Litclub.ge

მე ბილიკ-ბილიკ ვიარე

მე ბილიკ-ბილიკ ვიარე,
ნისლმა - მთა და მთა ზოზინით,
ან კი რა ეჩქარებოდა,
ვის მოაწყენდა ლოდინით.
ბექზე შავთვალა შალშავი
ამოსულიყო კენტადა,
თითქოს სირცვილით იწვოდა,
თავდახრით გამამხედავდა.
ნეტა, რას მენაზებოდა,
ნეტა, რისი თქმა ეწადა?
მე ბილიკ-ბილიკ ვიარე,
ქარი ფეხდაფეხ მომდევდა,
არ ვიცი, რა ატირებდა,
არ ვიცი, რისთვის ჰგოდებდა.
რა გატირებსო? - ვკითხავდი,
თითქოს არც გაუგია რა,
არცვის სხვას გაეპასუხა,
განა მარტო მე კი არა.
როგორც მტირალა ქალწულმა,
გულში დამალა იარა,
წავიდა ქვითინ-ქვითინით,
მთა-ღელე გადაიარა.
ან კი რას ვეკითხებოდი,
წამლად ვის ვექცე ჭირისა,
ვინ იცის, გულამოსკვნილი
ქვეყნად რამდენი ტირისა?
მე რით ვუშველო სატკივარს
ბედისგან განაწირისა!
ვიარე, ავაბოჟირე
ორწოხნნი შურთხებიანად...
კლდის თავზე მჯდარი არწივი
ყაშყაშებს ომახიანად.
ნეტა, ეს კლდეთა კოშკები
მქონიყო მათთან ზიარად.
რას დამაკლებდა მაშინა
„სოფლის უკუღმა ტრიალი“,
ვერც დარდი მომერეოდა,
ვერც მტერი ოხერ-ტიალი!