ჯიხაძე მერაბ
გაზიარება

სიუჟეტი 

ქალაქი გაგიჟებას სიმშვიდით ელოდება,
უღმერთო ამინდია, განწყობით - ტელეპათი,
სიცივემ ემიგრანტად მონათლა წეროები,
და მთვრალი პოეტივით მოტეხა ნეკერჩხალი.

წვიმები თოვლნარევი დეკემბრის რეზიდენტი,
გაშალა ნოემბერმა ყვითელი პასიანსი,
ქარების ჩურჩული თუ მარტივად რეკვიემი,
ბეღურებს შევუთვალე თვალებით სამძიმარი.

ნეკერჩხლის მონოლოგი - ურიტმო ფოთოლცვენა,
ქალაქში გარდაცვლილი ფოთოლთა პროცესია,
საღამომ გადაიკრა სიჩუმე გობელენად,
ქუჩაში მერქნიანი შიშველი პოეტია.

შეშლილი ქარიშხალი - ნოემბრის პრიმადონა,
მთავრდება მასკარადი, ნებით თუ უნებლიეთ,
ჭაღარა მეეზოვე დარბეულ მიდამოდან,
აგროვებს შემოდგომის შელახულ სუვენირებს.

??????