რომ მოხვდომოდა. არათუ შთამომავალი, თვითონაც არ იქნებოდა.

რა თავაზით ეპყრობოდა უმცროსი ძმა. გაყოფისას მზამზარეული საუკეთესო ციხე, მის ფარდში მოხვედრილი, დაუთმო, თვითონ კი ახალ ციხეს მიჰყო ხელი. რა სიხარულით გაჰყვა ჯვრის წერაში, რა სასოებით უვლიდა ძმას, როცა სხვებთან ერთად მოწამლა სულთანის ელჩმა, რომელსაც წინააღუდგა ლევანი, როგორ სტიროდა, როცა ლევანს პირველი ცოლი მოუკვდა, როგორ მირჩევდა მეორე ცოლის შერთვას, შთამომავლობა არ დაგეკარგოსო. მე კი რით გადუხადე? ტყუილია, ვითომ მეფესთან მე დავაბეზღე. მაგრამ შველა ხომ შემეძლო... ეჰ...

მაგრამ ეს გესლიანი უშვილობას რათ მაქადის? პირიმზისას, ლომისახარს ხომ ჰყავთ, მაგრამ ხეირიანი თუ ვინმე მოვიყვანე, თითქოს განგებ გაბერწდებიან. ასეც არ შეიძლება! ერთი ვაჟი მსურს! ის მეუბნებოდა, ფეხმძიმეთა ვარო. რა უშავს, ჯვარი დავიწერო? მერე, ვინ იცის, ვისია? რას იტყვის ხალხი? ხალხი, ხალხი... ჯანდაბას ხალხი, მე ხომ ვიცი, რომ ჩემია! ბევრს კი ამბობენ... ან კი რათ უნდა იყოს ჩემი ერთგული? არაფერი არ არის საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე ქვრივები ვართ. რამ უნდა შეაყვაროს ჩემი თავი? არ ეყოფა, რომ ლევანი, ლევანი მისი ბატონიც და მისი ქმრის, დედ-მამის, მთელი მისი ორივე გვარის ბატონი, ქმრათ ვეყოლები! ამდენი ხანია გადაკვრით მეუბნება, შემირთეო, თვრამეტი წლისაა... მე ვარ მოხუცი... მარგალიტივით, ქმარი ჰყავდა, მაგრამ სიღარიბე, შიმშილი, შრომა და დაცინვა; აქ კი მეფური ცხოვრება. ნებივრობა, პატივისცემა, სიყვარული... სიყვარული მოხუცის... მოხუცის, მოხუცის! რა დავიჟინე ეს მოხუცის... ჯერ ჯანზე ვარ, ზოგიერთ ჩემს ძმისწულებს კიდევ გავისტუმრებ იმ ქვეყანას და აქ დავტოვებ ჩემს შთამოებას. მეუბნებოდა: „პატარა ლევანი მუდამ თან დამყავსო“, ხუმრობდა თუ მართალი იყო?

მდევარი დაბრუნდა.

- სადაა ბარათის მომტანი?

- ვერ დავეწიეთ! შორიდან მოვკალით!

- თავი?

- წყალში მოვკალით. ჩაბალახი და ცხენი მოგართვით მარტო.

- ვინ მოჰკლა?

- ხახუტამ, ხაბაზის შვილმა.

- ორი ოქრო მიეცით. მკვდარს ვინც ამოიღებს, ოთხ ოქროს ვაჩუქებ.

- წავალთ, ბატონო!

- მეჯინიბეს უთხარი ორი ცხენი შეკაზმოს ჩემთვის და მისთვის.

- მეტს არავის იახლებთ?

- არა.

ლევანი წავიდა თავის საყვარელთან, რომელიც იქვე ახლო ცხოვრობდა.

თვრამეტი წლის ციცინო, ლევანისავე აზნაურის ქვრივი, შორეულ სოფლებში სასიმღერო ქმნილებათ გამხდარიყო. ახლომახლო ყურმახვილი ლევანის ეშინოდათ.

ზღაპრულ რამეს ამბობდენ მის მშვენებაზე და მის თავგასულ ცხოვრებაზე. ოხუნჯები ჯგუფებათ ჰყოფდენ საყვარლების რიცხვს. პირველი იყო „ვინც უყვარს“, მეორე - „ვისაც უყვარს“, მესამე - „ვისზედაც სიყვარულის ჟინს იკლავს“, მეორთხე - „ვინც სიყვარულის ალს მასში აქრობს“, „ვინც ყიდულობს ციცინოს“ და „ვისაც ციცინო ყიდულობს“.

რაკი თმა ორ ნაწნავათ გადიგდო მხარზე, „ცხრათვალა მზე“ რაკი შეარქვა ვიღაც მომღერალმა, და ეს მოხდა, როცა ქალი სულ ცამეტი წლისა იყო, ციცინო სახლში აღარ გაუჩერებიათ. ნათლიები, მოკეთეები, ბატონის გაგზავნილი გადია ხან ჰპატიჟებდენ და ხან კი თითქმის ძალით მიჰყავდათ სხვაგან და სხვაგან. 14 წლისა უკვე გათხოვდა.

ღარიბი აზნაურის ოჯახი სავსე იყო თავადებით, ხელოსნებით, მდიდარი სოვდაგრებით, ელჩებით.

მაგრამ ვინც კი შეხვდებოდა ამ ტანმომცრო, თხელ პირსახიან ქალს, მეფურის მიხვრა-მოხვრით, უფრო ხშირათ უბრალოთ ჩაცმულს, როცა დაინახავდა ამ პატარა, გამჭვირვალე, ნაზ ხელებს, ამ მიბნედილ თვალებს, ყოველივე სილირფე, თავხედობა ეკარგებოდა და ყმათ ხდებოდა ისეთის ქალის, რომელიც ყველასი და ყველგან მხეველი იყო.

დარბაზობის დროს საზოგადოებაში, საყვარელთა შორის, ვერც ერთი ვერ ბედავდა რაიმე მეტი სიტყვა ეთქვა, მეტი თავისუფლება გამოეჩინა, ყველა უცდიდა თავის რიგს, თავის დროს. ყველა აღტაცებით გულის სიღრმიდან ამოხეთქილ ხმით შეასხამდა ხოტბას ლექსათ, სიმღერით, ცხენოსნობით, ცეკვით და ვაჟკაცობით.

როცა იგი იყო ჯარში, მაშინ უფრო მარდათ იჭერდენ ბურთს, უფრო სწორეთ და ლამაზათ მიჰქროდა ნატყორცნი ისარი, უფრო მოხდენილათ გადმოიხრებოდენ ცხენიდან გაგდებულ ფირფილას ასაღებათ. თუ სხვა დროს ოცი-ორმოცი მაინც ესროდა დამბაჩას მაღლა ხის წვერზე ჩამოკიდებულს ვერცხლის აზარფეშას, ციცინოს ყოფნის დროს პირველივე მსროლელი აღწევდა მიზანს, იღებდა ჯილდოს. მსროლელი მთელს ხილვის ძალას და მკლავის სიმაგრეს იკრებდა ერთად, რომ გამარჯვებული დარჩენილიყო, არ შერცხვენილიყო ციცინოს წინაშე. უხილავი ძალა ცდილობდა ყურადღება მხოლოთ ციცინოზე ყოფილიყო. მოხუცებული ქალებიც კი ყმაწვილობდენ, მხიარულობდენ. ეშხზე მოდიოდენ ციცინოსთან.

ყმაწვილი ქალები ციცინოს სულში იძვრენდენ. ციცინო სხვა ქალებივით არ გაურბოდა ლამაზ მეტოქე ქალებს, პირიქით, მათ შუა ჰგრძნობდა თავს თამამათ. ასე გრძნობს ობოლი მარგალიტი ლალ-იაგუნდის მარცვალთა შორის.

მასთან მივიდა ახლა ლევან ბატონი.

- რას შვები, ჩემო გვრიტო? - დაეკითხა ლევანი ციცინოს, როცა დაინახა მისკენ მიმავალი ქოშებში შიშველ ფეხგაყრილი საყვარელი, თავზე ბლონდმოხვეული, გულგაღეღილი, თმაგაშლილი, თითქოს ეს-ეს არის აუზიდან ამოსული და მით უფრო სანატრელათ ვნების აღმძვრელი და გამაგიჟებელი.

- რას ვიზამ!

- მოიცა, შენთვის რაღაცა მაქვს სათქმელი. - ლევანმა სახლისკენ გაიწია.

- იქ ჩემი პატარა და არის და უხერხულია ლაპარაკი, შენ კი ამ ღამეს არ მომიცდი?

- დიახ, ამ ღამეს ვერ მოგიცდი, თუმცა შენთან დარჩენას ნეტა თუ რამე სჯობდეს!

- დღეს, დღეს, - დარცხვენით ჩაღუნა თავი ქალმა, - მუცელი მეძრა...

- მიმიხვდი განა?

- რა? რას უნდა მიგხდომოდი?! - თავის გასამართლებლათ იკითხა შეშინებულმა ქალმა.

- მიმიხვდი განა, რომ სწორეთ მაგ საგნის შესახებ მოსალაპარაკებლათ მოვედი?

- ჰო, არა! - დაიბნა ქალი და თან დაშოშმინდა.

- ჰო, მაგისთვის მოვედი. ჯვარი უნდა დავიწეროთ...

- ა?! - სიხარულით და თან გაკვირვებით შეხედა ქალმა ლევანს. დიდი ხანია ოცნებათ გადაქცეოდა ციცინოს დიდებულის ცოლი გამხდარიყო და მისი ნება-სურვილი თავის პატარა ხელში ჩაეგდო.

ორივენი ხის ძირში ჩაჯდენ.

- ჰო, ჩემო გვრიტო, განა გეგონა, შენი ბებერი მოგატყუებდა! ვის ვიშოვიდი შენისთანას? აი, შენი ფეხები... დედოფლის ირინეს ფეხები განთქმულია საქართველოში, მინახავს ტიტველნი. თვით ღვთაებას საამბორო ჯვარათ შეუქმნია, მაგრამ შენს ფეხებთან შედარებაც ცოდვაა. სადა აქვთ მას ეს სიცოცხლე, რომელიც შენს ყოველ თითში გამოკრთის, სად აქვთ ეს სიმკვრივე და თანაც სინაზე ბუმბულისა. სწორია, თლილია ბროლივით დედოფლის ფეხი. შენიც ეგეთია და თან ისინი ცოცხალ არიან, ვით ცალკე ადამიანები. აი, როცა თვალებში გკოცნი, ასე მგონია, შენი ფეხები მაინც გაჰყურებენ ამ ლურჯათ მოწმენდილს ცას და ფერად-ფერადი ღრუბლებით გარე მორტყმულს ჩამავალ მზეს. ზოგჯერ იჭვიც წამიღებს, ვაითუ არ ვუყვარდე ჩემს სულისდგმას-თქო; ასეთს წამს შემოგკადრებ ორიოდე სიტყვას. შენ სდუმხარ ბრაზმორეული. შენი ფეხები მეუბნებიან მაშინ ისეთ საყვედურს, რომ ენა მიშრება და დადუმებული, დაღონებული ისევ შენ წინ ვიყრი მუხლს, ვეხვევი ჩემს ჩუმს, მაგრამ მეტყველს გზის მაჩვენებელს.

ციცინო კალთაში უჯდა ლევანს.

ქალი ააღელვა მოხუცის ასეთმა მიჯნურობამ და თავდავიწყებით უთხრა:

- მოიცა დღეს ჩემთან, ნუ წახვალ.

- არ შემიძლიან... ყოველთვის შენი ვიყავი, ახლა კი მსურს განუყრელათ, მუდამ შენთან ვიყო, უკანასკნელათ შენ დამიხუჭო თვალი. შენ დამიტირო, მარტო შენ... შენს მეტი არავინ მყავს, მიიღე ჩემი ყველაფერი: სახელი, სარჩო-საბადებელი შენი იყოს, მხოლოთ შენი; ოღონდ შენ, მხოლოთ შენ იყავ ჩემი მარტო და მარად ჩემი. რაც გინდა, იმათ გამხადე; გსურს მივატოვო აქაურობა, წავიდეთ სადმე, სადაც მხოლოთ უტყვი ბუნების მეტი ვერავინ გაიზიარებს ნეტარებას შენის ხილვისას. მივატოვოთ ეს ქვეყანა, მუდამ ბრძოლისა, შურისა და მტრობისა. გსურს, ბიზანტიას მივაშუროთ: იქ ფუფუნებაში ზღვის პირათ, ვითა გედები ზღვაში, ვიცურავებთ სიყვარულის უფსკრულ ზვირთებში. გსურს, აქ იყავ დედოფლათ, ოღონდ მე გყავდე შენდა დამატებათ შენდა მიჯნურათ.

- ჩემო, ჩემო! - თრთოდა ალერსით დამთვრალი ქალი.

ისხდენ ჩახვეულნი და ორი არსება ერთ ქანდაკებას წარმოადგენდა.

- ახლა კი წავალ... - სთქვა ბოლოს ლევანმა დიდიხნის სიჩუმის შემდეგ.

- ასეთის სიტყვების შემდეგ მტოვებ?

- სწორეთ იმიტომ, რომ სიტყვა საქმედ იქცეს...

კიდევ ხვევნა, კიდევ გრძელი საუკუნესავით და ტკბილი წუთსავით კოცნა.

კიდევ: „დარჩი, ნუ წახვალ“ და

კიდევ: „მალე ნახვამდის“.

ქალი ჭიშკრამდის გადაჰყვა ლევანს. ერთი კოცნა და გაიყარენ.

ქალი წყნარის ნაბიჯით მიდიოდა სახლისკენ.

რაზე ფიქრობდა?

მომავალ ბედნიერებაზე!.. სპასალარის ცოლი!.. მპყრობელი ყმათა, ციხეთა და დარბაზთა, მრისხანე ლევანი, ძლიერი ლევან ამ აზნაურის პატარა ქოშების ქვეშ!.. თვალი და მარგალიტი, არაბული ცხენები, ოქროს სამკერდე ფირუზის ბუშტით. მარგალიტით აკერილი მხლებელნი და მოახლენი და ეს კანონიერათ, მეფის თვალთა წინ, და ვინ იცის, იქნებ თვით გვირგვინი... რა არ მომხდარა მაცდურ დედამიწაზე!..

ქალი იღიმებოდა. ასე შევიდა ოთახში.

ლოგინზე წამოწოლილი კაცი ციცინოს მიეგება:

- ჯოჯოხეთათ მეჩვენებოდა შენი ტურფა საწოლი, ოდეს სხვის ხელში გიყურებდი.

- საყვედურები?!.

- ო, არა, არა! ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ: შენი თვალები ახლა სხვაგვარათ ბრწყინავენ, შავი იაგუნდის შუქი აქვთ და ბრილიანტის ბრჭყვიალება. აი, წაიღე ეს ბეჭედი: იაგუნდი შუაშია და წვრილი ბრილიანტი ირგვლივ უსხია... ის ბებრუცანა კი ვინ იყო?

- ლევან, მრისხანე ბატონი!.. - მედიდურად უპასუხა ქალმა.

- სამუსაიფოთ მოვიდა მხოლოთ?! - დაცინვით წარმოსთქვა სოვდაგარმა.

- საქმროა ჩემი.

- ხუმრობ?

- მე არ ვჩვეულვარ მეორეთ თქმას.

- ჰა, ნუ მირისხდები. მაგრამ თვალები! რაც გული მოგდის, უკეთესია. მსურს ამ შენს თვალებში ჩაიხედოს მთელმა ბუნებამ. ხვალ ბაზარში მოდი, ვითომ სავაჭროთ. ქარავანი მყავს იქ დაყენებული. უცხო სავაჭროთა შორის აირჩიე, რაც გესურვოს, თვალს მოეწონოს. მაგრამ ერთს რასმეს მე თვით გაჩვენებ. არ გინახავს, უეჭველია. დურბინდი ჰქვია. უშორეს საგანს დაგიახლოვებს. მთელს ქვეყანას დაინახავ და მთელი ბუნება ჩაიხედავს შენს თვალებში. ნება მიბოძე, შენს თვალებში თვალი გადავავლო მთელს ქვეყანას, თუ მოვახერხე, იქ დავინახავ ყოველივეს განწმენდილს, გამშვენიერებულს.

- კარგი, მაშ მოვალ, ახლა შენ მოდი. ნუ გეშინია, ნუ თრთი. ქალის თქვენ მოგწონთ მშვენიერება და ჩვენ ვაჟის კადნიერება.

..............

შინ დაბრუნებული ლევანი მაშინვე დედის ოთახისაკენ წავიდა. თხუთმეტი წელიწადია მოხუცს ქალს კარებშიც კი არ გამოუხედავს, ლევანი კი დედის ოთახში არ შესულა.

- დედაჩემო, მე მოვდივარ!

- მიწყალე, მე ღმერთო, უარესისაგან! რა გინდა, რა გინდა, ნუ შემოდიხარ!..

- დედა, კმარა ჯიუტობა!

- მაცალე, მაცალე, ნუ იჩქარი, მე თვით გაგინთავისუფლებ ოთახს, მანამდის კი დამტოვე. ეს ერთი ოთახი ჩემი იყოს.

- დედაჩემო, რა გსურს ჩემგან, შვილი არა ვარ შენი თუ?

- დამეხსენი, საფლავის კარზე მიმდგარს არ შეჰშვენის ცოცხლებთან ძველი ანგარიშების სწორება. შეგინდოს უფალმა, მე კი ნუ გამრევ... კარგი საქმისთვის არ მოხვიდოდი.

- დედა, ცოლს ვირთავ, შენგან დალოცვას ველი.

- ცოდვებს მოინანიებდე, ის გირჩევნია! ვინც იცის შენი ამბავი, არ წამოგყვება და ვინც არ იცის - ცოდვაა, შესაბრალისია.

- დედა, გაჩუმდი!

- ვის ირთავ, მაინც?

- ციცინოს...

- ვისა?

- ქვრივ ციცინოს, ვამეხის შვილს.

- ოო, კანონი სრულდება ღვთისა. ყასაბი იყავ ადამიანის და ახლა კი საროსკიპოსა ჰხსნი.

ლევანი ისარნაკრავივით გამობრუნდა უკან. წინათ დედა-შვილი მარტო იყვენ და ლევანს იმედი ჰქონდა დაეყოლიებინა დედა. ახლა კი კარებს მოადგენ დამფრთხალი ქალები, ბავშები, მსახურნი და ლევანს არ უნდოდა ოჯახის საიდუმლო გაემჟღავნებინა.

..............

ციცინო ლევანის ოჯახის უმთავრესი დიასახლისი გახდა.

გამხიარულდა მიყრუებული დარბაზი. მრისხანე სასახლე განცხრომის წალკოტათ გადაიქცა. მზარეულები ვერ ასწრებდენ მომზადებას, ფარეშები დალაგებას და ალაგებას; მებაღეები ყვავილების დაკრეფას. მუსიკა უკრავდა. მგოსნები შაირობდენ. სალაროში შენახული სამკაულის ხმარება დაიწყეს, გაჩნდა შადრევნები. უცხო ჩიტებმა დაიწყეს მღერა. განათდა ბნელი.

- მსურს აქ ბაღჩა იყოს!.. - იტყოდა ციცინო და ბაღჩას რგავდენ და სთესდენ. - საამოა ნავით სეირნობა!.. - და სთხრიდენ ტბას კლდე-ღრეში. - ულაზათოა სუფრა! - და დურგალი ხარატულს სჭრიდა. - უშნოა ფანჩატური! - და ხუროთმოძღვარი და მებაღე ხელოვნურათ ჰქმნიდენ ყვავილთა შეზრდით ცოცხალს ფანჩატურს.

ვაკეზე სერი აღმართეს. ახლო ტყეში ირმები, შველი და ჯიხვები მორეკეს.

სურვილი ციცინოსი - ლევანის და მთელი კუთხის უმაღლეს კანონათ გადაიქცა.

ყველაფერი გალამაზდა, განაზდა, გამშვენიერდა.

მთელი ვეებერთელა ეზო სავსე იყო მოხდენილ ცხოველებით, სხვა ცხოველები სძაგდა; ირემი, შველი, ჯიხვი, თრითინები, მელიები დარბოდენ სასახლის ირგვლივ. კატები, ფინიები, ოთახებში ართობდენ ქალს. განსაკუთრებული სიყვარულით ექცეოდა ციცინო ფრინველებს. მთელი გუნდები თეთრი მტრედებისა ჰფენდენ სახურავებს; ფარშავანგი, ოფოფები, გედები... ღამე განუწყვეტლივ ისმოდა ბულბულის გალობა, დღე - იადონისა.

ციცინოს მოსწონდა ვაჟკაცთა შეტაკება. ხშირათ მართავდა ჯირითს, ბურთაობას, ჭიდაობას და რაც უფრო დაუზოგველი იყო, მით უფრო ნასიამოვნები რჩებოდა. თავგამწევმა ცხენმა ჯირითის დროს ერთს მხედარს ტვინი მიასხმევინა ხეზე და ციცინომ მწვავე სიამოვნება იგრძნო. ფალავანი ბეჭზე გადმოიღებდა და მიწაზე დაანარცხებდა მეტოქეს; რაც უფრო დიდხანს ეგდო უძრავათ წაქცეული, მით უფრო მადლიერი იყო ციცინო და გამარჯვებულს მით უფრო მეტ ბაჯაღლოს გადაუყრიდა აივნიდან.

ერთხელ მამა-შვილმა ავალიანმა ციცინოს საჩუქრად გარეული ტახი გამოუგზავნა. დაბმული დათვი თვით ჰყავდა. ისინი შეაბრძოლეს. ამ სურათმა ისე გახადა ციცინო, რომ ლევანი იძულებული იყო მთელი ერთი სოფელი ეჩუქებინა მეძღვნისთვის; ავალიანის ახალგაზრდა შვილი კი დასტკბა იმ ღამეს ციცინოს ალერსით...

ხშირათ ციცინოს გარყვნილებით ბრაზმორეული ლევანი შევარდებოდა ოთახში, მაგრამ ორიოდე სიტყვა, ქალის ორიდე ღიმილი ვნებით გაზმორება... და ლევანი გრძელ ულვაშებს უერთებდა შავს, ტიტველ მკერდზე დაყრილ კავებს.

ახლა ციცინო ამზადებდა ახალ სანახაობას. მომავლის ნეტარებით სტკბებოდა. ჟრუანტელი უვლიდა ტანში.

ბნელ პალატში აგერ ერთ თვეზე მეტია ცალ-ცალკე ასუქებენ მარილწყალში დამბალი სიმინდით და ქერით ორს ხუთ-ხუთი წლის მოზვერს. მზის სინათლე ჯერ არ უნახავთ. ამბობენ, ისეთი გაველურებული არიან, თავისი კუდისაც კი ეშინიათო.

ორივე მესხმა გამოუგზავნა ციცინოს.

..............

ტყის-პირელნი დიდხანს ფიქრობდენ, თუ როგორ გადაეხადათ სამაგიერო მრისხანე ლევანისთვის. განსაკუთრებით არ სცხრებოდა მკაცრათ დასჯილის ცოლისძმა. უმრავლესობა დაშინებული იყო და არ აჰყვა თავგადადებულს, მაგრამ უკანასკნელმა მაინც მიიმხრო სამიოდე კაცი და ოდიშის მთავართან წავიდა.

საჩუქრათ, სხვა რომ ვერაფერი იშოვეს, ასი ირმის რქა წაუღეს, ძუ დათვი მისი ბელებით და ერთი საუცხოვო საპირწამლე, სპილოს ძვალზე მინანქარით ამოჭრილი.

მთავარმა პატივით მიიღო ყველანი, დაასაჩუქრა დიდებულათ.

- რა გნებავთ? - ჰკითხა მთავარმა მოსულთ. - ტყუილა არ გაირჯებოდით ამ მუშაობის დროს.

- შენი წყალობა, ბატონო, მეტი არაფერი...

- მაინც, თქვით.

- მიგვიღე, ბატონო, შენი კალთის ქვეშ. სამოცი მოსახლე ვართ, ვერაფერს მოგართმევთ - თავს ძლივს ვირჩენთ ნანადირევით; ნახევარჯერ მჭადი არა გვაქვს და ღომი. მაგრამ საზღვარზე გეყოლებით მცველათ; გაჭირვების დროს სამოცი კაცი გამოვალთ ჩვენის ხარჯითა და ჩვენის იარაღით.

- თქვენი ბატონი განა ლევანი არ არის:

- გახლავთ, ბატონო, და მას გავურბით. ადათი არ შეგვისრულა, ტყის ნადირს ჩვენ გვარჩენინებს. კაცი მოგვიკლა, მტრის თვალს არ შეეხედებოდა.

მთავარს იამა წინადადება. ცხენისწყლის გაღმა ერთი სოფლის ხელში ჩაგდება, ერთგული, თავისთავათ მონდობილი მეომრების ყოლა, ვინ იცის, რას უქადდა მომავალში. მთავარი უკვე მზათ იყო დათანხმებულიყო. მოხერხებული ბატონიშვილი პაატა კი სხვაფრივ ფიქრობდა. მან საჩქაროთ მიმართა მოციქულებს:

- დიდი მთავარი მოიფიქრებს. დღეს სადილი აქ მიირთვით და ნასადილევს გიბრძანებს პასუხს.

მოციქულებმა მძიმეთ დაუკრეს თავი მთავარს და წავიდენ ისევ სასტუმროში.

- შენ რაღაც გინდოდა გეთქვა, სანამ ჩემს გადაწყვეტილებას ვეტყოდე მოციქულებს, სთქვი.

- შორს სჭვრეტ, მთავარო! შენ გსურს იმერეთის მეფის წინააღმდეგ მოიგო გული ტყის-პირელებისა. ძვირფასია მტრის მიწაზე მეგობარი გყავდეს. მაგრამ ორმოც ოჯახს გაველურებული გლეხებისას მოვიგებთ, ლევანს კი გადავიმტერებთ. ახლა ქვეყანა ირევა. სპარსეთი ოსმალეთს უპირებს შებმას. ახლა ვინ ვის მიემხრობა, ვინ ვის უმტრობს, ვინ იცის. ლევანი ძლიერია, იგი ჩვენსა და იმერეთს შუა სდგას. ვინ იცის, როცა იმერეთის მეფე მტერთაგან იძლევა, იქნება თვით ლევანი გადმოვიბიროთ და მორჩილება შენ გამოგიცხადოს. ფიცის კაცი თუ ჩვენკენ იქნა, იმერეთის გვირგვინი შენ არ აგცდება.

- შორეულს ითვალისწინებ, პაატა, ახლომყოფს კი არ იღებ მხედველობაში.

- რატომ, მთავარო? იმერეთის მეფეს უსათუოთ სძლევს ოსმალეთის სულთანი. ლევანს კი მხოლოთ მეფე ჰყავს მფარველი და დამხმარე. მის ძმისწულებს დიდი ნათესაობა ჰყავთ და ძლიერი ვაჟკაცები არიან. იოსელიანი და ავალიანი არ ემორჩილებიან. ასეთს მდგომარეობაში ვის უნდა მიმართოს ლევანმა, სად უნდა წავიდეს, როცა აზნაურები აუჯანყდებიან? ლეჩხუმიდან ძმისწულები გადმოვლენ და მოვალეები თამასუქებით მიადგებიან. სხვა რომ არაფერი, ჩვენთან შემოახიზნებს თავს და ერთი მოხერხებული, მხნე, სახელგანთქმული ლევანი ღირს ამ არეულობის, ომის დროს ათას მეომრათ.

- ლევანი მაინც უკმაყოფილოა ჩვენზე. ახლა გაიგებს, რომ მისი ყმები, მორჩილების გამოსაცხადებლათ მოსულნი, ჩვენ კარგათ მივიღეთ და ძნელი იქნება მისი გულის მობრუნება.

- ამასაც ეშველება, მთავარო, სამივე შევკრათ და ლევანს გავუგზავნოთ.

- რას ამბობ, პაატა? სტუმრათ მოსული ხალხი დავატყვევოთ და ჩვენვე გავუგზავნოთ მათ მტერს სატანჯავათ?! ლევანის მეხარკე ხომ არ შევქმნილვართ?!

- შე დალოცვილო, რა დროს სტუმართმოყვარეობაზე და ამპარტავნობაზეა ლაპარაკი, როცა წარღვნის დრო მოდის და, ერთის მხრით, გვირგვინი გელის და მეორეს მხრით კი - ფაცხა ჩაგოლას კლდე-ღრეში? ახლა თასმასავით უნდა გადავყვეთ და გადმოვყვეთ ცხოვრების ტალღებს.

- შენი ცოდვა იყოს, პაატა...

- ჩემზე იყოს, მთავარო! დარწმუნდი, თუ გიხელთეს, ეგ ტყის-პირელნი უარესსაც არ დაგარიდებენ!..

..............

„ქ“

„სახელითა ღვთისითა მთავარი ოდიშისა ბატონს ლევანს სალამს უთვლის. სხვა, ჩვენთან მოვიდა ძღვნით სამი კაცი, შენი ყმები. სახელი თვისი არ განაცხადეს. როცა დავასაჩუქრეთ და წასვლას აპირებდენ, მფარველობა გვთხოვეს შენგან. ჩვენ ეს არ ვინებეთ და გიგზავნით ხელფეხშეკრულს სამივეს, მათისვე ძღვნითა და საჩუქრებით. ერთი დათვის ბელი დაიტოვა დედოფალმა და თანამეცხედრესა თქვენსა ვთხოვთ ურვასა და შენდობას. დედოფალი მის მაგიერ უგზავნის საუცხოვოსა ფრინველსა - ციცარსა.

მთავარი ოდიშისა გიორგი

მორჩილი ღვთისა“.

..............

მთავრის ჯარისკაცებს ტყვეები მიჰყავდათ. გზაზე შემოხვდათ ორი ცხენოსანი და ოთხი ქვეითი.

- გამარჯობა თქვენი, - დაიძახა ყმაწვილმა, რომელსაც წვერულვაში ოდნავ ექინქლებოდა.

ნიშნათ პატივისცემისა დარაჯები ცხენებიდან ჩამოხტენ და ზრდილობით უპასუხეს მხედარს:

- ღმერთმა გაგიმაჯოს!

ყმაწვილის მხლებელიც ჩამოხტა.

- ვინ ხართ?

- მთავარმა გაგვატანა ეს სამი კაცი ბატონ ლევანთან.

მხედარმა დაწვრილებით გამოკითხა ამბავი, ზოგი რამ თვით მოისაზრა. ერთი გადმოიძახა: გზა მშვიდობისა გქონდეთო, და ჰკრა ცხენს ქუსლი.

- ბეჟანა! - ცოტა ხნის შემდეგ მოუბრუნდა ყმაწვილი მხლებელს.

- ბატონო, შენი ჭირიმე!

- მთავართან ნუღარ მივდივართ! იქ დახმარებას ვერ ვიშოვით!

- მაგის თქმა მინდოდა, ბატონო.

- აბა დავბრუნდეთ.

- არც მაგი ვარგა.

- აბა?

- თავს დავუაროთ...

- რისთვის?

- ტყვეები გავათავისუფლოთ...

- ბიჭო?

- კი, ბატონო. ტყის-პირელები მფარველობას ეძებენ, ჩვენ თუ მივეხმარებით, არ დაავიწყდებათ, გამოგვადგებიან.

- მთავრის განრისხებათ არ ღირს...

- ახლა შენ გგონია მთავარი ძალიან თავს იტეხს ტყის-პირელები ლევანს ეყოლება საკანში, თუ ჯიხვზე ინადირებენ შვილდისრით... თავისი მოიმოქმედა მთავარმა; ლევანს ასიამოვნა. სხვა ცეცხლს დაუწვავს და მეწყერს წაუღია, - ასე ფიქრობს უსათუოთ. იქნებ კიდეც იამოს, რადგან, თუ ტყის-პირელები უვნებლათ დარჩენ, იმდენს მტრობას აღარ ჩაიგდებენ გულში მთავრის წინააღმდეგ.

- მერე, რავა გინდა გაათავისუფლო ტყვეები, ოცი კაცი ახლავთ თოფებიანი...

- ესაა სწორეთ უკეთესი... ჩვენ არც კი გამოვჩნდებით. ჩვენი ექვთიმია ისე შეიპარება ბანაკში, რომ დამფრთხალი ყურდგელიც კი ვერ შეამჩნევს. ტყვეებს გაუჭრის თოკებს, ახსნის, თუ რომელიმეს ჯაჭვი აქვს, და მერე რავაც უნდათ, ისე ქმნან. აქაური გზა ქე იციან...

- ძალიანაც მინდა ბიძაჩემს ერთი ვასიამოვნო, - ბავშურის ჟინიანობით წამოიძახა ყმაწვილმა.

ექვთიმიას სახიფათო საქმე მიანდეს, გამოაწყვეს და გაუშვეს.

- ჩვენ გზა-ბოძალში დაგიცდით. ჭკუით იყავი, არ აჩქარდე. შენებურათ განგებ არ გააძნელო საქმე, - ეუბნებოდა ბეჟანი.

- აბა, რას ბრძანებ, ბატონო!.. თვალიდან ბეწვს ამოვაცლი მაგ მეგრელებს... შინ რომ მივლენ, დაიქადონ!..

ექვთიმია ძლიერ ნასიამოვნები დარჩა, რომ ასეთი ძნელი საქმე მიანდვეს.

..............

დილა იყო ცვარიანი. მზე კარგა მაღლა ამოსულიყო. გზა-ბოძალის ახლოს ტყეში მაღლობზე იჯდა ყმაწვილი. ყველს, პურს და ღვინოს შეექცეოდა.

- დაიგვიანა იმ ეშმაკის კერძმა, - გულმოსული ბურტყულობდა ბეჟანა, - რაღაცას იზამდა ისეთს...

- მოიცა, შე კაცო, სულწასული ნუ ხარ! - ამშვიდებდა ახალგაზდა.

ამ დროს გაიგონეს გზაზე მომავალთა არხეინი სიმღერა.

- ჩვენი ბიჭი არ იყოს, ჩაირბინე ერთი, ვარდენა! - მიუბრუნდა ბეჟანა იქვე მეჯინიბეს, რომელიც ლეღვის ნეშოთი ცხენს აურვებდა.

მალე ხმა შეწყდა და ამოღმართში გამოჩნდა ექვთიმია და სამი უცნობი ბიჭი.

- გამარჯობა თქვენი! - მისცა ყმაწვილმა სალამი.

- ღმერთმა გაუმარჯოს, დღე გრძელი მისცეს ვახტანგს! - მიაძახა ოთხივემ.

- აბა, ამათ პატარა საჭმელი მიეცი, ბეჟანა, და მერე გამოვკითხოთ ამბავი.

- რა გაღრიალებდა, ბიჭო, ამ გზაში, - გაუწყრა ბეჟანა ექვთიმიას.

- შე დალოცვილო, რომ არ გვემღერა, ხომ ავცდებოდით ერთმანეთს.

- მერე ამდენ ხანს სად დაიკარგე? - კიდევ უფრო ბრაზობდა მოხუცი.

- რატომ, ბეჟან ბატონო, და, - ექვთიმიამ ხმას დაუკლო, თითქმის ფუჩუნობდა, ექვსი თოფი მოვიპარე, ერთი საპირისწამლე და ორი დამბაჩა, თოფ-იარაღი ან ხელში ეჭირათ, ან თავქვე ჰქონდათ და სანამ ოსტატურათ გამოვაძრობდი, გევიდა დრო. მერე ესენი ყველა მოვიყვანე. ახლაც ცუდი ბიჭი ვარ? საპირისწამლე და დამბაჩა, ა, ბატონს მიართვი... თოფები კი, რომ გათენდა, ხის ღრუში შევინახეთ.

ბეჟანმა ამაზე ვერაფერი უპასუხა.

..............

ტყვეობისაგან გადარჩენილებმა, შინ რომ დაბრუნდენ, დაწვრილებით მოუყვენ თავისიანთ, რაც გადაჰხდათ. ხალხი გახარებული, აღელვებული და განცვიფრებული იყო.

ყოფილ ტყვეების დედები, ცოლები მფარველ ანგელოზს უძახდენ ვახტანგს. ვაჟები მორჩილებას უცხადებდენ. პატივსაცემლათ დიდი ნადიმი გადაიხადეს. ჯამებით სვეს არაყი. ღამე დათვების ტყავები გააგეს ეზოში; უნაგირის ბალიშები სასთუმლათ დასდეს; ნაბდები გადიხურეს და ყველამ მიიძინა.

დილაადრიანათ მოხუცნი, თავი კაცები შეიყარენ. კრება კი არ ყოფილა დანიშნული გამიზნულ საგანზე მოსალაპარაკებლათ, ისე შეხვდენ ერთმანეთს ერთის გრძნობით, ერთის ტკივილით შეწუხებულნი.

- ახლა რა ვქნათ? - კითხულობდა ერთი.

- რა უნდა ვქნათ?

- მივენდოთ ვახტანგს!..

- მიენდე, მარა ლევანისაგან დაგვიფარავს?

- ახლა ლევანს ცხენოსანი ლეკები მოსვლია. სულ თოფ-იარაღში არიან ჩამჯდარი. ჩვენსავით კი არ არიან ნაჯახისა და შვილდისრის ამარა.

- მთავარმა ხომ უარი გვითხრა?

- გელოვანს გაუგზავნოთ მოციქულები...

- უარს გვეტყვიან, ვახტანგის ნათესაობას არ გასტეხენ.

- აბა რა?

- ისევ ლევანი მოვალბოთ.

- ისევ ლევანი შევიჯეროთ.

- რანაირათ?

- ძნელია.

ყველა საგონებელს ჩავარდა.

- მიუგზავნოთ მოციქულები.

- ტყუილია, არ დაგვინდობს.

- რაც იქნება, იქნეს.

- რას ამბობ, ამოგვწყვეტს დედაბოძიანათ!

- მივართვათ ძევალი.

- მე არ წავალ, ძმაო, და ვინც გინდათ ის გაგზავნეთ, ერთი ჩემი წარბის შეხრა ან ჩოხის კალთა არ მოეწონება და თავს გამაგდებინებს.

- ვახტანგი მივგვაროთ!..

- რას ამბობ, შვილი გადამირჩინა!

- შვილი გადაგირჩინა, თვარა შენის ცოდვით იწვებოდა და იმიტომ! ჩვენს დახმარებას ელოდა!

- გადაგვარჩინა იმიტომ, რომ მონებათ უნდა ვეყოლოთ სამარადისოთ.

- ბიჭო, სტუმართმოყვარეობას რას ეუბნები?

- მთავარი აღარაფრათ აგდებს სტუმარს და მეფე; შენ ვისი ტიკი-ტომარა გამოჩნდი!

- როცა გინდა, სტუმარს ძალიან აფასებ და ხანდახან კი ერთი ხანჯლისთვის სჭრი კისერს.

- რავაც გინდა, ხალხო!..

- წავიყვანოთ ვახტანგი, მივართვათ ლევანს, შევფიცოთ: დღეიდან შენი ყმა ვიქნებით-თქო. ვახტანგის ეშინია ლევანს. თუ მას ხელში ჩავუგდებთ, ყველაფერს გვაპატიებს; ისე კი დარბევას ვერ გადავრჩებით; ცაში რომ ავიდეთ, იქ დაგვფლეთს ქორებით!

- წავიყვანოთ, მადლია!

ამ ლაპარაკზე ახალგაზრდობაც შეიკრიბა. ყოფილი ტყვეებიც ჩაერიენ. ბევრი უკმაყოფილო იყო, მაგრამ უფროსების წინააღმდეგ მხოლოთ აქა-იქ ისმოდა ხმა.

- ჩუ, შენი საქმე არ არის. შენთვის ახლა არ ავაკლებინებთ სოფელს.

მხლებლები გაიტყუეს. ვახტანგი მარტო დარჩა. ყმაწვილი მიხვდა, თუ იგრძნო, რაც ხდებოდა:

- მიღალატეთ, ხალხო?

- შენ ხელს არ გახლებთ, ბატონო, თუ არც შენ ინებებ წინაამღდეგობას. ასე, როგორც ბრძანდები, წაგიყვანთ... თავს ნუ შეგვარცხვენინებ...

- ვიცი, კარგი!

- სიტყვა მოგვეცი.

- ბიჭებს რა უქენით?

- შეკრული არიან.

- მაშ, სად წამიყვანთ?

- ლევანთან.

- ეს ხომ სულ ერთია, რომ მომკლათ.

- არ მოგკლავს. იცის, რომ შენი მოკვლა იაფათ არ დაუჯდება. შენ ძევლათ ეყოლები... ვინ იცის რა მოხდება?!

- კარგი კარგისთვის ვის უქნია? მადლი აქვს ღმერთს? ბიჭები მაინც გაუშვით. ლევანი იმათ მიყვანას ყურადღებასაც არ მიაქცევს, მე კი ამ ბეჭედს მოგცემთ. ღმერთს შესწირეთ, ცოდვას მოინანიებთ.

- კარგი, ბატონო.

ვახტანგმა იარაღი დაყარა და ბეჭედი თითიდან წაიძრო.

ბიჭები გაანთავისუფლეს.

- წადი, ჩემს შვილს მოუარე. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, ჩემო ბეჟანა.

- რა თვალით მივიდე ქალბატონთან?

- მიქენი წყალობა, თან წამიყვანე.

- არა, იქ უფრო საჭირო ხარ. მე ღმერთი დამიფარავს.

ექვთიმია ტიროდა ხმამაღლა.

- ნუ დამიწყე აქ ზარი! - ჰკრა ვიღამაც მუჯლუგუნი პატარა ბიჭს.

- ზარი მოუვიდა და ზანზალი თქვენს კაცობას! - დაიყვირა ბავშმა.

..............

ლევანს დილით ეახლენ მთავრის ხელცალიერი ჯარისკაცები, მიართვეს წერილი და აუწყეს, როგორ გაექცათ ტყვეები.

ცუდ გუნებაზეა ბატონი, - თრთოდენ სასახლეში მცხოვრებნი.

..............

ლევანი და ციცინო სერზე მდგომ ფანჩატურში ხილს შეექცეოდენ. ჭიშკარს მოადგა ასიოდე ქვეითი და ერთი ცხენოსანი.

მეციხოვნემ ადრევე შეატყობინა ლევანს, უიარაღო ხალხი, ტყის-პირელნი უნდა იყვნენ და გვიახლოვდებიანო.

- შემოუშვით!

ჩამოვიდენ ეზოში. ვახტანგი წინ დაიყენეს და ლევანს მიუახლოვდენ.

ციცინო წამოწოლილი იყო და გულგრილათ შესცქეროდა სანახაობას.

- შეგვინდე! ნუ გაგვწყვეტ! ორი ბიჭი გაბრიყვდა. ჩვენ არაფერ შუაში ვართ, - ყვიროდა ხალხი. - ვახტანგი მოგიყვანეთ მაგიერათ. სტუმარიც არ დავზოგეთ შენთვის.

- ასე იცით: საქმეს წაახდენს რეგვენი, ფათერაკს დააბრალებსო. მაგრამ მომიტევებია თქვენთვის. აწიც ერთგულათ იყავით. მეც არ დაგაკლებთ წყალობას. მადლობელი ვარ, რომ ვახტანგი სტუმრათ მომიყვანეთ. ახლა გასწით თქვენ-თქვენ სახლში. მზათ იყავით, დიდი ომები მოგველის. რომ დავიძახებ, ქუდზე კაცი გამოდით. რისხვაც ვიცი და წყალობაც.

- კი, ბატონო, ყველა, ყველა გამოვალთ!

- ხვალ ჩემი კაცები წამოვლენ და საქონელს ჩამოგიყვანენ საჩუქრათ: რასაც გაზდით, ნახევარი თქვენ და ნახევარი მე. ოც ხანჯალს გამოვგზავნი, ათ ლეკურს. მოუარეთ. თუ კარგად მემსახურებით, მერე თოფებსაც მოგცემთ.

- გვიდღეგრძელოს ღმერთმა შენი თავი. სულგრძელი ხარ, სულმნათი დაგადგება თავს! - ყვიროდენ ქალები და კაცები.

ლევანი დაცინვით გაჰყურებდა მხიარულათ მიმავალ ხალხს. ვახტანგი უხმოთ იდგა. ციცინო უფრო და უფრო დაკვირვებით აჩერდებოდა ყმაწვილს და მის სახეში ეძიებდა ყოფილ ბავშობის მეგობარს, ხშირათ შეხუმრებულს...

- ეს კი საკანში წაიყვანეთ, ბიჭებო! - ბრძანა ლევანმა.

უხეშ ბელტათ მოხვდა ციცინოს სიტყვები: „საკანში წაიყვანეთ!” ასჯერ უნახავს საკანში წაყვანილი, ყურმოჭრილი და გაწკეპლილი, მაგრამ ყურადღებაც კი არ მიუქცევია. რა აწუხებს ახლა? ნუთუ თანაგრძნობა გამოიწვია ამ საერთო მტერმა, თუ სიტყვასთან ერთად გაიღვიძა უმანკო ბავშობის მოგონებამ. აი სურათი ბავშობისა: ვახტანგი დასდევს ცოტა უფროსს ციცინოს, დაიჭერს, ყელზე მოჰხვევს ხელს. ხან გრძელ ნაწნავს სტაცებს ხელს და მიერეკება ბავშს „აჩუ-აჩუს“ ძახილით.

რათ იყო მაშინ ისე უმანკო ამბორი? რატომ არ მოწყინდებოდა ვახტანგთან სირბილი, ჩხირობიას თამაში, ზღაპრების თქმა. მერე არ ყოფილა კაცი, რომელიც დიდის ხნით ართობდეს, უყვარდეს, რომელთანაც სურდეს ჯდომა, ლაპარაკი, ალერსი.

ვახტანგი გადიკარგა. ამბობდენ, განსხვავებულათ აღზარდა დედამო. ძველ რაინდებს აგონებს ყველას თავის პირმთქმელობით, ვაჟკაცობით, გულწრფელობითო. გულცივია, როგორც ფოლადი, სხვა ქალებთან, თავის ცოლ-შვილის მხურვალე მოყვარულიო. მეგობრობას ადვილათ არ იწყებს, მაგრამ საიმედოა დედასავითო.

ასეთი კაცი მომაქცევს ყურადღებას? რათ მინდა, რომ მომაქციოს? ჩემს ბინძურ სხეულს სპეტაკი ვაჟი ისე არ მოუხდება, როგორც მწვანე კაბა შავგვრემან ქალს.

ციცინოს იმ დღეს თითქმის არავისთან ულაპარაკნია, სამოახლოში შევიდა, მაგრამ მომუშავე გოგოები დადუმდენ, მუშაობას უმატეს.

- აქაც უცხო ვარ! - დაღონებით სთქვა ქალმა და საწოლში წავიდა.

ლევანი მიუჯდა ლოგინთან, დაუწყო ალერსი, მაგრამ ქალმა ზიზღით უთხრა:

- დამეხსენი, არა ვარ მაგის გუნებაზე.

- დღევანდელი შექცევის შემდეგაც? აკი თვით მიწვევდი?

- დამეხსენი! გეუბნები - თავი მტკივა.

ლევანი გაშორდა.

გარეტიანებული დაიარებოდა ქალი. ყოველი წვრილმანი მოაგონდა... ვახტანგმა პატარაობისას გველი მოჰკლა, რომელიც ციცინოს კბენას უპირებდა. ერთხელ ვახტანგმა დანით ხელი გაიჭრა, ციცინომ ტირილი დაიწყო. ვახტანგმა უთხრა, ოღონდ ნუ იტირებ და აღარ მეტკინებაო...

..............

საქალებოში ჩვეულებრივი მუშაობა იყო გახურებული. ერთი ართავდა და მღეროდა:

ახლა დილიმე, დილიმე,

დამტოვე დაბნედილი მე,

კაბისა ზორტი შემიხსენ

და პერანგისა ღილი მე.

ნეტავი როდის მეღირსოს

შენთან წოლა და ძილი მე?

თვალ-ქოჩორ გადახატულო,

ტანი ალვისა, ჭირიმე.

მეორე პენტავდა; ერთი ქსოვდა წინდას, მეორე ხვეწდა; ზოგი სჩეჩდა მატყლს. ორი აჩიხრიხებდა ბამბას. ერთმანეთს უამბობდენ მეფის შვილის და მებატის ქალის ზღაპარს...

ერთი დამჯდარიყო იატაკზე, გარა დაედგა წინ და ყაისნაღით ჰკერავდა ბალიშის პირს. პატარა ფეხშიშველა გოგო გამდელის ფეხის წინ იჯდა და ვიღაცის ბარათზე კითხვას სწავლობდა, გადია ხანდახან წაჰკრავდა თავში ხელს და გაუსწორებდა:

- მანდ „გულს გეამბორები“ სწერია, შე სასიკვდილე! „დაუვიწყარი“, გოგო, „დაუვიწყარი“, ათასჯერ გითხარი!

ერთი ოქრომკედით ქარგავდა ქალბატონისთვის გულისპირს, მეორე რეცხდა საცვლებს, მესამე აუთოვებდა. გადია სჭრიდა კაბას.

მეორე ოთახიდან, სადაც სამ საქსოვზე დარაიასა და შალს ქსოვდენ, მოისმოდა ხმაშეწყობილი სიმღერა:

დედის ერთა გოგო ვარ -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

მამა ტიტველი დადის -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

ტყეში მეძახის ბიჭი -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

თავს დამჩხავის გადია -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

მაქვა გარბის-გამორბის -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

დღე ღამითა იცვლება -

ვქსოვ, ვქსოვ, ვქსოვ!

ამ დროსვე თავის ოთახიდან აგერ ოცი წელია გარეთ გამოუსვლელს დიდ ქალბატონს დესპინეს და ორს დახელოვნებულს გოგოს თარგზე გამოჰყავდათ ძვირფასი ფარჩიდან ოლარი და ფილონი.

- გამდელო, ქალბატონმა გიბრძანა, ხვალამდის შეაკერინე ორი წყება ქინასუსის პერანგი და აბრეშუმის მისი ამხანაგიო. გააფერვინე წუმწუმა, სურა და ტაშტიო, - შემოიძახა საქალებოში შემოსულმა ქალბატონის მესაიდუმლე გოგომ.

- ვისთვის უნდა, თუ იცი?

- ვახტანგისათვის, მგონია.

- ღმერთო, შენ კი დამიცავი! იმ საკანში თუ ვინმე მოხვდა, უსათუოთ საყვარლად გაიჩენს, ნამდვილათ ჯადოა იქ დამარხული.

- შე ქალო, ახალ ქალბატონს რაღა ჯადო ეჭირვება... ყელზე ეხვევა და კალთაში უგორდება ყველას, - გააწყვეტინა გადიას მოხუცმა დედაკაცმა.

- წინა ქალბატონებიც რომ ისე იყვნენ, შენი გაზრდილი ვარდოც რომ იმ საკანში დაორსულდა! - გამოექომაგა თავის ქალბატონს შემოსული გოგო.

- ე, ეხლანდელ დროს აგინებთ ყველა და წინეთ რა ყოფილა, ღმერთმა იცის!..

- ჩქარა, ჩქარა, ძღაბებო, ჩვენს ლაპარაკს ნუ უგდებთ ყურს, თქვენთვის იმღერეთ და ისაქმეთ, - გადასძახა გადიამ ქალებს. - ძველ ზნე დაცულობას, ქმრის ერთგულებას არც მე მოვსწრებივარ, მარა ერთხელ შეცდებოდა ქალი; ერთს გოგოს გაუაპტიურებდა ვაჟი. ისიც ნამუსათ იყო შენახული. ახლა რომ აღვირახსნილი ჩხუბი აქვთ ქალებს ვაჟებზე, რძალი რომ მაზლის ლოგინში დაწვება დაუკითხავათ, ეს არ იყო, სული არ წამიწყდეს! ვაჟები ხომ ვერ გეტყვიან, რომელ ქალს შეუჩნდენ და სად როდის იწვენ... ფუი, ფუი...

- ჩვენი დიდი ქალბატონიც არ აკლებდა, თურმე, ხელს თავის დროზე…

- ტყუილია, ტყუილი! ქმარი რომ მოუკვდა, მოურავთან ცხოვრობდა. ის იყო და ის...

- ბერი, მარტვილელი ბერი რატომ აცემინა ლევან ბატონმა? - გადიკისკისა გოგომ.

- ის იყო თქვენი დრო დეიწყო; თვითონ ბერმა გაბედა... იმედი ჰქონდა, მდიდარი ქალბატონია და რამეს მომცემსო. ქალბატონიც სამოცი წლისა იყო. იამა, კიდევ შემიძლია ვაჟის მოხიბლვაო.

- ახლა ჩვენ დაგვაბრალე შენი ლამაზიაც!

- ჰო, მე ერთი შვილი მყავდა, ერთადერთი ლამაზია მყავდა. დიდ ქალბატონს ორი საყვარელი. შენ კი ჩამოთვალე შენი ბიჭები და გოგოები და შენი ქალბატონის კუროები!..

- კაია! კაი! გააკეთე, რაც ქალბატონმა გიბრძანა. ხვალ შემოვალ წასაღებათ.

გოგო გაიქცა.

..............

... საპატიმროში ყოფნა არც ისე ცუდი ყოფილა, როგორც პირველ შემოსვლისას მეგონა, - ფიქრობდა ვახტანგი. - დიდი ოინბაზია ლევანი, უნდა აჩვენოს ქვეყანას, რომ კანონიერათ იქცევა. აბანოშიც წამიყვანეს, საცვლები მომცეს, ეს ოთახიც ფუფუნებით მომირთეს. საჭმელს და სასმელს საუკეთესოს მიგზავნიან. მაგრამ ნოხები, მოჭედილი სარკე, სავარცხელი და ნელსაცხებელი კი გადაჭარბებულია! საკანს არ შეჰფერის. გამიშვას ბარეღამ. ჩემს სიღარიბეს დასცინის? უნდა ცხოვრების ნამდვილი გემო მაჩვენოს და მერე ფულით მომიყიდოს? ან ტკბილი ცხოვრების ოცნებაში ნელა შემომაპაროს სიკვდილი? ღმერთია მოწყალე, რაც იქნება, იქნება!

კარები გაიღო და შემოვიდა ქალი.

უცხოთ იყო ჩაცმული.

პატიმარი წამოდგა.

- ვახტანგ, ვერ მიცანი?.. თუ არ გინდა მიცნო?

- რატომ არა, გიცანი. ბიცოლა ხარ ჩემი! - ყმაწვილმა განსაკუთრებულად წარმოსთქვა სიტყვა “ბიცოლა”.

- ცოლშვილიანს მაზლისწულს, - საყვედურითვე უპასუხა ქალმა, - კიდევ კარგი, რომ არ დაგვიწყებივარ სრულიათ.

- პატიმარს ბევრი რამ მოაგონდება ბატონის შესახებ... - მწარეთ გაიღიმა ყმაწვილმა.

- მე ბატონათ არ მოვსულვარ.

ორივე სდუმდა.

- მე ვახტანგთან მოვედი, პატარა ვახტანგთან, ერთხელ ჩემს თმებს რომ შვილდის ლარად მთხოვდა.

ეს მუდამ მბრძანებელი ქალი ახლა სუსტ, თვინიერ მოახლესავით ლაპარაკობდა.

ვაჟი არაფერს ეუბნებოდა.

- ვერ მოვითმინე, არაფერს გთხოვ, არაფერი მინდა შენგან, მაგრამ მსურს გითხრა, თუ როგორ უშრეტათ მიყვარდი, დავიწყებული სიყვარული დღეს ორკეცის ძალით გაცოცხლდა. - ქალმა მხარზე ხელი დაადვა ვახტანგს. ვახტანგმა უკან დაიწია. ხელი დასრიალდა და უღონოდ დაეცა ქალის კალთას.

საკვირველია, ციცინოს ეს არა სწყენია.

- შემიყვარე ისევ...

- ბიცოლა, რას ამბობ? მე ცოლი მყავს...

- მართალი ხარ, ნუ შემიყვარებ. მე კი მეყვარები, დღეიდან წმინდა ნაკადულს სიყვარულისას აღარ შევსვრი ვნებათაღელვის წუმპეში. ხელს მაკოცნინე მაინც...

- არა, არა. ბიცოლა, რას შვებით?..

- ღმერთო, ვინც მე მიყვარს, ვეზიზღები, ვინც არ მიყვარს, თავს იკლავენ!

ქალმა საკანი დასტოვა.

..............

ვახტანგის განთავისუფლებული მხლებლები მთელი გზა მოწყენილი, თვალცრემლიანი, მკვდარივით უხმოდ მიდიოდნენ. ვახტანგისაგან ცუდი სიტყვა არ გაუგონიათ; დახმარება და ხელის გაწყობა კი ათჯერ უნახავთ. გულკეთილი ვაჟკაცი ხიბლავდა ბიჭებს. ბეჟანა, ნინია და ერთი ლეჩხუმელი ახალგაზრდა ბიჭი ხანდახან ხმამაღლა ტირილსაც კი იწყებდენ. ბეჟანა თავის გაზრდილს სტიროდა, ნინია ძუძუთა ძმას და ლეჩხუმელი ბიჭი - ნათლიის სიძეს. როგორ გამოჩენილიყო ბეჟანა ქვეყანაში, როცა გაზრდილი დაუჭირეს და თვითონ კი გადარჩა? ამას ხომ ყვერულობა ჰქვია და არა კაცობა. დედა ხომ თვალში მიაფურთხებდა ნინიას, ჭირში როგორ დასტოვე ჩემი ძუძუთ გამოკვებილიო, ჩემი აკვანნარწევიო. რას იზამდა ლეჩხუმელი, როცა დააყვედრებდენ, მირონობა არ გცოდნია, შეგირცხვა ნამუსი და ვაჟკაცობაო.

როცა ბატონის ეზოს მიუახლოვდენ, გულის ცეცხლს შიში დაემატა: განრისხებული ბატონი თვალს ამოგვთხრისო!

ჭიშკრიდანვე დაიწყეს მხლებლებმა საშინელი ზუილი, ტირილი, ყვირილი, მხოლოდ ბეჟანის სიტყვებს გაიგებდა კაცი.

- დამთხარეთ თვალები, მომკალით! - იძახდა ბეჟანა.

- რა დაგემართა, ბეჟანა? - მიაძახეს აივნიდან ქალებმა.

- სიკვდილი და არ გადარჩენა ბეჟანს!

- თქვი, ნუ გამომიყვანე მოთმინებიდან!

- რა მაქვს სათქმელი!

- ბებერო, კაი არაფერია, ვიცი... ნუ დაადნე გული.

- დევიღუპე...

- ბებერო ძაღლო, არ გაათავებ როშვას! ადამიანური სთქვი, რა უყავით ვახტანგს?

- დაიჭირეს!..

- მერე თქვენ რათ არ ჩაკვდით?!.

- არა ქნა, არ მომაკვლევინა თავი...

- ვინ დაიჭირა?

- ლევანის კაცებმა.

- ვაიმე, შვილო! არ გაძღა ის ვეშაპი ჩემის ოჯახის სისხლით. მთელი სასახლე შეკრებილიყო აივანზე: ბიჭები, ქალები, გოგოები.

- ბევრი ლაპარაკის დრო აღარ არის, უნდა მოვისაზროთ, როგორ ვუშველოთ, - წარმოსთქვა უფროსმა ვაჟიშვილმა.

ამ სიტყვებზე ქალებმა, მოსამსახურეებმა - ყველამ უთქმელად დასტოვეს აივანი.

ოჯახის უფროსის და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა დარჩა მხოლოდ მოურავი, სახლთუხუცესი და ნათესავებისაგან ლტოლვილი და ამ ოჯახში ჩამოსიძებული სვანი გარდაფხაძე. მაგრამ უკანასკნელნი თვითონ არაფერს ამბობდენ და მხოლოდ უცდიდენ, რას მიანდობდენ ან თუ რამეს დაეკითხებოდენ.

- მე ახლავ სვანეთში წავალ, იქ ას კაცს მაინც შევკრებ. აქ გედევანიც კმარა, ჩვენს ხალხს იარაღს ააღებინებს; თქვენ, ბაბუა, იმერეთში გადაბრძანდით... აზნაურები ლევანის უკმაყოფილონი არიან და შენ თუ სათავეში ჩაუდგები საქმეს, თავს არ დაზოგავენ.

- დინჯათ, ბაბუა! - უპასუხა მოხუცმა.

- სანამ ჩვენ რჩევაში ვიქნებით, ვახტანგს რამე საშინელს სწევენ.

- არა! ლევანი არ აჩქარდება. ის მოხერხებული კაცია და სხვაგვარათ მოაწყობს საქმეს. თანაც ლევანი ახლა განგებ დაიწყებს ყოყმანს, რომ ნათლად გაიგოს, ვინ როგორის გულითაა მასთან.

• მაშ?!

• ჩვენ ამ საქმეში იარაღით ვერ ჩავერევით.

- რატომ? ლევანის მოხარკე ვართ თუ?

- ლეჩხუმზე დიდი ხანია თვალი უჭირავს ოდიშის მთავარს. ჯერ კიდევ რიდი აქვს ჩვენი, რადგან იცის, იმერეთის მეფე გვწყალობს, როგორც კი ლევანს დავეცემით, მეფე ჩვენზე ხელს აიღებს და მთავარს მადა გაეხსნება ჩვენდა ჩასაყლაპავათ.

- ვერ მოგვინელებს! კისერში გავეჩრებით! - ბრაზით წამოიძახა პატარა გედევანმა, რომელსაც მოსწყინდა ბაბუის ნაჩუქარი ლეკურის ნაბდებზე სინჯვა და ძლიერ უნდოდა ცოცხალ ადამიანის შუბლსა და გულ-მკერდზე დაენახა მისი სიმახვილე.

- დარწმუნებული ვარ; მაგრამ დაძაბუნებულს ბრძოლაში იმერეთის მეფეც ისე მოგვეპყრობა, როგორც იმერეთის სხვა მებატონეებს.

- მაშ, მივუტოვოთ ვახტანგი ლევანს საწამებლათ?!

- საშინელი დრო დგება. ღმერთმა ინება და ჩემს ერთადერთს ვაჟს მე დავუკრიფე ხელი, დავუხუჭე თვალები და დავმარხე. შენ ხარ ჩემი მემკვიდრე და მიიღე, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელი დარიგება. ეს ოჯახი არც მე დამიარსებია და არც შენ. მისი დაქცევის უფლებაც არ გვაქვს. ღმერთია მოწამე, ვახტანგი უფრო მიყვარს, ვიდრე შენ. მასში უფრო ვხედავ ჩემი სიყმაწვილის განხორციელებას. იგი მომაგონებს განსვენებულ ბაბუაჩემს, რომელიც ძლივს მახსოვს, მაგრამ რომელიც ნათლათ თვალწინ მყავს დახატული, იმდენი გამიგონია მასზე. მაგრამ სანამ უფროსი მე ვარ, ვერ დავანგრევ ოჯახს მისის გულისთვის. გული მიკვდება, მაგრამ რა ვუთხრა ჩვენს ღმერთს, რა ვუთხრა იქ წინაპრებს?

- მე რომ დაჭერილი ვყავდი რაჭის ერისთავს, მაშინ რათ გამოიმეტე მთელი ოჯახი?

- ოჯახის შვილის დაცვა სხვაა და ნათესავის კიდევ სხვა!

- ბაბუა, გზას გვიხშავ, მაშ რა ვქნათ? - ვერ მოითმინა გედევანმა.

- რა ვქნათ? - ჩაფიქრდა მოხუცი.

- აი რა ვქნათ, - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ განაგრძო მოხუცმა, - ნინია სვანეთში წავა. იქ გაზდილია ვახტანგი. ძმათშეფიცული ბევრი ჰყავს. სვანებს ერთის სიტყვის თქმის მეტი არა უნდათ რა. ყველანი წამოვლენ... ბეჟანა ვახტანგის მამულში, ერთგულ სოფლებში გადავა. ჩიქოვანებში სადიკო წავიდეს. მე თვითონ შევკრებ ლევანის აზნაურთა მეთაურებს... პირადათ მივალთ, ვთხოვთ. ლევანმა იცის, რომ ჩვენც ხალხი გვქვია და მეგობრობის გაწევა შეგვიძლია.

- ჩვენ არაფერში გავერიოთ?

- არამც და არამც! თუ ვისმე ჩვენიანს მოუნდება, შეუერთდეს ჩიქოვანებს, არ ვუშლი, ჩემი ჯარი კი ვერ წავა, მე ვერ გამოვიწვევ...

- მეთაური არ უნდათ?

- გლახუა შენზე უკეთ უწინამძღვრებს აქაურებს, სვანეთში კი თენგიზი ყოველთვის მეთაურია, თუნდაც ვახტანგ გორგასლანი გამოჩნდეს.

- აბა, როგორც გითხარით, ისე დაგზავნეთ კაცები. ბიჭო, ჩემი ცხენი შეკაზმე. ორი მხლებელი გამყვება მხოლოთ... კაი ცხენები ამოურჩიეთ იმათაც. საჩქაროთ, შორი გზა გვაქვს...

ბაბუამ და შვილიშვილებმა ასე დაათავეს მოკლე და ჩქარი თათბირი.

ბატონი გამოეწყო. ერთი ცხენი სამეჯინიბოდან გამოიყვანეს, ორი თავლიდგან.

მოხუცი შეჯდა. კუპრივით შავი მთა-ცხენი მოხუცის გრძელი თმისა და წვერ-ულვაშის თოვლმა დაფარა.

შუა ეზოდან მოხუცმა ცხენი შემოაბრუნა, მოვიდა კიბესთან, სადაც ყმაწვილები იდგენ. თვალი თვალში გაუყარა და მრისხანეთ ბრძანა:

- ჩემს სიტყვას არ გადახვიდეთ. სახლიდან არ დაინძრეთ, თორემ ჩემივე ხელით გამოგჭრით ყელს!

- თქვენი ნებაა! - თავმდაბლად უპასუხეს ყმაწვილებმა.

..............

- გამიშვი, ლევან...

- სად, ციცინო? ნუთუ აღარ გიყვარვარ...

- მიყვარხარ, მაგრამ სხვა სიყვარულით... ბევრჯერ დამტკბარხარ ჩემი სხეულით, ბევრი ნეტარი დრო გაგიტარებია... ახლა სულზედაც მსურს ვიფიქრო, მე ხომ ცოდვილი ვარ, არც შენა ხარ წმინდანი. დროა ღმერთიც მოვიგონოთ... მუდამ ხომ ცას ვერ გამოვეკერებით, - და ქალი წმინდა სიყვარულით უსწორებდა ლევანს ჟღალ თმას, თითქოს დედა არის და არა საყვარელიო. მთელი სახეც აღარ იყო ვნებათა აღმძვრელი, არამედ ლმობიერი. ფერმკრთალი, გონებით გაბრწყინვებული, მაღალის გრძნობით გასპეტაკებული.

- იცი, ციცინო! შენ უსათუოთ ორსულათ ხარ და იმიტომ უცნაურობ...

- ჰო, ლევან! ყოველი ადამიანი ორსულია. მხოლოთ რომელი სული როდის გამოჩნდება, იმაშია ბედი...

- როგორ ქადაგივით ლაპარაკობ რაღაცას ჩასაფიქრებელს, მაგრამ გაუგებარ სიტყვებს?

- რომ იცოდე, ლევან, ამ ოთხ დღეში რამდენი ვიფიქრე ამ ორ სულზე, ამ ორ სურვილზე. ღამეები არ მიძინია, დღეები კარში არ გამოვსულვარ. არიან ხომ ადამიანები, რომელთაც დიდი წმინდა აზრი, მიზანი აქვთ, ჰყავთ ერთი საყვარელი არსება და მუდამ ერთგული რჩებიან მისი. ჰყავთ შვილი და მოელიან მის ბედნიერებას. სწამთ ღმერთი და გრძნობა სავსე აქვთ სასოებით. ასეთს ადამიანებს არც სიკვდილის ეშინიათ, არც სინიდისი ჰქეჯნით. ცხოვრების მოვალეობა მოუხდიათ. განა არ შეიძლებოდა ყველა ასე ყოფილიყო?.. განა ყველას ასეთი წმინდა მეორე სული არ უდგას, ჭუჭყისა, ფუქსავატობისა და უმიზნობის სამოსელში გახვეული? ოჰ, ერთი ბავში მაინც მყოლოდა, რომ მისთვის გადამეცა ეს დღევანდელი ჩემი რწმენა. ცხოვრებამ ბევრი მასწავლა...

- ბატონო. სტუმრები გეახლენ! - მოახსენა სახლთუხუცესმა ლევანს.

- სასტუმროში მოასვენე.

- ერთის წუთით მოვიდენ. ეჩქარებათ, ბევრი გახლავან.

- ვინ არიან?

- ლეჩხუმელი ბატონი გახლავთ და თქვენი აზნაურები.

- ახლავ! სთხოვე შემობრძანდენ.

ციცინო გავიდა.

სტუმრები შემოვიდენ.

- მშვიდობა სახლსა ამასა და გამარჯვება ბატონ ლევანს, - მიესალმა მასპინძელს ლეჩხუმელი.

- ღმერთმა მშვიდობა მისცეს მტერთა შემმუსვრელს ყარამანს! - უპასუხა მასპინძელმა. - გამარჯობა თქვენი, - მიუბრუნდა ლევანი აზნაურთ.

- ღმერთმა გაცოცხლოს და თქვენი წყალობა არ მოგვაკლოს!

- დაბრძანდით, ბატონო!

ყარამანი დაჯდა.

- თქვენც დაბრძანდით, თქვენი სახლია!

აზნაურები ჩაემწკრივენ კარებთან მდგომ გრძელ ტახტზე.

სუფრასთან იჯდა მხოლოთ ყარამანი და ლევანი.

მოიკითხეს ერთმანეთი. ოჯახი, ჯალაბი, ჯარი და სიმრთელე.

- ჩვეულებას ახლა აღარავინ უყურებს; მე კი მრცხვენია, რომ ვერ ავასრულე - ვერ მოგართვი ძღვენი. ჩქარა გეახელი სახლიდან. მაინც ნება მომეცი, მცირე რამ სამახსოვრო მოგართვა, - და მოხუცმა წელიდან ამოიღო სპილოს ძვლის კონდახიანი დამბაჩა; ჩახმახის ენა, ფეხი, ფეხის სალტე და მიზანი ოქროთი იყო მოსევადებული. ტარზე კი ხელჩართულის ოქროს ასოებით ეწერა: „ფრანგული ლულა მოვჭედე და ბუდეში ჩავსვი ოქრომჭედელმა ფილიპემ კახეთის მეფისთვის. ბადალი არა მყავს“.

ლევანი დიდხანს უყურებდა დამბაჩას, ნამდვილათ კი ფიქრობდა, რითი გადავუხადოვო.

- ასეთი საჩუქარია კაცის გულის გამხარებელი. ვიცი, მწიგნობარი ხარ, გიყვარს წიგნის პატივისცემა და ნება მომეც, მოგართვა ეს უბის წიგნი.

- გმადლობ, ლევან! ძვირათ მინახავს ასეთი მოხატული წიგნი ასეთს მშვენიერს ქაღალდზე. ყდაც საუცხოვოა. ერთი ჟამნი მაქვს მხოლოთ ასეთი, მაგრამ აკლია ფაქიზათ შემოჭედილი ყდა და საკინძური.

ორივე გაჩუმდა.

- ლევან, შენთან დიდი საქმე მაქვს. ესენიც მახვეწარნი არიან.

- ჭეშმარიტათ გთხოვთ! - აზნაურები ადგენ.

- დაბრძანდით ახლა სტუმრები ხართ!

- მოკლე სიტყვა მარტო შაირში არ არის კარგი, საქმეშიც სასურველია, მოგვეცი ვახტანგი.

- ბატონო, ეს საოჯახო საქმეა, თქვენ რათ გარჯილხართ?

- მართალია, ლევან, მაგრამ ვახტანგი შვილზე მეტათ მიყვარს. თუ ჩემს თხოვნას არ დააგდებ, მეც კაცი მქვიან.

- შენი მეგობრობა - წყალობაა! ვახტანგი დიდი დამნაშავეა ჩემს წინაშე.

- სამართალში გადით.

- მეც ეს მინდა.

- მომეცი ყმაწვილი და როცა გენებება, სადაც გენებება, იქ მოგიყვან.

- შენ ვინ არ გენდობა, მაგრამ ვახტანგს ჩემს მეტი ვერავინ დააკავებს. ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი თუ დაიჭერს.

- ჩემს შვილს გამოგიგზავნი მძველათ!

- ბატონები სტუმრათ სასიამო არიან, მაგრამ მათ სამსახურს მუდამ ვერ მოვახერხებ, - ხუმრობით უკუაგდო წანადადება ლევანმა.

- რა დაგიშავა მაინც ვახტანგმა?

- ციხე დამინგრია შენსავე საზღვარზე; გლეხები ამიჯანყა.

- შენი ციხის პირდაპირ მე თვითონ მაქვს გამაგრებული ციხე. სამოცი კომლი გლეხი ახლავს ირგვლივ. მიირთვი საწინდრათ, შენის ჭირის სანაცვლოდ დარჩეს, თუ გამტყუნდება და ვერ გადაგიხდის საუდიეროს.

- ლეჩხუმში მამაჩემს არაფერი ჰქონია და პეპერაჩემს. მე ვერ მოვიდგამ ფეხს. ან კი, ბატონო, რათ იწუხებთ თავს? ვახტანგს მეფეს მივგვრი, მან გაასამართლოს, როგორც სურდეს.

ყველასათვის აშკარა შეიქნა, რომ ლევანი ეძებდა საშუალებას, როგორმე და უსათუოთ დაეღუპა ვახტანგი და ახლა მხოლოთ დროს უცდიდა.

- მუდამ შენი თაყვანისმცემელი ვარ, ლევან. აღტაცებით ვიგონებ იმ დროს, როცა ოსმალები განდევნე ქუთაისიდან და ციხე შენ კი არ დაისაკუთრე სხვებსავით, არამედ მეფეს გადაეცი. მე არ მავიწყდება, რომ ბაგრატის ტაძარში ოსმალთა ცხენების ჭიხვინის მაგიერ მლოცველთა და მგალობელთა გუგუნი შენი წყალობაა და დღეს პირადის ანგარიშით ნუ შელახავ შენს სახელს, - უკანასკნელად სინჯა გელოვანმა.

- ნუ ინებებ, ნუ ინებებ, ლევან, ვახტანგის დაღუპვას. ბაბუათქვენს ცხრა ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ერთზე - მამათქვენზე დადგა. თქვენ უშვილო ბრძანდებით, - ჩაერია ლაპარაკში მოხუცი აზნაური.

- როდიდან დაიწყე ჩვენს ოჯახზე ზრუნვა, ხახუტა, - გააწყვეტინა სიტყვა ლევანმა, - თუ გინდა, ჩვენის ოჯახის დანაწილებით ისარგებლო პაპაშენივით და თავზე გადაგვაჯდე?..

ლევანს გულბრაზობისაგან წამოსცდა საიდუმლო საწადელი - მამულის გაერთიანება.

იმედი დაეკარგათ მოციქულებს.

მეტი ლაპარაკი უმიზნო, უმნიშვნელო, უნაყოფო იქნებოდა.

ყველა სდუმდა.

ლევანს თვითონ ეწყინა, რომ წამოსცდა და ახლა ფიქრობდა, რა სიტყვით ჩაეფარცხა, როგორ გაებათილებინა ნათქვამი.

- არ შეგრჩება! - უეცრათ წამოიძახა ლეჩხუმის ბატონმა და წამოდგა.

- ყარამან, შენ სტუმარი ხარ ჩემს ოჯახში!..

- მართალია, მაგრამ ძმისწულის ხორცის ვაჭრობამ აღმაშფოთა.

- კიდევ ვიმეორებ, მასპინძლობას ნუ დამავიწყებ!

ყარამანმა ეს სიტყვები შუა კიბეზე გაიგონა.

მოციქულები წავიდენ.

ლევანი ბრაზობდა: დაკარგა მეგობარი, აზნაურების სიძულვილი განამტკიცა.

სუფრაზე ნაჩუქარ წიგნს შეხედა.

- დატოვა? მირისხდება! რა ვქნათ. ხეს სცვივა ფოთლები შემოდგომაზე, გაზაფხულზე სხვა ამოუვა. ადამიანს კი არა? ვინ იცის, იქნებ ვიშოვოთ კიდევ მეგობარი. ის სიტყვაც არ წამომცდებოდა, რომ ხახუტას ჩემს უშვილობაზე არაფერი ეთქვა. ციცინო მგონი ორსულათაა! რა გაუჩნდათ მაინც ეს ჩემი უშვილობა! ვის რა საქმე აქვს!

- ბიჭო - დაიყვირა ლევანმა.

- ბატონო, შენი ჭირიმე.

- დაეწიე სტუმრებს! ლეჩხუმელ ბატონს ხომ იცნობ, იმას მიართვი ჯერ ეს წიგნი; თუ არ მიიღოს, ეს დამბაჩა მიართვი და მოახსენე, დაგვიწყებია-თქო. დამბაჩა ჩოხის ქვევით წელში გაიყარე, რომ არ დაგინახონ. გესმის?

- კი, ბატონო.

ბიჭი დიდხანს არ დაბრუნებულა: იგი ათვალიერებდა წიგნის სურათებს, წაიკითხა საყვარელი ტაეპები და მერე დაეწია ძუნძულით ცხენოსნებს.

- მიართვი?

- კი ბატონო.

- რა გითხრა?

- არაფერი, ბატონო; მხოლოთ წიგნი უკანვე მიბოძა.

- კიდევ უკეთესი. ნამდვილ მტრათ გადამკიდებია. ვნახოთ!.. სად იყავი ამდენ ხანს?

- ძალიან ჩქარა მიდიან, ბატონო; თან, ბატონო; მე მეგონა წყალტუბოსკენ წავიდოდენ, ჯერ იქით გავიქეცი, მარა ლეჩხუმელი ბატონი მათ მალე დაშორებია და ლეჩხუმისაკენ მომიხდა გამობრუნება.

.............

ლევანი ჩქარის ნაბიჯით გაემართა ციცინოს საძებრად.

- სადაა ქალბატონი?

- ბაღში, დიდო ბატონო!

ლევანი ისევ მალე შემობრუნდა.

- რას ჩმახავ, გოგო, იქ არავინაა.

- ასე მიბრძანა... - გოგოს რაღაცა საეჭვო გამომეტყველება მიეცა.

- თქვი, ღორის შვილო! როგორ შემპარავ ლაქუცა ძაღლივით შემომყურებ...

- სა...საკანში იქნება, ბატონო.

- რას როშავ! - ისე მიაყვირა ლევანმა, რომ სასახლეში ახლათ მოყვანილმა გოგომ თვალებზე ხელი აიფარა და ოთახიდან კისრისტეხით გავარდა.

საკანების საერთო კარებთან მცველი იდგა. ლევანის ხელის დაქნევამ და „სსუ“-ს ძახილმა იგი ერთ ადგილას გააქვავა. ნოტიო იყო. სქელი ქვის კედლები და რკინის სალტეებით გადახლართული პატარა ფანჯრები უიმედობის ბეჭედს ასვამდა აქაურობას.

ერთი ფანჯრიდან ლევანმა შეამჩნია მისუსტებული ადამიანი, რომელიც ძლივს ჰღეჭავდა მჭადის ნატეხს და უშვერათ იგინებოდა.

... „მოურავო, გაგაძრობ ტყავს ტყვეების დამშევისათვის“. - გაურბინა თავში ლევანს.

მეორეში პატარა ბიჭი აცოცებულიყო მაღლა, ფანჯრიდან შორს გაიყურებოდა და იმღეროდა:

მუხას წალდი შემოვკარი,

მე მეგონა წიფელაო,

გოგო, ერთი მაკოცნინე,

ჩემო ლოყაწითელაო!

მესამე საკანის კარი სრულიათ ღია იყო.

ლევანი უცბად შეჩერდა.

- შენი ბედი გადაწყვეტილია. მოგკლავენ უსათუოთ, მოგკლავენ.

- მერე რა ვქნა?

- გავიქცეთ, წავიდეთ, მივატოვოთ ეს გარყვნილების ბუდე… ერთი წმინდა სიყვარული, ერთი წმინდა ცხოვრება.

- ვინ გაგვიშვებს?

- მე ვიქნები შენთან, არ მოგშორდები. არას დროს... მუდამ... მე გაგიყვან აქედან და ჩვენ ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.

- რას ამბობ, ქალბატონო, მე ცოლი მყავს, მას ვერ ვუღალატებ, აკი მოგახსენე წინათაც.

- ცოტა, ცოტა გიყვარდე. არ მინდა შენგან არაფერი. მოახლეთ დაუდგები შენს ცოლს. შენს ბავშს მოუვლი. წინათ ნათქვამი ყველაფერი დაივიწყე. მხოლოდ შენთან, წმინდასთან, პატიოსანთან, ყმაწვილობის უმანკო სიყვარულთან მსურს ყოფნა და არა თვით საყვარელთან.

ვაჟს არ ესმოდა ქალის სიტყვები.

ქალი ფერხთ ჩავარდნოდა, მუხლებზე მოეხვია ორივე ხელი, თავი მიეყრდნო კალთებისთვის და ჰკოცნიდა ხელს, ფეხს, ტუჩებს, რასაც კი მოასწრებდა.

ვახტანგი ცდილობდა როგორმე ქალი ზევით აეზიდა და ამიტომ შორიდან მაყურებელს ჩახუტებულ მიჯნურათ ეჩვენებოდა.

- აი თურმე რისთვის არ მიკარებდი. აი ახლა მოიგონე წმინდა სიყვარული, ბოზო დიაცო. ცრუობ! ვერ გაძეხი, როსკიპო, კუროებით?! გაგაძღებ, გაგაძღებ შენცა და შენს ახალს კუროსაც, აი ნაქები ყმაწვილი. ბიცოლას კურო! ეი, ბიჭებო, ვინა ხართ, - ღრიალებდა ლევანი.

შემოცვივდენ ბიჭები.

- დააკარით ორივე პალატის მოზვრებს. მერე მიუშვით ერთმანეთზე. ისე დააკარით, რომ ორივე დაფლეთილი იქნენ. დიდხანს კი იცოცხლონ. დაუძახეთ აჭარლებს, ისინი გასწავლიან.

.............

ლევანი აივანზე დადიოდა გაშმაგებული.

- მზათაა? - კითხულობდა იგი.

მოხუცებული მიქაბერიძე მიუახლოვდა ლევანს:

- ბატონო!

- რა გინდა?

- ნუ ინებებ...

- გამშორდი, - ფეხის ბრახუნით დაიყვირა ლევანმა, - გამშორდით ყველა, სანამ არ დაგერიეთ ხმლით.

- მზათაა? ძაღლის შვილებო, გეკითხებით.

- მზათაა, ბატონო.

- გამოიყვანეთ!

თვალაბმული, დაბორკილი მოზვრები გამოიყვანეს. ხარების ზურგზე გადაგდებული ციცინო და ვახტანგი პირაღმა იწვენ. ხელები გადაეწიათ და ხარების ყელის ქვევით შეეკრათ. ციცინოს ფეხები ხარის მარჯვენა ფეხზე იყო მიკრული; ვახტანგის ფეხები ხარის მარცხენა ფეხზე.

ქალს გული წასვლოდა. შავ გახვეწილ ხარს ძლიერ ჰშვენოდა ეს თეთრი სამკაული. ყოველი ნაკვთი ათასწილ გამშვენიერებულიყო. თითქოს უკანასკნელ ძალას ხმარობსო.

ხელოვნურად შეკრული ბორკილი და თვალსაბური ორივე მოზვერს ერთად შორიდან, უცბათ მოაშორეს. მზის სხივმა ქვეყნის სანახაობამ მხოლოთ ერთის წუთით დააბნია, გააბრუა ცხოველები. ორივე დაიღუნა, დაყნოსეს მიწა და ერთმანეთისაკენ გაემართენ ნელის, წყნარის ნაბიჯით. ზურგზე მყოფ ადამიანებს, მგონი, ვერც კი ამჩნევდენ, ვეღარ გრძნობდენ: სინათლე, სივრცე და წინმდგომი რაღაც არსება მთელ მათ გონებას იკავებდა. მივიდენ ერთმანეთთან, დაყნოსეს ერთიმეორე და შუბლით მიაწვენ ერთმანე