შამათავა ირაკლი
გაზიარება

ბავშვობადაკარგული თაობა ანუ ბოლოსიტყვაობა, რომელიც ავტობიოგრაფიას ჰგავს 

მიწის სუნი ასდის ამ მარტოობას და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ადამიანებმა მიწასავით გამომიყენეს. ნაადრევად დამბარეს, დამფარცხეს, დამმარგლეს და ახლა, როცა მოსავლის მოწევნის ჟამი დადგა მომინდა სოიოს მარცვალივით მიმობნეულ წლებზე ზერელედ გადამეხედა. შევძრწუნდი, ღმერთმანი! ვხედავ, მხარზე მოგდებული ილუზია რეალობის ნიღაბთან პირფერობს. აი, თურმე რისთვის დამჭირდა ფურცელთან განმარტოება. ჩემს გამოგონილ სამყაროში, სადაც ყველაფერი არცთუ სახარბიელოდაა მოწყობილი, საიმისოდ რომ გული არ დამწყდომოდა (მუცლით-მეზღაპრემ) ახალ-ახალ ადამიანებსა და ისტორიებს დავუწყე „ძერწვა“.
ასე აღმოვჩნდით ომის ქარცეცხლში, საიდანაც გადარჩენილებმა ერთმანეთის ხათრითა და ჯიბრით დავიწყეთ ცხოვრება. დედა ცდილობს ომის მიზეზი განმარტოს, თუმცა ქვეცნობიერად უფრო ის მაწუხებს, რატომ ვწევარ იატაკზე, რა იქნა სათამაშოები და რას ნიშნავს ასე ყოველ წუთში ნათქვამი სიტყვა „უსახლკარობა“.
სოფლიდან – სოფელში, ქალაქიდან – ქალაქში, ორიოდ ჩემოდნის თანხლებით, დავძრწით. (ასეთია ადგილუპოვნელთა ბედი). მამა ამბობს: - თავშესაფარი უნდა ვეძიოთ და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. როგორც მოკვდავებს, ბევრი რამ დაგვჭირდება, არა ფუფუნებისთვის, არამედ საარსებოდ, თავის გასატანად...
ჯანდაბას, მხოლოდ ხუთის ვარ და იმ პირობას მივიღებ, რასაც შემომთავაზებთ. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ გულისთქმა ჩემი ოდესმე დაარღვევდა თვრამეტწლიან დუმილს და კალამი ბავშვობის ქიმერიონთან დამაპირისპირებდა.
ბავშვობაში რომ შეგონებებს ჩამჩიჩინებდნენ, ყოველი სიტყვა ენის წვერზე მადგება და მინდა ვიყვირო, ვიტირო! დიახ, იმიტომ, რომ არასწორად მზრდიდნენ, ბავშვურ ბედნიერებას მიმალავდნენ, მარტოოდენ სამყაროს შავ-თეთრ გამოსახულებიან, გაბღენძილ ტელევიზორში მანახებდნენ, ისიც შეზღუდულად, მხოლოდ განსაზღვრული დროით!.. ჯვარს იმისთვის არ ვატარებდით, რწმენა სა(ყოველ)თაოდ აღიარებული რომ არ იყო. სააღდგომო კვერცხი, ასოციაციით, ფრინველთა გამოჩეკილ მატერიკი, ნებისმიერი ფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, გარდა წითლისა!..
პირად განცდებზე როდი მოგითხრობთ. ბავშვობადაკარგულ თაობაზე ვწერ. ბავშვობა, რომელიც მდინარე ენგურზე ცურვის დაუფლებით, თევზაობით, ათასგვარი თავგადასავლებით, საპოვნელას, ნიშხანიშხასა და კუკუმალობანას თავშექცევით დაიწყო და უსასრულო უბედურებამ ჩაანაცვლა.
ამადაცაა, ჰარმონიის საძიებლად ვიხსენებ ხუხულას, ხიმინჯებზე დადგმულ ოდას, ჭასთან დამდგარ ჭანჭახს, ბზით შემორაგულ ეზოს – დეკორატიულ ღობე-გალავანს!.. ფარღალალა მარანს, კალო-საბძელს, ალერდთა ზვინს, ბოსელსა და თავლას, ეზოში დაბუდებულ სკას, წარწერით „სასუტელას მფარველი ანანა-გუნდა“. (სულ ახლახანს გავიგე, რომ სასუტელა იგივე ფუტკარი ყოფილა, ანანა-გუნდა კი აფხაზ ხალხში დღემდე შემორჩენილი ტრადიციული რწმენის გადმონაშთი – მეფუტკრეობის მფარველი ქალღმერთი). ვიგონებ ბაღში დადგმულ საფრთხობელა ა-ლაკუმზას, მარცვლეულთა დასაფქვავად აღმართულ ბუჭულას და ბოძებზე შემდგარ ნალიას.
თუმცა, ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად დამრჩა.
რახანია გავიზარდე და ფიქრიც ისევე ვისწავლე, როგორც ანბანი. ველოსიპედივით დავეუფლე ცოდვა-ბრალიან წუთისოფელს, სადაც ლამის სევდის ობელისკად ვიქეც!.. 
აწ განსვენებული დიდედაჩემი, თვალცრემლიანი, დანანებით უბნობს: უწინ ასე იყო, პურივით ვილუკმებდით მწუხარებას, ბედნიერებასა და დარდის მელანქოლიას. დღეს კი... რწმენა დავკარგეთ, – მომავლის და საკუთარი თავის! იხვეწება, ვუწილადო სასოება, დავაიმედო, რომ ერთ დღეს გაიღვიძებს და მეზობელი შეეხმიანება, – ხახვის ან ღერღილის თხოვნით. (ალბათ კი არადა და) რასაკვირველია, ადამიანები დაიღალნენ ერთფეროვანი ცხოვრებით, ყელზე ბურთივით რომ დაადგებათ და სულაფორიაქებულები უნებლიეთ ხელს კრავენ ერთი სცენარით განვითარებულ სამას სამოცდახუთ (ან ცოტათი მეტ) დღეს. რადგან ამაზრზენია, რწმუნდები რა, რომ ხვალინდელი დღე არაფრით იქნება დღევანდელზე საინტერესო და უკეთესი.
სამწუხარო ჭეშმარიტებაა – ხელის ერთი მოსმით გაქრა იდილია. გაუკაცრიელდა კარ-მიდამო, ხოლო მარანს, სადაც უწინ ვაზის ნაჟურს ვღვრიდით, მორიელები შეესივნენ. ისლით დახურულ ოდას საბუხრე მოერღვა; დაცარიელდა ნალიაცა და ბეღელიც. თავლაში  ნაკელი გახმა და არც მსხვილფეხა საქონლის აღმუვლება ისმის, საღამო ხანს სახლის კართან მომდგართ რომ სჩვეოდათ. ჭამდე მისასვლელი ბილიკი ეკალ-ბარდებით დაიფარა. ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა. ისეთი ამაზრზენი სანახავია სოფელი, რომ ძველებურად შიშმა შემიპყრო, ზუსტად ისე, მეხის გავარდნისას რომ დამეუფლებოდა და აფორიაქებული კარადაში შევიყუჟებოდი, ვიდრე გრუხუნის ხმა არ მინავლდებოდა.
ისეთი განცდა მაქვს, ლარნაკში გამხმარ ყვავილს რომ შესაძლოა ოდესმე დაეუფლოს. გული მაქვს გაპობილი და ამ ჭრილობას ვერ ვშველი, თორემ ქრისტესისხლათი უბრალო იარა რამდენგზის მომირჩენია. ქვიჯაში დანაყულ ნიორივით ვარ!.. ოღონდ მართლა, არ გეგონოთ გამოგონილ განცდაზე ვწერდე.
სულატკიებულს გამუდმებით ჩამესმის: კიდეც უნდა შესცოდო და მოინანიო!.. დანაშაული რომ გამოისყიდო, როგორმე უნდა დააშავო!.. რაც მეტ ტკივილს იგრძნობ, უფრო დაგიამდება გველივით დაკლაკნილი და სასოწარკვეთილი სიცოცხლე. დაე, მოხსენი ღირსებას მარყუჟი და სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებული, ტომარაწამოცმული ხანდაზმული სხეული იხსენ არარაობის ქმნადობისგანო!..
მე კი... სიამაყის გრძნობადაკარული (არადა წყეული უსამართლობა რომ არა, ინდაური კაცზე მეტად გაბღენძილი უნდა დადიოდეს?) მამასთან საუბრისას ვწერ: უცხო კლიმატში გადარგული თავმოყვარე ხე თავს გაიხმობდა, ჩვენ კი... უკეთურებას შევემთხვიეთ და გვეამა, უბედურება გადაგვეღობა და გულში ჩავიკარით, ხელმოცარულ მარტოობას დავუზავდით და მერე ისე შევეჩვიეთ ამ ყოფას, რომ არამც და არამც გავიბრძოლებთ დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად. სამოთხე სხვა კი არაფერი არის, თვინიერ სამშობლოს გარდა. მე და შენ კი უ-ს-ა-მ-შ-ო-ბ-ლ-ო-ნ-ი და ბედს შეგუებული სალახანები გავხდითო.
ბავშვობა რომ დაკარგო, ოდესმე ხომ უნდა გქონოდა იგი. მე კი აღარც ბავშვობა მინახავს და არც სათამაშოები. არა, არ გეგონოთ, თითქოს გავბოროტდი, შურმა თვალისჩინი წამართვა და ეგოიზმმა ცეცხლი წამიკიდა. უბრალოდ, ადამიანურად მომადგება ხოლმე ნერწყვი და შიმშილნარევ მზერას დავადევნებ დანარჩენ ბავშვებს, რომელთა მამებს, ომის მიუხედავად, ეტყობა ჯიბის სისქე ჯერაც არ დაუთხელდათ!..
ამასობაში, უნებლიეთ შემომეპარა უნდობლობა. სანგარში დამალულ მტერს კი ჩემი უმწეობით რომ არ ესარგებლა, გავაათკეცე თვალისჩინი და ყოველგვარ წვრილმანს გაფაციცებით დავუწყე ზვერვა. არადა მეც კარგად ვიცი, რომ წასულია ეჭვიანი კაცი საქმე. ვიდრე სხვას შეჭამდეს, ის საკუთარ თავს დახრავს.
და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტოობით შეძრწუნებული, შიშველი ხელით ვებრძოდი ყოველდღიურობას; სტიქიის შედეგად გაუბედურებულ კაცის მსგავსად კი, ყველა უბედურებასთან ერთად, მამაც დავკარგე. (მარტოობა მას მერე სულში შემომეკედლა, თორემ მანამ ტყუილუბრალოდ ვწუწუნებდი თურმე).   კაცობრიობას საზიზღარი ეპიდემია – ურწმუნოება მოედო, რომელმაც საბოლოოდ შვა ეჭვიანობა და სისასტიკე, დასაბამი დაუდო ავხორცობას და  ერთნაირად მოფიქრალი ადამიანები გარიყა. 
ჩემს ნაწერში კი სევდა გაცოცხლდა, როგორც ყოველკვირეული ღამის კოშმარი და საკუთარი თავი (მერამდენედ) დავკარგე! იქ, შორს, გემის ბაქანზე ვიღაცის ლანდი დგას, მალულად მიხმობს (სიამაყე პატიების თხოვნას უკრძალავს) და მეჩურჩულება: არ გინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? ჩვენ ხომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, ერთმანეთი ვიპოვეთ და არც ახლა გაგვიჭირდებაო.
ბავშვობადაკარგულები ერთმანეთისთვის ვლოცულობთ! ღმერთს შევთხოვთ,  დანარჩენებმაც არ დაკარგონ ბავშვობა.

??????