ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

ისტორიის პოდიუმი 

ტახტები ენატრებათ, ელანდებათ

  ტირანებს, ცვედანებს და იუდებს,

  დემოკრატიული სენატებით

  დემოსში დემონებმა დაიბუდეს,

  რომის და ელადის ბელადები

  იმპერატორებმა გამოგუდეს.

 

  ვინც მეტ დაპირებას გაიმეტებს,

  მან იცის უპირობის ილეთები,

  მიეცით მეტი ხმები თქვენს იმედებს,

  რომ უფრო გაგიცრუვდეთ იმედები.

 

  თქვენ შეცვლით მეფეებს და პრეზიდენტებს,

  პლანეტას, ღვთაებებს და ისტორიას,

  ვერ შეცვლით კუდუსუნის წანაზარდებს, _

  ვერ შეცვლით მაიმუნის მისტერიას.

 

  თვრებიან კვლავ სისხლით და ოპიუმით,

  ნანგრევთა ნანგრევებზე მიშენებით

  და ისევ ისტორიის პოდიუმი

  სავსეა შლეგებით და შიშველებით.

 

??????