Litclub.ge

აზუზუნდი ფუტკარო
“ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერადი”

შოთა

დმდმ ძალაა მეხსიერება, მით უფრო ახალგაზრდული, შთამბეჭდავი... მით უმეტეს, თუ კალამიც კეთილად გიჭრის.

...და ახლა, როდესაც წელთა სიმრავლე შეუმჩნევლად შემომეპარა, ერთი კალმის მოსმით სრული ოცი წელი მხრებიდან ძველი ნაბადივით გადავიგდე და აი – ისევ მოგზაური ვარ, თმახუჭუჭა და გატაცებული, მეოცნებე და დაუღალავი, აზუზუნდი, ფუტკარო, მშობლიურ მდელოებს გადაევლე, რამდენი დათაფლული ყვავილია!

ამჯერად ჩანთაში “ვეფხისტყაოსანი” ჩავიდე და მთელი სამცხე ფეხით მოვიარე, მოვისიყვარულე.

თმოგვზე, მტკვრიდან – ციხემდე, გვირაბ-გვირაბ ავედი.

ვარძიის ყოველ ქვაბში “ვეფხისტყაოსნის” თითო ტაეპი ჩავიკითხე, ავთანდილის ლოცვასთან ქვაბსათვალავიც ამერია და ვგონებ, დღეთა რიგიც!

ღამე თამარის ქვაბ-პალატების ზღურბლთან ვათიე. კლდე მთელი ღამე ფუტკარივით ზუზუნებდა, თითქოს ტარიელის ამბავს ჰყვებოდა!

ხერთვისთან ჯერ მტკვარში ვიბანავე, დედა-მდინარის ბროლის პერანგი აბჯრად ჩავიცვი და უმაღლეს კოშკში მეციხოვნედ ჩავდექი. რამდენი ყვავ-ყორანი და ქორი გადმოფრინდა – “ვეფხისტყაოსნის” ტაეპი ავტყორცნე ისრად!

ასპინძის ნაბრძოლევ ადგილებს დავუარე. ფუტკრის ზუზუნითა და ყაყაჩოების სიმრავლით ვიცანი. იმდენი ვიტრიალე, რომ მხარი მეცვალა... მაინც, მზე რომ ჩაიმალა და მრავალი ჩრდილი წამომეტოტა.

აინუნშიაც არ ჩავაგდე. აქ ყველგან საქართველო იყო და მისი რუკა გულზე მეხატა. სადაც დამიღამდა – იქვე მივწექი... ახლოვე ტოროლას ბუდე დამხვდა. მთელი ღამე ბარტყების ჟღურტული მესმოდა.

პურის ნატეხი მქონდა, “ვეფხისტყაოსანიც” გადავშალე და ვიდრე ასოებს ვარჩევდი, ლექსითა და პურით იოლას გაველ... მერმე მაღლა ქვაზე ასევე გაშლილად შემოვდე და დავიძინე.

დილას “ვეფხისტყაოსანზე” ტოროლა იჯდა, ნამცეცებს კენკავდა. თვალი რომ გავახილე, შოთას სტრიქონივით აგალობდა და პირდაპირ მზეზე გაფრინდა. ახლა ფუტკრები აზუზუნდნენ წიგნის ირგვლივ... და თითქოს ასპინძის მიწაც ჩუმგუგუნა ბანს აძლევდა.

საითაც გულმა გამიწია, იქით წავედი.

ბაღებში ჩაფლულ სოფელს მივადექი.

ფეხშიშველა ქალიშვილები ხეზე მოლაღურებივით ისხდნენ და ჯერ ნამშეუმშრალ თუთას არხევდნენ.

პირდაპირ გობით დამიდგეს, აბა გენახათ ცეროდენა და უტკბილესი...

დავეხარბე. ყური არ ვათხოვე გოგონების ვერდაფარულ სიცილს.

- რა დღეა? რა სოფელია? ძველი თუ ახალი მოსახლენი ხართ? საქართველოს რომელი კუთხიდან მოხვედით ამ დათაფლულ თუთიანში?

ქალიშვილებს უფრო შესკდათ სიცილი...

- ასე დადიხარ სოფელ-სოფელ? დაეძებ ვისმე? თუ მოსაკრეფი გაქვს რამე?

უკვე დაუფარავად, ერთობლივად აკასკასდნენ და ახალი, თუთით სავსე გობი გამომიჩოჩეს.

- ასე დავდივარ... ძველსა და ახალ საქართველოს ვკრეფავ, თუთის მოლაღურებო! თქვენ კი რა გაცინებთ?

- ისა რომა... ჩვენი თუთა ათრობს... ძველსა და ახალს ვეღარ არჩევინებს! – ახლა დიდი ღარტაფის გაღმა მთაზე მიმითითეს: - დღეს აქ კვირაა, ალბათ! იქაც იქნება! მთას გადაივლი, ჰოდა, იქ რომ დიდი თუთაა, გუმბათივით, სოფლის განაპირას მდგარი... იმ თუთის ძირში კახი დაგხვდება... ამბავი იმას ჰკითხე, ის ყველაფერში გაგარკვევს, თუ მიმხვდური ხარ!

- რა სოფელია, რა კაცია?.. ხომ არ მაზღაპრებთ?

- არა, თუთის მადლმა! ჩვენს სოფელს იდუმალა ჰქვია, ამ სოფლისას კი თავად ფუტკარა გეტყვის! ჩვენ კი სიცილი გვიშლის ლაპარაკსა-

... და ყველანი თუთის ლანდებივით გაჰქრნენ... სანიშნოდ თუთიანში კიდევ კარგა ხანს კრთოდა მათი კასკასი.

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, იმ სოფლამდეც მივაღწიე. პირდაპირ დიდგუმბათა თუთას მივადექი. ყორეს იქით მწვანე ჩრდილი იდგა. მზე შიგადაშიგ მაინც კურდღლაობდა. ჰაერი თუთის სურნელითა და ფუტკრის ზუზუნით იყო შეჯერებული.

თუთის გამოკოჟრილ ძირზე წვერკვეთილი მხცოვანი იჯდა და რაღაცას ხვეწით თლიდა. თან თითქოს შემოსეულ ფუტკრებს ესაუბრებოდა.

ეს თუ იყო ფუტკარა?!

... ყორეზე გადავხტი და გამარჯობა ვუთხარი.

არა მითხრა რა. თავზე წავადექი, მაგრამ ვიდრე ჩემი ჩრდილი არ დაეცა – არც მოუხედავს. მერმე თავი ასწია, დაღარული სახე დამანახა და ფუტკრის ზუზუნა ხმით მითხრა:

- შვილო, თუ რამე მითხარი... პასუხს ნუ ელი ჩემგან – ორთავ ყურით დამდგარი ვარ! ზუზუნის მეტი არაფერი მესმის!

მეც ფუტკრები შემომეხვივნენ და ზუზუნით ყურები წაიღეს. მოხეცმა შეამჩნია.

- მგზავრი რამე ჩანხარ... დინჯად მოიქეცი, ფუტკრები არ გამიჯავრო! ნურც გეშინია – თუთაობას ფუტკარიც დამტკბარია, ჰაი-ჰარად არ იკბინება... თუ მოუსმინე და გულისვურიც აუწყვე – “ვეფხისტყაოსანსაც” გიზუზუნებენ...

სახეზე, შიშველ მკლავებზე, ყურის ბიბილოებზე ფუტკრები მაცოცავდნენ, მაგრამ მეც თუთის ხესავით უძრავად დავდექ... და მართლაც, მალე დავრწმუნდი – ფუტკრის ზუზუნი ყველაზე უფრო ჰგავს შორიდან მოსმენილ ხალხის ლაპარაკს!

- კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც “ვეფხისტყაოსანს”? – ყბაშეურხევლად ვკითხე. მერმე მომაგონდა, რომ პასუხს ტყუილად ველი. თუმცა აქაც მოვტყუვდი.

- თუთა მიირთვი, რუსთავის თუთაა – საბაქმაზო.

ფუტკრები დამავიწყდა და შევტორტმანდი. მაშ რუსთავში ვარ, გზააბნეულად და ულოდნელად აღმოჩენილი! თაფლად და ბაქმაზად მომედო ეს “დაბნევა” და ამიტაცა.

ფუტკარა კი განაგრძობდა თავის კილოზუზუნა, პასუხისმიუღებ ბაასს...

- ჩადი წყაროსთან, მთელი სოფელი იქაა... ძველი და ახალი მოსახლეობა! ნათუთარია ხალხი – ლხინია! შენც გაიხარე, მგზავრო კეთილო... შენი სიტყვაც უთხარი! ესეც დაგჭირდება გზაშიაც და ცხოვრებაშიაც! – ახალგათლილი კოვზი მომაწოდა და გზა მიმიჩვენა.

ახლაღა შევამჩნიე, რომ ფუტკარა ხის კოვზებს თლიდა.

გაკვირვებით გამოვართვი, მადლობაც ხმამაღლა გადავუხადე. ალბათ, მიხვდა:

- ერთსაც გეტყვი – კაცმა ისეთი მგზავრული ახალგაზრდობა უნდაგაატარო, რომ მერმე მთელი სიცოცხლის მანძილზე გეყოს სიბერის საგზლად!

ცაში კვირიონები ნავარდობდნენ... ხიდან ცვიოდა მწიფე თუთა... მოხუცი კი თავისას, და იქნებ თავისთვის, უბნობდა:

- ახლა მე აქ თუთის ძირში ვზივარ, სოფლისათვის კოვზებსა ვთლი და სულ კი ვმოგზაურობ... ახალგაზრდობის დროინდელ ხილვებში ვარ!

ისევ თავი ჩაღუნა და თლა განაგრძო... ჯერ გამოუხვეწი კოვზებიც ბლომად ჰქონდა.

ამ კოვზით ბერიკაცმა ისეთი ჩანგალი მომდო – აბა რაღას მოვეშვებოდი.

- ეს კოვზი რაღაა? – ახლა სულ ახლოს მივედი, ფუტკრების შემოსევის გამო დინჯად დავიხარე და თუთის ფესვებს ნაჩუქარი კოვზი მივუკაკუნე.

ისევ ჩემმა ჩრდილმა მისაშველა. ფუტკარა კვლავ შემობრუნდა...

- არ წასულხარ? კეთილი, ერთ-ორს კოვზისასაც გეტყვი – უბეში ჩაიდე! მეტს კი არ მოგცემ... კაცი არც ორკოვზიანი ვარგა, არც ორპირი, არც ორ სკამზე მჯდომი! ქვეყნად შენი წილი მუდამ მოიპოვება, მაგრამ სადაც მადლი არ დაგითესია, შენ კოვზს ნუ გამოაჩენ... სადაც დასთეს, კეოვზი თავად გულის კოვზზე მოგიკაკუნებს.

მუხლისთავებიდან წვრილხვეწილა ბურბუშელა ხელდინჯად გადაიშორა, წვერში ჩახლართული ფუტკარი გაათავისუფლა, ხელის გულზე თითქოს მოწმედ დაისვა და სულ ჩუმად მითხრა:

- კოვზი – სიტყვაზე – ანდაზაა: რაც არ გერგება – არც შეგერგება! თავად კი ყველგან უნდა თითო კოვზი სიკეთე სთესო... მაშინაც კი, როდესაც თუთა დასეტყვილია... ან ჯერ არ არის მწიფე!

თვალები ჩაუქრა, გადათოვლილი თავი ჩაჰხარა, ისევ კოვზის თლასა და ახალგაზრდობის დღეთა ხილვას მიუბრუნდა.

კოვზი უბეში ჩავიდე და ისე წავედი, ფუტკრისათვის ზურგი არ მიჩვენებია.

დაჩრდილულ ყორეებს შორის ჯერ ფუტკრის ზუზუნი და მოლაღურების სტვენა მიმყვებოდა. მერმე წინიდან შემომესმა ხმა... ისიც ზუზუნს ჰგავდა.

წყაროსთან, მართლაც მთელი რუსთავი მომდგარიყო... დიდ-პატარა.

წყაროსთავზე აკვანი იდგა, შიგ ძუძუთა ბავშვი იყო ჩაკრული. იირგვლივ კი ერთობლივი ყაყანი, ხან მძაფრი სიტყვა, ხან სიცილ-გნიასი იდგა.

- რა ამბავია, ხალხნო?! – შევძახე და წყაროს წავადექი.

უეცრად ყველა დაჩუმდა. მკაფიოდ გაისმა წყაროს ჩხრიალი. მერმე ბავშვიც ატირდა აკვანში. ზედაც ერთი ხმარიხიანი დედაკაცი წამოფაშფაშდა...

- სიკეთისა გვჭირს! შენ გიშველა ღმერთმა! შენი ფეხი ბედნიერი! – და ისევ ხალხს მიუბრუნდა: - ეს გაგვაშველებს ნამდვილად... თორემ სოფლის ყაყანში ბავშვიც დაგვესიცხა და ფლავიც დაგვეწვა!

- ჯერ გამარკვიეთ! – ვთქვი და ისევ ახმიანდა სოფელი...

- სახელი!.. სახელი!

ჩემი სახელი აქ აშკარად არაფერ შუაში იყო... ერთი წიგნიანი გოგონა შევამჩნიე, მოწაფე უნდა ყოფილიყო... ხელი დავუქნიე...

- აბა, თქვენი მოსწავლეც ვნახოთ... მოკლედ ამიხსენი მიზეზი თქვენი ჟრიამულისა!

სხარტად ამიხსნა:

- სახელს ვურჩევთ აკვნის მოქალაქეს! მამის მხრივ სულ ახალმოსახლენი, ონელები არიან, დედის მხრივ კი ძველმოსახლენი... ჰოდა, დავა შეიქნა მოყვრებს შორის... ახლა მთელი სოფელი წამოდგა ნათლიად!

- დამისახელეთ მამის მხრივ... – გამოცდილ ბჭესავით მოვითხოვე.

- ქვე დავარქმევ ამბროლას!

- ახლა დედის ნათესავები?

- ვეფხვიაი... ან ლომსაი!

- სოფელი რაღას ირჩევს?

ისევ აზუზუნდა სოფელი, რჩეულსახელები აახმიანეს... ხან რაჭულად და ხან მესხურად მოქცეული...

- აბდიაი... ზურიკუნა... ამირან, ჯუმბერ... გოჩაი, ქუჯი... ლომკაცუნა... ბოცოი... – დარხეულ თუთასავით ცვივოდა სახელთსიმრავლე...

- კარგად შეგირჩევიათ, რუსთაველნო! არც ერთი არ გააცდინოთ! მაგრამ ახლა მე სულ სხვას გირჩევთ – ეს წყარო შოთა რუსთაველს უსვამს! დაე აქ განათლულიც შოთა იყოს! ისიც შოთა და ისიც რუსთავიდან!

- იიიყოს! – ერთხმად დასჭექა სოფელმა.

- საჩუქარიც მომირთმევია! – ხელი ჩანთაზე გავიკარ და “ვეფხისტყაოსანი” ბავშვს აკვანში ხატივით ჩავუდე.

- აკი გითხარით, დაგვარიგებს-მეთქი. შოთა, მაშა! აბა ვინ არის წინააღმდეგი?! წყაროსთან წამოდექით! – რიხი მოიცა ფაშფაშა დედაკაცმა.

- არავინ! არავინ! შოთა! შოთა! – გუგუნებდა სოფელი.

... მაგრამ ახლა ქალებსა და მამაკაცებს შორის შეიქნა დავა და აკვნის გაწევ-გამოწევა. პირველად ბიჭის მამა წამოვარდა...

- ეს თუ შოთას წყაროა, ჩემი შოთა-ბიჭუნაც შიგ უნდა ვაბანავო! ვაჭყუმპალავო! მაგის ჭირიმე!

ხალხმა ხარხარი შექნა. დედა-ქალები კი აკივლდნენ... აკვანს გადაეფარნენ.

ისევ მე ჩავერიე, ჩემი გაფუჭებული საქმე გამოვასწორე.

- რუსთაველნო! რა ყველაფერზე დავობთ? თქვენი თუთა მართლა ხომ არ ათრობს?!

ისევ ყველა გაჩუმდა. პასუხიც არავინ გამცა. ისევ წყარო ჩხრიალებდა... ფუტკრის ზუზუნიც ისმოდა. მერმე ზუზუნა ხმაც მკაფიოდ გაისმა...

- ერთიანი წესი ვერ დალაგდა და ვერა! სოფელს კი წესი უნდა ჭირშიაცა და ლხინშიაც!

შემოვბრუნდი. ჩემს უკან ფუტკარა იდგა და თითქოს ახლაც ფუტკარი გარს ეხვეოდა. დიახ, მკაფიოდ ვიგრძენი – ნაჩუქარი კოვზი გულის კოვზზე მიკაკუნებდა.

- ისევ მე გაგაშველებთ! – უნებურად წამოვიძახე, წყაროსთან მივედი, უბიდან კოვზი ამოვიღე, წყაროში ამოვბანე, ერთი კოვზი წყალიც აკვანში ბავშვს ვასვი და კისერზედაც გადავადინე.

- აგაშენოს ღმერთმა! აი კოვზიანი ნათლიაც ეგა ყოფილა! – წამლიძახა ბიჭუნას მამამ და ქალებს დასჭყივლა: - აბა, ახალ-ვენახის ღვინო, თუთის არაყი... ფლავიცა და ლობიანებიც! აქაც და სახლშიაც! შინ მოდის შოთა!

წყაროს ლხინმა მალე ოჯახში გადაინაცვლა. მე საპატიო სტუმარი ვიყავი. ფუტკარა კი რუსთავის უხუცესი და ძუძუთა შოთას პეპერა გამოდგა დედის მხრიდან.

იმ დღეს, მისეული კოვზით, ფლავიც ბლომად ვჭამე, თაფლიცა და თუთის ბაქმაზიც. სამცხის ცოლიკაურიცა და რქაწითელიც დავაყოლე ძველებური ჭინჭილით.

“ვეფხისტყაოსანიც” ბევრი მაკითხეს. ხმას მაყოლებდნენ და ერთობლივ ფუტკრის ზუზუნივით გამოდიოდა. თუთის აკვანში ძუძუთა შოთას ტკბილად ეძინა.

მზე ჯერ ჩასული არ იყო, რომ ოჯახი დავლოცე და გზას გავუდექი. სოფლიდან ლხინის ხმაც ფუტკრის ზუზუნად გამყვა.

დიდი თუთის ძირში პეპერა იჯდა და სიკეთის კოვზებს სთლიდა, შოთას წყაროს ავაზანში ბავშვები ჭყუმპალაობდნენ.

მეც დავეწაფე შოთას წყაროს, მარაგიანად შევსვი და გზას გავუდექი. გულის კოვზთან ნაჩუქარი სიკეთის უძლეველობის რწმენად მიკაკუნებდა. გზას არ ვარჩევდი – აქ ყველგან საქართველო იყო და მისი რუკა გულზე მეხატა.

...აზუზუნდი, ფუტკარო, მშობლიურ მდელოებს გადაევლე, რამდენი დათაფლული ყვავილია!

1966