რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

"ჩემი ცხოვრება” - წერილები 

ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან მოწიფულ ასაკში ისინი როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ.

ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად.

ნათესავებიდან ყველაზე მეტად ბებია, მამის დედა, მიზიდავდა. არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მაგრამ სიბრძნის პატრონი იყო, დედამიწის სიბრძნის. მისი დაკვირვებანი ახლა საოცრად ღრმა მეჩვენება. 85 წელს მიაღწია. გაბრაზებული არასდროს უნახავს ვისმეს. არავის ახსოვდა მისი თანდასწრებით ვინმეს ეჩხუბოს. სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებდა.

ექვსი წლის ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს – ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად, ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ საოცრება – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია.

განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასთვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებადაფანტულობა, სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო.

სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიას და ლიტერატურას. გოეთე ჩემთვის გამოცხადება იყო. გერმანიამდეც ვიცნობდი, მის “ერლიკიონიგ”-ს, რომელზეც საქართველოში მუდამ ვოცნებობდი. მესახებოდა უმშვენიერეს ბელადად – ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. ბავშვობაში მამასთან ერთად, ხშირად დავაჭენებდი ცხენს. ჭენების დროს მამის ქამარს ჩაჭიდებული იმ ჟრჟოლას ვგრძნობდი, რომელიც გოეთემ ასე ოსტატურად გადმოსცა ლექსით. გოეთეს მოძღვრება თაურფენომენის შესახებ ჩემთვის საგანთა შემეცნების საფუძვლად იქცა. სინამდვილის ხედვა ჩამოყალიბების პროცესსა და მთელს დინებაში, არა ცალკეულ მომენტებში – განა მწერლისა და მოაზროვნის უმაღლესი ამოცანა არაა?.. მორცხვად შევბედე ნიცშეს. ზეკაცის იდეა, რამდენად ეს “ზარატუსტრაშია” გაშლილი, განსაკუთრებით დამაჯერებლობით არ მეჩვენება. მაგრამ დიონისურმა ფენომენმა (“ტრაგედიის დაბადება”) დამატყვევა – და – კიდევ უფრო მეტად – მარადიული დაბრუნების იდეამ… ეს იდეა ისეა ახსნილი, როგორც პითაგორის კომენტატორები აკეთებდნენ, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან, თუ კი მე ჩემ თავს მარადიულად ვუბრუნდები, როგორ შეიძლება ზეკაცი გავხდე? ამას ვეკითხებოდი ჩემს თავს ისევ და ისევ, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი. მერე ვუღრმავდებოდი დოსტოევსკის, რომელთანაც ეს იდეა ნაკლებ როლს არ თამაშობს, მაგრამ არც მასთან იყო ნათელი. ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი გოეთეს, მის სიტყვებში მეგულებოდა ამ იდეის ახსნა. ბოლოს და ბოლოს, აღმოსავლეთი მოვიდა შველად.
ლაიფციგში წლების განმავლობაში, დავდიოდი გევანდჰაუზში და გერმანული მუსიკის ზეადამიანურ გამოცხადებას ვეზიარე.

ლაიფციგიდან გავემგზავრე პარიზს, რომელიც ლათინური რასის არტისტულ ნერვად აღვიქვი. საფრანგეთში გოთურმა კათედრალებმა გამაოცეს, რომელთა შთაბეჭდილება ისეთივე მონუმენტური იყო ჩემზე, როგორც გერმანული მუსიკის. მალე ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი – ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ. ფრანგულ გენიაში რაღაც უცხოს ვგრძნობდი. ამას მხატვრულ მზერაში ზურგის ტვინის ჯადოსნურ მონაწილეობას დავარქმევდი.

საქართველოში დავბრუნდი. ჩემი მწერლური მანერა ფრანგულ სიმბოლიზმს უახლოვდებოდა, ნაწილობრივ რუსულსაც. მაგრამ ვგრძნობდი, რომ
აქ რაღაც არ იყო სწორი, კერძოდ სიმბოლისტურ მეთოდში ერთი შეცდომა იყო ჩამარხული – ზედმეტად გადაჭარბებული, საგნის, როგორც სიმბოლოს წარმოდგენა, მთავრდება “საგნის” განადგურებით და შედეგად “სიმბოლოს” სქემატიზირება მისდევს. მასაშადამე მე გზაგასაყარზე ვიდექი.

1916 წელს, როგორც სამხედრო მოხელე, სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება, რომ საუკუნეთა სვლაში დაკარგული სამშობლო ვიპოვე. ისტორიკოსები ვარაუდობენ ქართველთა უძველესი, პირველსამშობლო ქალდეა იყოო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული – ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა. მზე აღარ იყო ჩემთვის უბრალო ასტრონომიული მოვლენა. ზოროასტრის ქვეყანაში ნიცშეს “ზარატუსტრა” მქონდა თან. ფირდოუსის, ჰაფიზისა, ომარ ხაიაიმის ქვეყანაში – გოეთეს “დივანი”. სრულიად შემთხვევით თან მქონდა მესამე წიგნიც: ნაწყვეტები ბაბილონური ეპოსის – ”გილგამეშისა”. ამან გადაწყვიტა ჩემი მწერლური ბედი. ირან-მესოპოტამიურ მიწაზე წამოიმართნენ პირველსამყაროს გოლიათური ფიგურები და სურათები. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ ჩემი პოეტური ფესვები აქ იყო. ამ დროს თავს დამეცა ირანული კოსმიური სურათი: საშინელი გვალვა, მზის რისხვა, ლიანგის გმინვა. მზეს სწყუროდა მსხვერპლი – ქალთა შორის უმშვენიერესი. დანარჩენი ყველაფერი თავისით განვითარდა. მასებზე ზეგავლენა იყო საჭირო, ამიტომ ავარჩიე ფორმად – დრამა. თანამედროვე ბურჟუაზიული დრამა არ მაძლევდა პოეტური გამოსახვის საშუალებას. ძველ ტრაგედიას მივუბრუნდი და შევეცადე მათი სტრუქტურის პრინციპებს დავყრდნობოდი, არქაულის თავის არიდებით, უბრალო პროზად რომ დამეწერა, ჩვეულებრივი იქნებოდა, ლექსად, ზედმეტად ხელოვნური, ამიტომ თავისუფალი რითმა ავირჩიე, ისეთი როგორსაც აღმოსავლეთის მაგიურ ტექსტებში წააწყდება კაცი. ასე შეიქმნა ჩემი “ლონდა”. ასეთივე მეთოდით ავაგე მისტერია “კარდუ” და დრამა “ლამარა”. ეს ქართველთათვის ეროვნული მწერლობის ნაწილად იქცა, მაგრამ ირანისა და გილგამეშის გავლენა კიდევ უფრო შორს წავიდა. ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა, უეცრად აზრი დამეუფლა, ყველაფერი რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს ერთხელ უკვე მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდგომში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან “გველის პერანგში”. ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა. მერე დავწერე რომანი “მეგი”. აქ შევეცადე დრამატული ფორმა მიმეცა სიცოცხლის პირველძალებისათვის.
ახლახან გამოიცა “ინზელ-ბიუხერაიში” ჩემი “კავკასიური ნოველები”, რომელშიც კავკასიას , როგორც მთლიანს, თავისთავადს ვხატავ.
გასულ წელს თვაზარი დამცა უღრმესმა, შინაგანმა შეცნობამ: ადამიანის გული ხორცადქცეული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის. ეს დასკვნა ახლა ჩემთვის ცხოვრებად გადაიქცა.

??????