Litclub.ge

ფლეიტა
აქ ჩემზე დაწერენ.
იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს.
ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ
უდროო განედებს,
სისხლიან ლიქიორს კი
ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე
მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _
ვიდექი ამაყიც,
ვიდექი მორჩილიც,
სფინქსივით აღმდგარიც,
ხანდახან ფრენითაც
საშინლად დაღლილი
ბუდეებს ვეძებდი,
ნიადაგს ვსინჯავდი, თუმცა კი ლიანდაგს
ჩემი ლექსებივით ვერ ავცდი ვერც ერთი
წუთით და ეს კაბაც სხეულს რომ მილანდავს _
ისევ შევისწორე,
მუხლისთავს ჭრილობა,
რომ არ შეგემჩნიათ ცისფერი ხაზებით.
ვარღვევდი ყოველდღე ობიან ჭილოფს და
ჭინჭებში გამოკრულ დღეს ვანაფაზებდი,
რომ ისევ ნგრევაში შემშლოდა ბილიკი.
რომ ისევ კარავი დამეცა გზისპირას.
რომ მეთქვა: გაავდრდა, მანამ მოვიდოდი
ათჯერ გადაიღო და ათჯერ იწვიმა.
აქ ჩემზე დაწერენ,
რომ სიტყვის საცერში ხელებით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს,
რომ იყო ცეცხლიც და
რომ იყო ნაცარიც _
ბაბუაწვერების სიკვდილი _
სიშორე...