ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

იანუსი ექსკლიუზივი

დილაუთენია უკვე ოზურგეთში ვართ. სწორედ იქ, საიდანაც ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები კურორტ გომის მთისკენ გადიან.
ზედვე ეტყობა, აგვისტოს ის დღე ძალიან ცხელი იქნება.
ჩვენ ორნი ვართ – მე და ჩემი სიმამრი – სოსო. არჩევანი არ გვაქვს: რომელი მანქანაც პირველი გავა, იმას გავყვებით.
Aახალგაზრდა კაცი მოდის და გრძელცხვირიან ავტობუსში გვეპატიჟება. ფასზეც ვრიგდებით: კაცის თავზე ათი მანეთი.
ნახევრადშევსებულ ავტობუსში ადგილებს ვიჭერთ და სხვა მგზავრებს ველოდებით.
- სანამ ყველა ადგილი არ შეივსება, არ დავიძვრებით! – აცხადებს მძღოლი.
გადის ათი წუთი.
- არ მივდივართ, კაცო! – ღელავს წინ მჯდიმი ლოყებღაჟღაჟა, მსუქანი ტიპი და დაცვარულ სახეს ცხვირსახოცით იმშრალებს.
- შენი ათი მანეთი ეყოფა ჩემს ცოლშვილს... შეივსება ავტობუსი და წავალთ! – როყიოდ ამბობს მძღოლი და სიგარეტს უკიდებს.
ლოყებღაჟღაჟა სკამზე ვერ ისვენებს, მერე კუბოკრულ ცხვირსახოცს თავზე იფენს და ყუჩდება. როგორც ჩანს, თვლემს...
ორი მგზავრი გვემატება.
- კიდევ ორი და ჰერი გომის მთისკენ! – ზეიმობს მძღოლი.
ხმაურზე ლოყებღაჟღაჟას ეღვიძება და გაოცებული კითხულობს: - კიდევ აქ ვართ, კაცო! ეს რა ღვთისწყრომაა? წავალთ თუ არა ბოლოსდაბოლოს! – მძღოლისკენ იგრძელებს კისერს.
- მაშინ წავალთ, როცა დრო მოვა!
- მერე როდის მოვა ეს დრო? ამ წელიწადში თუ დაგება მაინც?
- თუ არ მოგწონს, მიბრძანდით და ტაქსს გაყევით!. ბიჭოს, არ შემჭამა კაცი...
- გავყვები კიდევაც! – ლოყებღაჟღაჟა ფართხაფურთხით ჩადის. – მე არ ვიყო იანუსა, თქვენზე ადრე თუ არ ავიდე იქ! – ხელს უმისამართოდ იშვერს...
- ცხრა მთას იქით წასულხარ! – გზას ულოცავს მძღოლი.
იანუსი!
რა უცნაური სახელი რქმევია ამ კაცს, თუმცა გურიაში რანაირ სახელს არ გაიგონებთ!
ორიოდ წუთში იანუსი უკან ბრუნდება.
- აბა, კიდევ ორი მგზავრი და “ვილისი” გადის!
მე და სოსო ვდგებით და ლოყებღაჟღაჟას მივყვებით.
- ახლა იმ დანჯღრეულ ავტობუსს ეს “ვილისი” არ სჯობს? ახალიცაა და სწრაფიც! – “ვილისს აქებს იანუსი. – რას იტყვით თქვენ?
- რა უნდა ვთქვათ? – იცინის სოსო. – წავა და ვნახავთ.
- ცოტა ვიწროდ კი ვართ, მარა რაფერ გინდა აბა, ვინც არ გეიჭირვა,
ხეირიც ვერ ნახა... – იანუსი ლაპარაკის იშტაღზეა. – ჰეი, წავედით, შოფერ! შენაც არ დეიწყო ახლა იმასავით...…
ათ მეტრს გაივლის და “ვილისი” ჩერდება.
- რაღაც ემართება ამ ოხერს! – მძღოლი მანქანიდან ჩამოდის და კაპოტს აღებს. ერთხანს შეფიქრიანებული დგას. – ეტყობა ვეღარ წავალთ! – ამბობს ბოლოს.
- შენც შეგარცხვინე და შენი დაფეხვილი მანქანაც! – მარჯვენა ხელს მუშტავს იანუსი, მარცხენათი ისევ ოფლინ სახეს იმშრალებს.
ავტობუსში ვბრუნდებით. ამჯერად უკანა ადგილები გვერგო. მძღოლი მანქანას ადგილიდან ძრავს და სარკიდან იანუსის სახეს აკვირდება.
- აგაშენა ღმერთმა, კაცი ვარო, შენ უნდა თქვა! – ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, მძღოლს უსირცხვილოდ აქებს იანუსი. – მერე მე და სოსოს გვმოძღვრავს: - იმ დანჯღრეულ “ვილისს” აგი ახალი ავტობუსი არ ჯობს? თავისუფლად დაჯდები, მხარსაც გაშლი და რიხინით ახვალ კურორტზე. რას იტყვით თქვენ?
- ჩვენ არაფერს! – ჩემს მაგივრადაც პასუხობს სოსო.
- აბა, იცოდეთ, სადაც ჩვენ ვართ, იქ არის კარგი და არა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. “ვილისში” ვიყავით და “ვილისი” იყო კარგი, ავტობუსში ვართ და ავტობუსია კარგი, ვირზე გადაგვსვამენ და ვირი იქნება კარგი. ასეა, ჩემო კეთილებო, აი საქმე...
გომის მთაზე ასვლამდე ენა არ გაუჩერებია იანუსს, ცარიელი ყურები ნახა და რა ანაღვლებდა.
იანუსი!
პირველად ვნახე კაცი, თავის სახელს ასე პირწმინდად რომ ამართლებდა: იგი მართლაც ორსახოვანი იყო, იქნებ სამსახოვანი და უფრო მეტსახოვანიც...


??????