ვარშანიძე მამია
გაზიარება

მოდი ნახე ექსკლიუზივი

მშობლიური მთების ახლოს 
ძველისძველი ქვევრებია,
მოდი, ნახე, მე აქ ვსახლობ,
მზე აქ შემიჩერებია.

მესხი ვარ და ხელმადლიანს
ეზო დამიმშვენებია,
ნახე რა არ მაბადია,
რა არ მომიშენებია.

ვაზი რთველის ეშხში ცურავს,
ლალისფერი მტევნებია,
ტკბილი ღვინო დამიწურავს,
ქვევრში ამიმღერებია.

ჩემს სახლს განა ჩრდილი ფარავს,
ცისარტყელას ფერები აქვს,
ვარსკვლავები მომიპარავს,
ღამე გამითენებია.

ჩემი კერა დალოცვილი
მზესთან შემიჩერებია,
ჩუქურთმებით დაკოცნილი,
ო, რამდენი ფერებია!

კვლავ მესხურად გავიძახი _
გული ამიმღერებია,
მოდი, ნახე ჩემი სახლი,
რარიგ დამიმშვენებია.
იყო და მარად იქნება

იყო და მარად იქნება
ლურჯი ქედები და ჭალა,
იყო და მარად იქნება
ჩემი ფხიანი აჭარა.
იყო და მარად იქნება
ჩემი ტაო და კლარჯეთი,
იყო და აღარ იქნება,
აღარ იქნება ქაჯეთი.
იყო და მარად იქნება
ჩემი შავშეთი მწყაზარი,
იყო და მარად იქნება
ჩემი ხატი და ტაძარი.
იყო და მარად იქნება
ჩემი ლაზეთი ვეფხური,
იყო და მარად იქნება
“განდაგანა” და “ფერხული”.
იყო და მარად იქნება
შუქმომფინარი ფერებით
სამეგრელო და გურია, 
კახეთი და იმერეთი,
იქნება ჩემი მესხეთი,
სულ ჩემი მოსაფერები.
იქნება ქართლის ცა ლურჯი...
იქნება ჩვენი ხმელეთი...
ჩემი მიწის და ფერი ცის
მარადისობას შეერთვის.
იყო და მარად იქნება
ლურჯი ცა ამერ-იმერის,
იქნება მარად ჭაბუკი, 
წილი არ უდევს ხნიერის.
იყო და მარად იქნება
ჩემი სამშობლო ხმიერი,
რუსთველის ტკბილი სავანე,
დიდი თამარის ივერი.
მამულო, იყავ კურთხეულ, 
იყავი მარად ძლიერი,
იყავი მარად ძლიერი,
იყავი მარად ძლიერი.

??????