მაცაბერიძე ბონდო
გაზიარება

ზადო და ბადო 

ეს ამბავი თაგვების ქვეყანაში მოხდა.
თაგვების ქვეყანა სადღააო, იკითხავთ.
სადა და აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს სხვენში, სასიმინდეებში, ბეღელში...
თაგვების ქვეყანა ბევრად არ განსხვავდება ჩვენი ქვეყნისაგან. თაგვებსაც აქვთ თავიანთი ქალაქები და სოფლები, დიდი და პატარ-პატარა მდინარეები, მოწანწკარე წყაროები, გაუვალი ტყეები თუ მზით გადაბუგული ხრიოკი მინდვრები. მათაც უყვართ და პატარძლობენ, თაგვებიც ანგრევენ და აშენებენ, ერთგულებაც შეუძლიათ და მტრობაც იციან, ისინიც იბადებიან და მრავლდებიან. პატარა წრუწუნები კი ისეთივე ანცები და გაუგონარები არიან, როგორც ზოგიერთი თქვენგანი.
ზადო და ბადო - ორი პატარა ძმა, რომელთა ამბავსაც ახლა გიამბოთ, ბედმა ათას ფათერაკსა და ხიფათს გადაჰყარა.
სოფელში ხმა გავარდა, აბიბო მეწისქვილეს, კარზე, ვიღაცამ ორი წრუწუნა მიუყარაო.
წისქვილის კარებში დაძეწკვილი ჭორი, ცალი ყბით აბიბოს უთვალთვალებდა, ცალითაც, მთელი სოფლის გასაგონად გაჰყვიროდა:
- კი, კი, წრუწუნები ძმები იქნებიანო...
- აბიბოს, ობლები საკუთარი შვილივით მიუღიაო...
- აბა რას იზამდა, ლამისაა, კედელზე ჩამობენძღილ სარკეს ფსკერი გაუცვითოს გაძვალტყავებული თავ-პირის ცქერითო...
აბიბოს წისქვილი კი, სიმინდსაც ფქვავდა და ღომსაც, ქერსაც და ჭორსაც.
აბიბო ადრე სოფელს თუ კარდაკარ უვლიდა და წისქვილის კარი დღედაღამ საქარღრჭიალოდ ჰქონოდა მიტოვებული, ახლა-ნურასუკაცრავად,
- ხვალ, ხვალ საღამოს გამოიარეთ, ლამისაა მდინარეც ამოაშროს ამ ოხერმა გვალვებმაო, - გამოსძახებდა აბიბო წისქვილის კართან ჩამომსხდარ ცნობისმოყვარე თანასოფლელებს, რომლებიც ვინ მოთვლის, რამდენ ‘‘ხვალეს’‘ და ‘‘ზეგეს’‘ აღამებდნენ ნახევარი ფუთი საფქვავის მოლოდინში...
ეს, წისქვილის კარს მიღმა. კარს შიგნით კი, აბიბო ბადოს და ზადოს ყოველ დილით თხის რძეში მოთუხთუხებულ ყვითელი სიმინდის ფაფას აჭმევდა, შუადღისას - თხილ-კაკლის გულს, საღამოს კი, ჩირ-ჩურჩხელას.
ასე გაგრძელდა, ვიდრე, ზადომ და ბადომ თვალი არ აახილეს და პირმადას აყოლილებმა, სოფლის ვექილის ხორბლით სავსე ტომრებს ძირი არ გამოუძგნარეს.
- ნუ, ჩემო ზაზული, ნუ დაგვძრახავ, ჯერ პატარები არიან, ერთ მარცვალსაც არ დაგაკლებო, - უთხრა აბიბომ ობლებზე გამწყრალ სოფლის ვექილს.
- ვიცი, შენი ამბავი, ჩემო აბიბო, მარა, - ზაზულიმ წრუწუნებს გადახედა, - ამათი რა მოგახსენო, ვერ ვატყობ მთლად სიკეთესო, - ჩაილაპარაკა და წისქვილის კარი გაიხურა.
- საქმეა ახლა ეს?! - მიუბრუნდა აბიბო წრუწუნებს, - ჯერ, გვარიანად თვალი არც აგიხელიათ და, სოფლის სალანძღავად გაიხადეთ საქმე?!. არა, აჰ! ახლავე გალიაში ჩაგსვამთ, აბა ნახეთ! - აბიბომ წრუწუნებს ხელი დაავლო და კინწისკვრით გალიაში შეყარა.
წრუწუნები გაუნძრევლად იდგნენ გალიის კუთხეში და ყურებაკაპიწებულები უსმენდნენ აბიბოს, რომლის საუბრიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გაეგოთ. ვერც ის, რატომ ეცოტავათ გალიის სივრცე და რატომ დარჩათ ოთხწნულა მავთულებს მიღმა თავისუფლება...
როდის, როდის გალიის სხვადასხვა კუთხეში გაცუნცულდნენ, მარცვლით გატიკნილი მუცლები იღლიაში ამოიდეს და მშვიდად მიიძინეს...
გალიაში
დილით, წისქვილის გაჭვარტლულ ფანჯრის მინაში მზის სხივმა შემოიჭყიტა. გალიის ოთხწნულშიაც გაძვრა და ზადოს ცხვირზე მოუღიტინა. მანამ არ მოასვენა, ვიდრე თვალი არ გაახელინა. პირველი, რასაც ზადომ თვალი მოჰკრა, გალიის კარებზე ვერცხლისფრად მობრჭყვიალე ვეებერთელა ბოქლომი იყო. ზადო მუხლებზე წამოჯდა, გალია გულდასმით შეათვალიერა. ახლა მას გალია კიდევ უფრო პატარა მოეჩვენა.
წამოდგა. ბადოსთან მივიდა და მხარზე ხელი წაჰკრა,
- ბადო, გაიღვიძე... გესმის, გაიღვიძე!...
- უუუჰ, რა იყო, რა დაგემართა?!- აბუზღუნდა ბადო.
- რა და, ისევ გალიაში ვართ. ნახე, კარებს რამოდენა ბოქლომი ადევს, - ზადომ გალიის კარს გახედა.
ბადომ თვალები მოიფშვნიტა, წამოჯდა, მთელი სხეულით გაიზმორა და გალიაში მიმოიხედა.
- ახლა რა გვეშველება? - თქვა კარგა ხნის შემდეგ.
- იცი რა, მოდი მთელი ხმით ავწრიპინდეთ, კარგი? - თქვა ზადომ.
- ეჰ, წისქვილის ღორღალში მაინც ვერავინ გაიგებს, - ამოიოხრა ბადომ...
- ბადო, ბადო ნახე, ფაფა! - წამოიძახა უცებ ზადომ და გალიის კართან მიირბინა, - მოდი ვჭამოთ!
- არ მინდა, მე გარეთ მინდა, - ბადომ ცხვირი აიბზუა.
- მაშინ, არც მე მინდა.
- აკი, ვჭამოთო, ხომ თქვი?!
- შენ თუ არ შეჭამ, არც მე მინდა.
- კარგი, ვჭამოთ, - უთხრა ბადომ და ფაფიან ჯამში თითი ჩაყო, - ჯერ მე შევჭამ, მერე შენ, ჰო?
- კი აბა, შენ?! ნამდვილი ღორმუცელა ხარ, მართლა და მართლა, - გაიბუსხა ბადო.
- რას იბუტები?.. მოდი, ჯამი გალიის კუთხეში დავდგათ და ვინც მიასწრებს, პირველიც ის იყოს.
- კარგი!
წრუწუნებმა ფაფით სავსე ჯამი გალიის კუთხეში ფრთხილად მიდგეს და უკან გამობრუნდნენ.
- ერთი, ორი, სამიი, - დაითვალეს ერთხმად და ჯამისაკენ გაქანდნენ.
დაწინაურდა ზადო. ის იყო ჯამში ტუჩი უნდა ჩაეყო, რომ ბადომ ფეხი გამოსდო და ზადო ჯამზე ცხვირით დაეცა. ჯამი აყირავდა და ფაფა წურწურით ჩაიღვარა გალიიდან.
- ვაიმე, ძალიან გეტკინა?! - წამოიძახა ბადომ და ზადოს დახედა.
- თავი დამანებე, აღარ გელაპარაკები!
- რატომ აღარ მელაპარაკები?
- აბა, რატომ წამაქციე?!
- მაშინ, ფაფა რომ დაღვარე, აღარც მე გელაპარაკები. ნახე, ყველაფერი დედას თუ არ ვუთხრა?!
- შენ რომ წამაქციე და ცხვირი მატკინე, კარგი იყო?! მეც ჩემს დედას ვეტყვი და ნახავ, როგორ გცემს, - უთხრა ზადომ და გალიის კუთხეში წაცუნცულდა...
- ბადო!
- თავი დამანებე, ხომ გითხარი, აღარ გელაპარაკები-მეთქი!
- ბადო... შენ არაფერი გინდა? - ჰკითხა ზადომ და გვერდით მიუჯდა.
- იცი რაა, ეს ჩემი კუთხეა, გაიგე?
- მერე, გგონია აქ დავრჩები?!
- კარგი, თქვი რა გინდა.
- რა და... მოდი, ყურში გეტყვი...
წრუწუნებმა ხელები მხრებს უკან გადაიწყვეს და გალიის მავთულს მაგრად ჩასჭიდეს. მერე მუხლები მოხარეს, უკანალები მავთულის ოთხწნულში გაჰყვეს და მაგრად გაიჭინთნენ...
ცოტა ხნის შემდეგ წრუწუნებმა ზემოთ ამოიხედეს და ერთმანეთის თვალებგადმოკარკლულ სახეებს რომ შეხედეს, ერთი ფსუტუნ-ფსუტუნი გააბეს...
კიდევ დიდხანს იხითხითებდნენ და კიდევ დიდხანს გამოიცურცლავდნენ წრუწუნები მარცვლით გატიკნილ მუცლებს, საწოლიდან აბიბო რომ არ წამომხდარიყო:
- ეს რა ამბავია! ნახეთ, რა დღეში არიან?! - აბიბომ გალიას ხელი დაავლო, კარში გავარდა და გალია მდინარეში მოისროლა, - ესეც თქვენა! ესენი ვინა ყოფილან, კაცოო?! - წამოიძახა და მდინარის ნაპირზე ჩამოჯდა...
კარკარეთში
- რაო, როგორ თქვი, რამდენი დღე იყვნენ წყალშიო? - იკითხა კუკუჩია ექიმბაშმა და მასპინძლებს გახედა.
- რავიცი აბა, თავად არაფერს ამბობენ, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბაჭადომ.
- კაცოო, რით ვერ გაიგე, წრუწუნები ჯერაც არ გამობრუნებულან ამ ქვეყნისკენ და, როგორ ეცოდინებათ, ჰა?! - სულმოუთქმელად მიაყარა ცოლმა ბაჭადოს.
- შენ კიდევ, ის გიჯობს, ჭკუის სწავლებას თავი დაანებო და ცოტაოდენი ძვლების გასათბობი გამოიტანო, თან ზედ, რაიმე სასუსნავიც მოაყოლო, გაიგე?! - მიუბრუნდა ბაჭადო ცოლს.
- აი, შენ კი ჩაწკვარამდი, შენა, ჰა! ნეტა, არა ვნახავ შენს ძვლებს ხაფანგში გარეგვილსა?! - ჩაიქოქოლა ცუცუნამ და ოთახიდან გავიდა.
- რაო, რაო, როგორ თქვი, რამდენი დღე იყვნენ წყალშიო? - კვლავ ჩაეკითხა ექიმბაში მასპინძელს.
- შენ, რაღა მოგივიდა, კაცო?! აკი გითხარი, არ ვიცი-მეთქი... იქნება ასე, ორი-სამი კვირა, ბიჭოს!
- რას ამბობ, ბაჭადო?! ამ ყიამეთში თევზს გასცვივა ფარფლი და სამი კვირა წრუწუნები წყალში როგორ გაძლებდნენ?! - წამოიძახა კუკუჩია ექიმბაშმა და გულმარიხიანად ჩაიკუჭკუჭა, - რაკი აგრეა, მომისმინეთ: დილით, ორივენი ფეხებით ჩამოჰკიდე, ჰოდა, ვინემ მუცლიდან ნაგუბარ წყალს ბოლომდე არ გადმოღვრიან, აგრე გყავდეთ, მერე, ჩამოხსნით და ზანდაროზით კარგად დაზელთ და ორივეს თბილ საწოლში ჩააწვენთ, ჰოდა, აგრე უწამლით იმდენ დღეს, რამდენიც თავად იყვნენ წყალში, გაიგეთ?
- სამი კვირა, ხომ?
- ჰო, აგრე არ თქვი სამი კვირა იყვნენ წყალშიო?
- მაშ, სულ დაცლიან მუცლებს?
- დაცლიან, აბა რას იზამენ.
- რას ამბობ, შენ ხომ არ შეიშალე?!. ქალო, ერთი აქეთ მოიხედე, - გასძახა ბაჭადომ ცოლს, - გაიგონე რა თქვა? ჯერ აგრე დაჰკიდეო, მერე კიდევ, იგრეო, - გინდა ჩემი ხელით ჩამომახრჩობინო ეს საცოდავები, არა?! - მიუბრუნდა ბაჭადო ექიმბაშს.
- ნეტავ ვიცოდე რა გაღრიალებს, დამხრჩვალის წამალი ეგაა და, ბიჭოს! - ექიმბაშმა ხელჯოხი აიღო და გაბრაზებული კარში გავარდა, - ერთი ამათ დამიხედეთ, არ გინდათ და ნუ გინდათ, ეგენი ვინა ყოფილან, კაცოო?!
- დამეკარგე აქედან! - მიაძახა ბაჭადომ ექიმბაშს...
- კაცოო, მართლა რო არაფერი ეშველოთ, მერე? - აქოთქოთდა ცუცუნა, - აგრე უნდილად რად ზიხარ! ადე, ჩამოუარე სოფლებს, იქნებ ამათ მშობლებს მიაწვდინო ხმა.
- ესენი, ალაზნისპირელები არ უნდა იყვნენ, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბაჭადომ და კარში გავიდა.
...
სევდამ დაიბუდა კარკარეთში.
სამი დღე და ღამე არ მოსცილებია სოფელი ბაჭადოს ეზო-კარს. მათი ცოდვით კაკალი არ გადმოვარდნილა ლენჯოდან, პეპელა ყვავილს არ გაჰკარებია, ჭიანჭველა - წკას მარცვალს.
- კუს ბაკანი გაუტყდა, ჭირადაც ეყო და ლხინადაცო, ხომ გაგიგონიათ? ჰოდა, აგრეა ჩვენი საქმეც, - ხშირ-ხშირად გადაულაპარაკებდა ბაჭადო სახლის კიბეზე ჩამომსხდარ მეზობლებს.
- რაო, ბაჭადო, როგორ თქვა კუკუჩია ექიმბაშმაო? - მეზობლებიც ხშირად ეკითხებოდნენ ბაჭადოს.
- მაშ კაცო, როგორ და, წრუწუნები ჯერ ანგრე ჩამოჰკიდეო, მერე კიდევ, ინგრეო, - გამოაჯავრებდა ენამოჩლექი ბაჭადო კუკუჩია ექიმბაშს და მეზობლებიც, თითქოსდა პირველად ისმენენო, სიცილს გააბამდნენ...
- მოიცათ, ჩუმად! - წამოიძახა უცებ ცუცუნამ და საძინებელ ოთახს მიაყურადა.
- დ...ე...დ...ა! დე....და....სთან მინდა, - წრიპინებდა ბადო მთელი ხმით, - ზადო გაიღვიძე, მე ჩემს დედასთან მინდა, გაიღვიძე!
ცუცუნამ სწრაფად აირბინა კიბეები და წრუწუნების საწოლ ოთახში შევიდა.
- დამშვიდდით, ნუ ტირით, თქვენი დედა მალე მოვაო, - ეუბნებოდა ცუცუნა საწოლზე წამომჯდარ წრუწუნებს და სათითაოდ გულში იკრავდა.
ის ღამე მშვიდად გაათენეს კარკარეთელებმა. მშვიდად ეძინა ბაჭადოს და ცუცუნას. ეძინა ზადოს და ბადოსაც...
ზადოს და ბადოს სოფელში გამოჩენის ამბავი, არც მათ თანატოლ წრუწუნებს გამოჰპარვიათ მხედველობიდან. წრუწუნებმა დილაადრიანად მოიყარეს თავი ბაჭადოს ჭიშკარზე.
- შორს არ წახვიდეთ, შვილებო, ბევრი არ ირბინოთ, მდინარეზე არ ჩახვიდეთ! - მიაძახა ცუცუნამ ალაგეზე გადავლილ ზადოს და ბადოს...
- თქვენ რა გქვიათ? - ჰკითხა ათულიმ წრუწუნებს.
- მე ზადო მქვია, ამას - ბადო, თქვენ?
- მე, ათული მქვია, ამას - თაბი, ეს ბუჭუა, ესა კიდევ...
- მე ბაჭუტა მქვია, გინდათ, ბაჭუ დამიძახეთ.
- ზადო, მოდი ლახტობანა ვითამაშოთ, - თქვა ბუჭუმ.
- კარგი, ვითამაშოთ.
- რატომ სტყუი, ზადო? ჩვენ ხომ ლახტის თამაში არ ვიცით? - უთხრა ბადომ ზადოს.
- კარგი, მაშინ... მაშინ კაკლობანა ვითამაშოთ, - თქვა თაბიმ.
- ჩვენ რომ კაკალი არ გვაქვს, როგორ ვითამაშოთ? - ბადომ და ზადომ ერთმანეთს გადახედეს.
- მე მოგცემთ, ნახეთ რამდენი მაქვს, - თაბიმ მაისურიდან კაკლები ამოიღო და ბადოს გაუწოდა, - იცით რა ადვილია, მე ჩემს კაკალს მიწაზე გავაგორებ, შენ კი შენს კაკალს, თითწკვინტილს ჰკრავ და თუ ჩემს კაკალს გაარტყამ, ორივე კაკალი შენი იქნება.
- რომ ვერ მოვარტყა, მაშინ?
- მაშინ... ჩემს კაკალს დამიბრუნებ.
წრუწუნებმა თამაში გააჩაღეს.
...
- უკვე სამი კაკალი წააგე, წადი მოიტანე! - უთხრა თაბიმ ბადოს.
- საიდან უნდა მოვიტანო?
- წადი და დედაშენს გამოართვი!
- ვისა?
- ვისა და დედაშენს! რა, ვერ გაიგე?!
- ჩემი დედა აქ რომ არ არის, - ბადოს ცრემლი მოერია.
- ჰო, მართლა, ბაჭადომ თქვა, წრუწუნებს დედა არ ჰყავთო, - წამოიძახა ბაჭუმ.
- თქვენ დედა მართლა არ გყავთ? - ჰკითხა ათულიმ ზადოს და ბადოს.
- ჩემი დედა სხვაგანაა და მალე მოვა, არა ბადო?... წამო, წავიდეთ აქედან, არ გვინდა ამათთან თამაში, - ზადოს ყელში ცრემლი მოადგა.
- არ გინდათ, კარგია! კაკალი ხომ წააგე? ჰოდა, წადი და მოიტანე, თორემ! - თაბი ბადოს კისერში სწვდა.
- ახლავე გაუშვი ხელი! - იყვირა ზადომ.
- ეე, ერთი ესა ნახეთ, ბიჭო?! - თაბიმ ზადოს გახედა.
- თაბი, ახლავე გაუშვი ხელი! იცოდე, ბაჭადოს ვეტყვი ყველაფერს, - გამოექომაგა ათული ზადოს და ბადოს.
ზადომ და ბადომ ერთმანეთს გადახედეს, მერე, ისე სწრაფად შემოჰკრეს თაბის ყბაში მუშტები აქეთ-იქიდან, რომ თაბი მიწაზე გაგორდა.
- ჩქარა, გავიქცეთ! - ათულიმ ბადოს და ზადოს ხელი სტაცა და ადგილიდან გავარდნენ...
...
- ბადო, გძინავს?
- არა ზადო, შენ?
- ბადო, სად არის შენი დედა, რატომ არ მოვიდა?..
- არ ვიცი...
- ჩემი დედაც რომ არ მოდის, - ამოყელცრემლა ზადომ და საწოლზე წამოჯდა.
...
- ბაჭადო, ბაჭადო, გაიღვიძე, კაცო, კარზე არიან, - ცუცუნამ მუშტუკუნი წაჰკრა ქმარს.
- რას ამბობ, ქალო, ამ წკვარამში წყალსაც სძინავს, დაიძინე ერთი! - ბაჭადომ კედლისკენ იბრუნა პირი.
- არ მესვენება კაცოო, რაღაც ამბავია ჩვენს თავს, - ცუცუნა საწოლიდან წამოდგა და წრუწუნების საძინებელ ოთახში გავიდა.
- უიმე, უიმე, მომიკვდეს თავი, აკი ვთქვი, არ მესვენება-თქო, - ცუცუნა ქოთქოთით უკან გამობრუნდა.
- ეეეხ!... აღარ მომასვენა, კაცოო! - ბაჭადო საწოლზე წამოჯდა, - რა იყო, რა კატის კრუტუნი აგედევნა, ჰა?!.
- გაპარულან, ორივენი გაპარულან!
- რას ამბობ?! - წამოიძახა ბაჭადომ და საწოლზე წამოჯდა - სოფლის გზას ვერ გაიგნებენ, მდინარით წავიდოდნენ! - თქვა და კარში გავარდა.
კვლავ აიშალა კარკარეთი.
მთელ ხეობას მოედო კარკარეთელთა შეძახილი:
- ხევ-ხევ ამოჰყე, კაცოო!
- ზადოოო!..
- ჰეი, ბადოო!..
- რა ჰქენი ბაჭადო, იპოვნე?!.
ბორანზე
ბადო და ზადო ბორანზე ეყარნენ დაღლილ-დაქანცულნი.
ბორანი მდინარის ზედაპირზე დუნედ ლუყლუყებდა.
ახლა მათ ერთი სული ჰქონდათ, როდის წამოცვივდებოდნენ და ნაპირზე ავიდოდნენ.
ახლა მათთვის სულერთი იყო, ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგებოდა თუ მდინარის დაყოლებით დაეშვებოდა. მთავარი იყო, უკან არ მიბრუნებულიყვნენ, რადგან ისინი სოფელს გამოექცნენ, სოფლის წუნწუხებში ამოგანგლულ სირცხვილს გამოექცნენ. სირცხვილს, რომელიც გაფოთებით მოსდევდათ ფეხდაფეხ და ვინ იცის, მდინარის სალზე ფეხი რომ არ ასხლეტოდა %ესეც ზადოს და ბადოს ბედი იყო?, ისიც ბორანზე მოადენდა ზღართანს მათთან ერთად. მერე კი ვეღარ გაექცეოდნენ, ვეღარსად დაემალებოდნენ და, ვინემ ზადოს და ბადოს ილაჯის ძალი არ გაუწყდებოდა, ზურგზე სირცხვილაკიდებულებს უნდა ევლოთ სოფელ-სოფელ...
...ბორანი მდინარის ზედაპირზე დუნედ ლუყლუყებდა... ახლა ვინმეს რომ დაეძახა, ადექით, ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგაო, მაშინ, სულ არ იჩქარებდნენ, რადგან კარგად უნდა დაესვენათ, კარგად გამოეძინათ... მდინარის ნაპირზე კი იწყებოდა ახალი ცხოვრება...
ახლა არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, თუ რას მოუმზადებდა ცხოვრება მათ. მდინარის თაგვებად აქცევდა, თუ ძუძგის ვირთხებად. მინდვრის დაღლარებად გახდიდა თუ ლამპალის წურბელებად. ასე იყო თუ ისე, ახლა ისინი ობლები იყვნენ,
უსახლკარონი, სასუსნავიც თავად უნდა ეშოვათ და წყალიც. კატასაც უნდა დამალოდნენ და ხაფანგიდანაც ისე უნდა გამოეტანათ კაკლის კუკრუჭანა, შიგ გვერდები არ მოერეგვათ. ობლობაც უნდა მოერგოთ და თანატოლების დაცინვაც უნდა მოეთმინათ, ვინემ, დედას არ იპოვიდნენ.
იქნებ, ცუცუნა იყო მათი დედა?...
არა. ასე რომ ყოფილიყო, ცუცუნა ხომ არ ეტყოდათ: ‘‘დამშვიდდით, ნუ ტირით, თქვენი დედა მალე მოვაო.’‘
ხომ შეიძლებოდა ცუცუნასაც სხვაგვარად ეთქვა, თუნდაც: ‘‘ნუ ტირით, დედა გენაცვალოთო’‘, - მაშინ?
მაშინ, ხომ უფრო ამაყები, უფრო ძლიერები იქნებოდნენ და თაბის ხელის გარტყმის შემდეგ კი არ გაიქცეოდნენ, ბოლომდე შეებრძოლებოდნენ. მერე რა, რომ ისინი ოთხნი იყვნენ?! ეცემინებოდნენ ბოლოს და ბოლოს და ჰა, ჰა, ხუთი-შვიდი დღე საწოლშიაც იკოტრიალებდნენ დაჩეჩქვილი ცხვირპირის მოსაშუშებლად. სამაგიეროდ, არც სოფელს გაექცეოდნენ და არც თანატოლებს. სოფლის წუნწუხებში ამოგანგლულ სირცხვილს კი, საბოლოოდ გამოუკეტავდნენ ცხვირწინ კარს...
ახლა სადაცაა ბორანი გაღმითა ნაპირს მიადგება. ახლა ზადომ და ბადომ უკანასკნელად უნდა გამოიტირონ ობლობაც და სიღარიბეც, გზა გავლილი და გასასვლელიც და შარაზე გავიდნენ...
...
- უჰ, რამდენი ვიძინე?! - ბადო მუხლებზე წამოჯდა და მთელი სხეულით გაიზმორა, - ზადო, გაიღვიძე, ნახე ნაპირზე ვართ... იცი, როგორ მომშივდა?.. შენ არ გშია?.. გახსოვს აბიბომ გალიაში ფაფით სავსე ჯამი რომ შემოგვიდგა? ისიც ხომ გახსოვს, ფაფა რომ დაღვარე და მერე მე რომ გამებუტე... ეჰ, ახლა ის ფაფა აქ რომ მოგვცა?!. რატომ აღარ მელაპარაკები, რა, არ გშია?.. არ გშია და ნუ გშია. მე წავალ, შენ კი იძინე რამდენ ხანსაც გინდა... გგონია, ვერ წავალ? თუ გგონია წავალ და საჭმელს მოგიტან? კი აბა, შენ იძინო და მე საჭმელი მოგიტანო? იფ, რა კარგია?! თუ ასეა, მე დავიძინებ და შენ მომიტანე!
ბადომ მდინარის წყალი სახეზე მიისხა, ნაპირზე ისკუპა და გზას გაუდგა.
იარა, იარა და პირდაპირ თხილნარის ტყეში ამოჰყო თავი. სწრაფად მოხვეტა ირგვლივ მიმობნეული თხილის კაკლები, მერე იქვე - თხილის ჩირგვთან ჩაცუცქდა და კაკლები ფეხთით დაიყარა:
- სამი ზადოს, სამი - მე,
- სამი ზადოს, სამი - მე,
- სამი ზადოს, სამი - მე,
- სამი ზადოს,
- მე?.. მე რომ ორი დამრჩა?.. არა, ორივე ზადოს, აბა მას სულ რომ არ უჭამია?!.
თბილი, წვიმიანი საღამო იდგა, აქა-იქა მოლაღურების ჭივი ისმოდა. ბეღურები ფრაფლანით დაფრინავდნენ ჩირგვიდან-ჩირგვზე. თხილის ფოთლებში გახლართული სიო კიპკიპით მიმოდიოდა ფოთლიდან-ფოთოლზე. ფოთლების
შრიალზე ბადომ ყურები ცქვიტა, თითქოს კატის კრუტუნს მიაყურადაო. სწრაფად მოხვეტა თხილის კაკლები და ადგილიდან გავარდა. შიშისგან ისე გაფოთებით გარბოდა, უკან არც მიუხედავს, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, ბორანზე ბრაგვანი რომ მოადინა. თვალი ჩუმად გააპარა ზადოსკენ, ხომ არ დამინახაო. ზადო ბორანის კუთხეში იწვა და საცოდავად კანკალებდა.
წამოდგა. ზადოსთან მივიდა და მუშტუკუნი წაჰკრა, - ნახე, რას მოვრბოდი?! იცი, როგორ მომდევდნენ, მაინც ვერ დამეწიეს! რა მაგარი ვარ, არა?!. შენ რა, კიდევ გძინავს? - ჰკითხა და სახეზე დახედა.
- იცი, ბადო... შენ რო...მ წა-ხვე-დი და დამტოვე, რა-რამდენი გე-ძახე? მერე, ბო-რანი ნელ-ნელა მდინარის ფს-კე-რზე და-ეშვა, იქ ბე-ვრი, ძალიან ბევრი ფერ-ად ფე-რა-დი თევზი იყო და ყვე-ლას უნდოდა მათთან რომ დავრჩე-ნი-ლი-ყავი... მე კი, შენ-თან მინდო-და, კიდევ, ჩემს დე-დასთან... რატომ არ ამო-მიყვანე რომ გეძახ-დი?.. - საცოდავი ხმით კრუსუნებდა ზადო და სიცივისაგან კიდევ უფრო ეკვროდა ბორანის კუთხეს.
- ზადო, ცუდად ხომ არ ხარ? - ჰკითხა ბადომ და შუბლზე ხელი დაადო, - უჰ, როგორი ცხელი ხარ, მგონი სიცხე გაქვს... რა ვქნათ?.. ნახე, რამდენი თხილი მოგიტანე, მოიცა, დავამტვრევ და ისე მოგცემ ჰო, შენ გეგონა მართლა არ მოგიტანდი, აი აიღე, სულ შენი იყოს.
- არ მინდა თხილი, მცივა.
- გცივა?.. მოდი შენ აქ დამიცადე, მე ახლავე მოვალ, კარგი? - უთხრა ბადომ და კვლავ მდინარის ნაპირზე გაბრუნდა.
- ბადო სად მიდიხარ? - მიაძახა ზადომ.
- აი, ნახე თხილის რამდენი ფოთლები მოგიტანე, - ბადო თვალისწამში ბორანზე დაბრუნდა, - ახლავე ზემოდან დაგაფარებ, მალე გათბები და კარგადაც იქნები, აი, ასე... ახლა, თხილიც ჭამე, იცი, რა გემრიელია. აჰა, აიღე, კიდევ აიღე, სულ აიღე, ყველა შენი იყოს, მე არც ერთი ცალი არ მინდა, იცი ტყეში რამდენი თხილია? ჰოდა, მალე კარგად გახდები და ტყეშიც ერთად წავიდეთ, კარგი?...
კატის სოროში
ზადოს გამთენიისას ჩაეძინა.
ის იყო, ბადომაც თვალი მილულა, რომ უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა და წვიმა წამოვიდა.
- ზადო გაიღვიძე, მთაში გრიგალია! - ბადომ ზადოს ფეხზე ხელი წაავლო და მდინარის ნაპირზე გაათრია.
- არ მინდა წყალში, მე შენთან მინდა,- ბორგავდა სიცხისგან მისავათებული ზადო.
- აი, უკვე ნაპირზე ვართ, აქ მდინარე ვერ მოგვწვდება... უჰ, როგორ ცივა, წავალ, აქაურობას შევათვალიერებ, იქნებ სადმე საყუდარი ვიპოვო, თორემ სიცივისგან გავიყინებით. შენ აქ დარჩი, მე მალე დავბრუნდები, - თქვა ბადომ და წავიდა.
- ზადო, ჩქარა აქეთ,აქეთ! - ბადო ერთ გამოფუღრულ ხესთან იდგა და ზადოს ხელს უქნევდა.
ზადომ ხესთან მიირბინა.
- შემოდი, შემოდი, ნახე ვიღაცას რა კარგი ბინა მოუწყვია, შემოდი, რაღას უცდი, - ბადომ ზადოს ხელი მოკიდა და გამოფუღრულში შეიყვანა, - ნახე, როგორ თბილა, ახლა ბუხარს შევუკეთებ, თორემ სულ სველი ვართ, - ბადომ კუთხეში მიყრილი ფიჩხი აიღო და ბუხარს დააყარა.
- ბადო, სოროს პატრონი რომ მოვიდეს, მერე?
- მოვიდეს რა, სულ აქ ხომ არ დავრჩებით, გავთბეთ და წავიდეთ. ბადო ბუხრის წინ ჩაცუცქდა და შიშველი ფეხები ნაკვერჩხალს მიაფიცხა, - უჰ, რა კარგია... მოდი, იქნებ ცოტა სასუსნავიც ვიპოვოთ, მთელი დღეა ხემსი არ ჩაგვსვლია, - თქვა ბადომ და სორო გულდასმით შეათვალიერა.
წრუწუნები აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ, მაგრამ საკბილოს ვერაფერს მიაგნეს და კვლავ თბილ ბუხარს მიეფიცხნენ.
- ზადო ნახე, რამოდენა კაკალი! - წამოიძახა უცებ ბადომ და ბუხრის წელზე აცოცდა, - აჰა, დაიჭი! - დაიყვირა და კაკალი ძირს გადმოაგდო.
ბევრი აკირწიკორწალეს წრუწუნებმა კაკალი წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს, კაკალი კერკეტი აღმოჩნდა.
- ბადო, იცი რა მოვიფიქრე? - წამოიძახა უცებ ზადომ.
- რაა?
- რა და, შენ ბუხრისწელზე ადი, მერე იქედან გადმოხტი და კაკალს ორივე ფეხით დაახტი, მე კი, დაბლა ვიქნები და კაკალს დავიჭერ, კარგი?
- კარგი, - თქვა ბადომ და ბუხარზე აცოცდა. ის იყო, ბადო ბუხრიდან უნდა გადმომხდარიყო, რომ უცებ ფეხი აუსხლტა, ბუხრიდან თავდაყირა გადმოეშვა და კაკლის წვერზე უკანალით დაეცა.
ზადომ, თავზე არ დამეცესო, კაკალს ხელი გაუშვა და გვერდზე გახტა.
- ვაიმე! - იღრიალა ბადომ და უკანალზე ხელი წაივლო, - რატომ გაუშვი ხელი, ხომ თქვი, კაკალს დავიჭერო?!
- კი აბა, თავზე რომ დამცემოდი?! - ზადო უშნოდ გაიღრიჯა.
- რა გაცინებს, იცი როგორ მტკივა?! - თქვა ბადომ და ცრემლები წასკდა...
- რა ვქნათ ბადო, შიმშილით კუჭი მეწრიტება, - კვლავ აწრიალდა ზადო.
- არ ვიცი. თუ კარგია, ახლა შენ გადმოხტი.
- არა, ეგ არ გამოვა, სხვა რამ მოვიფიქროთ.
- რაა?!
- რა და... მოდი კაკალი კარის ბანდზე დავდოთ, მერე კარს მთელი ძალით მივაწვეთ და კაკალიც დაიმტვრევა.
- არა, არც ეგ გამოვა.
- ნახავ, თუ არ გამოვა.
ზადომ კაკალი კარის ბანდზე დადო და კედელთან მივიდა, - ერთი, ორი, სამიიი, - წამოიძახა და კარს მთელი ძალით დაეტაკა. კარი მოსხლეტით უკან გამობრუნდა და ზადოს სახეში მიეხეთქა. - ვაიმე! - იღრიალა ზადომ და სახეზე ხელი აიფარა.
- ზადო, რა მოგივიდა?! - მივარდა ბადო, - ძალიან გეტკინა, ჩამოსწი ხელი, დამანახე.
- აბა, არ მეტკინა?!
- კარგი, ნუ ტირი, სხვა რამ მოვიფიქროთ.
- სხვა რა მოვიფიქროთ? - ზადომ ცრემლი მოიწმინდა და ბუხართან მივიდა... - მოიცა, მოიცა, მოდი კაკალი ნაკვერჩხლებზე დავდოთ, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ.
- რას ამბობ, სულ რომ დაიწვას, მერე?!
- არა, ლენჯო რომ დაიბრაწება, ჩვენც მაშინ ავიღოთ.
წრუწუნებმა კაკალი ნაკვერჩხლებზე დადეს და გაფაციცებით ცეცხლს მიაცეცდნენ.
ჭაახ! - გაისმა უცებ და კაკლის ნაჭუჭები სოროში მიმოიფანტა.
- ვაიმე, თვალი! - იყვირა ბადომ და სახეზე ხელი აიფარა.
- რას შვები, ხელი ჩამოსწი! - ზადო ბადოს მივარდა და თვალიდან ლენჯოს გავარვარებული ნატეხი ააცალა, - გეწვის?.. აბა თვალი გაახილე, მხედავ?..
- ხომ გითხარი ნაკვერჩხალზე არ დავდოთ-მეთქი!
- როდის მითხარი?! - ზადომ ცხვირი აიბზუა და სოროს მეორე კუთხეში წავიდა.
- ზადო იცი, აღარ მეწვის, მოდი ვჭამოთ, - თქვა ბადომ ცოტა ხნის შემდეგ და სოროში მიმობნეული კაკლის ნაჭუჭები სულ ერთიანად ააგროვა. დიდხანს უტრიალა ბადომ კაკლის ნაჭუჭებს, მერე გაბრაზებულმა სულ ერთიანად შეყარა ბუხარში.
- რას შვრები?! - წამოიძახა ზადომ და ბუხარს მივარდა.
- კაკალი ფუჭი ყოფილა, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბადომ...
- რა ვქნათ, აწი?.. ამაღამაც მშივრები ვიყოთ?.. როდის-როდის ამოყელცრემლეს შიმშილისგან მისავათებულმა წრუწუნებმა და ბუხრის წინ გვერდი-გვერდ მიიძინეს...
დილით კარზე ხმაური გაისმა.
წრუწუნები ფეხზე წამოცვივდნენ და სოროს კარს მიაყურადეს.
- უჰ, როგორ დავიღალე, დასწყევლოს ღმერთმა, ერთი კონჩხა რძისთვის მთელი ხეობის სოფლები შემოვიარე, - მოისმა დახურული კარის იქეთა მხრიდან.
- ვაიმე, სორო კატის ყოფილა! - თქვეს ერთხმად წრუწუნებმა და ერთმანეთს გახედეს, - ვეღარ გავექცევით, ზედ გასასვლელში ზის, რა ვქნათ?..
- მოდი ბუხარში ავძვრეთ?
- რას ამბობ, ბადო, ბუხარში ხომ დავიწვებით?!
- ადგა, შემოდის, ჩქარა სხვენზე! - ბადომ ზადოს ხელი სტაცა და სხვენზე გააქანა.
სოროში კატა შემოვიდა. ბუხარში გაღვივებულ ნაკვერჩხალს თვალი რომ მოჰკრა, გაოცებისგან მხრები აიჩეჩა, - ნეტავ ვინ იყო? ბუხარიც რომ დაუნთია? - თქვა და სორო გაკვირვებით შეათვალიერა. მერე, რძიანი კონჩხა ბუხრის პირას დადგა და თბილ ღვერფლში მიწვა.
- ხომ გითხარი, სოროს პატრონი რომ მოვიდეს-მეთქი!..
- ჩუმად, რა გაღრიალებს!
- აბა სულ აქ ხომ არ ვიქნებით, რატომ კარს უკან არ დავიმალეთ, კარს რომ გააღებდა და სოროში შემოვიდოდა, უცებ ჩვენ გარეთ გავვარდებოდით...
- შენმა მზემ, შორს გაექცეოდი, აი?! ჩუმად იყავი, მე ქვემოთ ჩავიხედავ, - თქვა ბადომ და მუცლით წინ გახოხდა.
- იუფ, ნეტავ დაგანახა გვერდით როგორი ქაფქაფა რძიანი კონჩხა უდგას?! - ბადომ ტუჩებზე ხელი მოისვა.
- მოვალ, რა ბადო, მეც ჩავიხედავ, ჰო?
- ხომ გითხარი, ჩუმად იყავი-მეთქი!.. ნეტავ, ერთი ჩაეძინოს?!
- რას იზამ?
- რას და, აქედან კონჩხაში თავით გადავეშვები და რძეს სულ ერთიანად ამოვხვრიპავ.
- მერე, მე?!
- ცოტას შენც დაგიტოვებ.
- მე კი, შუაზე გავყოფდი.
- მითხარი ერთი, რძიან კონჩხას შუაზე როგორ გაჰყოფ?!
- როგორ და, ა... ა... აამცხიკვ! - დააცემინა უცებ ზადომ და ბადოს შეხედა, რა იყო მართლა და მართლა, ძალად ხომ არ მინდოდაო.
ხმაურზე კატამ ყურები ცქვიტა. ირგვლივ მიმოიხედა და სორო შეათვალიერა. სოროში რომ ვერავინ შეამჩნია, ალბათ მომეყურაო, გაიფიქრა და კვლავ თვალი მილულა...
ნაშუადღევს წვიმამ გადაიღო. მზემ გამოანათა. ბადომ სხვენზე ჭუჭრუტას მოჰკრა თვალი. ჩუმად წამოდგა, ჭუჭრუტანასთან მივიდა და ჭუჭრუტანაში თვალი გაჰყო.
- ზადო ნახე, ჭიანჭველა რამოდენა ქერის მარცვალს მიათრევს?!. ვაი, გაუვარდა... არა, დააგდო და გაიქცა.
- რატომ გაიქცა?
- არ ვიცი.
- არ ჩანს?
- არა. ფოთლებში შეძვრა.
- მარცვალი თან წაიღო?
- არა, იქ დევს.
- ბადო, მეც გამაჭყიტე, რაა...
- მოიცა, ისევ მოდის. ნახე, კიდევ მიაქვს მარცვალი. აბა ვნახოთ, ამ მარცვალს სად წაიღებს... ისიც, მარცვლის გვერდით დადო... აქეთ იყურება...
- რატომ, ჩვენი ხმა ესმის?
- ხმა არა... შეხედე, რა ქნა.
- რაა?
- თხილის ვეებერთელა ფოთოლი მიაქვს.
- რად უნდა?
- მარცვლებს აფარებს. გინდა გაიხედო?
- არ მინდა... იცი, რა მოვიფიქრე?
- რაა?
- მოდი ხელები ჩამჭიდე.
- მერე?
- ჩამჭიდე და ნახავ.
ზადო სხვენზე ფეხებით ჩაეშვა, კუდი მოიქნია და კონჩხის სახელურს გამოსდო, - აბა ბადო, მაგრად დამიჭირეო, - უთხრა ბადოს და კუდით რძიანი კონჩხა წამოსწია. ბადომ ზადოს შეკავება ვეღარ შესძლო, ხელი აუსხლტა და ზადო რძიან კონჩხაში თავით გადაეშვა.
კატამ თვალები ჭყიტა და წრუწუნას გაოცებით შეხედა. თაგვს თავისი ფეხით აქ რა მოიყვანდა, ალბათ მომეჩვენაო, გაიფიქრა და ძილი განაგრძო.
ზადო კონჩხიდან ამოხტა და შეშინებული კარში გავარდა.
კონჩხიდან გადმოღვრილი რძე მიწას წვეთებად გაედინა და კატის ტუჩთან შეგუბდა.
- თუ მომეჩვენა, რძე რაღამ დაღვარა?.. არა, აქ სხვა ამბავიაო, - თქვა კატამ და კარში გავიდა.
გზად არავინ ჩანდა. კატა სოროში შებრუნდა. ბუხარს მიუჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. უცებ, სხვენზე თაგვის კუდს მოჰკრა თვალი. - ის თუ გაიქცა, სხვენზე როგორღა არის?.. გამოდის, ორნი იყვნენო, თქვა.
ადგა, სოროს კარი საიმედოდ გადარაზა, ისევ ბუხართან დაბრუნდა და სხვენზე ასძახა: - აბა, ახლავე ძირს ჩამობრძანდიო!
ბადოს შიშისგან მუხლები მოეკვეთა, სხვენიდან ნელ-ნელა ჩამოცოცდა და შიშით კედელს აეკრო.
კატა წამოდგა, კედელთან მივიდა და ბადოს გაკვირვებით შეხედა.
ბადომ სახეზე ხელები აიფარა და ცახცახით მუხლებზე დაეშვა.
კატამ წრუწუნას გულდასმით შეხედა.
- კარგი, ნუ ცახცახებ. ხომ ხედავ, არ გერჩი... არა, მოიცა, მოიცა... - გუშინ, ესე იგი მთელი დღე... - აჰა, გამოდის ორი დღეა სხვენზე ხარ, - მიუბრუნდა ბადოს, - უი, მომიკვდეს თავი! ასე როგორ შეიძლება?! აბა ჩქარა აქ მოდი, - კატამ ბადოს ხელი მოჰკიდა და რძიან კონჩხასთან მიიყვანა. - ვიცი გეშიება, აჰა, დალიე, დალიე რამდენიც გინდა.
ბადომ აკანკალებული პეშვი კონჩხაში ჩაჰყო, რძე წურწურით ამოიღო და გახვრიპა.
- დალიე, სულ დალიე, - უთხრა კატამ და ბადოს ალერსითთავზე ხელი გადაუსვა...
მერე კატამ რძით მუცელგატიკნილი ბადო გვერდით მოისვა და წვრილად გამოჰკითხა: რა გქვიაო, მეორე ვინ იყოო, აქ როგორ მოხვდითო, რას ჰქვია დედა ვერ იპოვეთო, როგორ თუ ობლები ხართო, - ამბობდა კატა და სოროში გადი-გამოდიოდა.
- მაშ, ობლები ხართ? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა კატამ, - იცი ბადო, მეც მარტო ვცხოვრობ, ერთ ობოლ კნუტს ვზრდიდი. ერთხელ, დილაადრიანად გავედი საშოვარზე, სწორედ იმ დროს სოროზე მტაცებელს ჩამოევლო და კნუტი ხელს გაეყოლებინა. ბევრი ვეძებე, ბევრიც ვითავცემე, მაგრამ რა, ვერსად მივაკვლიე. ვარ მას აქეთ მარტო, აღარავინ გამაჩნია...
- კატამ თვალზე მომდგარი კურცხალი მოიწმინდა, მერე კართან მივიდა და კარი საიმედოდ გადარაზა.
- დილით, ტყეში გავალ, ნაწვიმარზე ბლომად თხილ-წაბლს ჩამოჰყრიდა, ცოტა ფიჩხსაც გამოვიყოლებ. გარეთ არ გახვიდე, გახსოვდეს, გზაზე ათასი ჯილაგის მტაცებელი დაძრწის, იცოდე, საკბილოდ არავის გადაეყაროო, - გააფრთხილა კატამ, მერე ბუხართან მივიდა, მიმქრალ ნაკვერცხალს შეშა დააყარა, ბადო თბილ საწოლში ჩააწვინა, გვერდით მიუჯდა და გვიან ღამემდე მშვიდად ისაუბრეს...
კატამ დილით, ადრიანად გაიღვიძა, ბუხარი ააგიზგიზა და ბადოს მიუბრუნდა:
- დილისპირს სუსხი იყო, ეტყობა მთაში ჩამოთოვა, ხომ არ შეგცივდა, ბადო? - ჰკითხა და საბანი ფრთხილად გადასწია.
- ეჰ, გაპარულა, - ნაღვლიანად ამოიხვნეშა კატამ და კარში გავიდა. დიდხანს სოროს წინ უძრავად იდგა და ხევს გაჰყურებდა. მერე სოროს კართან ჩაცუცქდა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, - აღარ დაბრუნდებაო...
...
ბადო გზის გასაყართან იდგა.
გზა ოთხმხრივ იყოფოდა: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ...
ახლა ბადოს რომელიმე გზა უნდა აერჩია და მას გაჰყოლოდა.
არა, უკან აღარ დაბრუნდება, რადგან ამ გზით გამოიპარა. კატას გამოეპარა, კატას, რომელმაც უმასპინძლა, ლუკმა უწილადა, თბილ საწოლში ჩააწვინა, მეგობრობა შესთავაზა, - კი არ შესთავაზა, სთხოვა,
‘‘...გარეთ არ გახვიდე, ნაწვიმარზე ბლომად თხილ-წაბლს ჩამოჰყრიდა და მოგიტანო.’‘ დიახ, ‘‘მოგიტანო’‘, აუცილებელია მარცვალ-მარცვალ ეთქვა ,,მო-გი-ტა-ნო?’‘, რად უნდოდა კატას თხილ-წაბლი და ისიც ტყის, თუ არა ბადოსთვის?! მორჩა, უკან აღარ წავა!
წინ?
არც წინ. უფრო მეტიც, - წინ, საერთოდ არც გაიხედავს, რადგან წინ - მდინარეა, მდინარეზე, ბორანი. ბორანს იქეთ, გაღმითა ნაპირი. უფრო იქით კი - სოფელი. სოფელი, საიდანაც გამოიქცა, თანატოლებს, ობლობას, სირცხვილს გამოექცა...
ესე იგი, მარცხნივ?
არა, მარცხენა, მარცხიანიაო, - უთქვამთ.
მაშინ, მარჯვნივ?
მარჯვნივ, მარჯვედ უნდა იყო, ამაყი, ძლიერი. ახლა ბადო მარტოა, ყველასგან მარტო. ‘‘მარტო კაცი ჭამაშიაცო’‘, უთქვამთ ოდესღაც და, მით უფრო - დღეს. დღეს -
როცა გზაზე, ‘‘...ათასი ჯილაგის მტაცებელი დაძრწის და საკბილოდ არავის გადაეყარო-ო’‘ - გააფრთხილა კატამ...
ნეტავ რომელი გზით წავიდა ზადო? უკვე მეორე დილაა არ ჩანს. ‘‘გზაზე ხომ ათასი ჯილაგის...’‘ არა, ალბათ გზა აერია და ისევ კატის სოროში დაბრუნდებაო, - გაიფიქრა ბადომ და უკან გაბრუნდა.
იარა, ბევრი იარა თუ ცოტა, კვლავ კატის სოროს მიადგა. კარს მიაყურადა. სოროდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარები ფრთხილად შეაღო და სოროში შეიხედა. უცებ, ბადო საშინელმა შიშმა აიტანა.
რა იყო ეს შიში, კატის შიში?
კატას შეჭმა რომ ნდომოდა, რატომ იცუღლუტებდა? ისე გადასანსლავდა, წარბსაც არ შეარხევდა!
იქნებ გაპარვის, მიტოვების შიშმა აიტანა?..
უცებ, ყურში კატის სიტყვებმა გაურბინა: ‘‘ვარ ახლა მარტო, არავინ გამაჩნიაო.’‘ ვინ იცის, როგორ სჭირდება კატას ახლა ბადოსთან მეგობრობა, მასთან ყოფნა, იქნებ, და არა ისე, როგორც მას ჰგონია, - შესაჭმელადო.
შევალ და ვეტყვი, არსადაც არ გავპარულვარ, ხევში ვიყავი-თქო. მერე?.. მერე მეტყვის, შემოდი, რას დგეხარ, არ გაცივდე, გეშიებაო, და თბილ რძეს დამალევინებს... მერე საწოლში ჩამაწვენს და ძილის წინ ისევ დამარიგებს9 გარეთ არ გახვიდე, არავინ გიცნობს, საშიშიაო. ჰოდა, აწი სულ მას უნდა ჰკითხო9 ტყეში თუ შეიძლება გასვლა, თუ დამაგვიანდა, აქვე ახლოს, ხევში ვიყავი-თქო... არა, ისევ მარტო ცხოვრება სჯობსო, თქვა და სოროს კარი გამოხურა.
შეჩერდა.
დიდხანს უძრავად იდგა. შევიხედავო, თქვა ბოლოს და სოროს კარი კვლავ შეაღო.
კატას საბანი თავზე წაეფარებინა და საწოლში უძრავად იწვა.
‘‘კი აბა, უნდა შემიტყუოს და შემჭამოს?!.’‘ ბადომ სოროს კარი სწრაფად გამოკეტა და ხევში სირბილით დაეშვა.
‘‘...მოიცა, სად გავრბივარ?.. იქნებ, მართლა ავადაა?.. იქნებ სცივა კიდეც, ბუხარი თუ ენთო?..’‘ - თქვა ბადომ და კვლავ უკან გაბრუნდა.
- მოხვედი, ბადო?.. მეგონა აღარ დაბრუნდებოდი, - კატამ კურცხალი მოიწმინდა და საწოლზე წამოჯდა.
- იცი, მე... მე, ზადოს ვეძ...
- ვიცი ბადო, ვიცი. კონჩხაში რძეა, გაათბე, ცივი არ დალიო, - უთხრა კატამ და საბანი წაიფარა..
ბაყაყი რობი
დილით კატა და ბადო ადრიანად გავიდნენ საშოვარზე.
იარეს, იარეს ბევრი თუ ცოტა, ბოლოს, ერთ მდინარის ნაპირს მიადგნენ.
- ბადო, შენ აქ დარჩი, მე წავალ, მეთევზეებს ცოტაოდენ თევზს ავწაპნავ და მალე დავბრუნდები, წყალში არ ჩახვიდე, ფეხები არ დაისველო, - დაარიგა კატამ და წავიდა.
ბადოც იქვე, მდინარის ნაპირს ქვაზე ჩამოჯდა. სად იყო, წყლიდან შემზარავი ყიყინი მოესმა. ხმაურზე ბადომ ყურები ცქვიტა. უცებ წყლიდან ბაყაყმა ამოჰყო თავი, შამბნარები მისწი-მოსწია და ნაპირთან მოთქვლაფაშდა. ბადოს შიშისაგან გული აუკანკალდა და გაქცევა დააპირა.
- ვინ ხარ, ქვებს რატომ მესვრი? - დაიყიყინა ბაყაყმა.
- როდის გესროლე ქვა, შენ თვითონ ვინ ხარ?
- მე, რობი ვარ, ბაყაყი რობი, ლამპალის მბრძანებელი!
- რობი? - გაიკვირვა ბადომ, - მერე, დიდი თავი რომ გაქვს და თვალები რომ გადმოგიკარკლავს, გგონია შენი მეშინია?!
- მე ბაყაყი რობი არ ვიყო, თუ შენი კუდი კბილებით არ ჩავღმურძლოო, გაიფიქრა, - ცურვა თუ იციო? - ჰკითხა ბადოს.
- არაო, - ბადომ.
- გინდა გასწავლოო?
- კი, აბა?! ჩემმა მეგობარმა მითხრა, წყალში არ ჩახვიდე, შიგ ბევრი მტაცებელი ცხოვრობსო.
- ვინ არის შენი მეგობარი?
- ვინ და, კატა.
- კატა?! - გაკვირვებით წამოიძახა ბაყაყმა.
- დიახ, კატა! და რომ მოვა, ნახავ თუ არ ვუთხრა ჩემი შეჭმა რომ გინდოდა.
- მე მინდოდა შენი შეჭმა?!
- აბა, რომ არ მეუბნები რატომ გაქვს ეგეთი დიდი პირი და თვალები?
- ეჰ, განა მე კი მინდოდა ბაყაყობა?.. რა იქნებოდა არწივადად რომ გავჩენილიყავი. ავფრინდებოდი მაღლა, სულ მაღლა... აი, ასე, - რობიმ ნაპირზე ისკუპა, ბადოს ხელი სტაცა და მდინარისკენ გააქანა.
- არ მინდა ცურვა, ხელი გამიშვი! - ბადომ წრიპინი მორთო.
უცებ, სად იყო, სად არა, მდინარის ნაპირთან კატა გაჩნდა, ბადოს ფეხებში სწვდა და ბაყაყს ხელიდან გამოსტაცა:
- ბადო, ახლოს არ მიეკარო, ეს ხომ ლამპალის შხამიანი ბაყაყი რობია, მუდამ გველ-წურბელებით იყორება! - კატა დაიხარა, ქვა აიღო და ისეთი ძალით სთხლიშა ბაყაყს თავში, რომ ბაყაყი ზურგზე ამოტრიალდა და ფეხები გაფშიკა.
- მაგრე მოგიხდება! აბა რა გეგონა შეჭმას რომ უპირებდი?! - უთხრა კატამ ბაყაყს.
- არ მომკვდარა, სუნთქავს, - ბადომ ბაყაყს მუცელზე დახედა.
- თავი გაანებე, წამოდი, შინ წავიდეთ, - კატამ ბადოს ხელი ჩაჰკიდა და სოროსკენ მოკურცხლეს.
...
გავიდა დრო.
მთის ცივმა ქარებმა შემოდგომის დღეები ჩამოფურცლეს. დადგა ცივი, სუსხიანი ზამთარი. თოვლმა დაფარა ხევ-ტყე. ნადირი სორო-ბუნაგში მოემწყვდა. საკბილოს ეძებდა ყველა9 მგელი თუ სვავი, მელა თუ დათვი...
‘‘თხილ-წაბლიც ბლომად გვაქვს და ქარადუღიც ჭარბად გვეზოგებაო’‘, ხშირად ეტყოდა კატა ბადოს და ზამთრის გრძელ და სუსხიან ღამეებს, თბილ ბუხართან მშვიდად ატარებდნენ.
და აი, ერთ გვიან ღამით, კარზე კაკუნი გაისმა.
- ამ ყიამეთში ვინ უნდა გვსტუმრობდესო, გაიკვირვა კატამ და კარს ურდული ახსნა.
სოროში სამი კატა შემოვიდა.
- რა ამბავია, კატებო, ჩვენს თავს? - ჰკითხა მასპინძელმა და სტუმრები თბილ ბუხართან მიიპატიჟა.
- ნუ გვკითხავ! მთელი ქვეყანა თოვლში იხრჩობა, ირგვლივ შიმშილმა დაისადგურა, სოფლებში ვერ შევსულვართ, ხევში ჩარჩენილ ნადირს, სვავები დაეპა-ტრონენ, შიმშილით ლამის სული გაგვძვრეს, - თქვა ერთმა და მეგობრებს გახედა, ხომ მართალს ვამბობო.
- ჰო, აბა, აბაო?! - კვერი დაუკრა მეორე სტუმარმა.
- შენ კი... სულ დაგვიწყებია ჩვენი ადათ-წესი, შვილად თაგვი აგიყვანია და თავს ევლები. სად სმენილა ჩვენგან ეგ საქმე?! მიდი ახლავე აქ მოიყვანე, ერთი კარგად მოვილხინოთ! - თქვეს კატებმა ერთხმად.
- რას ამბობთ?! - კატამ ბადოს გადახედა, - განა შემეძლო ობლისთვის სითბო არ მეწილადა? გაზაფხულზე თოვლს აიღებს და, - კატა საწოლთან მივიდა, საბანი გადასწია და სტუმრებს მიუბრუნდა, - აჰა, შეხედეთ, რომელს გეკმარით ამისი ხორცი?!
ბადო შიშისგან ერთიანად კანკალებდა.
- ნუ გეშინია, ბადო, აბა გაბედონ! - კატამ საცეცხლურს ხელი წამოავლო.
- ჰო, კარგი, კარგი, გამოგვიტანე რაც გეშოვება, ცოტას წავიხემსებთ და წავალთო, - უთხრეს კატებმა.
გვიან ღამემდე მოილხინეს სტუმრებმა.
- დაგლოცოთო, შორი გზით ვმგზავრობთო, სტუმრად შემოვიარეთო, - ამბობდნენ თხილ-კაკლით მუცელგატიკნილი სტუმრები და თან თვალი, ბადოზე ეჭირათ.
- ესენი არ მოისვენებენ, უნდა გავიქცეთ, - უთხრა კატამ ბადოს სტუმრების წასვლის შემდეგ.
- სად გავიქცეთ?
- შორს ბადო, სასწრაფოდ გავეცალოთ აქაურობას. მიდი ჩაიცვი, სადაცაა გათენდება, მზის ამოსვლამდე უნდა გავასწროთ.
კატა და ბადო კარში გავიდნენ და თეთრ სიჩუმეს ფეხაკრეფით გაჰყვნენ.
- აუჩქარე ბადო, მოგვდევენ. ეს ოხერი თოვლიც რომ მათ იღბალზე ჰყრის?.. თუ არ გადაიღო, სადმე მიგვათოვლავს, - უთხრა კატამ ბადოს და ნაბიჯს აუჩქარეს.
- თქვენ, კვალს მიჰყევით, მე ზემოდან მოვუვლი! - კუდისწვერზე გაიკნავლეს მდევრებმა.
- მდინარეზე, ჩქარა მდინარეზე ჩავასწროთ, იქ ხომ, ბორანია! - კატამ ბადოს ხელი წაავლო და მდინარის ნაპირისკენ გააქანა. მაგრამ, ‘‘კვერო ობლისაო’‘, ბორანი გაღმითა ნაპირს გამდგარიყო...
- ახლა რა გვეშველება, რა ვქნათ? - ამოყელცრემლა ბადომ და კატას მიეკრო.
წყალში ვერ შემოვლენ, აბა, მშვიდობით ბადო, - კატამ ბადო ხელში აიყვანა და მდინარეში მოისროლა...
სოფელი ოფლათარი
იგაზაფხულა.
ნათოვლარ მინდვრებზე ია-ენძელამ იკვირტა. სოროებიდან დილაადრიანად საშოვარზე გამოსულ თაგვებს, მინდვრად საგაზაფხულო ფუსფუსი გაემართათ:
ერთნი, სახნის-სახვნელს გასდებოდნენ, მეორენი, ეზო-ღობეს სალტავდნენ, ზოგსაც, კარ-სანათურები დაეღოთ და ნაზამთრალ სოროებს ამზეურებდნენ...
ოფლათარელები ამ შემოდგომით დაფუძვნობის მეშვიდე წელს მოითვლიდნენ. ვინ მოთვლის რამდენჯერ მოუჭირვარამშოლტავს სოფელი მაწანწალა კატებს თუ ძუძგის ვირთხებს, შემოდგომის ნიაღვრებს თუ გაზაფხულზე მთის ფერდობებიდან დაშვებულ თოვლის ზვავებს, მაგრამ სოფლის მისადევრობა არამც და არამც არ ათმობინებდა თაგვებს იქაურობას.
სოფლის სამხრეთით, მშრომელ კაცებს ქერისა და პურის ყანები ჩაერგოთ. ჰოდა, მითხარით თაგვები ამაზე უკეთესს რას ინატრებდნენ! ჩრდილოეთიდან კი სოფელს სანახირე გზა ასდევდა. გაზაფხულზე ნაჩლიქარში ჩამდგარ წვიმის წყალს, თაგვები, სასმელადაც იზოგავდნენ და საჭყუმპალაოდაც.
სოფელს ზემოდან თხილნარის ტყე ერტყა. შემოდგომით ლენჯოებიდან გადმო-ვარდნილ თხილის კაკლებს პირდაპირ თაგვების სოროს კარზე გაჰქონდა ჭახანი.
ხომ გსმენიათ, ობლის კვერი ცხვა, ცხვაო, და აქაც, ბედის წყალობამ ბადო, სოფელ ოფლათარს მიაყენა.
სოფლის თავკაცებმაც სიკეთის ხელჯოხები დაიჭირეს %ისე, როგორც ეს ზღაპრებში ხდება? და ბადოს ერთ წნულღობიანში შეუძღვნენ.
ბადო სახლის წინ ერთხანს უძრავად იდგა. მერე კარის საძალნი გადასწია, სოროში შევიდა და სორო გულდასმით შეათვალიერა.
სოროს ერთ კუთხეში თახჩა იდგა. თახჩის გვერდით, საწოლი. საწოლზე თხილისა და კაკლის კუკრუჭანები ეყარა. ბუხრისყელში ჩაცვენილი თოვლი, სოხანეს პატარ-პატარა გუბეებად გასდენოდა. აქ, არ გამოუზამთრებიათო, გაიფიქრა ბადომ და საწოლზე წამოწვა. დიდხანს უძრავად იწვა. უცებ, სიცივე იგრძნო. ბადომ ღია კარს გახედა. იყოს ღიადო, გაიფიქრა და კედლისაკენ გადაბრუნდა.
იყოს ღიად, რა მოხდა მერე? ახლა ბადოს როცა მოუნდება მაშინ ადგება და დაკეტავს. ან სულაც არ დაკეტავს. ახლა იგი თავის სახლშია. ახლა დიდხანს დაისვენებს... ადვილი ხომ არ არის მთელი ცხოვრება ტყე-ღრე წანწალი, თვეობით ბორანზე თუ ყინულის ნამსხვრევებზე გდება და მდინარის ზედაპირზე ლუყლუყი. მთელი თვეობით ნაგავსაყრელზე კაკლის ნაჭუჭებში ჩარჩენილი ლებნის ნამცეცების ძებნა?! მორჩა, რაც იყო, იყო. ახლა ბადოს სახლიც აქვს და ეზო-კარიც, ახლა ბადო დილამდე მშვიდად დაიძინებს, მერე კი...
- ‘‘ეს ჩემი სახლია. იცი, უკან რამოდენა ეზოა? წამო, გაჩვენო. მოდი საწოლები გვერდი-გვერდ დავდგათ, კარგი?.. ხომ დარჩები ჩემთან?.. და აწი აღარ წახვალ?.. ზადო? ზადო წავიდა, დედას მოვიყვან და მალე მოვალო, თქვა. იცი, როგორ მაბრაზებდა?.. ერთხელ კისერზეც ამომაყირავა... ნახე, რომ მოვა თუ არ ვცემო! შენ გგონია ვერ მოვერევი? აბა ნახე...’‘
- გაიღვიძე? - მოესმა ბადოს.
- ჰო. - ბადომ თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა.
- მე, თათო მქვია. შენ აქ უნდა იცხოვრო?
- დიახ.
- ზადო ვინ არის?
- შენ ზადოს საიდან იცნობ? - ზადოს სახელის გაგონებაზე ბადოს სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.
- არა, მე ზადოს არ ვიცნობ, რომ გეძინა ამბობდი, გამიშვი, უნდა ვცემოო, რატომ უნდა სცემო?
- შენ ვინ გეკითხება? და საერთოდ თავი გამანებე, გაიგე?! - უთხრა ბადომ და კედლისაკენ გადაბრუნდა.
- აბა მე რომ გითხარი, თათო მქვია-მეთქი, შენ შენი სახელი არ უნდა მითხრა?
- ბადო, მე ბადო მქვია.
- ბადო, იცი მე რამდენი წლის ვარ?.. არ იცი, და არც გეტყვი, თუ კარგია ჯერ შენ მითხარი.
- რაში მჭირდება, როო?
- კარგი, გეტყვი, მე ორი წლის ვარ, შენ?
- მეც.
- ზადო რამდენისაა?
- ისიც ორის, - ნაღვლიანად მიუგო ბადომ.
- ახლა სად არის?
- წავიდა, თავის დედას იპოვის და მოვა.
- როგორ მოვა, მან რომ ეს სახლი არ იცის.
- როგორ და, - ბადო ადგა, კართან მივიდა და გზას გახედა, - არ ვიცი, როგორ.
- გინდა, წავიდეთ და მოვძებნოთ, ჰო?
- კი, მინდა...
ზოოპარკში
დილით, ბადო და თათო, ადრიანად გაუდგნენ გზას.
იარეს, ბევრი იარეს თუ ცოტა, ერთ ხიდის ქვეშ ამოჰყვეს თავი. ხიდს ზემოდან უცნაური ხმა ისმოდა.
- ბადო, რა ხმაურია, არ მინდა აქ, მეშინია, წამო, წავიდეთ აქედან. - თქვა თათომ და ბადოს ხელი ჩაჰკიდა.
- ნუ გეშინია, შენ აქ დარჩი, მე ხიდზე ავალ, გზას გავხედავ და მალემოვალ, კარგი, - უთხრა ბადომ და ხიდზე ავიდა.
ხიდს მანქანების ნაკადი უწყვეტად გასდებოდა. ბადოს მანქანები ჯერ არ ენახა და გაფაციცებით ადევნებდა თვალს მათ მოძრაობას...
- აქ დგომა არ შეიძლება, ახლავე მოუსვი აქედან! - ბადოს თავზე ხიდის დარაჯი წამოადგა.
- მე... აქ...
- ქალაქში პირველად ხარ? - ჰკითხა მოხუცმა ბადოს.
- დიახ, მე ზადოს ვეძებ.
- ზადოს?.. მოხუცი ჩაფიქრდა, - არა, მასეთს არავის ვიცნობ, ალბათ ისიც შენსავით პატარაა.
- დიახ, ჩვენ ტოლები ვართ.
- აი რა, - თქვა დარაჯმა, - ხვალ წრუწუნებს დიდი ზეიმი აქვთ, ყველა ზოოპარკში იკრიბება, შენც ზოოპარკში წადი და ზადოსაც იქ იპოვი. აქ მარტო მოხვედი?
- არა, ქვემოთ თათოა, მე წამომყვა, ახლავე მოვიყვან.
ბადომ მდინარეზე ჩაირბინა და თათო ხიდზე ამოიყვანა. თათომ თოფიან კაცს რომ შეხედა, შიშისგან გაქცევა დააპირა.
- ნუ გეშინია, მე ხიდის დარაჯი ვარ, ჩემი თოფი პატარებს არ ერჩის... მოიცა, მოიცა, თქვენ მშობლებს ხომ არ გამოეპარეთ ა? - ჰკითხა მოხუცმა წრუწუნებს და ეჭვის თვალით გადახედა.
- ჩვენ ზადოს ვეძებთ! - ერთხმად წამოიძახეს წრუწუნებმა .
- გასაგებია, აბა აქეთ მოდით, აი იმ ბილიკს ხომ ხედავთ, ჰოდა, მაგ ბილიკს გაჰყევით, არსად გაუხვიოთ და პირდაპირ ზოოპარკში შეხვალთ. აბა, გასწით თქვე ონავრებო, თქვენა, - უთხრა მოხუცმა წრუწუნებს.
წრუწუნებმა ხელი-ხელს ჩაჰკიდეს და ზოოპარკში მიმავალ ბილიკს სირბილით დაჰყვნენ.
იარეს, ბევრი თუ ცოტა, წრუწუნები გამთენიისას ზოოპარკში შევიდნენ.
გალიებიდან ცხოველების მშვიდი კმინვა ისმოდა.
- ეჰე თქვენ, აქეთ მოდით! - გამოსძახა წრუწუნებს გალიიდან ერთმა წრუწუნამ.
წრუწუნებმა გალიასთან მიირბინეს. გალიის შუაგულში დედა თაგვს ეძინა, მავთულის ოთწნულზე პატარა, თეთრი წრუწუნა ჩამოკონწიალებულიყო და მზესუმზირის მარცვლებს აკნაწუნებდა.
- მანდ რას დაეხეტებით, რატომ გალიაში არ ხართ, გინდათ ზოოპარკის დარაჯმა რომ გცემოთ?! - უთხრა ბადოს და თათოს თეთრმა წრუწუნამ.
- რატომ უნდა გვცემოს, ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ, ჩვენ შორიდან ვართ და ზადოს ვეძებთ, - თქვა თათომ.
- შორიდან? - წრუწუნა მავთულიდან ჩამოხტა და გალიის კართან მიცუნცულდა, - სად არის თქვენი ქვეყანა, იქ კარგია?
- დიახ, იქ ძალიან კარგია.
- თქვით, აბა როგორია.
- ჯერ მზესუმზირის მარცვლები მოგვცეს და მერე ვუთხრათ, არა ბადო?
- რატომ უნდა მოგცეთ?! წადით თქვენს ქვეყანაში და იქ მიირთვით... აი ნახეთ, მე რამდენი მარცვლები მაქვს?! - წრუწუნამ პერანგში ხელი ჩაიყო და პეშვით მარცვლები ამოიღო, - მე გოგრის მარცვლებიც მაქვს?!
- საიდან გაქვს მაგდენი მარცვლები?! - ჰკითხა ბადომ.
- ზოოპარკის დარაჯი მაძლევს. დღისით კიდევ, აქ უამრავი ბავშვი მოდის და სულ მუჭით ჰყრიან გალიაში. თქვენ კი, გარეთ მშივრები დადიხართ.
- მანდ ყოფნას არ სჯობს, როო?!
უცებ, ზოოპარკში საყვირის ხმა გაისმა. საყვირის ხმაზე წრუწუნები შეკრთნენ და ერთმანეთს გადახედეს.
- რატომ შეკრთით?! - გადაიხარხარა წრუწუნამ, - ეს ზოოპარკის დარაჯის საყვირია, იგი ყოველ დილით გვაღვიძებს და გვამცნობს, გათენდა, ადექით და დამთვალიერებლების შესახვედრად მოემზადეთო. მალე ზოოპარკის შემოვლას დაიწყებს, აქაც მოვა და ნახავთ, გალიაში რომ შეგაბრძანებთ!
- კი აბა, ვნახოთ?! - ბადომ თათოს ხელი ჩაჰკიდა და ადგილიდან მოკურცხლეს.
წრუწუნა გალიის დაკეტილ კარს მივარდა და მთელი ძალით დაეჯაჯგურა. იგი მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ამ წუთამდე ტყუილად თვლიდა თავს ბედნიერად, მან ახლა შეამჩნია, გალიის კარს ვეებერთელა ბოქლომი რომ ედო. წრუწუნამ კვლავ მოსწია კარს, მაგრამ თითქოს ვიღაცამ ფეხზე თოკი გამოაბა და გალიის იატაკს უძრავად მიაბაო... წრუწუნამ წამოდგომა სცადა, მაგრამ თოკი ისე მაგრად ეწეოდა ქვემოთკენ, რომ მას წინააღმდეგობის ძალა აღარ ეყო და გალიის კართან მუხლებზე დაეშვა... დიდხანს უძრავად იჯდა გალიის ჩარაზულ კართან და ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა ბადოს და თათოს.
- თქვენ ჰეეი, მოიცათ, აჰა, აიღეთ მზესუმზირის მარცვლები, სულ თქვენი იყოს, მე არ მინდა! - დაიძახა წრუწუნამ მთელი ხმით და მზესუმზირისა და გოგრის მარცვლები გალიიდან გადმოყარა...
კონსერვის ქილაში
- ბადო ნუ გარბიხარ, დავიღალე.
- ხომ გაიგონე, თათო, რა თქვა იმ წრუწუნამ?!
- რაო?
- რაო და, ზოოპარკის დარაჯი თქვენც გალიაში დაგამწყვდევთო.
- ჩვენ რატომ უნდა დავემწყვდიეთ გალიაში?
- რავი აბა, წადი და იმას ჰკითხე.
- რატომ სხვა გალიებშიც არ მოვძებნეთ ზადო, იქნებ, სხვაგან იყო.
- სხვა გალიებში მელიები სახლობენ, კიდევ მგლები, ლომები, გაიგე?!
- გავიგე. რატომ მიყვირიხარ, ბადო?
- როდის გიყვირივარ, აუჩქარე, წვიმას აპირებს.
- ბადო, იმ წრუწუნასაც ხომ უნდოდა ჩვენთან წამოსვლა, გახსოვს, რომ დაგვიძახა, მოიცათო, და მერე ტირილი რომ დაიწყო?..
- აკი, გალიაში ცხოვრება კარგიაო, მზესუმზირის მარცვლებიც ბლომად მაქვს და გოგრისაცო, ხომ თქვა?!. ჰოდა, იყოს იქ!..
- ვაი, ნახე როგორ გაწვიმდა? რა ვქნათ, ბადო, თავის შესაფარებელი რომ არსადაა?
- მოიცა, - ბადომ პერანგი გაიხადა, თავზე წაიფარა და მიწაზე ჩაცუცქდა, - თათო, შემოდი, ორივენი დავეტევით.
- როგორ წვიმს?!. თუ არ გადაიღო...
- თათო შეხედე, რამოდენა კონსერვის ქილა. წამო, შიგ შევძვრეთ, - წამოიძახა უცებ ბადომ და ქილის ღია ჭრილში ისე სწრაფად შევარდა, რომ ქილა ბზრიალ-ბზრიალით დაგორდა ქვებზე.
- ფრთხილად ბადო! - თათომ პერანგი მოისროლა და ქილას დაედევნა.
ბადო ქილის ხუფს სწვდა და მთელი ძალით მიაწვა, მაგრამ ხუფი ისე მაგრად ჩაეჭედა ჭრილში, რომ ძვრა ვერ უყო და შეშინებულმა ყვირილი მორთო:
- თათო, მიშველე, ვერაფერს ვხედავ!
თათომ ქილასთან მიირბინა და შიგ შეიჭყიტა.
- ნუ გეშინია, ბადო, მოდი, მომეხმარე, - თათომ ქილის ჭრილში თითები ჩაჰყო და ხუფი თავისკენ მოქაჩა, - ბადო, ვერ ვძრ....ავ, არ იძ...ვრის, შენც მოაწექი მან...დე...დან!
- გგონია არ ვაწვები?! - ბრაზიანად ჩაილაპარაკა ბადომ და ჭრილს გაერიდა... - თათო გაიწი, გამახედე, კიდევ წვიმს? - თქვა ბადომ ცოტა ხნის შემდეგ და ქილის ჭრილიდან გამოიჭყიტა.
- არა, გადაიღო, მზე გამოვიდა, - თათო წამოდგა და ქილის ჭრილს გასცილდა, - რა ვქნათ ბადო, როდემდე უნდა იყო მანდ? - თათოს ხმაში ცრემლი გაერია.
- თათო, ხუფს რომ შიგნით მოაწვე?
- ჰო, მოვაწვები, - თათომ ცრემლები მოიწმინდა, წამოდგა, კონსერვის ქილასთან მივიდა და ხუფს მთელი ძალით მიაწვა.
- დაიძრა, დაიძრა, კარგია! მაგრად, უფრო მაგრად, თათო! - აწრიპინდა ბადო და ჭრილიდან თითები ამოჰყო.
- შენც მომეხმარე მანდე...დან, მეტი აღარ შემი..ძლია, - უთხრა თათომ.
- ჰო, მეც ვაწვე...ბი, კარ...გია, თათო, კარგი! - ყვიროდნენ გახარებული წრუწუნები ჭრილის სხვადასხვა მხრიდან. ჭრილიდან ოდნავ პირი დააღო, ბადომ ჭრილში თითები ამოჰყო და ის იყო ჭრილში უნდა ამომძვრალიყო, რომ ქილა ადგილზე დაბზრიალდა და გადაყირავდა.
- ვაიმე, თითები, თითები მომეწეწკვა! - აწრიპინდა უცებ ბადო.
- აბა, მაჩვენე, - თათომ ქილაში შეიჭყიტა.
- აი, ნახე რა მიქენი? - თქვა ბადომ და ტირილი მორთო.
- რა, ძალად ხომ არ მინდოდა?! - ბრაზიანად ჩაილაპარაკა თათომ და ქილასთან ჩაცუცქდა...
მზემ გამეტებით დააჭირა. კონსერვის ქილა ისე გაცხელდა, რომ ბადოს სიცხისაგან სუნთქვა შეეკრა და შეშინებული მივარდა ჭრილს.
- თათო, სად ხარ?! - დაიძახა და ხუფის ჭრილში თვალი გამოდგა.
- აქ ვარ ბადო, გეგონა მიგატოვებდი?!.
- იცი თათო, აქ როგორ ცხელა?
- მოიცა, ახლავე წყალს მოგვიტან! - თათომ გუბიდან პეშვით წყალი ამოიღო და ქილასთან მივიდა - აბა, ახლოს მოიწი და ჭრილს პირი მოადევი. ოდნავ ქვემოთ, კიდევ, კარგია, აი, მასე, - თათომ პეშვით წყალი ჭრილში ჩაასხა.
- უუჰ, სულ დაიღვარა, - თქვა ბადომ.
- არაფერია, კიდევ მოვიტან, - თათომ კვლავ ამოიღო გუბიდან წყალი და ჭრილთან მიირბინა.
- მაშინ, მუხლებზე დაიწი და ისე მოადე ჭრილს პირი, ჰო.
ბადო მუხლებზე ჩაცუცქდა და ჭრილს პირი მოადო.
- კარგია, აბა პირი გააღე, - უთხრა თათომ და პეშვით ჭრილში წყალი ჩაუშვა, - ხომ გაგრილდი?.. გინდა, კიდევ მოვიტან... რა მოგივიდა, რატომ ხმას არ მცემ? - ჰკითხა თათომ და ქილაში შეიჭრიტა.
- რანაირი ხარ, მართლა და მართლა, კინაღამ და...მა...ხრჩვე, პირდა..პირ ხახაში მა...სხამ?! - ბადო ჭრილს გასცილდა და ქილის კიდეში ჩაცუცქდა.
- ხახაში როდის ჩაგასხი, რანაირი ხარ, ბადო, მართლა და მართლა... სულ რატომ მიბრაზდები?.. მანდედან რომ გამოხვალ, იცოდე აღარც მე დაგელაპარაკები. ნახე თუ გეთამაშო?! - თათომ კონსერვის ქილას ზურგი შეაქცია...
...
- თათო!
- რა იყო.
- შეხედე, მზის სხივი როგორ მოძვრება ჭრილში, იცი, აქ, როგორ ცხელა?..
- გინდა ბადო, ქილა ქვემოთ, ბუჩქებთან ჩრდილში ჩავაგორო?
- კარგი, მიდი.
თათო მუხლებზე ჩაცუცქდა და თითებით კონსერვის ქილას ძირი გამოუთხარა. უცებ, ქილა ადგილიდან მოსწყდა, თათოს ტანზე გადაუარა და ხევში ბზრიალით დაეშვა.
- დაიძრა, კარგია, თათო, კარგი! - წამოიძახა ბადომ.
თათო დიდხანს უძრავად იჯდა მიწაზე და კარგა ხანს ვერ მიხვდარიყო თუ რა მოხდა მის თავს. როდის, როდის მოეგო გონს. წამოდგა, შიშისგან მთელი სხეული უცახცახებდა. ირგვლივ მიმოიხედა, კონსრევის ქილა აღარსად იყო.
- ბადო!.. სად ხარ, მითხარი, სად ხარ? - თათო ზლუქუნით დაეშვა ხევში.
კონსერვის ქილა კი იქვე, მდინარის ზედაპირზე ტივტივებდა.
- არა, მანდ არა, ბადო! - წამოიძახა თათომ და მდინარეში შევარდა.
- მოხვედი თათო?.. აი, ნახე, ქილაში რამდენი წყალია... სადაცაა, გაივსება და ქილა მდინარის ფსკერზე დაეშვება...
- არა, რას ამბობ!.. შენც ხომ თქვი, ქილა ქვემოთ, ბუჩქებთან ჩავაგოროთო, მე მდინარეზე სულაც არ მინდოდა... რა ვქნათ ახლა, როდემდე უნდა იყო მანდ? - ბუტბუტებდა თათო და თან ცალი თვალით ქილაში იჭყიტებოდა.
- მოვიფიქრე! - წამოიძახა უცებ თათომ და ნაპირზე გავარდა.
- აქ არ დამტოვო, თათო, მეშინია, არ დამტოვო, გესმის! - აწრიპინდა ბადო.
თათომ მდინარის ნაპირზე ანწლის ხმელი ტოტი მოსტეხა და კვლავ მდინარეში შებრუნდა.
- მეგონა სულ წახვედი, ვიფიქრე აღარ დაბრუნდება-თქო, ეგ ჯოხი, რად გინდა? - ჰკითხა ბადომ.
- ეს ანწლის წბილაა, გაიწი, ჭრილს გაეცალე, - უთხრა თათომ და ანწლის წბილა ქილის ჭრილში ჩაჰყო, - ბადო, წყალი პირში ჩაიგუბე და წბილით ზემოთ ამოასხი, ჩქარა, რაღას უცდი!..
%ერთი დაგენახათ როგორ მკვირცხლად აკეთებდა ბადო ამ საქმეს?.
- კიდევ დარჩა ქილაში წყალი? გაიწი, შემოვიხედო. - უთხრა თათომ, - არა, ცოტა. რა კარგად მოიფიქრე, თათო. სულ ცოტაც და, დავიხრჩობოდი... იცი, თათო, როგორ მომშივდა?.. ერთხელ, მე და ზადო, აბიბო მეწისქვილემ გალიაში დაგვამწყვდია. და რომ მოგვშივდა, გალიაში ფაფით სავსე ჯამი შემოგვიდგა, მერე, ზადომ მე ფეხი დამიდო, წამაქცია და ჯამზე ცხვირით დავეცი. ჯამი კი აყირავდა და ფაფა სულ წურწურით ჩაიღვარა ქვემოთ... ეჰ, ახლა ის ფაფა აქ რომ მომცა?!.
- იცი, ბადო, მეც როგორ მშია?.. მთელი დღეა რაც არაფერი გვიჭამია... გახსოვს, ზოოპარკში წრუწუნამ გალიიდან მზესუმზირის მარცვლები რომ გადმოყარა და დაგვიძახა, აიღეთ, სულ თქვენი იყოსო. რომ მივბრუნებულიყავით და მარცვლები აგვეკრიფა, ახლა, ხომ...
- წადი მერე და აკრიფე, ვინ გიშლის?! - გაიბუსხა ბადო.
- ზოოპარკის გზა რომ არ მახსოვს, - ჩაილაპარაკა თათომ და ქილაში შეიხედა. ბადოს თავი მუხლებში ჩაერგო და ქილის კუთხეში იჯდა...
საღამოს ცა კვლავ აირია. წვიმამ გამეტებით დაუშვა. მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა კონსერვის ქილა მდინარის დინებით დაიყოლა და წისქვილის ღარში ჩაუძახა.
ბადო ქილის ხუფს მივარდა და წრიპინი მორთო:
- არ მინდა აქ, თათო, არ მინდა გესმის, მე გარეთ მინდა! დე...და! ზა...დო! მე თქვენთან მინდა, გარეთ მინდა! - წრიპინებდა ბადო და ქილის კედლებს მთელი ძალით აწვებოდა.
- ბადო!.. ფრთხილად, ბადო! - თათოს მუხლები მოეკეცა, წისქვილის ღარზე ჩამოჯდა და თვალებზე ხელი აიფარა...
დილით წვიმამ გადაიღო.
იდარა.
თათო ძილიდან გამოერკვა. წამოდგა. წისქვილის ღართან მივიდა და წისქვილის ღარს თვალი ჩააყოლა.
დღრუგურუნ, დღრუგურუნ, დღრუგურუნ, დღრუგუნებდა წისქვილის თვალი.
წისქვილის თვალის შემზარავმა დღრუგუნმა, თათოს ღამით მთიდან მოვარდნილი ნიაღვარი გაახსენა. კიდევ, გაახსენა კონსერვის ქილა, ქილაში ხომ ბადოა...
დღრუგურუნ, დღრუგურუნ, დღრუგურუნ, ახლა, კიდევ უფრო გულის შემზარავად დღრუგუნებდა წისქვილის თვალი და ღარში დაშვებულ მდინარის წყალს ნაწუწ-ნაწუწ ისროდა აქეთ-იქეთ.
თათომ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა...
ტირილის ხმაზე წისქვილიდან მოხუცი მეწისქვილე გამოვიდა. - როგორ დასველებულხარ? აბა, თქვი რა გატირებს, - უთხრა მოხუცმა თათოს.
- იცით, იქ... ქვემოთ ბადოა, - ამოყელცრემლა თათომ.
- ვინა?.. ჰოო, ბადო, ბადო, - თქვა მოხუცმა და წისქვილის ღარს ჩახედა.
- კი, იქ ჩავარდა კონსერვის ქილა!
- იქ არავინაა, ნუ სტირი, ადექი წისქვილში შევიდეთ, სულ სველი ხარ...
- კი, იქ არის, მან ხომ ცურვა არ იცის, - თათო სლუკუნით შეჰყვა მოხუცს წისქვილში. უცებ შეჩერდა, კუთხეში მდგარ საწოლს გახედა. - ბადო! - წამოიძახა თათომ და საწოლთან მიირბინა.
- ეს-ესაა ჩაეძინა, მეთევზეებმა მოიყვანეს გვიან ღამით, უგონოდ იყო, მთელი ღამე ბორგავდა...
- რა კარგია?! - წამოიძახა თათომ და მოხუც მეწისქვილეს კისერზე მოეხვია, - ხომ გადარჩება?!
- უკვე გადარჩა, მალე გამოიღვიძებს და შინაც წახვალთ, ეს მდინარე ოფლათარზე ჩაივლის, წავალ ნავს გაგიმზადებთ, - თქვა მოხუცმა და კარში გავიდა.
- ბადო, ბადო, გაიღვიძე! ნახე, წისქვილში ვართ, მეწისქვილემ თქვა, გადარჩა და მალე შინაც წახვალთო!
ბადომ თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა და წისქვილი გულდასმით შეათვალიერა.
- თათო...
- რა იყო?
- რა და, მოდი ყურში გითხრა...
- არ ვიცი, არ უთქვამს, - თათომ ბადოს გაკვირვებით შეხედა.
წისქვილში მოხუცი შემოვიდა.
- აბა, მაწანწალა მყვინთავებო, თქვენი ნავიც მზადაა, - თქვა მოხუცმა და წრუწუნებს მდინარის ნაპირზე ჩაუძღვა, - თქვენს სოფლამდე, საათის სავალია, მშვიდობით ბადო, - მოხუცი წრუწუნებს გამოემშვიდობა და ნავი მდინარის დინებით გაუშვა.
- ვიცი, შენ აბიბო მეწისქვილე ხარ, ვიცი... მე მალე მოვალ, ზადოს მოვიყვან და ჩვენ ერთად მოვალთ! - მიაძახა ბადომ მდინარის ნაპირზე დარჩენილ მოხუც მეწისქვილეს და წყალს ნიჩბები მოუსვა.
შეხვედრა
- მოდიან, მოდიან, აი, ისინიც! - წამოიძახა უცებ ზადომ და გახარებული თაგვები მდინარის ნაპირს მიცვივდნენ.
- ზადო! - ბადომ ნავიდან ისკუპა და ზადოსთან მიირბინა, - იცი, ზადო, - ბადომ თავი მორცხვად ჩახარა, - იცი... რამდენი გეძებე?! - ჩუმად ამოილუღლუღა.
- არა შვილებო, ნუ გაუწყრებით ერთმანეთს... დაივიწყეთ რაც მოხდა, დღეიდან ყველა ერთად ვიქნებით, - გახარებულმა დედამ ბადო გულში ჩაიკრა, - ყველაფერი ჩემი ბრალია... გეგონათ მიგატოვეთ?.. არა, შვილებო, ეს არ იფიქროთ. ვიფიქრე, ზამთარი კარზეა მომდგარი-თქო და ერთ დილით დილით ადრიანად გავედი საშოვარზე, მთელი დღე ვიწანწალე სოფელ-სოფელ. საღამო ხანს შუქურაანთ ხორბლის ბეღელს მივადექი. იქვე ბუჩქებში ჩავჯექი და კარგა ხანს ბეღელს ვუთვალყურე. ვხედავ, სულიერი არ ჭაჭანებს, ვთქვი, აბა ახლა შენ იცი და შენმა ქალობამ-მეთქი და ჯალდანი მოვიმარჯვე. ვზიდე და ვზიდე ხორბლის მარცვლები. მეორე დილით, მზის ამოსვლამდე მივადექი ბეღელს, ზედმეტი ვის მოსჭარბებია-თქო, ვთქვი. მერე კი... ნუ მკითხავთ, - იმ წყეულ შუქურაანთებს, ზედ ბეღელის კარზე დაედგათ სარეგველა. ვერ შევნიშნე... ორი დღე და ღამე უგონოდ ვეგდე აბიბოს წისქვილთან, გონს რომ მოვედი, ვეღარ გიპოვეთ, სად არ გეძებეთ, - დედა წრუწუნამ თვალზე მომდგარი კურცხალი მოიწმინდა, - ამიერიდან, თვალიდან არ მოგიცილებთ , - ამბობდა დედა თაგვი და სიხარულის ცრემლებს აღვარღვარებდა.
- დედა ჩვენ ძმები ვართ?! - ერთხმად იკითხეს წრუწუნებმა.
- ჰო, შვილებო, თქვენ ტყუპები ხართ, - უთხრა დედამ და შვილები გულში ჩაიკრა.
- რა კარგია!- წამოიძახეს ზადომ და ბადომ და ერთმანეთს მოეხვივნენ.
- დედა, ეს თათოა, ჩვენ ერთად გეძებდით, თათოც შენი შვილი იყოს, ხო?! - უთხრა ბადომ.
- იყოს რა, დეე... ჩვენ ხომ და არ გვყავს, ჰოდა, თათო ჩვენი და იქნება, კარგი?! - შეეხვეწა ზადოც.
- კარგით, შვილებო, აგრე იყოს, - თქვა დედამ და თათოც გვერდით მოისვა.
- გეყოფათ თაგვებო, გეყოფათ, რა გატირებთ! - უთხრა კუკუჩია ექიმბაშმა დედა-შვილს და თაგვებს მიუბრუნდა, - აბა, მეზობლებო, რაღას უცდით, გამოიტანეთ, რაც კი გეზოგებათ, ისეთი პურ-ხადილობა გავმართოთ რომ ყველა გავაკვირვოთ.
- კი, კი, აბა! - კვერი დაუკრეს მეზობლებმაც და სიხარულით მიაშურეს თავ-თავიანთ სოროებს შეგროვებულ-შეკოწიწებული თხილ-კაკლეულის გამოსატანად...
- ზადო იცი, მე აბიბო მეწისქვილე ვნახე, და რომ ვიხრჩობოდი, მან გადამარჩინა, - უთხრა ბადომ.
- მოდი ბადო აბიბო მეწისქვილეც დავპატიჟოთ, კარგი?!
- კარგი, დავპატიჟოთ, კიდევ ბაჭადო და ცუცუნაც დავპატიჟოთ, კიდო... ათული, ბაჭუ, ბუჭუ და თაბი, კარგი?
- თაბი?.. დაგავიწყდა, თაბის ჩვენი ცემა რომ უნდოდა?!
- მერე რაა, ხომ გაიგონე დედამ რა თქვა? რაო და, აწი ყველა ერთად ვიყოთო?!. ჰოდა, თაბიც დავპატიჟოთ და კიდო კატაც, შენ რომ გაიქეცი და მე რომ მასთან დამტოვე!
- რას ამბობ, ბადო?! კატა ხომ ყველას შეგვჭამს?!
- კი აბა, შეგჭამს?! იქ რომ ვიყავი, ღამით სამი კატა მოვიდა, ჩემი შეჭმა უნდოდათ და იცი სამივე როგორ ცემა?.. აი, მოვა და ნახავ, როგორი კეთილია...
- თუ მასეა, დავპატიჟოთ, ოღონდ დედას ვკითხოთ, ჰო.
- რაკი აგრე სურს, დავპატიჟოთ, ხომ ამბობს, კატა კეთილიაო, ჰოდა, ჩვენც დავპატიჟოთ - უთხრა დედამ შვილებს.
- რა კარგია?! გმადლობთ, დედა! - წამოიძახა ბადომ და სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა.
- ბადო, ის წრუწუნა ზოოპარკში რომ დავტოვეთ? - ჰკითხა თათომ.
- ჰო, ისიც.
- როგორ, ის ხომ აქედან შორს არის? - ჩაფიქრდა თათო.
- მოდით მაშინ, ყველას მოსაწვევი ბარათები დავუგზავნოთ! - თქვა უცებ ზადომ.
- კარგია, დავუგზავნოთ! - ერთხმად წამოიძახა ბადომ და თათომ.
წრუწუნებმა ტყიდან უამრავი წაბლისა და თხილის ფოთოლი მოზიდეს, თათომ ფანქარი მოიმარჯვა, მუხლებზე ჩაცუცქდა და მოსაწვევი ბარათის წერას შეუდგა:
მო...საწვე...ვი ბა...რა....თი.
- აბიბო მე...წი....სქვი...ლეს,
- ბა....ჭა....დოს და ცუ...ცუ...ნას,
- ა...თუ....ლის, ბა...ჭუს, ბუ...ჭუს, კიდევ თა...ბის,
- კიდევ ვის? - იკითხა თათომ და წრუწუნებს გახედა.
- ვის და,.. მომეცი მე დავწერ, - ბადომ თათოს ფანქარი გამოართვა და ბარათის წერა განაგრძო:
- კი....დევ, ყვე...ლას, ყველას!!!
გვეწვიეთ ხვალ, « საათ...ზე.
ბა...დო, ზა...დო და თა...თო.
- ხომ კარგად მოვიფიქრე? - წამოიძახა ბადომ.
- კი. წავიდეთ დედას წავაკითხოთ, - უთხრა ზადომ და სამივენი დედასთან გაიქცნენ...
წრუწუნებმა ის ღამე მოსაწვევი ბარათების წერაში გაათენეს. დილით, ბარათებით სავსე ჩანთები ზურგზე მოიგდეს და მთელ ქვეყანას მოჰფინეს. აკრავდნენ ყველგან, სახლებსა თუ ხიდებზე, ხეებსა თუ ჭიშკრებზე, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც თვალი და ხელი მიუწვდათ...
...
სოფლის თაგვებმა დიდი სამზადისი გამართეს: მოჰქონდათ ფეტვისა თუ ბრინჯის მარცვლები, თხილი, წაბლი, ასკილი, შინდი, უნაბი, მოკლედ - ყველაფერი, რაც ეზოგ-ემეტებოდათ...
სტუმრებმა დათქმულ დროს იწყეს მოსვლა.
...
პირველმა ჭიშკარს ბაჭადომ და ცუცუნამ მოასტუმრა. მათ ათული, ბაჭუ, ბუჭუ და თაბი მოჰყვნენ.
- აი ფაციკოი არაა, ნენა? - ცუცუნამ ხელი შუბლზე მიიჩრდილა და ჭიშკარს გახედა, - ნახეთ, ნახეთ, რავა გათქვირებულ-გაპეწენიკებულა, ეს სასიკვდილე, უსა!..
ფაციკო ხადილს მონაგარითურთ ესტუმრა, უკან ვარიკო, ცაციკო, და წაწიკო მოჰყვნენ...
- წყალი, ქალებო წყალი, ლამისაა გული ამომივარდეს, - თქვა ფაციკომ და ჭასთან მიქუსქუსდა.
- რა ამბავია, რა ქორ-ალალი აგედევნა? - ჰკითხა ფაციკოს კუკუჩია ექიმბაშმა.
- შეხედეთ, შეხედეთ, აქაც აღარ გვასვენებს ეს სასიკვდილე, - ფაციკომ ხელი ჭიშკრისაკენ გაიწვდინა.
ყველამ მასპინძელმაც და სტუმარმაც ჭიშკრისაკენ იბრუნა პირი.
ეზოში კოჭლი მელა შემოვიდა.
- მეხი და სატკივარი მაგას! გაგონილა, მთელი გზა ფეხდაფეხ მომდევს, - ფაციკომ წყალი მოსვა და ქათმებს უჩურჩულა, - ესეც აქ არ მოდენილა?.. ფრთხილად ვიყოთ, გოგოებო, ფრთხილად, არ დათვრეს ეს სასიკვდილე, ესა, თორემ, სულ ღერა-ღერა დაგვაცლის ბუნდღებს, აბა?!.
...
ჭიშკარში დედა კურდღელი, ცუცქნა, ძუძგნა და წუწკნა შემოვიდნენ.
...
- ჰეი, ჰო, ოჰო, ჰოოო, - დაიბობორიყა ბრმა დევმა ხევს გაღმიდან.
ჰო, მართლა ბავშვებო, ფაციკო ხომ გახსოვთ ზღაპარ ‘‘ფაციკოდან’‘? ისიც ხომ გახსოვთ ვარიკო, ცაციკო და წაწიკოც იქ რომ ცხოვრობენ. ჰოდა, ყველანი სწორედ რომ ზღაპარ ‘‘ფაციკოდან’‘ ესტუმრნენ ჩვენს წრუწუნებს...
- კოჭლი მელაც ხომ გახსოვთ ზღაპრიდან - ‘‘ლომი და კურდღლები’‘. ჰოდა, დედა კურდღელს, ცუცქნას, წუწკნას და ძუძგნას იქ რა გააჩერებდათ, დაუხურავთ ზღაპრის წიგნი და აქეთ, წრუწუნების ხადილზე, მოემართებიან.
- ბრმა დევიც გეხსომებათ ზღაპარ ‘‘გულქანდადან’‘, ამდგარა ეს ჩვენი დევი, მიუტოვებია სამწყესური, გაუდევს მხარზე თავისი ვეებერთელა კომბალი და რაჭის მაღალმთიან სოფლებიდან პირდაპირ აქეთ, ამ ზღაპრისკენ მოემართება.
- ჭიჭი ჭიანჭველა და ოთლაყურელი ჭიანჭველებიც ხომ იცით ‘‘ჭიჭის ზღაპრიდან’‘, მერედა ჭიანჭველა რისი ჭიანჭველაა, მეგობარს ლხინში თუ არ ულხინა და ჭირში ხელი არ გაუმართა. ოთლაყურელ ჭიანჭველებს სულ მარცვალ-მარცვალ აუგროვებიათ რაც ქერ-ბრინჯის მარცვლები ეშოვებოდათ, - ესო, წრუწუნებს მიართვი ჩვენგანო, - უთქვამთ და ჭიჭი, თავის ლამაზ მეუღლესთან ერთად წრუ-წუნების ხადილს მოასტუმრეს.
...
- სხვებიც მალე მოვლენ, ბაჯბაჯა დათვი, ოქროს წურბელა, ბიჭი გულქანდა და მარწყვა ბიჭი, კუკნა გოგო და კეთილი მეყვავილე, და ყველანი ბადოს და ზადოს ზღაპარში მოიყრიან თავს, მანამდე კი...
- დედა მოდის, მოდის! - წამოიძახა უცებ ბადომ და ჭიშკრისაკენ გაიქცა.
ჭიშკარში კატა შემოვიდა.
- დედა, ეს ჩემი მეგობარი კატაა! - წამოიძახა ბადომ, - აი, გაიცნობთ და ნახავთ, როგორი კეთილია, - იძახდა ბადო და ცდილობდა ყველას კატის სიკეთეში დარწმუნებას.
თაგვებმა კატის დანახვაზე ერთი მოთქმა-წიოკი შექმნეს:
- როგორ კაცო?!.
- გაწყდა მაგათი სინსილა!..
- პირობა, პირობა ჩამოვართვათ!..
- აცადეთ ბატონო, თქვას...
- ნუ გეშინიათ, თაგვებო, აღარ გერჩით, არავის აღარ ვერჩი, - თქვა კატამ და ბადო გულში ჩაიკრა...
ხადილს მრავალი სტუმარ-მოკეთე ესტუმრა. მოდიოდნენ ცალ-ცალკე და ჯგუფ-ჯგუფად. მოდიოდნენ სათაგვეთიდან და სამგლეთიდან. ტყეებიდან და ზოოპარკებიდან, გაღმიდან და გამოღმიდან, ზღაპრებიდან და იგავებიდან.
ვის, ვის და, თაგვები ამდენ სტუმრებს ნამდვილად არ ელოდნენ. დაფაცურდნენ წრუწუნები, აქეთ მოდგნენ, იქეთ მიდგნენ, გაღრღნეს და გამოღრღნეს ბეღელ-მარნები თუ ჯალდან-განჯინები, სხვენ-საკუჭნაოები თუ ნახნავ-ნათესები... რომ სტუმარ-მოკეთესთან თავი არ შეერცხვინათ.
გაჩაღდა ქეიფი,
ათუხთუხდა თანგირები,
ატკაცუნდა მწვად-წალამი,
ატკცრიალდა სამწდეურები...
- იხარეთ!
- იმრავლეთ!
იძახდა გამთენიისას ჭიშკარს გადავლილი თუ წნულღობეზე გადაკონწიალებული ღვინითა და ხილაურით გამომთვრალი სტუმარ-მასპინძელი...
...
ერთიასად დაუბრუნდა თაგვებს მათი ლოცვა.
იმრავლეს. იმრავლეს ასად, ათასად, ათი ათასად, მილიონად, ათ, ას მილიონად და უმალ მოედნენ ეზოებსა თუ კორპუსებს, პურის ყანებსა თუ სხვენ-ბეღლებს, ცირკის დარბაზებსა თუ მაღაზიებს...
და ცხოვრობენ თავიანთი ტკივილითა და სიხარულით, თავიანთი მეწისქვილეებითა და მებორნეებით, ხაბაზებითა და მედილიგეებით...
მათაც უყვართ და პატარძლობენ, ისინიც ანგრევენ და აშენებენ, თაგვებიც იბადებიან და მრავლდებიან...
...
აი, სულ ეს იყო, რაც ბადოსა და ზადოს შესახებ თქვენთვის უნდა მომეთხრო. მინდოდა მათ შემდგომ ცხოვრებაზეც მომეამბნა ცოტა რამ, მაგრამ ის დღე იყო და ის, მას უკან, ზადო და ბადო აღარ გამოჩენილან.
ბავშვებო,
თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ მათ შესახებ? იქნებ. თქვენ იცით მათი ადგილსამყოფელი, იცით, სად არიან, რას აკეთებენ და როგორ ცხოვრობენ.
აუცილებლად მაცნობეთ, ან მომწერეთ, ჰო?..
საქართველო, თბილისი, სააბონენტო ყუთი №2004‘/17.09
მოკითხვამდე.
ველი თქვენს ბარათებს.

??????