Litclub.ge

შავლეგ და კვირია

        ( ძველი ამბავი)

ოდეს მზის სხივნი მოწყენით
პირს ბინდით დაიბურავენ
და მწვერვალები საძილედ
ნისლს საბნად დაიხურავენ,
მოდიან ფიქრნი მაღალნი,
გულის მიდამოს სტუმრობენ
და ერთურთს ლექსის მუზანი
ჩემტან საფიხვნოდ უხმობენ.
სანამ ციურნი მნათობნი
ღამის წყვდიადთა ურჩობენ.
და წუთისოფლის გზაზედა
იმედის შუქით შუქობენ,
სხვა გზა არ არი, უნდა ვთქვა
ლექსად ხმა გულისძგერისა,
ვერ ვეურჩები, ვარ მონა
შემოქმედისა ნებისა:
მან დამანათლა, მისაგზლა
შეძლება ლექსის წერისა.
უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი,
სანამ ვიქცევი მიწადა,
სიტყვა ბრძნული და ფხიანი,
 ყურადსარები ბრიყვთადა.
არ მინდა დამრჩეს უთქმელი,
მხრებზე დამაწვეს ტვირთადა.
ნუ ვაქებთ არსაქებელსა,
კაცს ბოროტსა და ცბიერსა,
ვერ ვპოვებთ სიავკაცითა
წყალობას უფლისმიერსა.
გულს ნუ გავუტეხთ კარგ კაცსა,
არსაქებლისა ქებითა,
ვაითუ, გზა სიკეთისა
მორთოს საქმითა ბნელითა.
ის ვაქოთ, ვისაც ამქვეყნად
უვლია უფლის მცნებითა.
რასაც მე ახლა გიამბობთ,
ყრმობისას მომისმენია,
ვერ დავივიწყე, თუმც გაქრნენ
სიყმაწვილისა დღენია,
ზამთრობით, ბინდის ხანზედა,
როს ქროდნენ ცივი ქარები,
ბუხრის წინ ჩამოსხდებოდნენ
ხელსაქმით სოფლის ქალები.
ათევდნენ ზამთრის ღამესა,
წინდას ქსოვდნენ და ფიხვნობდნენ
და ჭკუასუსტნი დიაცნი
ზოგჯერ ბრძნულს სიტყვას იტყოდნენ.
ამბებს ძველსა და ახალსა
ჰყვებოდნენ, როგორც იცოდნენ.
ამბავი ორი მოყმისა
ვიცი მათივე თხრობითა,
ახსენებდიან მათს სახელს
ქებითა, არა გმობითა.
ვინმე შავლეგოს სახელი
ხსოვნას შემორჩა წლობითა.
ძველ დროს, არაგვის მხარეში,
ცნობილა ვაჟკაცობითა.
უყვარდა მოძმე თავისი,
ძმად შეეკვროდა ფიცითა,
მტერთად მტერ იყო მრისხანე,
კლდის ვეფხვსა ჰგავდა ჯიშითა.
ჰყოლია კარგი ნაძმობი,
სახელად ერქვა კვირია,
ძმობა ძველებმა იცოდნენ,
დღეს მტრობა უფრო ხშირია.
ნეტა მას, ვისაც ძმობისა
აქვს სიყვარული დიდია,
კაცისთვის კარგი ძმობილი
ზღვაზე სავალი ხიდია.
ლხინის დროს ერთად ლხინობდნენ,
უფალს უნტებდნენ სანტელსა,
თავი სიზმარში ეგონა,
ომის დროს იმათ მნახველსა.
აქებდიან და ლოცავდნენ
იმ ორი მოყმის გამზრდელსა.
მწადია, მათი ამბავი
გიამბობთ ლექსის წერითა,
დავღალო ფიქრი და გონი
უძილოდ ღამის თევითა.
ვინც დამიწუნებსლექსობას,
გამკიცხავს უმეცრებითა,
ადგეს და თვითონ დაწეროს
სიტყვითა უკეტესითა.
თუ გინახიათ არაგვი,
მქუხარე, ჩანჩქერიანი,
გზას ვერ უკრავენ სავალსა
კლდეები ქარაფიანი,
ვით სატრფო, მკვლელი გულისა,
სუმუდამ სურვილიანი,
ელოდებიან ბარადა
ჭალები ყვავილიანი,
რო გაიგრილონ გულმკერდი,
ცხელი აგვისტოს მზიანი.
ჰყოლია მამასახლისი
ძველ დროს ამ ტურფა მხარესა,
გულღრძოს იტყვიან, ბოროტსა,
დემონთან მოზიარესა.
დათარეშობდა სოფლადა,
სამეფო ბეგარს ართმევდა,
უქონელთ, ღარიბ-ღატაკთა
თოფით და ხანჯლით არბევდა.
ძმობილს აღარვინ მიაჩნდა
ამ ქვეყნად თავის სწორადა,
კაცის კაცობას უგნური,
ჩინ-მენდლებითა სწონავდა.
რო მივიდოდა სტუმრადა,
ადათს არღვევდა მთისასა,
უმზერდა მრუშის თვალითა
ქალ-რძალსა მასპინძლისასა.
სურვილის მოსაკლავადა,
ხილს ეწვდებოდა სხვისასა.
შავლეგოს ცოლზე იტყვიან,
ჰგავდა პირსავსე მთვარესა,
სიცოცხლის ეშხით ავსებდა
არაგვის არემარესა.
სიტურფე ლეგოს ცოლისა
ატევინებდა ღამესა
იმ წუწკსა მამასახლისსა,
დიაცთა მოტრფიალესა.
მაჭანკლის ხელით უგზავნა
ბეჭდები ოქროსთვლიანი,
ეწადა ხელში ჩაეგდო
დიაცი გიშრისთმიანი.
უარი უთხრა ლამაზმა,
ყოფილა ნამუსიანი.
რად ვარგა ცუდად ნაძრახი,
სიცოცხლე სირცხვილიანი?
იწყინა მამასახლისმა
ქალის უარზე დადგომა,
მოიწადინა ფანდითა
ლეგოს ოჯახის წახდომა.
ბრალად დასწამა ღალატი
და ორგულობა მეფისა,
ალალ-მართალი ვაჟკაცი,
ერთგული თავის ქვეყნისა,
გასწირა სასიკვდილოდა,
საჯიჯგნად ჯალათებისა.
როს ნახა შავლეგოს ცოლმა
სიავე წუთისოფლისა,
რო ერთ დღეს ლაღი სიცოცხლე
ქრება, ვით გუნდა თოვლისა,
კარგზე იმარჯვებს ბოროტი,
დამანგრეველი ყოვლისა,
ვეღარა ზიდა ვარამი
ლამაზმა სუსტი მხრებითა,
გადავარდნილა კლდიდანა,
მტირალი ცხარე ცრემლითა.
კაცო, ბოროტის მსახურო,
შენც გამოგხრავენ მიწანი,
ერთ დღეს შენც გაგასამართლებს
მსაჯული იმქვეყნისანი,
დაიხურება შენთვისა
კარები სამოთხისანი,
მგზავრი გაჰხდება ცოდვილი
საჯოჯოხეთო გზისანი.
ორწყალთან ორი არაგვი,
ფშავის და ხევსურეთისა,
შაიყრებიან ერთადა,
მგზავრნი კლდოვანი გზებისა,
ერთურთს ეტყვიან ამბავსა
თავის მშობელი მთებისა,
ულხინს ცა-ქვეყნის პატრონსა
შეხვედრა ღვიძლი ძმებისა.
როგორ მიდიან მხარდამხარ,
ამაყად, ტანის რხევითა,
სალი კლდეების ჯავშანი
გაურღვევია მკერდითა,
გზას ულოცავენ ჭალები
შემოაბჯრულნი მთებითა.
შორს, ლანდად, არაგვის პირზე,
მგზავრი გამოჩნდა ცხენითა,
ათვალიერებს მიდამოს
კაცი ქორულის მზერითა.
სჩანს, რო მტერს ეძებს ვერაგსა
მხედარი გულისძგერითა,
ხმლის ვადასაკე გაურბის
მარჯვენა თავის ნებითა,
ერთი კვირაა დაეძებს
კვირია მამასახლისსა,
თავის ძმობილის დამქცევსა
უმზადებს მწარე სადილსა.
ძებნა და ჰპოვა კიდეცა
ცხენზე ამაყად მჯდარია,
ზარხოშად იყო, შეესვა
პანტის არაყი, ცხარია.
თან ახლდა ორი მხლებელი,
პატრონს მასდევდნენ მცველადა,
მუქტა სმა-ჭამით ქცეულნი
საიმქვეყნიო ლეშადა.
წინ გადაუდგა მომავალთ
კვირია გულით მტკიცითა,
საომრად შემზადულია,
ხმლის ტარსა სწურავს მჯიღითა.
- მე და შენ უნდა გავსწორდეთ, -
მოხელეს ეტყვის რისხვითა, -
დაღლილა არაგვის ხევი
შენი ცოდვების ზიდვითა!
გაჰკვირდა მამასახლისი
კადნიერებით მისითა,
თუ დღემდე ყველა ხვდებოდა
მოკრძალებით და რიდითა,
ეს ამდენს როგორა ჰბედავს,
ხელმწიფის კაცის შიშითა?!
შესძახა: - გლეხო მუდრეგო,
თავი ხო არ მოგწყენია,
გზას რო არ მაძლევ, ვინა ხარ?
მითხარ სახელი შენია!
- აიმის ძმადნაფიცი ვარ,
ვინც შენ ღალატით გასწირე,
ვისი ცოლ-დედაც, ბეჩავნი,
ცხარე ცრემლებით ატირე.
შავლეგოს სისხლი, წყეულო,
კისერზე გაწევს ვალადა,
დაგვიწყებია ხატ-ღმერთი,
გული გქცევია ხარბადა,
ოქრო-ვერცხლი და ქალები
შენთვი გინდოდა მრავლადა,
გულმარტალი და ღარიბი
შენ არ მიგაჩნდა კაცადა.
ვინ გითხრა, ვინა, უგნურო,
გლეხკაცს არა აქ ღირსება,
რო მარტო დიდ კაცთ გეკუთვნისთ
ამქვეყნიური დიდება?!
ვინც კი შობილა ამქვეყნად,
დედასამყაროს შვილადა,
კაცობა, სირცხვილი-ნამუსი,
დასაფასები ძვირადა,
გვარგუნა მაღალმა ღმერთმა
ყოველ კაცს თავის წილადა.
აიღე ხმალი, რაას უცდი,
შენი ბიჭობა სად არი?
უნდა გიქციო არმადა
ის შენი ნაავკაცარი.
ერთ წამს კვირიას ფრანგულმა
ჰაერში გაიელვარა,
თავი მოჰკვეთა მოხელეს,
მზის შუქს იხილავს ვერარა.
გმირნი გმირობენ მუდამა,
ომს ვერ მაიგებს მკვეხარა.
ვერ მაასწრებენ მხლებელნი
ამოღებასა ხმლისასა,
გაფრინად კვირიას ცხენი,
ნალით დასტორავს მიწასა.
ვერ მაჰკლავს ბარის ხოხობი
არწივს მაღალი მთისასა.
საით წავიდა? რა ვიცი!
გზას გაჰყვა ნისლებისასა,
წავა, უამბობს ამბავსა
იმ თავის ძმობილისასა.
დამარხეს მამასახლისი,
ერგო სამუდმო ძილია,
იტირეს მარტო ჯალაფთა,
სხვას არვის დაუჩივლია.
ეს არი ჩვენი სიცოცხლე:
დრეს მზე, ხვალ მიწა გრილია,
ისე ვცხონდებით იმ ქვეყნად,
რა გზითაც სოფლად გვივლია.
ცუდ კაცს არავინ იტირებს,
მოკვდაო, - გაიცინებენ,
სიტყვას იტყვიან აუგსა,
სამარეს შაუგინებენ.
გლოვა კარგისა იციან,
ტანის შემოსვა შავითა,
ნუმც ვნახო სოფლად მოსული
მაცნე სიკვდილის ზარითა,
კარგი ყმის სიკვდილს გვეტყოდეს
გულითა დარდიანითა,
ცოდვაა ხე სიკეთისა,
გადატეხილი ქარითა.
სალი კლდეების უბეში
ჩაშლილო ბროლის მძივადა,
მტებში მქუხარო ჩანჩქერო,
გვერდს რად ჩამივლი ცივადა?
მითხარ, კვირიას ამბავი,
საით, რა გზებით იარა?
ვერ უპოვნაა წამალი
იმ თავის გულის იარას?
ბევრჯელ მაგ ვეფხის ზნისამა
ფრანგული ააფხიანა,
უნდოდა ბოროტებისა
მოსპობა ძირფესვიანად.
მაგრამ სისხლით და ომითა
საქმე არ გამოდიოდა,
სათავე ბოროტებისა -
გველი დრემუდამ წიოდა,
მდინარე წუთისოფლისა
ისევ თავის გზით დიოდა,
ლხინობდა სხვათა მჩაგრავი,
ჩაგრული ისევ ჩიოდა.
შორს მთებში, უფლის კალთასთან,
სად გულის ფიქრი მთებისა
ხეობებს დაეფინება,
ვით პირმშოს ლოცვა დედისა,
კვირიას სიპი ქვისგანა
საყდარი უშენებია,
მრავალი უძილო ღამე
ლოცვაში დასთენებია.
რა ქნას? ვერ შესძლო ჩაგრულთა
შველა ხმლითა და ფარითა,
ეხლა ბოროტის ძალითა.
გათენებისას, ოდეს მზე
წყვდიადს შეუტევს ურჩადა,
ამოვა, დაეფინება
მთა-ბარს სიცოცხლის შუქადა,
საკურთხეველთან კვირია
დადგება პირჯვრის წერითა,
ზეცისკენ ხელაპყრობილი
მავედრებელის მზერითა,
ავედრებს ხატსა და ღმერთსა
თავის სამშობლო მხარესა,
არ უნდა თვალით ხედავდეს,
ტანჯულსა, მგლოვიარესა.