სამადაშვილი ზაალ
გაზიარება

ერთი პასუხის ამბავი 

ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”

სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, - რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა...

* * *
ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო. ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე...
მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს...
ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას...
ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი. ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს...
იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით...
მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი. ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა...
ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა...
ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, - რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, - ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა. ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება...
ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, - ვინ ხარ შენ?!. გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.
ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, - ადამიანი ვარ!

***
კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, - ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, - ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო - “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა. გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, - ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის...
კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ...

კატარინა გრამკო 
თვრამეტი წლის კატარინა გრამკო ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა, ოღონდ სხვა ლამაზი გოგოებისგან განსხვავებით _ სასიყვარულო თამაშებში ნაკლებად პრაგმატული ანუ ისეთი, ვის მონადირებასაც დიდ წარმატებად არ მიიჩნევენ ბიჭები. ბიჭებს კი, მოგეხსენებათ, ბარიერების გადალახვა უყვართ, რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია სიამოვნების განცდა, რომელიც მათ მიზნის მიღწევისას ეუფლებათ. კატარინას კი ბარიერების აგება, მით უმეტეს, ხელოვნურებისა _ არ უყვარდა. ის მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახით მოქმედებდა, ვისკენაც გული გაუწევდა, მზერასაც მიაპყრობდა, დაელაპარაკებოდა, შეხვდებოდა კიდეც და მოფერების უფლებასაც მისცემდა. ის საცეკვაო მოედნებისა და ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარი გახლდათ და შინ შუაღამეზე ადრე და თან კავალრის გარეშე თითქმის არასდროს ბრუნდებოდა. კავალრებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთი დღიდან ორ კვირამდე მერყეობდა. კატარინა არც ეძებდა, არც უფრთხოდა სიყვარულს, ის ჰგავდა მოგზაურს, რომელსაც სადღაც ჩაღწევაზე მეტად თავად გზაში ყოფნა მოსწონს და არანაირ სტიქიურ მოვლენას, შხაპუნა წვიმა იქნება ეს თუ ძლიერი შტორმი, არ უფრთხის. ქალთა ლიცეუმის ბოლო, დამამთავრებელ საფეხურზე სწავლობდა. მასწავლებლები, უმეტესად შუახანს გადაცილებული, მოზარდებთან ხანგრძლივი ურთიერთობით გაბეზრებული ქალბატონები, აღშფოთებას ვერ ფარავდნენ მისი ქცევის გამო. თუმცა მათ შორის ყველაზე მკაცრი განმსჯელიც კი აღიარებდა, რომ გოგონა სხარტად აზროვნებდა და თანატოლებისგან განსხვავებით, ბევრს კითხულობდა. იმხანად, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი `თამაში ჭვავის ყანაში~ იყო და მისი მთავარი გმირი ჰოლდენ კოლფილდი თითქმის ისეთივე აღტაცებით მოიხსენიებოდა, როგორითაც ლეგენდარული `ბითლზი~ ჯონ ლენონი და ასევე ლეგენდარული მეამბოხე ჩე გევარა. კატარინა გრამკომ ლამის ზეპირად იცოდა ეს რომანი, ხოლო მისი ავტორის სახელსა და გვარს ამერიკულ ყაიდაზე გამოთქვამდა _ ჯერი სელინჯა... 
ეს იყო დრო, როცა ქვეყანას რადიკალი-მემარცხენეები მართავდნენ და ყოველივე ამერიკული, კოკა-კოლადან და ჯინსებიდან დაწყებული, კერუაკითა და ჰენდრიქსით დამთავრებული, იმპერიალისტური იდეოლოგიის პროდუქტად მიიჩნეოდა და საზოგადოებაზე გამხრწნელი ზემოქმედების არდაშვების მიზნით ცენზურის მიერ იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლამდე მაინც აღწევდა საღეჭი რეზინა `ჭრიგლეყს~, ჟურნალი `Pლაყბოყ~ და კომპოზიცია სახელად `ჭჰოლე ლოტტა ლოვე~, რომლის ამგდებ რიტმსაც თავების ქნევითა და მუხლებზე ხელების ტყაპუნით ჰყვებოდნენ მუსიკის მოსასმენად ვინმე მაგნიტოფონიან მეგობართან შეკრებილი გოგო-ბიჭები. ასეთ შეკრებებზე მარიხუანაც იწეოდა და თითო ნაფაზს ყველა ურტყამდა წრეში დატრიალებულ სიგარასავით მსხვილ ნახვევს...
ბიჭმა, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით არა რამდენიმე დღით, არამედ სამუდამოდ უნდა ჩავარდნოდა გულში, იმით მიიქცია კატარინა გრამკოს ყურადღება, რომ მიწოდებულ მარიხუანაზე უარი თქვა და ტეკილა გადაკრა ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული ბრტყელი, მათარისმაგვარი ბოთლიდან. ქურთუკი მაგარი ეცვა, თეთრი ბეწვით გაწყობილი, ტყავის _ ანდების ავიახაზების მფრინავები რომ ატარებდნენ, ისეთი. სახეზეც არა უშავდა _ ოდნავ სქელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი, შუაზე გაყოფილი ნიკაპი და ნაიარევი წარბი თავზეხელაღებულ თუ არა, ყოჩაღ ბიჭთან გადაყრის განცდას ბადებდა.
ბიჭი, არქიტექტურული კოლეჯის სტუდენტი, სახელად ესტებან სამპაიო, დედით ფრანგი აღმოჩნდა. მამამისს, ფრანგული ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნესა და მკვლევარს, პარიზში მივლინებით ყოფნისას გაუცნია მომავალი მეუღლე. იმდროინდელ ახალგაზრდა ინტელექტუალთა მსგავსად მემარცხენე იდეებით გატაცებულ ქალს არა მარტო ცოლობაზე, არამედ სამშობლოს დატოვებაზეც არ უთქვამს უარი და მასზე გაცილებით უფროს კაცთან ერთად წამოსულა საცხოვრებლად იქ, სადაც მარქსისა და ლენინის უტოპიური თეორიების ხორცშესხმას ცდილობდნენ ხელისუფლებაში იარაღის ძალით მოსული ადამიანები...
კატარინა გრამკომ ყოველივე ეს ესტებან სამპაიოს სახელოსნოში მოისმინა, ხანგრძლივი ალერსის შემდეგ აზიურ დივანზე გვერდულად მიწოლილმა. ბიჭმა ისიც უთხრა, ჯოანა შიმკუსს ჰგავხარო. ჯოანა შიმკუსი ალენ დელონისა და ლინო ვენტურას პარტნიორი იყო ფილმში `Lეს Aვენტურიერს~ და ნებისმიერ გოგოს, ვისაც ჩალისფერი თმა, ლურჯი თვალები და მაღალი ფეხები ჰქონდა, ეს სიტყვები თავბრუს დაახვევდა. კატარინასაც დაეხვა თავბრუ, ოღონდ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ცხადია, არა მარტო ამ სიტყვების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბული კვარტალის მკვიდრი არ იყო და უბირი ადამიანების გარემოცვაში არ იზრდებოდა, სამყარომ, ვისი პირმშოც ესტებან სამპაიო გახლდათ და ვის სახესაც ეს სახელოსნო წარმოადგენდა თავისი ნახატებით, ფოტოებით, თაბაშირის ფიგურებითა და ზეთის საღებავების სურნელით, მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ, მიიზიდა ამ ბიჭის თბილი, ღონიერი ხელებით.
ადვილი საფიქრებელია, რომ წერა ამ სამყაროს გავლენით დაიწყო. შესაძლოა, ერთ მშვენიერ საღამოს ან შუადღეს რამდენიმე ჩანაწერი წაუკითხა ახალ მეგობარს თავისი დღიურიდან. დღიური წერა-კითხვის მცოდნე თითქმის ყველა გოგოს ჰქონდა იმ დროს _ ფერადყდიანი, ნაჭრის ზონარჩატანებული სქელი რვეული, სადაც შთაბეჭდილებები და სურვილები იყო ჩაწიკწიკებული ლამაზი ასოებით. ესტებანმა, ალბათ, უთხრა, საინტერესოა, აბა, მოთხრობის დაწერა სცადეო და მანაც, ამ სიტყვებით გათამამებულმა, სცადა...
ნახევარი წელი დრო გაჩერებული იყო კატარინასთვის. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სულ ერთი და იგივე დღე თენდებოდა და ღამდებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. დღეების ასეთი მსგავსება იმდენად სასურველი, ისეთი ბედნიერების მომგვრელი იყო მისთვის, რომ ეშინოდა კიდეც, უნებლიეთ არ დაერღვია იგი. როგორც კი ეს შიში შეატყო თავს, შინიდან ერთსა და იმავე დროს გამოსვლა, სიგარეტის ერთსა და იმავე ფარდულში ყიდვა, სიარულისას ერთი და იმავე მელოდიის წამღერება და ესტებანის სახელოსნოს კარზე სამჯერ დაკაკუნება ჩვევად გადაიქცია...
გაჩერებული დრო ხელახლა მაშინ ამოძრავდა, როცა მემარცხენე-რადიკალების მმართველობა აჯანყებულმა სამხედროებმა დაამხეს და ქვეყანაში კომუნისტების დევნა დაიწყო. სამსახურებიდან ითხოვდნენ და აპატიმრებდნენ არა მარტო დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მათთან მოთანამშრომლე და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს. დაპატიმრების საფრთხე ესტებანის ოჯახსაც დაემუქრა და ქალბატონ იზაბელის საფრანგეთის მოქალაქეობა რომ არა, მას და მის ქმარს ბორკილები და საპყრობილე, ალბათ, არ ასცდებოდათ. ესტებანი და მისი მშობლები ოკეანის გაღმა, ევროპაში, გემით გაემგზავრნენ. პორტში მათ გასაცილებლად არავინ მისულა კატარინა გრამკოს გარდა, რომელმაც როგორღაც შეძლო თავის შეკავება და ტრაპისკენ დაძრულ, მაგრამ მაინც მისკენ მაცქერალ ესტებანს არ უთხრა, ბავშვს ველოდები შენგანო...
***
კატარინა გრამკოს მწერალთა ეროვნული ასოციაციის შენობაში შევხვდი პირველად. უფრო სწორად, ამ შენობის ვრცელ, მაღალჭერიან და კედლებმოხატულ სადარბაზოში. ნაცნობი პროზაიკოსი _ პირქუში კაცი, ნატურალისტური აღწერებით გადატვირთული რომანების ავტორი, და ის, ძალიან გამხდარი, მოკლედ, ლამის ბიჭურად თმაშეჭრილი ქალი, მარმარილოს კიბეზე ჩამოდიოდნენ. კლასიკოსებმა გამოგვლანძღესო, მითხრა კაცმა, კოსმოპოლიტები და მიმბაძველები გვეძახეს მეც და ამასაცო. ლიტერატურული პერიოდიკის საჯარო განხილვიდან იყვნენ გამოსულები. ასეთი განხილვები ჯერ კიდევ მაშინ იმართებოდა ამ შენობაში, როცა აქ ეროვნულის ნაცვლად პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია იყო დაბინავებული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ასეთი ეპითეტებით შემკობა გამამტყუნებელი განაჩენის ტოლფასი აღარ იყო ადრესატისთვის. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ-მეთქი, ვუთხარი ღიმილით და კიბეზე ავაბიჯე. ასოციაციის წევრთათვის საგანგებოდ გახსნილ მაღაზიაში აღმოსავლური პოეზიის ახალგამოსული კრებულის საყიდლად ვიყავი მოსული და ვჩქარობდი, ამხანაგს, რომლის მოწმობითაც უნდა მესარგებლა, არ გაესწრო. ეს კატარინა გრამკოა, `ავტოპორტრეტის~ ავტორიო, დამაწია სიტყვა რომანისტმა. შევყოვნდი, ხელი გავუწოდე. ქალს დაქანცული, გაბეზრებული მზერა ჰქონდა, სახის ნაკვთები ოდნავ უთრთოდა. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ამის მიზეზი ცოტა ხნის წინ მოსმენილი შეფასებები იყო, მაგრამ ხელის ჩამორთმევის შემდეგ რომ თქვა, დროზე გავიდეთ, ჩავარტყათ რამეო, მივხვდი, რაც ხდებოდა მის თავს. საღამოს, ომარ ხაიამის რობაიების კითხვისას, ისიც გავიფიქრე, რომ ვრცელი მოთხრობა `ავტოპორტრეტი~, სადაც ჩვენი ლიტერატურისთვის უჩვეულო პირდაპირობითა და გულახდილობით იყო გადმოცემული ახალგაზრდა ქალის ვნებები, სწორედ ასეთ ვინმეს უნდა დაეწერა...
იმხანად გაზეთში ვმუშაობდი. საავტორო სვეტი მქონდა _ `მკითხველი მკითხველს გადაეყარა~. კვირაში ერთხელ ორ გამოგონილ პერსონაჟს, წიგნის ორ ჭიას, ლიტერატურულ სიახლეებზე ვასაუბრებდი ერთმანეთთან. ეს ფორმა ზედგამოჭრილი მეჩვენებოდა გაზარმაცებული და გაუცხოებული მკითხველისათვის და, მგონი, არც ვცდებოდი. ყოველ შემთხვევაში, როცა სვეტი თუნდაც ერთხელ ჩავარდებოდა, რედაქციაში აუცილებლად რეკავდნენ და ჩავარდნის მიზეზს კითხულობდნენ. კატარინა გრამკოსთან შეხვედრის შემდეგ პირველივე დიალოგი მის `ავტოპორტრეტს~ მივუძღვენი. ერთ-ერთ პერსონაჟს ისიც კი ვათქმევინე, ამ მოთხრობის ავტორი გულახდილობით თვით მარგერიტ დიურასსაც არ უდებს ტოლს-მეთქი.
მიზანში გავარტყი. აღმოჩნდა, რომ ფრანგი მწერალი კატარინა გრამკოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორი გახლდათ. ეს მან თავად მითხრა კაფე `დელ მარში~, სადაც მე ყავის დასალევად შევედი ერთ საღამოს, ხოლო ის ბარში დამხვდა უკვე საკმაოდ ნასვამი. `დელ მარში~ მისგან ისიც შევიტყვე, რომ შვილთან, თორმეტი წლის ბიჭუნასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომ ის უკვე ოცდათორმეტი წლის იყო და რომ მისი საყვარელი მამაკაცი შორეულ საფრანგეთში, პარიზში იყო გადახვეწილი...
მოკლე, გულამოღებული და უსახელოებო კაბა ეცვა, რაც თვალში საცემს ხდიდა სხვაობას ტანის ჯერჯერობით შენარჩუნებულ, ახალგაზრდულ სიმკვრივესა და სახის ნაადრევად დაბერებას შორის. ალკოჰოლთან მეგობრობის კვალი მხოლოდ სახეს ეტყობოდა _ ნაოჭების ქსელი თვალების კიდეებთან და შუბლზე. მიუხედავად სიმთვრალისა, დიდხანს და საინტერესოდ ილაპარაკა ლიტერატურაზე, თქვა, რომ ვერ იტანდა პათეტიკურ, ქარაგმებით აღსავსე, მოჩუქურთმებულ ტექსტებს და ის, რასაც ერთნი ხელაღებით უწუნებდნენ, ხოლო სხვები უქებდნენ, სხვა არაფერი იყო, თუ არა პროფესიული პატიოსნება. სიმთვრალე რომელ ქალს უხდება, კატარინა გრამკოს რომ მოხდენოდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც აუშნოებდა. ეს კი იმის ნიშანი გახლდათ, რომ სასიცოცხლო ძალებს სასმლის გარკვეული დოზა სჭირდებოდა ასამოძრავებლად, სხვაგვარად გარე სამყაროსთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, უკვე რთული იყო...
სამოქალაქო ომამდე კატარინა გრამკოს აღარ გადავყრივარ, თუმცა პირქუში რომანისტის მეშვეობით, რომელიც ჩვენს გაზეთში პოლიტიკურ პამფლეტებს აქვეყნებდა, მის ამბებს პერიოდულად ვიგებდი. ბოლო ამბავი ის გახლდათ, რომ გადაბმით სმას თავისი შედეგი გამოეღო და კატარინას ფსიქოთერაპევტების რჩევით ანტიდეპრესანტების მიღება დაეწყო. ის დღე, მოულოდნელად რომ გამომეცხადა რედაქციაში, კარგად მახსოვს. მახსოვს იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო ამ ვეებერთელა, ერთ დროს ფუტკრის სკასავით მოზუზუნე ოთახში. მეამბოხე გენერლების ქვედანაყოფები ორმოცდაათ კილომეტრზე იდგნენ დედაქალაქიდან და გაზეთი, რედაქტორის განცხადებით, დროებით წყვეტდა გამოსვლას...
ნივთებს ვალაგებდი ჩანთაში, ხენაროო, ვიღაცამ რომ დამიძახა. მივიხედე, უსათვალოდ მხოლოდ სილუეტი მეცნო. სათვალის მორგებისთანავე მივხვდი რომ არ ვცდებოდი, ღია კარში კატარინა გრამკო იდგა. გვიანი შემოდგომისა და გვარიანი სიცივის მიუხედავად, თხლად ეცვა: ჯინსის მოკლე ქვედაკაბა, ჯინსისავე ქურთუკი, ორივე _ მაგრად გაცრეცილი, და კეპი `ჩიცაგო ბულს~-ის ემბლემით. იღლიაში რაღაც შეკვრა ჰქონდა ამოჩრილი. რომ ჩამოვსხედით, შეკვრა გახსნა და ეს თქვენო, მითხრა. `ქემელის~ ბლოკი იყო, ოღონდ ჩვენს ფაბრიკებში დამზადებული კი არა, ნაღდი, ამერიკული. ომი იყო, ხალხი ნამწვავებს აგროვებდა ქუჩებში, ზოგი შეგროვილი ნამწვავებით ვაჭრობდა კიდეც. ამ ბლოკის გაყიდვით ერთი კვირის სამყოფი სანოვაგის შეძენა შეიძლებოდა. პირქუში რომანისტისგან სულ რომ არ მცოდნოდა, როგორ სიღატაკეში ცხოვრობდა კატარინა გრამკოს ოჯახი, რა თქმა უნდა, საჩუქარზე მაინც უარს ვიტყოდი. უკან რომ მივუჩოჩე მაგიდაზე ჩემ წინ დადებული ყუთი, იწყინა და წამოხტა. დაჯექი-მეთქი, ვუთხარი წყნარად. დამემორჩილა, დაჯდა და მოყოლა დაიწყო _ გუშინ ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, ესტებანთან ვიყავი (მხოლოდ სახელით მოიხსენია საყვარელი მამაკაცი), ორი ზღაპრული კვირა გავატარე პარიზში, ეს საჩუქარიც იქიდანაა, ორივე დიდად გემადლიერებით ჩემ მიმართ გამოვლენილი ყურადღებისთვისო. ახლა უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე წელიწად-ნახევრის წინ. უფრო აგზნებული მომეჩვენა და უფრო დაღლილი. სიგარეტი, ცხადია, არ გამომირთმევია, უკან გავატანე. პირქუშმა რომანისტმა, რომელსაც მეორე თუ მესამე დღეს შევხვდი პურის რიგში, შექმნილ ვითარებასა და ამ ვითარებაში ხელოვანის მდგომარეობაზე ლაპარაკს ისიც მოაყოლა, საწყალ კატარინას ორი კვირა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუტარებია ამას წინათო...
`ახალი ეპოქის~ სავარაუდო ავტორთა სიაში, გილერმო როხასს რომ წარვუდგინე, ერთ-ერთი პირველი კატარინა გრამკო ეწერა. გაირკვა, რომ `ავტოპორტრეტს~ გილერმოს რეკომენდაციის წყალობით მიეღწია მკითხველამდე. მოთხრობა თვეების მანძილზე იმტვერებოდა თურმე რომელიღაც რედაქციის ხელნაწერებით გადაჭედილ თაროზე. ტეოფილო უერტას რომანისგან განსხვავებით, რომლის მოპოვებაც დიდად საძნელო საქმედ მიმაჩნდა და სინამდვილეში სულაც არ გამჭირვებია, კატარინა გრამკოს ნაწერები მხოლოდ მესამე ნომრისთვის ჩავიგდე ხელში. მანამდე რამდენჯერმე შევხვდი და მიუხედავად დაპირებებისა, ტექსტმა ვერა და ვერ მოაღწია ჩემამდე. ერთი პირობა ეჭვიც კი გამიჩნდა, იქნებ აღარც არაფერი დაუწერია ამ ქალს-მეთქი, მაგრამ იმედის გადაწურვამდე ცოტაღა რომ მაკლდა, გამოჩნდა და ძველებურ, ნაჭრისშესაკრავებიან საქაღალდეში დაბინავებული დასტა გადმომცა. საქაღალდეს, რომელსაც ცხიმისა და ყავის ლაქები აჩნდა, დიდი ასოებით ეწერა _ `მზიანი მხარე~. რომანია, ოღონდ დაუმთავრებელიო, მითხრა; თუ მოგეწონებათ, დავიწყოთ ბეჭდვა, ასე უფრო გამიადვილდება ფინალური ეპიზოდების წერაო. წავიკითხე თუ არა, დავთანხმდი, თუმცა წაკითხვამდეც ვიცოდი, რომ მეორე დღესვე შევატყობინებდი სასურველ პასუხს. კვლავ სადა ფრაზებით ჰყვებოდა, კვლავ ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა, კვლავ ბობოქარ ვნებებს აღწერდა, მაგრამ თხრობის ის მშვიდი მდინარება, რომელსაც ყველანაირი გემოვნების მკითხველი სიამოვნებით მიჰყვებოდა, უკვალოდ იყო გამქრალი. `მზიანი მხარის~ კითხვას რთული ჯაზური კომპოზიციის ტეხილ რიტმს გაჩვეული სმენა სჭირდებოდა.
რომანი გაგრძელებებით იბეჭდებოდა. რედაქციის უქონლობის გამო ჰონორარების მისაღებად ავტორებს ხან შინ ვიბარებდი, ხან წინასწარ დათქმულ ადგილას ვხვდებოდი. კატარინა გრამკოსთვის ორჯერ მომიწია ფულის გადაცემამ და ორჯერვე ერთსა და იმავე ადგილას შევხვდი _ რუბენ დარიოს ძეგლთან, რომელიც მის სახლთან ახლოს, ქალაქის განაპირა კვარტალის ერთ-ერთ მოუვლელ სკვერში იდგა.
პირველ შეხვედრაზე ცოტა დამაგვიანდა, ორი სახეობის ტრანსპორტის გამოცვლა დამჭირდა იქამდე მისაღწევად. კატარინას შორიდანვე მოვკარი თვალი, კვარცხლბეკის ქვედა საფეხურზე იჯდა, შავი სათვალე ეკეთა. ნაბიჯს ავუჩქარე. თავზე რომ დავადექი და მივესალმე, ხმა არ გამცა. მის მზერას ვერ ვხედავდი, ვიფიქრე, გამიბრაზდა-მეთქი, მაგრამ მხარზე რომ მოვკიდე ხელი და შეიშმუშნა, მივხვდი, რომ ჩასძინებოდა. იაფფასიანი კონიაკის სუნი მეცა. წამოვაყენე. ნელი ნაბიჯით გამოვედით სკვერიდან. ისეთი მთვრალი არ იყო, რომ შინისაკენ მიმავალი გზის პოვნა გასჭირვებოდა, თუმცა ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ათი თუ თხუთმეტი წუთი უხმოდ ვიარეთ. ფულიანი კონვერტი სადარბაზოსთან მივეცი, ბინის კარამდე აღარ მიმიცილებია...
მეორედ ფხიზელი მოვიდა, მეც არ დამიგვიანია. უცნაურად გამოიყურებოდა _ ვიწრო, სტაფილოსფერი შორტი ეცვა, წითელი მაისური, თავზე პორტატიული მაგნიტოფონის ყურსაცვამები ჰქონდა გადაჭერილი. განწყობა ჭყეტელა ჩაცმულობის საპირისპირო მომეჩვენა, დათრგუნვილი. როცა ვკითხე, რას უსმენ-მეთქი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ეს ხმები არ ჩამესმოდესო, ხელი შემოატარა ჰაერში. ქალაქი ხმაურობდა ირგვლივ _ მანქანები, ადამიანები...
მისი დაღუპვის ამბავი პირქუშმა რომანისტმა შემატყობინა, კატარინა გრამკოს ანტიდეპრესანტების ჭარბი დოზა მიეღო და რეანიმატოლოგებს, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, კომიდან ვეღარ გამოეყვანათ. `მზიანი მხარე~ დაუმთავრებელი დარჩა. დაიწერა თუ არა ფინალური ეპიზოდები, არავინ იცის. შესაძლოა, დაიწერა, მაგრამ აღარ არსებობს, რადგან სამძიმარზე მისულს მისმა ვაჟმა მითხრა, დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ რაღაც ხელნაწერები ცეცხლში შეყარაო...
რაც შეეხება კატარინას ვაჟს, ესტებან სამპაიო-უმცროსს, დედის დაღუპვისა და ცოტა ხანში ბებიის გარდაცვალების შემდეგ ფრანცისკელ ძმებს მიეკედლა და თავისი ქცევით ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა მათ შორის, რომ ბერებმა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე _ მისიონერობა დააკისრეს სრულიად ახალგაზრდა კაცს. ახლა ის ქრისტეს სჯულს ქადაგებს ბოლივიის მთებში, იქ, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ მისი ფრანგი დიდედის კერპი _ ერნესტო გევარა აღესრულა...

ტყეზე, მდინარესა და სოფლის ბიბლიოთეკაზე 
ათას ცხრაას სამოცდახუთი წელი იყო, მე და მამამ მარტოებმა რომ გავატარეთ ზაფხული. მომდევნო წელს დედაც გვახლდა, ინგლისიდან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებსაც გადმოსცემდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ წინა ზაფხული უფრო მკაფიოდ, უფრო ღრმად ჩაიბეჭდა მეხსიერებაში.
იმხანად მამაჩემი სარწყავი არხის მშენებლობაზე მუშაობდა ქართლში და საცხოვრებლად ერთ პატარა სოფელში ჰქონდა ნაქირავები ბინა _ მოზრდილი ოთახი ხის დიდი აივნით, საიდანაც ვრცელ დაბლობზე გაწოლილი მტკვარი და მის გასწვრივ აღმართული მოლურჯო-მომწვანო მთაგრეხილი მოჩანდა.
სახლი ფერდობზე იდგა, ტყის პირას. გახვიდოდი უკანა ეზოში, გადაძვრებოდი ხის ღობეზე და ტყეში იყავი. იქ კიდევ ფიჭვები ცას წვდებოდნენ და მიწა ტოტებიდან ჩამოცვენილი გამხმარი წიწვებით იყო მოფენილი. სიარულის დროს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს კაუჩუკზე მიაბიჯებდი. ჯიბეში მუდამ მედო ბოლომოკაუჭებული და წვეტგაბრტყელებული ლურსმანი, რომლითაც ფიჭვების ტანზე ჩამოღვენთილ ფისის ბურთულებს ვაგროვებდი. ყველაზე მკვრივ და გამჭვირვალე ბურთულებს კოკრებს ეძახდნენ სოფლის ბიჭები. სწორედ კოკრების გაღეჭვით მზადდებოდა ღია ვარდისფერი, სურნელოვანი კევი, რომელიც დიდხანს, თითქმის მთელი დღე ინარჩუნებდა დრეკადობას და გემოს.
ტყეში ხეტიალი თუ მოგბეზრდებოდა და თან ხელ-პირიც მაგრად მოგეთხუპნებოდა წებოვანი ფისით, უეჭველად მტკვრისკენ გაგიწევდა გული. რა უნდოდა იქ ჩასვლას – არც არაფერი. ერთი გრძელი დაღმართის ჩარბენა, გავაკება და ჯერ სარკინიგზო და შემდეგ საავტომობილო გზის გადაკვეთა. გადაჭრიდი მოასფალტებულ გზას და გაერეოდი რიყეზე მოჟრიამულე, ტრუსებისამარა ბიჭებში.
ყველა კარგად ვცურავდით, თუმცა გამორჩეულ მოცურავედ ის ითვლებოდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ ყველაზე შორს აუყვებოდა მდინარეს, ანდა მორევში ჩაყურყუმალავებული, ფსკერიდან ფეხის ერთი დაკვრით ამოყვინთავდა წყლის ზედაპირზე. ორნაირად ვცურავდით, სადაც დინება მდორე იყო – ბაყაყურით, სადაც სწრაფი – მკლაურით. ცურვის ტერმინოლოგიით ბაყაყური – ბრასია, მკლაური კი – კროლი. იშვიათად, მაგრამ ხდებოდა ხოლმე, რომ ნაპირთან ახლოს, რაღაც ცივის და სლიპინას შეხებას იგრძნობდი ფეხზე. შიშისგან ფერდაკარგულს რომ დაგინახავდნენ მზეს მიფიცხებული ბიჭები, უმალ მიხვდებოდნენ, რაც გჭირდა და გამოგძახებდნენ – რა იყო, შემოგეხვია ძია სისოო?! “ძია სისო” გველი იყო, წყლის ანკარა, ხვლიკივით უვნებელი არსება.
კიდევ ერთი ადგილი, საითკენაც ისევე მიმიწვდა გული, როგორც მდინარისა და ტყისაკენ, ძველი ციხე-სიმაგრე იყო, ქონგურებჩამორღვეული კოშკი ალაგ-ალაგ დაბზარული აივნით და გალავნის შიგნით მოქცეული ვეებერთელა ეზოთი, სადაც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში აგებული ორი შენობა იდგა. ორივე პირქუში, სქელი კედლებითა და გისოსებში ჩასმული ფანჯრებით; ერთი დიდი, ორსართულიანი, მეორე, შედარებით მომცრო – ერთსართულიანი.
ერთსართულიან შენობაში მაღაზია იყო, რომელსაც ყველა “ეფრემას მაღაზიას” ეძახდა. ეფრემა, სურამელი ებრაელი, შუახნის მსხვილი, მელოტი კაცი ამ მაღაზიის გამყიდველიც გახლდათ, საწყობის გამგეც და დირექტორიც. იდგა ხოლმე დახლს მიღმა, დიდჯიბეებიან, ლურჯ ხალათში გამოწყობილი და მისი დანახვა კრძალვას აღგვიძრავდა მის სამფლობელოში მოხვედრილ ბავშვებს. ეფრემასთან ისეთი რამეები იყიდებოდა, როგორებსაც გორისა და ხაშურის კი არა, თბილისის უნივერმაღებშიც ვერ გადააწყდებოდი. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად საიდან აღარ ჩამოდიოდა ხალხი. იმ დროს მოდაში იყო ჩინური წარმოების ნეილონის პერანგები და “ცებოს” მარკის ჩეხური “ტუფლები”. ჩვენ, თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭებს სათამაშოები გვიზიდავდა _ პლასტმასის პატარა, ასანთის კოლოფისხელა ავტომობილები, ბრტყელ ბატარეებზე მომუშავე და ორღილაკიანი პულტით წინ და უკან სატარებელი კოსმოსური ყველგანმავლები და პისტოლეტები, ზოგი წყლის ჭავლს რომ ისროდა და ზოგი პინგ-პონგის ბურთს. მამაჩემი ყოველ დილას მანეთს მაძლევდა, მანეთად კიდევ ორი პატარა ავტომობილის ყიდვა შეიძლებოდა, სამ დღეს თუ მოვითმენდი და ფულს არ დავხარჯავდი _ პისტოლეტის, ხოლო უცხოურწარწერებიან, პრიალა ყუთში მოთავსებულ ყველგანმავალს ერთკვირიანი თავშეკავება სჭირდებოდა...
მეორე შენობაში ფოსტა, კლუბი და ბიბლიოთეკა იყო. ფოსტაში მარკების ყიდვაც შეიძლებოდა, წერილების გაგზავნაც და დარეკვაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ამისთვის მიხვიდოდი თავსაფრიან, ცხვირზე სათვალედასკუპებულ ბებოსთან, რომელიც ხის თეჯირის მიღმა იჯდა, ეტყოდი სასურველ ნომერს, გადაიხდიდი ფულს; დაატრიალებდა ბებო ძველისძველ, ლამის კარადისხელა აპარატის სახელურს, დაუკავშირდებოდა კომუტატორს და არცთუ ისე ხანმოკლე გადაძახილ-გადმოძახილის შედეგ ახრიალებულ ყურმილს მოგაწვდიდა _ თბილისია ხაზზეო!.
კლუბს ცალკე შესასვლელი ჰქონდა და ვიდრე დიდ, მოგრძო დარბაზში მოხვდებოდი, სადაც კინოებს უშვებდნენ, ვიწრო დერეფანი უნდა გაგევლო. დერეფნის ერთ მხარეს პატარა, გისოსებიანი სარკმელი იყო. სარკმელს ფირნიში ჰქონდა თავზე, წარწერით “სალარო”. ბილეთი ოცი კაპიკი ღირდა, ბავშვებს ათ კაპიკს გვახდევინებდნენ და მხოლოდ დღის სეანსებზე გვიშვებდნენ. დღის სეანსის დროს დარბაზის ფანჯრებს მუქი, ალაგ-ალაგ დალაქავებული ფარდებით აბნელებდნენ. კინოფირები _ თუნუქის მოვერცხლისფრო, მრგვალ ყუთებში ჩალაგებული ლენტები _ რაიონულ ცენტრად წოდებული დაბიდან ამოჰქონდათ. სოფლის აღმართებში შაბათ-კვირაობით ამოარახრახებდა თავის დანჯღრეულ “ვილისს” კინომექანიკოსი, შუახნის სქელი, წითელცხვირიანი კაცი. დავედევნებოდით ბიჭები ყვირილით, _ ქართულია თუ ომზე? ქართულია თუ ომზე?.. და თუ ან ერთი აღმოჩნდებოდა, ან მეორე, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველაზე მეტად “ბაში-აჩუკი” გვახარებდა; “ბაში-აჩუკი” და “გიორგი სააკაძე”, რადგან ორივე ქართული იყო და ორივე ომზე.
ფოსტის მსგავსად, ბიბლიოთეკაშიც ბებო იჯდა და ისიც თეჯირის მიღმა, ოღონდ მას თავშალის ნაცვლად მოლურჯო ბერეტი უფარავდა თეთრ, კეფასთან შეკრულ თმას და სათვალეც უფრო დიდი და სქელშუშებიანი ეკეთა. როცა არ უნდა მივდგომოდი თეჯირს, რომელიც მკერდამდე მწვდებოდა, ბებოს მუდამ გადაშლილი წიგნი ედო პატარა, წვრილფეხებიან მაგიდაზე და კითხულობდა. ფეხის ხმას გაიგონებდა თუ არა, თავს მოატრიალებდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა და ჩამეკითხებოდა _ ბოლომდე თუ წაიკითხე და თუ მოგეწონა, რაც გაგატანეო. სულ სათავგადასავლო წიგნები მიმქონდა ბიბლიოთეკიდან, ისეთები, სადაც თითქმის ყველა გვერდზე ერთიმეორეზე საინტერესო და სულისშემძვრელი ამბები ხდებოდა, სადაც ბუნების აღწერებს ცოტა ადგილი ეთმობოდა და მეც მეტი რა მინდოდა? მომწონდა რომელია, ზოგიერთის მეორედ გადაკითხვასაც ვასწრებდი ხუთ დღეში. ხუთ დღეზე მეტი ხნით წიგნის შინ წაღება არ შეიძლებოდა და ამ პირობას არ ვარღვევდი.
მაინ რიდი, ჟიულ ვერნი და კონან დოილი მოგვიანებით წავიკითხე, ერთი-ორი წლის შემდეგ. იმ ზაფხულს ბერეტიან ბებოს სხვა წიგნები გამოჰქონდა ჩემთვის თეჯირის გასწვრივ ჩამწკრივებული მაღალი – ზედა თაროდან წიგნის ჩამოღებას კიბე რომ სჭირდებოდა, ისეთი მაღალი _ სტელაჟებიდან. ეს წიგნები გახლდათ: ელიზბარ ზედგინიძის მოთხრობების კრებული, სადაც ერთი მოთხრობა ჩემხელა ბიჭზე იყო, თბილისის ძველ უბანში მცხოვრებ ბიჭზე, რომელიც მამას, თამბაქოს ქარხნის მუშას პაპიროსების გახვევაში ეხმარებოდა. გახვევა-გახვევაში მოწევას ეჩვეოდა, ფილტვებს იავადებდა და ამ დაავადებით იღუპებოდა.
სოსო იორამაშვილის პატარა, თხელყდიან წიგნშიც ბიჭის ამბავი იყო მოთხრობილი, უსამართლოდ დევნილი, უდანაშაულო მამის საძებნელად, მეგობრებთან ერთად მტკვარს რომ დაუყვებოდა ტივით მდინარის შუაწელიდან მინგეჩაურის წყალსაცავამდე. გზაზე ათასი რამ რომ გადახდებოდა თავს და ბოლოს მიზანს რომ მიაღწევდა – მამას იპოვიდა.
,,კლაპზუბის ფეხბურთელთა კლუბის“ ავტორი ვინ იყო, არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ჩეხი გახლდათ. ჩეხები იყვნენ კლაპზუბებიც, მამა და თერთმეტი შვილი, ბიჭები, რომლებიც ფეხბურთის თამაშს მშობლიურ სოფელში იწყებდნენ და მამის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ყველა უძლიერეს ნაკრებს ამარცხებდნენ, თანაც, ინგლისელებს - ,,უემბლიზე“, ბრაზილიელებს - ,,მარაკანაზე“, იტალიელებს- ,,სტადიო ოლიმპიკოზე“ და ა.შ.
,,მე, პელეც“ ფეხბურთზე იყო, დაწერილი თავად პელეს – ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიერ. ეს გახლდათ ზღაპარივით ამბავი ფეხსაცმელების მწმენდავ მუქკანიან ბიჭზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – ფეხბურთის მეფე ხდებოდა, ჩვეულებრივ მეფეებზე გაცილებით ცნობილი და ზოგიერთ მათგანზე არანაკლებ მდიდარი.
,,საბლიტგამის“ მიერ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტ წელს გამოცემული წიგნაკი, რომლის გარეკანსაც ვირზე ამხედრებული ჭილისქუდიანი ყმაწვილი ამშვნებდა, ვინმე ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრებას აღწერდა. ვინაობა ავტორისა, რომელიც შორეულ მეთექვსმეტე საუკუნეში ესპანეთის სამეფოში ცხოვრობდა, დაუდგენელი იყო. მოთხრობა რამდენიმე თავად გახლდათ დაყოფილი და თითოეულ მათგანში ერთიმეორეზე თავშესაქცევ ამბავს ამოიკითხავდი. ყველაზე მეტად ის თავი მომწონდა, სადაც საბრალო ლაზარილიო პურით სავსე კიდობნის გასაღებს ჰპარავდა ძუნწ ბატონს, რომელიც დღეში მხოლოდ ერთ თავ ხახვს იმეტებდა მძიმე შრომით ქანცგაწყვეტილი მსახურისთვის. 
წიგნი, რომლის არა მხოლოდ ერთი, არამედ თითქმის ყველა ეპიზოდი დღემდე მახსოვს, ნიკა აგიაშვილს ეკუთვნოდა და ისიც მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ამბებს, უფრო ზუსტად ყველაზე გამოჩენილი ესპანელი მწერლის ბიოგრაფიას მოგვითხრობდა. ამ მწერლის სახელი და გვარი ისე ამაყად ჟღერდა, რომ მისი ხმამაღლა წარმოთქმისას თვალწინ ფათერაკების მაძიებელი უმამაცესი რაინდი წარმოგიდგებოდა. სინამდვილეში ასეც გახლდათ, მიგელ დე სერვანტესი საავედრა ლეპანტოს ომის გმირი იყო, მონაწილე დიდი საზღვაო ბრძოლისა, სადაც ესპანელთა ფლოტმა დონ ხუან ავსტრიელის მეთაურობით თურქეთის არმადა დაამარცხა. ამ დიდ შეტაკებაში სერვანტესი მკერდსა და მარცხენა ხელში დაიჭრა და სამუდამოდ დაინვალიდდა – ხელი გაშეშებული დარჩა. სანამ ,,დონ კიხოტს” დაწერდა, ალჟირელ მეკობრეთა ტყვეობაც იგემა და ენით აუწერელი ტანჯვა-წამებაც, ტყვეობიდან თავის დაღწევის არაერთი წარუმატებელი მცდელობის გამო...
ღამ-ღამობით ვკითხულობდი. მთელი დღის ნაწანწალები სახლში საკმაოდ გვიან, დაბინდებისას ვბრუნდებოდი, ჭრიჭინობელების ხმა რომ გაისმებოდა ორღობეებში, იმ დროს. სასწრაფოდ ვნთქავდი დიასახლისის მიერ დახვედრებულ ვახშამს – დაბრაწულკანიან, სურნელოვან პურს, წვრილნასვრეტებიან კრაჭუნა ყველს, პიტნის ჩაის და საბნის ქვეშ შეგორებული, იდაყვით ბალიშს დაყრდნობილი, გადაშლილ წიგნს ვაპყრობდი მზერას. მამაჩემი ნაშუაღამევს ბრუნდებოდა და შუქის ჩაქრობა ყოველთვის მას უწევდა, რადგან კითხვას მხოლოდ ძილი, ან მისი მოსვლა მაწყვეტინებდა... 
როგორც უკვე ვთქვი, იმავე სოფელსა და იმავე სახლში გატარებული მომდევნო ზაფხულისა ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის თუ ამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში, როგორ ტოვებს მოედანს დამარცხებული ფეხბურთის მეფე – კოჭლობს, მუხლი აქვს შეხვეული და სახეზე ხელებაფარებულს მხრები უცახცახებს. იმ, ათას ცხრაას სამოცდაექვს წელს ხომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს გადმოსცემდნენ ინგლისიდან.

??????