მელია იაკობ
გაზიარება

ყრმობის გახსენება ექსკლიუზივი

მივდევ ალვის ხეებს,
ჩირაღდნებს რომ ჰგვანან,
ჰა, აბაშის წყალი,
ჰა, პატარა ზანა.
ეს ხოხობი ნეტავ
ამდენს როგორ ბედავს,
მონადირე ვარ და
გამიჩინა ელდა.
დახტის, დაგოგმანობს,
თავს იწონებს უკვე.
კურკანტელას ეძებს,
ჯაგებს დარუკრუკებს.
ცოდო არი, ცოდო,
ვერ მოვუშლი ტრიალს,
მადლი სილამაზის
ისე შვენის ტრიალს.
გამოვყვები ბილიკს,
თოფის ლულას დავხრი,
ჭალებიდან ისევ
გამოვდევნი ნახირს.
ყველას საკუთარი
გასჩენია საქმე,
სარეკელა სოფლის
ამბავს
აფრქვევს,
აფრქვევს.
ნაჩალარში ქარი
მიდის-მოდის შფოთით,
საწნახელში დგება
შემოდგომა ლოთი.
სადღაც დედის ნაპოვნ
ნედლს და კვიჟი ტაროს,
მივაფიცხებ ღველფს და
კვლავ ბავშვივით ვხარობ.
რა ვუწოდო ამას
სიყვარულის გარდა,
ცვარში გალუმპვია
დედას კაბის კალთა.
ბინდი ავსებს შუკებს,
შლის თანდათან გზასაც,
მოაბიჯებს ღამე
ოჩოკოჩის მსგავსად.
ო, ტკბილი ხართ, ტკბილი,
ყრმობის მთა-ველებო,
ჭალებო და ტყეო,
ჩემო საყვარლებო!

??????