სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით) 

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.

ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინო მორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.

იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,

ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.

ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.

ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მემეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.

ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.

??????