ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * ხომ ხედავ მერვე ათეულში გადავდგი ფეხი ექსკლიუზივი

ხომ ხედავ, მერვე ათეულში გადავდგი ფეხი,
მაგრამ მიზნამდე ჯერ სად არის, ჯერ დიდი გზაა...
რა ახლოს ჩანდა და რა შორი აღმოჩნდა ბოლოს,
რაც სახელს არქმევს ამქვეყნიური ჩვენს არსებობას.
არც მიღწეულით აღტაცება ყოფილა იგი,
არც მიღწეულით დაღონება... სამაგიეროდ,
ერთი ცხადია: ვერ ავუღეთ ცხოვრებას ალღო,
ვერ ჩავწვდით აზრის უაზრობას, სიბრძნის სიბრიყვეს
და არც ცხოვრებამ დააყოვნა: როგორც ცოცხალი
თევზი უსხლტება ბედნიერი ბავშვის მხდალ თითებს,
ისე დაგვისხლტა, დაგვეკარგა არყოფნის ზღვაში...
ჩვენ კი კვლავ მივდევთ, კვლავ მივტირით და განუწყვეტლივ
ვწუხვართ და ვშფოთავთ, ვიდრე ჩვენზე გამბედავები,
თუ გნებავს, ჩვენზე თავხედები, მშვიდად ცხოვრობენ,
ანუ ქურდობენ, თაღლითბენ, მრუშობენ, კლავენ...
მოკლედ, ყველაფერს კადრულობენ, რომ არ იფიქრონ
დროზე, რომელიც არ არსებობს, როცა არ გახსოვს.
და აი, მერვე ატეული დაიწყო უკვე,
დროის დილეგში ჩამწყვდეული ვუცდი სასწაულს,
ანუ აღსასრულს, რადგან მხოლოდ აღსასრულია,
ჩემს ამქვეყნიურ არსებობას რომ ადასტურებს,
დროის დილეგის კარს რომ მიღებს  და სამუდამოდ
მათავისუფლებს ყველაფრისგან... არაფრის გამო.

2005

??????