ისიანი სევერიან
გაზიარება

რიონი 

გზა რიონს მოსდევს...
ვიცი გორებს მოვეფარები
    და ქუთაისი
გამიღიმეს ცეცხლის ხაზებად...
    მდინარეც მიხვდა:
გადაკვეთენ რკინის ფარები,
    ლოდებს მისტირის...
უსიცოცხლოდ მოიზლაზნება.
 
აი, გორებიც
   რომ ელიან ზეცას კვამლიანს,
ტყიან კალთებზე
   დასწოლია შრომის უბნები:
უკან გახედავ,
   ნაღვლიანი ისევ ხვამლია,
თავშეხვეული,
   დახეული ლურჯი ღრუბლებით.
 
   გასწივის ქარი...
სდუმს მდინარე მდორე დინებით,
   შიშველ ნაპირებს
შიშმორეულ თვალებს უმზერს:
   კრიალა ტალღებს 
ეტმასნება მღვრიე ჩრდილები,
   სდუმს რიონი და
მთვარე აკრავს ჯავრიან გულზე.
 
   აგერ: ჩამოდგა
კიბულას კლდე ტანდაჩეხილი,
   კლდეებთან ბრძოლის
ეხოები ხევში მძვინვარებს.
  აგერ: მდინარით
გაწყვეტილი მთების გრეხილი
  და ხევში
რკინით შეთოკილი თითონ მდინარე.
 
   რტოების მტვრევა
ტყიდან ქარით გამონატარი...
   თებერვლის ღამით
ქარი სტირის პატიმარ რიონს,_
   იბღავლებს ავტო
დატვირთული თეთრი მადანით
   და გული სტკივა,
გული სტკივა უქიმერიონს.
 
   ისევ ქარია...
და ქუჩები ხმაურს მოდენის,
  დაჭრილ ღამეში
გაწოლილა მიდამო ვრცელი.
  ხიდქვეშ ამდგარან
გულმოთხრილი თეთრი ლოდები
  და ჭრილობებში
ჩარჩენიათ მდინარის ცრემლი.
 
   უქიმერიონ!
აგენთება არხით წასული
   შმაგი მდინარე
და ტყემლებიც გადახმებიან;
   გულში ჭრილობად
შეინახე ხსოვნა წარსულის,
   ღამის ბინდები
გადაგძვრება მოხუც მხრებიდან.
 
   განთიადისას
აქუხდება სივრცე კლდიანი,
   მძაფრი დღეები
ლაღუმების ბოლში ილევა...
   რომ ძირს დაეცეს
შორი მთების გულმადნიანი
   და ცას სილურჯე ჩამოხიონ
ქარხნის მილებმა.
 
1933 

??????