ჩოხელი პაატა
გაზიარება

*** "ქალაქის შუა" ექსკლიუზივი

ქალაქის შუა,
ჩემი ოცნების საძირკველზე
დგანან სახლები.
ერთ-ერთ სარკმელში
ბჟუტავს რაღაც...
სვეტი სინათლის
სტრიქონებად და ოცნებებად
იღვენთება თეთრ მკლავებიდან.
შენი სურვილით ჟინმორეული
შეეცქევა ყავას ოსტატი,
მარგარიტები სვამენ ჩაის,
თანაც უშაქროს,
მეტი სიმძაფრის და
სიახლოვისთვის
ალბათ აზიასთან,
აზიელია მარგარიტა.
სიმბოლიზმი, სიმბოლიზმი
და სიმბოლიზმი...
ისევ ასდის დამწვარ ლექსების
კვამლის სუნი
ჩემს ერთ-ერთ პიჯაკს,
შენ და მთვარე სარკმლიდან
მიმზერთ.
გეუბნებიან სიტყვებს გარითმულს...
ანდერსენი,
მაგრიტი,
დანტე
აღარ გახსოვს და
ლამის ქვაფენილს დაენარცხო,
დაასხა შენი
უჯრედები ნიჭიერ ტვინის,
გაბრუებულხარ ისე მარგარიტა,
არა ბოდლერის,
არა რემბოს,
არა რილკეს,
არამედ შენი და
მსგავსი იმის რაც შენში
მუდამ ბორგავდა,
სიტყვებს შორის გამხელილი
სიმბოლიზმის მსგავსი თვალებით.
წამიკითხე და გადამწერე.
სიმბოლიზმი სიმბოლიზმი და
სიმბოლიზმი.
შენ შენს სიკვდილზე
დადე ფსონი _
შენი ლექსები.
სამასი წლის შემდეგ
კურტიზანთან მომისწრებს წვიმა...
ეს დეჟავუა?
თუ მონმარტრი გამახსენდა
შენ დანახვაზე,
ასოცდაშვიდი წლისა მოგწერ:
სიმბოლიზმი, სიმბოლიზმი და
სიმბოლიზმი...
ყავას უსხედან ორნი
და ფინჯნებს შორის
სიმბოლიზმია.

??????