მოსულიშვილი მიხო
გაზიარება

ცეკვა კლდეზე 

ეძღვნება „კლდის ვეფხვის“, მიხეილ ხერგიანის ხსოვნას
„აქეთაც ქარაფებია,
იქითაც ქარაფებია.
ვიცოცხლებთ? — არაფერია!
მოვკვდებით? — არაფერია!“
ვალერიან საღლიანი

ჩემი საწერი მაგიდის თავზე ორი გაღიმებული, ნაპერწკლებიანი მზერის მქონე ვეფხვის ფოტოსურათი ჰკიდია. მარცხნიდან „კლდის ვეფხვი“, მიხეილ ხერგიანი მიღიმის, მარჯვნიდან კი „თოვლის ვეფხვი“ თენზინგ ნორგეი (თენზინგ Nორგაყ) — შერპი. დაუჯერებლად ერთნაირი მოყვანილობა, ნაკვთები და მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ღიმილი აქვთ. სურათს ქვეშ უილიამ ბლეიკის ერთი სტრიქონი აწერია: „ვეფხვი! ვეფხვი! ნათელი ალი...“
ვუყურებ ამ ფოტოს და მახსენდება:
1968 წლის ერთ სისხამ დილას დედაქალაქის სანახავად ჩამოსული ექვსი წლის ბიჭი ბოტანიკურ ბაღში წამიყვანა ბიძაჩემმა — ასეთ რამეს სადღა ნახავ და მერე მადლობასაც კი მეტყვიო.
და მართლაც, უამრავ მაყურებელს შორის გამორ¬ჩეულ ადგილზე — ბიძაჩემის კისერზე — შემოსკუპებულმა გამაოგნებელი სანახაობა ვნახე!..
არა, ამას ნამდვილად არ ერქვა კლდეზე ცოცვა. 
ეს კლდეზე ცეკვა იყო, რაღაც საკვირველი, არნახული და არსმენილი. როგორი კატისებური მოქნილობით მოძრაობდა ის ერთი განსაკუთრებით, ცეკვავდა მართლაც, ცეკვა-ცეკვით ადიოდა, ისეთ შვერილებს პოულობდა, სხვები რომ ვერ ამჩნევდნენ.
ეს ვინ არის-მეთქი? — ვკითხე ბიძაჩემს.
ვინაო? — თვალებმოწკურულმა ამომხედა.
აი, ის, კლდეზე რომ ცეკვავს-მეთქი.
შენც მოგეწონაო? — გაუხარდა.
ძალიან-მეთქი!
ეგ მიშა ხერგიანია, მაგას ცალი თითით შეუძლია უფსკრულის თავზე დაკიდება და იქ დიდხანს გაძლებაო.
მერე უამრავი ფილმი მინახავს მიხეილ ხერგიანის მეკლდეურობის ფრაგმენტებით, მაგრამ ის პირველი მაინც ვერ დამივიწყებია — რაღაც საოცარი, გამაოგნებელი შთაბეჭდილებით ვბრუნდებოდი შინ და მარტო მაშინ კი არა, ძალზე ხშირად მახსენდება ახლაც. ჩემს მაშინდელ გრძნობას ნინო ანანიაშვილის პირველად ნახვას თუ შევადარებ, რომლის საბალეტო გამოსვლებს ცეკვად მოიხსენიებენ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კი არ ცეკვავს, სცენაზე დაფრინავს... 
მე მაშინ ისიც კი მეამაყებოდა, რომ ამ საკვირველ ალპინისტსაც ჩემსავით მიხეილი ერქვა, იმისი სეხნია ვიყავი და ისე შევიყვარე, როგორც ბიძაჩემი...
მიხეილ ხერგიანის დაღუპვა რომ გამოაცხადა ტელევიზორმა, სახლის სახურავზე ავიპარე, შინაურებს რომ ვერ შეემჩნიათ და ჩუმად ვიტირე, თან ვფიქრობდი — რა ავი გამოდგა ეს იტალიის ალპები ჩემიანებისთვის — ეს ჩემი მიხეილ ხერგიანი ხომ სუ-ალტოზე ასვლისას მოწყდა, მოწყდა კი არა, გაფრინდა და იმავე ალპებში, ოღონდ მონტე-როზას მწვერვალს ხედავდა ჩემი ფორე მოსულიშვილი, სანამ თავს მოიკლავდა და ამით თოთხმეტ თანამებრძოლს იხსნიდა-მეთქი. ღმერთო, როგორ მაინტერესებდა, თუ რას განიცდის ადამიანი ჩამოვარდნისას; ნეტავი, რას ფიქრობდა, როცა კვდებოდა?
მერე წლები გავიდა და უკვე გაზრდილს, გეოლოგიის ფაკულტეტდამთავრებულს, მეც მომიწია ჩემი წილი „ფრენა“ Fშავის კავკასიონის ერთ პატარა კლდეზე, რომელიც, მართალია ვერაფრით შეედრება „ჩემი“ მიხეილ ხერგიანის მეექვსე კატეგორიის სირთულის შვიდას¬მეტრიან სუ-ალტოს, სადაც უკვე ხუთასი მეტრი ჰქონდა ცეკვით გავლილი, მაგრამ ის კი გავიგე, ჩამოვარდნისას რას განიცდის ადამიანი:
„ღმერთო, რა იყო ეს — რაღაც უცნაურ, ვარდისფერ სივრცეში მივფრინავდი და გული მწყდებოდა, რომ რაც უნდა დამეწერა, ვეღარ დავწერდი... 
მერე ამ შეგრძნებამ გაიარა.
ფრენას განვაგრძობდი — არც მეშინოდა, არც ვიტანჯებოდი, არც მტკიოდა რამე. ყველაფერს ერთბაშად ვხედავდი, რაც გადამხდენია გეოლოგად მუშაობისას, უნივერსიტეტში სწავლისას, სკოლის მოწაფეობისას, საბავშვო ბაღში სიარულისას — მოკლედ, თანდათან ვპატარავდებოდი და ისიც დავინახე, თუ როგორ ვთამაშობდი პატარა ბავშვი ელექტროღუმელის შიშველ სადენებზე ჩამოცმული თეთრი რგოლებით, როგორ მომვარდა დედა და განსაცდელს მომაშორა; ისიც ვიხილე, ყალბი ბროლის თვლებით შემკული საათის სამაჯურიდან როგორ ამოვაგდე ერთ-ერთი მათგანი, რისთვისაც უფროსებმა დამსაჯეს... 
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა თუ მე ჩავუარე... 
მერე ეს ვარდისფერი სივრცე დამთავრდა და ლურჯად კამკამა ცაში გავედი.
შვებით ვსუნთქავდი. 
სადღაც გაქრა ჩემი მტანჯველი დრო. დრო, რომელიც ერთმანეთისგან აშორებდა გილგამეშსა და ავთანდილს, ურუქსა და თბილისს, დინოზავრსა და ძროხას; და ლოგიკურად, დროს თან მიჰყვა სივრცეც — სადაც უდროობაა, იქ არც სივრცე უნდა ყოფილიყო. 
ეს ჯერ ძალიან მესიამოვნა და შემდეგ რაღაცამ შემძრა — თეთრი, გაკაშკაშებული ღრუბელი მოცურავდა ჩემკენ ცის დასალიერიდან, მოდიოდა, მიახლოვდებოდა, თვალისმომჭრელად ჩამომყურებდა.
მერე არაბუნებრივი, იდუმალი ხმა გაისმა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემორჩილებოდი თურმე და მან უკან დამაბრუნა, არ მიმიღო თავისთან.
უკან გამოვიარე ლურჯი ცა, შევედი ვარდისფერ სივრცეში — თანდათან ვიზრდებოდი, ჯერ პატარა ვიყავი, დავდიოდი საბავშვო ბაღში, ვსწავლობდი სკოლაში, უნივერსიტეტში — იქ ვიწყებდი მოთხრობების წერას, მიხაროდა, რომ კიდევ დავწერდი და ვმუშაობდი გეოლოგად, ვიდრე აქამდე...“
მკითხველთან ბოდიშის მოხდით დამოწმებული ეს პასაჟი ჩემი 1993 წელს დაწერილი მოთხრობიდან არის, რომელსაც ჰქვია „კლდედ მომევლინა ფათერაკი“. სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაც დავაკელი ამ ნაწარმოებს და რა დავაკელი, ვერაფრით ვხვდებოდი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემმა ძველმა მეგობარმა, ერეკლე საღლიანმა დამირეკა და ამ ლეგენდარულ მთამსვლელზე წერილის დაწერა შემომთავაზა, და რაც მიხეილ ხერგიანზე წლების განმავლობაში მოგროვილ წიგნებსა და ფოტოსურათებს ჩავუღრმავდი, თან ინტერნეტშიც მოვიძიე უამრავი ვებ-გვერდი (რამაც დამიდასტურა, რომ მიხეილ ხერგიანი მილიონობით ადამიანს ჰყვარებია ჩემსავით!), უკვე ვიცი...
ამიერიდან ეს მოთხრობა ეძღვნება „კლდის ვეფხვის“, მიხეილ ხერგიანის ხსოვნას.
მე რომ ექვსი წლის ასაკიდანვე არ შევმცდარვარ მიხეილ ხერგიანის დაჩემებაში, ამას ის სამახსოვრო მედალიც ადასტურებს, ამ მითადქცეული კაცის პატივსაცემად რომ არის გამოშვებული.
მედლის ერთ მხარეს „კლდის ვეფხვის“, ამ გენიალური ალპინისტის გამოსახულება ამშვენებს, მეორე მხარეს კი თავად მიხეილ ხერგიანის სიტყვებია ამოტვიფრული:
„მე თქვენ მიყვარდით, ადამიანებო!“

??????