მაცაბერიძე ბონდო
გაზიარება

სოფელი სამსოკოთა 

სამსოკოთა, ერთი ბებერი მუხის ძირასაა გაშენებული. სოფელში სამად-სამი სოკო დობილი ცხოვრობს. სოკოებმა სოფელს სახელი თავად შეარქვეს და თავადვე განაგებენ მის ავ-კარგს.
სოფელს სახელდახელოდ არავინ სტუმრობს. გზასაცდენილი მწერ-ჭიანჭველა თუ ჩაუვლის სოკოების ეზო-ჭიშკარს დროდადრო.
ძალზედ კი სწუხან სოკო დობილები არავინ გვსტუმრობსო, მაგრამ რა ჰქნან?
სოკოები დილით ადრიანად იღვიძებენ და თავიანთი საოჯახო საქმეებით ისე არიან დაკავებულები, რომ შუადღემდე კაცი მათ ბუსუნს ვერ გაიგებს.
აქეთ, სახლის დაგვა-დასუფთავებაო, იქეთ, სადილ-სარეცხიო. ცოტაოდენი დრო საკუთარ თავსაც ხომ უნდა დაუთმონ?!.
მოკლედ, ასეთ ფაციფუცში მოიშუადღევებენ დღეს. ნაშუადღევეს კი, იცოცხლე — ისეთ ჭორჭრიჭინს გამართავენ ერთმანეთთან, მუხას პირდაპირ მოსვენებას უკარგავენ.
რამდენჯერმე ჩასძახა მუხამ სოკოებს,
— რა დღეში ხართ, თქვენ მანდო?!
მაგრამ რა?!
მათაც იმდენჯერვე წაუყრუეს, ვითომცდა, აქ არაფერიო.
და აი, ერთ დღეს, მუხამაც:
— აბა, ახლა მიყურეთაო, - თქვა და დაუშინა და დაუშინა რკოები სოკოებს ზემოდან.
მაშინ კი ეტკინათ სოკო დობილებს. ეტკინათ და მორთეს ტირილი. იმდენი იტირეს, იმდენი, ლამის გულები ამოიგდეს.
... როდის როდის გაისუსნენ. მერე ძალზედ იწყინეს კიდეც. ჰოდა, ადგნენ და სამუდამოდ გაებუტნენ მუხას.
მხოლოდ ერთხელ გადაულაპარაკეს ერთმანეთს;
აწი აქ აღარ გვედგომება, უნდა ავიყაროთ აქედანო.
ეს იყო და ეს. მას უკან ხმა აღარ გაუღიათ.
მაშინ კი დაიმორცხვა მუხამ, შეწუხდა ძლიერ. განაწყენდნენ რკოებიც — ეგ არ უნდა გვექნაო!..
დღის ბოლოს, მზის მიმქრალობისას, მუხამ ფოთლებს ხელი მოხვია და სოკოებს თავზე წააფარა, დილით, ცვარიანზე არ შესცივდეთო.
არც ამჯერად გაუღიათ ხმა სოკოებს. გაბუსხულები იდგნენ ღამით სიჩუმეში...
დილით, სისხამზე ჩახედა მუხამ სოკოებს და ფოთლები ფრთხილად ააცალა. მაგრამ მოხდა საოცარი რამ; სოკოებს მთელი ღამე იმდენი ეტირათ, იმდენი, სულ ცრემლებად ჩაღვრილიყვნენ მიწაში.
მუხა დიდხანს იდგა დარცხვენილი. მერე ისეთი ძალით ამოიმწუხრა, რომ მთელ ხეობას მოჰფინა ყვითელი ფოთლები...
მალე ზამთარი დადგა.
ერთ სუსხიან დილით ტყიდან ნაჯახის ხმა მომესმა. დავინახე, თუ როგორ დასცეს ხის მჭრელმა კაცებმა ბებერი მუხა ძირს, როგორ დამორეს და როგორ ამოუყვნენ გზას ურმით სოფლისაკენ.
ზამთარმა დიდხანს გასტანა. მხოლოდ აპრილის მიწურულს მომიხდა სამსოკოთასკენ გავლა.
თვალს არ დავუჯერე; ასობით პატარ-პატარა მუხის ნერგს ამოეყლორტა ბებერ ნამუხარზე.
იქვე ერთმა ბეღურამ ისიც მიამბო:
თურმე, იმ ღამით, რკოებსაც ისე ემწუხრათ და იმდენი ეცრემლათ, რომ თავადაც ცრემლებად ჩაჰყოლოდნენ მიწაში სოკო დობილებს...
ახლა კი დგანან და გაფაციცებით ელიან თავიანთი მეგობრების - სოკო დობილების მიწიდან ამოსვლას.
ბავშვებო, სოკო რაჭაში ივნისის თვეში ამოდის. თქვენც ხომ მაშინ გეწყებათ საზაფხულო არდადეგები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში? ჰოდა, ჩვენც სწორედ მაშინ ვეწვიოთ სოფელ სამსოკოთას.
აი, მერე კი ვნახოთ, როგორღა იტყვიან სოკო დობილები, არავინ გვსტუმრობსო...

??????