Litclub.ge

საბა ჭანგური, 1992 წელი
აქ, მურჯახეთში შემომაღამდა
და ეკლესიას შევეხიზნე ღამის სათევად.
დასავლეთიდან ჩამავალი მზე შემობრწყინდა
და ეს წარწერა გაანათა:
"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."
საბაც აქაა, მარტო არ ვარ, მასპინძელი მყავს.
ის მეთერთმეტე საუკუნიდან, მე - მეოცედან
ხელს ვუწვდით ერთურთს.
გარდაცვლილები რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობენ,
თუ ყურს დაუგდებ, იმათ ხმასაც კი გაიგონებ,
ოღონდ არა თქვა - მურჯახეთის წყალი ხმაობსო;
ღამის წიაღში სიცილი და ტირილიც ისმის,
მაგრამ არა თქვა - ქარის ხმააო...
- ღვინო მესხური "წრიოხია", ვერ დაიწუნებ,
თაფლი და პური აქაური, ჯავახურია, -
მეუბნება და მთელი ღამე საუბრობს საბა:
როგორ აგებდა ამ ეკლესიას,
როგორ მოჰქონდა ქვა შორეულ კარიერიდან,
როგორ შეაკვდა მისი ვაჟი თურქს შემოსეულს...
ბოლოს მე მკითხა: - შენ რატომ დუმხარ?
რა სროლაა და რა კვამლია თბილისის ცაზე?..
გათენდა კიდეც - მზემ ახლა უკვე
აღმოსავლეთის სარკმელიდან დახედა ნაწერს:
"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."