Litclub.ge

რომელ კანონში წერია?!
გარდაისახე პირჯვარი,
შავი შეკაზმე ცხენია,
ქამანდი სტყორცნე ლემადეს,
წამით დაკეცა ფრთენია, -
შენად იგულვე!..
იმას კი...
კვლავ ცხრა მთა გადუფრენია:
მინდორში ქარის დაჭერა...
 რომელ კანონში წერია?!

***
გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი,
ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა!
სად არს ნათელი შენი უებრო,
კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა?
სად არს ნათელი?

***
შემოგღაღადებთ სამადლობელს
ძალთა ცისათა
სულ მცირე ჟამის, წუთიერის
სისავსისათვის:
ადგა ყვავილნარს ანგელოსთა
მჭვირვალე ჩრდილი,
ლაღად ყვაოდა საუკუნო
სამეფო მტილი!