ჯავახიშვილი კატო
გაზიარება

მგზავრი 

“დგომა მგზავრისა ცთომაა”

ტანმორჩილ ხეებს ვერავინ ამჩნევს.
გზაზე ნისლია ისე მუქი-
“თითს ვერ მიიტან თვალთან ახლოს”
ამოიკორტნო.
და(გა)საქცევად
გულისპირზე გიჩნდება ლაქა,
როგორც ფურცელზე
ფიქრის ესკორტით გაცილება-
მელნის დაქცევა. 

დღეს უფრო დიდხანს იდგები ფეხზე,
რომ როცა ბოლოს, ჩაიმუხლებ ტრიალ მინდორზე,
სადაც ყვავილებს გულის წასვლა ეპატიებათ
მიხვდე - ამბიდან მოგონილი ზღაპრის ბოლომდე
იწყები მხოლოდ.
დღეს უფრო მეტი უნდა იარო.
გზაზე ქარისგან დაწიხლული წლები შემოგვხვდეს
მტვერი ავარდეს და ქუდმოხდილ ცაში აგროვო,
რომ როცა ღრუბლებს მოშივდებათ წვიმის სიმშრალე
თვალთ შეაყარო.
შენ ჩაიარო და არ გაჩერდე.

მტვრის ნამცეცები თესლად ყარეს დედამიწაზე.
ქალი თესავდა, კაცი მკიდა თავის მოსავალს.
გამოცლილ ნეკნზე გათენება, როგორც ფიწალზე
ეგდო და ღამე გრავიურის ჭრილად მოჩანდა.

მიკიოტები მოგკივიან ვერავინ გხედავს.
მაღალ ხეებში ისე ჩნდები
ზურგიდან მოგდევს შენი წარსული-
სიტყვაც-რეფრენად.
შენს ფოთლებს ქარი მიაქანებს დახორკლილ გზებზე
გადასაფენად.
და ჩაუარო ტანშიშველ და ფერშეცვლილ ქალებს
ქმრების ლოდინში სპილოს ეშვის მძივს რომ აცვამენ 
და ტიტრებს შენი შვილიშვილი თვალს რომ უშტერებს
ერქვას “ბარაკა”-
ეს კადრია კინოფილმიდან
შენ რომ აფრიკულ ნაწნავებად
ჩამოიწანი.
საყვირის ხმაზე დაზურგული მონადირისთვის
როკავდეს მდედრი. ცეცხლის ალი იწვერებოდეს
ცამდე და მაინც გვერდით წყარო იყოს ცისფერი-
გესლის გარეშე.
შენ ჩაიარო და არ გაჩერდე.

მტვრის ნამცეცები თესლად ყარეს დედამიწაზე
ქალი თესავდა, კაცი მკიდა თავის მოსავალს.
დღე იდგა, ოდნავ ფერშეცვლილი მიცვალებაზე
ფეხებს ხვალის და გუშინდელის ფერებს უსვამდა.

შემოგხვდეს კლდეზე გამოშვერილ ჭიუხებიდან
ვიღაც იდგეს და გრძელ ტრავერსებს შუბლით ხაზავდეს.
აგურებისგან შენდებოდეს ცათამბჯენები- 
შენ ვერ ამჩნევდე.
მდინარეები გროვდებოდნენ რკინის მილებში
იტოტებოდნენ და მოვერცხლილ სადინარებში
მარგალიტები ირეოდნენ როგორც ცრემლები-
ბუდის გარეშე.
დღეს უფრო მეტად უნდა გინდოდეს,
სადმე იქ, სადაც ვერ შეახო ჯერაც ხელები
საკვამურიდან ამოზრდილმა დედაქალაქმა
გაუჩინარდე-
დაიკარგო კვალის გარეშე.
დღეს უფრო დიდხანს იდგები ფეხზე,
რომ როცა ბოლოს ჩაიმუხლებ ტრიალ მინდორზე,
სადაც ყვავილებს გულის წასვლა ეპატიებათ
მიხვდე: ამბიდან მოგონილი ზღაპრის ბოლომდე
დამთავრდი უკვე.

გზის მარშრუტს ისევ ვერავინ ადგენს.
მიჰყვება მგზავრი, ტანმორჩილი
უბრად ბილიკებს 
და წარსულიდან მომავლამდე გაჭიმულ თოკზე
აწმყოს იტკიებს.

??????