შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

გალაკტიონის წლისთავზე 

ამბობენ, სიკვდილი ადამიანის ყურთ უკან დგასო... 
ჩვენ დანდობილა ვდგავართ, ვიცინით, ხვალინდელზე ვფიქრობთ, ჩვენს ზურგს უკან ატუზული შავი კაცი კი ფეხაკრებით დააბიჯებს, თვალებს ბოროტად აბრიალებს. არავინ უწყის, ვის უფრო ადრე მოჰკიდებს ხელს, ვის უფრო ადრე წაიყვანს მოუსავლეთში - ჯერ სიცოცხლით დაუმტკბარ ჭაბუკს თუ სიცოცხლეგამწარებულ ბერიკაცს. 
ასე უდროოდ წაიყვანა სიკვდილმა ჭაბუკი ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია და ვახტანგ ნადაშვილი. მოხუცნი ვერ შეამჩნია, იქნებ განგებაც აარიდა თვალი და გვერდით უხმოდა ჩაუარა. 
არა, აქ რაღაც სხვა ამბავია სიკვდილის შვილითათვის გაუგებარი და აუხსნელი. შალვა დადიანი ხომ დაზოგა და დიდხანს, ლამაზად სიცოცხლე აცალა იმაე სიკვდილმა, რომელმაც ჭაბუკები ამოარჩია და დაგვიხოცა. 
ასე ამოარჩია სიკვდილმა ლამაზთა შორის ნატო ვაჩნაძე და გიორგი შავგულიძე, ასაე ამოარჩია ვანო სარაჯიშვილი, უშანგი ჩხეიძე და შალვა ღამბაშიძე. როცა ცოფი  მოერია, კაენად ქცეულმა ვერაგულად გაიმეტა განუმეორებელი მიხეილ ჯავახიშვილი, სიცოცხლის მომღერალი ტიციან ტაბიძე და უბადლო ვახტანგ კოტეტიშვილი. მანვე გამოჰკრა სისხლიანი სალოკი თითი პაოლო იაშვილის სანადირო თოფის ჩახმახს.. 
ამ სიკვდილის რჩეულთაგან რომელს დაედება წუნი, რომელი არ იყო მოსაწონი და სიცოცხლის ღირსი, რომელი ერთი მათგანის სიკვდილმა არ დაგვწყვიტა გული? 
გალაკტიონი სიკვდილს არ აურჩევია. 
სიკვდილის ცელის წკრიალი შორს ისმოდა, ჯერ სხვაგან ჰქონდა სამკალი, გალაკტიონის დუდეგარი და ბუმბერაზული სულის აწრიალებად თვალს არიდებდა. 
პოეტი თვალებამღვრეული, გაოგნებული დააბიჯებდა თავისი თბილისის ქუჩებში, ირგვლივ ვერავის ამჩნევდა, ცას შესცქეროდა და იმ ლექსებს ბუტბუტებდა, რომლებმაც უკვდავებას აზიარეს. 
შთაგონებული ჩურჩულებდა იმ ლექსებს, იმ ლექსებთან უნდოდა დარჩენილი სიცოცხლეც და სამუდამო სიკვდილიც. სხვანაირი და თავისებური უნდოდა, ლექსების სამყაროში, სიხარულითა და ცრემლებით შექმნილი ლექსების სამკვიდროში. 
როცა თავის ლექსებს ჩურჩულებდა და მათ ჯადოსნურ მუსიკას იდუმალი ყურით უსმენდა, ყვავილების სიმღერა და იდუმალი ძახილც ესმოდა და თვალწინ დიდ წინამორბედის ვაჟა-ფშაველას მინდის აჩრდილი ედგა. მინდიას ბილიკი და საბედისწერო ნაბიჯი აცდუნებდა. ამიტომ არ დაელოდა გალაკტიონი ავბედითი ცელის შემოქნევას და სიბრძნე დაკარგულ ხევსურივით გზაში მიეგება სიკვდილს. 
გალაკტიონი არწივით გაფრინდა და მისი უკანასკნელი ყივილი ალბათ იმათაც შემოესმათ, ვის გვერდითაც ახლა განისვენებს. 
ერთი წელიწადი გავიდა გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ. 
წლის თავზე საქართველოში შავის გამოცვლა და გლოვის მოშლა იციან. ჭამად და სმად დასხდებიან და მიცვალებულის სადღეგრძელოს იტყვიან. წლისთავზე ოჯახის ჭერმა გლოვა უნდა იკმაროს და მოლხენის უფლება უნდა დაიბრუნოს. ამას ჭერის ახსნა ჰქვია. 
მე მიყურებია, როგორ ახსნეს ჭერი ჩემმა მგლოვიარე მეზობლებმა წლის თავზე. 
სიხარული სიცოცხლის სათავეა, ამიტომ მგლოვიარე დედის გულმაც უნდა მოისვენოს, ყვლანი სიკვდილის შვილნი ვართ, ნურაფერი გაგვიკვირდება, გულს დარდი ვაკმაროთ, ასე ამბობდნენ ჩემი მეზობლები და ანუგეშებდნენ დედას. 
ჰოდა, მე ვუყურე, როგორ აიძულებდნენ ჩემი მეზობლები ადრე დაღუპული შვილის წლისტავზე დედას - ემხიარულა, ემღერა, გაეცინა... 
"ცოცხლებსაც მოგვხედე, გაგვიცინე, სხვებიც გყევართო",- ეუბნებოდნენ. 
დედას ცრემლი აღრჩობდა, ნაძალადევად ღიღინებდა. მოსთქვამდა ისეთივე მოთქმით, როგორც მაშინ, როცა საყვარელი შვილის კუბოს უკან მისდევდა. 
მერე საცეკვაო დაუკრეს და როცა დედა გაძალიანდა და შვილი დატუქსა, შემთვრალმა ჭაბუკმა ხელი სტაცა დედას, ხელში ბავშვივი აიყვანა, თვითონაც ცრემლი სდიოდა, გამხდარ ლოყებზე ჰკოცნიდა დედას და მასთან ერთად სიმღერით უვლიდა გაშლლ სუფრას. 
გალაკტიონმა თქვა: 

შეხედეთ რა ცაა,
ესაა რაცაა!

მართლაც საოცარია საქართველოს ცა. გამჭირვალე, წმინდა მაღალი ჭერი. ამ ჭერმაუნდა იგრძნოს, რომ გალაკტიონის წლისთავზე უნდა გაშუქდეს, იკმაროს. და თუ ნამიც ჩამოცვივდა ამ გამჭვირვალე ციდან, ეს იმ დედის ცრემლივით იქნება, რომელიც შვილის წლისთავზე ძალით აცეკვეს გლოვის მოშლის ნიშნად.

??????