ჯობავა გვანცა
გაზიარება

ლაზარე 

ჩემი შვილი ხარ,
სახელად ლაზარე.
გაჩნდი სწორედ მაშინ,
როდესაც ცამ და მიწამ ერთ დღეს გაცვალეს როლები,
ამოყირავდა დედამიწა,
და შენც უხმოდ, უცრემლოდ, გამოგორდი ზეცაზე,
სითბო ჩამეღვარა ფეხებშუა,
ჰოდა, შეუცნობლად ავიღე ეს სითბო
და ღრუბელქვეშაგებში გამოვახვიე,
მუხლებზე დავიწვინე და დავაშტერდი.
მაშინ აღმომხდა პირველად,
ჩემი შვილი – ლაზარე…
მერე ტირილიც ისწავლე,
ამ დროს ერთ-ერთ ვარსკვლავში გაწვენდი ხოლმე,
ნიავი კი, ტალღებად ეხლებოდა მას და გარწევდა,
ჩაგჩურჩულებდა, იძინეოო…
გაღვიძება ღრუბელივით ფაფუკი იცოდი,
ახელდი თვალს და ანგელოზების მთელი გუნდი
შენს წამწამებზე ასვენებდა ფახულა ფრთებს.
ძუძუც ღრუბელივით ფუმფულა გიყვარდა,
რძით გაჯერებული,
ტუჩებგამობურცული მიაწყდებოდი ხოლმე,
ანგელოზებიც ახლა იქ ჩამოგისხდებოდნენ
და შემოგყურებდნენ, არ გადასცდესო.
შენ კი ჭამდი და თან ბუთქუნა თითებით
მკერდს წაეტანებოდი ხოლმე,
მეგონა მეფერებოდი, შენ კი, თურმე იქ ჩამომსხდარ
ანგელოზებს ეთამაშებოდი.
ღამით ჩემთან გეძინა, მთვარეზე გავშლიდი ხოლმე
მიწიდან ზეცაში გადმორგულ გვირილებს,
შიგ ჩაგაწვენდი და გვერდით მოგიწვებოდი,
მთვარე რწევას იწყებდა…
ერთ-ერთ ასეთ ღამეს მივხვდი, რომ მე შენ გავხდი…

ყოველ დილით მზესთან მიმყავდი,
სათუთ თავზე გეფერებოდა ხოლმე სხივებით და ამბობდა,
ოქროსფერი კულულები უნდა დავანათლოო ლაზარეს.
მზე ნათლიაა ლაზარესი,
ღმერთზე უყვებოდა ლაზარეს, მე მინახავსო ღმერთი.
ყოველ დილით ნაკურთხ სითბოს მატანსო შენთან,
და ასე ამბობს, დაალევინეო ლაზარეს,
ასე უფრო მალე აიდგამსო ჩემთან მოსასვლელ ფეხს.
კურთხეული იქნებაო ლაზარე, დალოცვილი.

მერე მზე სხვა ნათლულებთან მიდიოდა,
მე კი გულში ჩაკრული მომყავდი
და ყურში ჩაგჩურჩულებდი,
მეც წამიყვანე ღმერთთან, ლაზარე.
ღმერთს შევავედრებდი ხოლმე შენს თავს
და ზევით ავიხედავდი, მერეღა მახსენდებოდა,
რომ ახლა ზევით მიწა იყო,
ბოლოს შევეჩვიე და თავდახრილმა ვისწავლე სიარული.
ერთ დღეს კი, შენ რომ მიგაძინე,
ისევ გამიტაცა მიწისკენ ცქერამ და ოცნებამ.
იმ დღესვე ამობრუნდა დედამიწა.
ისევ მიწაზე აღმოვჩნდი, ლაზარე კი – ცაში,
ლაზარე სიმსუბუქემ მიიზიდა ზეცისკენ,
მე სიმძიმემ დამაბრუნა მიწაზე.

ძალიან მენატრება ლაზარე,
ახლა სულ ზეცისკენ ვიყურები,
უფალს ვეძებ და ლაზარეს…

ლაზარე ცაშია…
მზე ლაზარეს ნათლიაა…
მზე უფლის ნაკურთხ სითბოს ასმევს ყოველდღე
დედის რძის ნაცვლად,
სანამ ისევ ჩემს მუცელში გადმოსახლდებოდეს ლაზარე,
და ისევ ჩამიღვრიდეს სითბოს ფეხებშუა…

მხოლოდ ერთხელ მესიზმრა ლაზარე,
ბალახებში გაგორებულიყო, მზისგულზე,
ოქროსფერი კულულები ჰქონდა.
ლოყებზე შემომაწყო ფაფუკი თათოები
და ასე მითხრა, უჩემობა უნდა დაგავიწყოო…
მალე დავბრუნდებიო, ლაზარემ,
შენი დედამიწა უნდა ამოვატრიალოო…

??????