Litclub.ge

* * * "მე ვარ თავისუფალი"
მე ვარ თავისუფალი
და ჩემი სივრცე 
ნებისმიერ საპატიმროში
ოკეანეა, ვხედავ და ვითვლი
ცის დაფაზე
დაყრილ საფლავებს,
მონოტონურად ვიმეორებ
უშენო ფრაზას:
სიცოცხლე არის მდგომარეობა.
ვიღლები, ხშირად ვკარგავ ინტერესს
და უფრო ხშირად,
რომ არ გავყვე სიხშირის ხარისხს
ვამბობ:
ის დარჩა შორს და ყველგან
ანუ მთვარეა,
ახლოს არ არის.
ჩემი ოთახი ჰგავს ნადირის 
ვთქვათ: ვეფხვის ბუნაგს
და მე მრისხანე ამ ვეფხვივით
კედლებს ვასკდები,
რომ ჩემს თვალებში ჩამდგარი წყალი,
მარწევდეს როგორც სარეცელი,
სიკვდილის პერსპექტივა,
სიკვდილის სტრუქტურა,
სიკვდილის აუცილებლობა
ან შენი:  
_ დავბრუნდი...
სიმღერა ვიყიდე,
ის, შენ რომ გიყვარდა,
მთელი გზა ვმღეროდი.