ო.ჰენრი
გაზიარება

წითელ კანიანთა ბელადის დახსნა 

მთარგმნელი ნათაძე მაია
 
 
საქმეს კარგი პირი უჩანდა…...

მაგრამ მოითმინეთ, თავიდან გიამბობოთ. მე და ბილ დრისკოლი მაშინ სამხრეთში ვიყავით, ალაბამაში, როცა ბავშვის გატაცების იდეა დაგვებადა. ეს, როგორც ამბობდა შემდექში ბილი, ,,დროებითი გონებრივი დაბნელების მომენტში” მოხდა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიან შევიგენით.

იმ მხარეში იყო ერთი პატარა ქალაქი, ლავაშივით ბრტყელი, რომელსაც, რასაკვირველია, ,,სამიტი” ერქვა. მის მოსახლეობას შეადგენდა ყველაზე თვითკმაყოფილი და უწყინარი გლეხობა რომელსაც კი ოდესმე მაისის დღესასწაულზე ყვავილებით მორთუილი ბოძის გარშემო უკუნტრუშია.

მე და ბილს საერთო კაპიტალი გვქონდა ექვსასიოდე დოლარის რაოდენობით, და გვჭირდებოდა კიდე ორი ათასი, ერთი საქმის წამოსაწყებად, რომელიც დასავლეთ ილინოისში მიწის ნაკვეთებით ვაჭრობას შეეხებოდა. ამის შესახებ სასტუმროს კიბეებზე მოვითათბირეთ. __ ბარტყმოყვარეობის ინსტინქტი,__ ვთქვით ჩვენ,__ ჯერ კიდევ ძლიერია ასეთ მივარდნილ კუთხეებში. ამიტომ და კიდევ სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო, ბავშვის მოტაცების პროექტი უფრო საიმედო იყო აქ, ვიდრე დიდი გაზეთების მოქმედების რადიუსში, რომლებიც დაუყოვნებლივ აგზავნიან აქეთ-იქით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ კორესპონდენტებს ამგვარ ამბებზე განგაშის ასატეხად.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პატარა ქალაქი ვერ მიიღებდა ჩვენს წინააღმდეგ ვერავითარ ეფექტურ ზომებს კონსტებლის და რამდენიმე სულმიხდილი მეძებრის დადევნების ან ორიოდე მამხილებელი წერილის გარდა ,,ფერმერის კვირეულ ფოსტაში”. ასე, რომ საქმე საიმედო ჩანდა.

მსხვერპლად ერთი შეძლებული მოქალაქის, ებენეზორ დორსეტის ერთადერთი შვილი ავირჩიეთ. მამამისი პატივცემული და ხელმოჭერილი მევახშე იყო, ქალაქში ცნობილი როგორც წყალწაღებული ძუნწი და ყოველგვარ საზოგადოებრივ შეწირულებათა მოსისხლე მტერი. შვილი იყო ათი წლის ჭორფლიანი ლაწირაკი, რომლის თმის ფერი ილუსტრირებული ჟურნალის ყდას მოგაგონებდათ.მე და ბილს იმედი გვქონდა, რომ ებენეზორ დორსეტს მამობრივი გრძნობები მოალბობდა და გამოსახსნელ თანხას უკანასკნელ ცენტამდე დაგვითვლიდა. მაგრამ მოითმინეთ, ჯობს თავიდან გიამბოთ.

ქალაქიდან ორიოდე მილის დაშორებით ერთი სოჭის ტყით დაფარული პატარა მთა იყო. ამ მთის უკანა ფერდობში მოვნახეთ გამოქვაბული და სურსათი მოვიმარაგეთ.

ერთ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, მე და ბილმა პატარა ურიკით ჩავუარეთ ბებერი დორსეტის სახლს. ბიჭი გარეთ იყო და ქვებს ესროდა ღობეზე ჩამომჯდარ კატას.

__ჰეი, ბიჭიკო,__ ეუბნება ბილი,__ გინდა ურიკით გაისეინო და ერთი პარკი შაქარყინული მიიღო?

ბიჭმა აგურის ნატეხი ბილს შიგ თვალში მოახვედრა.

__ეს ბებერს ზედმეტ ხუთას დოლარად დაუჯდება,__ ბურტყუნებს ბილი და ურიკიდან გამოძრომას იწყებს.

ლაწირაკი გააფთრებული მურა დათვივით გვებრძოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოვახერხეთ მისი შეპყრობა, ურიკაზე დავაგდეთ და ცხენი გავაჭენეთ.

ბიჭი გამოქვაბულში მივიყვანეთ. ცხენი კი იქვე ხეზე მივაბით. როცა დაბნელდა, ურიკა სამი მილით დაშორებულ პატარა სოფელში ჩავიყვანე, სადაც იმ დილას ვიქირავეთ, და ფეხით დავბრუნდი გამოქვაბულში.

ბილი სალბუნს იდებდა დალურჯებულსა და დაკაწრულ სახეზე. გმოქვაბულის შესასვლელში, დიდი ლოდის უკან, ცეცხლი ენთო. ბიჭი ცეცხლთან იდგა. წითელ თმაში ორი ორბის ფრთა გაერჭო და ქვაბში მდუღარე ყავას დაჰყურებდა. რომ მივუახლოვდი, ჯოხი მომიშვირა და წმოიძახა: 

__ ჰა, წყეულო თეთრკანიანო, წითელკანიანთა ბელადის __ ტრამალების რისხვის ბანაკში შემოსვლას ბედავ?

__ახლა არაფერი უშავს,__მეუბნება ბილი, შარვლის ტოტს იკეცავს და დალურჯებულ წვივებს ისინჯავს.__ ინდოელობანას ვთამაშობთ.

ისეთი ამბავი გვქონდა, რომ მასთან შედარებით ,,ბუფალო ბილის” წარმოდგენებიც კი პალესტინის ხედებად მოგეჩვენებათ, რომელსაც ,,ჯადოსნური ნათურით” უჩვენებენ ხოლმე ქალაქის დარბაზში. მე ბებერი ჰენკი ვარ, ,,მონადირე”, წითელკანიანთა ბელადის ტყვე. ალიონზე სკალპი უნდა მომხადონ. ჯერონიმოს ვფიცავ, მაგ ბიჭს მწარე ხელი ჰქონია. 

დიახ, სერ, ბიჭი მართლაც და საუცხოოდ ერთობოდა. გამოქვაბულში ცხოვრება ისე გაუტკბა, რომ სრულიად გადაავიწყდა თავისი ტყვეობა. მე მაშინვე ჯაშუშ ,,გველისთვალად” მომნათლა და გამომიცხადა:

__ სარზე დაგსვამთ და მზის ამოსვლისას ნელ ცეცხლზე შეგხრაკავთ, როცა ჩემი ვაჟკაცები ომის ბილიკებიდან დაბრუნდებიან.

__ მერე ვახშმად დავსხედით, ბიჭმა პურითა და შაშხით გამოიტენა პირი და მოჰყვა საუბარს. ჭამის დროს წარმოთქვა სიტყვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:

__ საშინლად მომწონს აქაურობა.

არასოდესდ არ მიცხოვრია გამოქვაბულში, მაგრამ ერთხელ შინაური ენოტი მყავდა, და უკანასკნელ დაბადებისდღეს ცხრა წელი შემისრულდა. სკოლა მეჯავრება. ვირთხებმა ჯიმი ტალბოტის დეიდას ჭრელი ქათმების 16 კვერცხი შეუჭამეს. არის ნამდვილი ინდოელები ამ ტყეში? კიდევ მინდა წვენი. ქარი იმიტომ არის, რომ ხეები მოძრაობს, არა? ჩვენ ხუთი ლეკვი გვყავდა. წითელი ცხვირი რატომ გაქვს, ჰენკ? მამაჩემს ბევრი ფული აქვს. ვარსკვლავები ცხელია? შაბათს ედ უოლკერს ორჯერ ვცემ. არ მიყვარს გოგოები, გომბეშოებს მხოლოდ თოკით თუ დაიჭერ.

ხარები ბღავიან? რატომ არის ფორთოხალი მრგვალი? საწოლები არ გაქვთ ამ გამოქვაბულში?ამო მერეის ფეხზე ექვსი თითი აქვს. თუთიყუშმა იცის ლაპარაკი, მაიმუნმა და თევზმა კი არ იციან. რამდენია თორმეტი?

ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გაახსენდებოდა, რომ ინდოელია, სტაცებდა ხელს თავის ხის შაშხანას და ფეხაკრეფით მიიპარებოდა გამოქვაბულის გასასვლელისაკენ, რომ ენახა, ხომ არსად გამოჩნდნენ წყეული თეთრკანიანების მზვერავები. დროდადრო საბრძოლო ყიჟინას დასცემდა, რომლის გაგონებაზე ბებერ ჰენკს __ ,,მონადირეს” კანკალი აიტანდა.ამ ბიჭმა ბილი თავიდანვე დააშინა.

__ წითელკანიანთა ბელადო, __ მივმართე ბავშვს, __ გინდა შინ დაბრუნება?

__ არა, რად მინდა! სახლში არაფერი გასართობი არა მაქვს, __ მითხრა ბავშვმა, __ სკოლაში სიარული მეჯავრება, გამოქვაბულში ცხოვრება კი ძალიან მომწონს. ხომ აღარ დამაბრუნებ უკან, გველის თვალო, დამაბრუნებ?

__ ჯერ არა, __ ვუპასუხე მე. __ ცოტა ხანს კიდევ აქ უნდა დავრჩეთ.

__ რა კარგია, __ გაეხარდა ბიჭს, __ ასეთი სიამოვნება ჩემს სიცოცხლეში არ მიმიღია.

თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა დასაძინებლად დავწექით. გავფინეთ ფართო საბნები და წითელკანიანთა ბელადი შუაში ჩავიწვინეთ.

მისი გაპარვისა არ გვეშინოდა.

სამაგიეროდ სამი საათის განმავლობაში არ დაგვეძინა. წამდაუწუმ წამოხტებოდა, მისწვდებოდა თავის შაშხანას და გულისგამგმირავი ხმით ჩაგვხრიალებდა მე და ბილს ყურში: ,, __სსს... ჩუმად იყავით!” __ იმდენჯერ, რამდენჯერაც კი ტოტის ფაჩუნი ან ფოთლების შრიალი მოესმებოდა, რაც მისი ნორჩი ფანტაზიისთვის ყაჩაღების ფარულ მოახლოებას მოასწავებდა. ბოლოს, მაინც ძილი მომერია და სულ მესიზმრებოდა, რომ ვიღაც საშინელი წითური ყაჩაღი მიტაცებდა და ხეზე მაკრავდა.

გათენებისას ბილის გამწრებულმა წივილმა გამომაფხიზლა. ეს არ იყო არც ყვირილი, არც ღრიალი, არც ყიჟინა,

ან ჩვეულებრივი წამოძახილი, როგორსაც კაცის მბგერავი იოგებისაგან მოელი. ეს იყო რაღაც უხამსი, შემაძრწუნებელი, დამამცირებელი ჭყიპინი, ქალები რომ გამოსცემენ, როცა მოჩვენებას ან მუხლუხას დაინახავენ.

საშინელი მოსასმენია, როცა ღონიერი, თავზე ხელაღებული მსუქანი კაცი ასე თავშეუკავებლად გაჰკივის გამოქვაბულში განთიადისას. 

მე წამოვხტი, რომ გამეგო რა მოხდა. წითელკანიანთა ბელადი ბილს მკერდზე აჯდა. ცალი ხელით მის თმას ბღუჯავდა, მეორეში კი მჭრელი დანა ეჭირა, რომელსაც შაშხის დასაჭრელად ვხმარობდით და გულმოდგინედ, სრულიად სერიოზულად ცდილობდა მისთვის სკალპი მოეხადა წინადღით გამოტანილი განაჩენის თანახმად. წავართვი დანა და ბიჭი ისევ შუში ჩავაწვინე, მაგრამ ბილის სული უკვე მოტეხილი იყო. ის ისევ დაწვა თავის ადგილას და სანამ ბიჭი ჩვენთან იყო თვალი აღარ მოუხუჭავს. მე პატარა ხანს წავთვლიმე, მაგრამ მზემ რომ ამოსვლა დააპირა, უცებ გამახსენდა წითელკანიანთა ბელადის მუქარა, რომ მზის ამოსვლისას ცოცხლად დამწვავენ, მე არ ვნერვიულობდი და არ მეშინოდა, მაგრამ მაინც წამოვჯექი, ჩიბუხს მოვუკიდე და კედელს მივეყრდენი.

__ ამ დილაადრიან რამ წამოგახტუნა? __ მკითხა ბილმა.

__ მე მეუბნები? რაღაც მხარი მტეხავს.

ვიფიქრე, წამოვჯდები და გამივლის_მეთქი. 

__ სტყუი! __ მეუბნება ბილი. __ შენ გეშინია. მზის ამოსვლისას უნდა დაგწვან და შეგეშინდა, რომ ბიჭი მართლაც იზამს ამ საქმეს. ასანთი რომ ჰქონდეს მართლაც დაგწვავდა. და საშინელებაა, სემ. შენ გგონია, ვინმე რამეს მოგცემს ამ ჭინკაში?

__ რა თქმა უნდა, მშობლები სწორედ ასეთ ალქაჯებს ევლებიან თავს, ახლა შენდ და წითელკანიანი ადექით და საუზმე მოამზადეთ.

მე კი წავალ, მიდამოს დავზვერავ.

მთის წვერზე ავედი და მიმოვიხედე მოველოდი, რომ ქალაქის მხარეს ორთითებითა და ცელებით შეიარაღებული გლეხები იქნებოდნენ გამოფენილი, შეჩვენებული ყაჩაღების საძებნელად მაგრამ, ამის მაგიერ დავინახე მშვიდობიანი პეიზაჟი, რომლის ფონზე მხოლოდ ერთი კაცი მოჩანდა, და ისიც რუხი ჯორით მოწას ხნავდა. არავინ არ ყვინთავდა მდინარეში დამხრჩვალის საძებრად. შიკრიკები არ გამორბოდნენ ყოველი მხრიდან, არ მიჰქონდათ სამწუხარო ამბები სასოწარკვეთილ მშობლებთან. ალაბამის ზედაპირის ის პატარა ნაწილი, რომელიც ჩემს თვალწინ იშლებოდა, სიმშვიდითა და უშფოთველობით იყო მოცული. __ იქნებ ჯერ არც გაუგიათ, რომ მგლებმა კრავი საძოვრიდან გაიტაცეს, __ გავიფიქრე მე, __ ღმერთმა უშველოს მგლებს! __ ჩავილაპარაკე ჩემთვის და საუზმის საჭმელად დავეშვი. როცა გამოქვაბულს მივუახლოვდი, დავინახე, რომ ბილი, კედელზე აკრული, მძიმედ ხვნეშოდა, ბიჭი კი ქოქოსისოდენა ლოდით ემუქრებოდა.

__ ზურგში ცხელი კარტოფილი ჩამიგდო, __ ამიხსნა ბილმა. __ მერე ფეხით გასრისა, მე კი ყურები ავუწიე.

თოფი თანა გაქვს, სემ? 

ბიჭს ქვა წავართვი და მათი შერიგება ვცადე. 

__ დამაცა, გიჩვენებ სეირს! __ ემუქრება ბავშვი ბილს. __ ჯერ არ მომხდარა, რომ წითელკანიანთა ბელადისათვის ვინმეს ხელი ეხლოს და თავისი თავხედობდა არ ენანოს. გირჩევნია ფრთხილად იყო.

საუზმის შემდეგ ბიჭმა ჯიბიდან ბაწრებში გახვეული ტყავის ნაჭერი ამოიღო, გამოქვაბულიდან გავიდა და ბაწრების გაშლა დაიწყო. 

__ ნეტა რას აპირებს ახლა? __ შეწუხებული ხმით ამბობს ბილი. __ გაქცევას ხომ არ ფიქრობს, ჰა, როგორ გგონია, სემ? 

__ ფიქრი ნუ გაქვს, __ ვამშვიდებ მე, __ ეს ბიჭი შინ ჯდომის დიდი მოტრფიალე არ უნდა იყოს, მაგრამ, მგონი უკვე დროა მოვიფიქროთ, როგორ ავიღოთ მისი გამოსასყიდი ფული. როგორც შევიტყვე ქალაქში დიდად არ წუხან მის დაკარგვას, შეიძლება ჯერ დაკარგულად არც მიაჩნიათ.

შინურებს იქნებ მამიდა ჯეინთან ან რომელიმე მეზობელთან ჰგონიათ წასული ღამის გასათევად. ასეა თუ ისე, დღეს მაინც უეჭველად მოიკითხავენ. ამაღამ მამამისს ბარათი უნდა მივაწოდოთ და დასახსნელი ორიათასი დოლარი მოვითხოვოთ.

სწორედ ამ დროს მოგვესმა საბრძოლო ყიჟინის მსგავსი ხმა, ისეთი, როგორიც, ალბათ, ამოუშვა დავითმა, როცა ნოკაუტი გაუკეთა ჩემპიონ გოლიათს.

ის ტყავის ნაჭერი, რომელიც ბიჭმა წეღან ჯიბიდან ამოიღო, თურმე შურდული ყოფილა. ახლა ბიჭი იდგა და შურდულს თავს ზემოთ ატრიალებდა.

გვერდზე გადავხტი და გავიგონე ყრუ დარტყმის ხმა და ბილის მძიმე ამოსუნთქვა, როგორსაც ამოუშვებს ხოლმე ცხენი, როცა უნაგირს მოხდიან. კვერცხის ოდენა ქვა ბილს შიგ მარცხენა ყურისძირში მოხვედროდა. ბილი ერთბაშად მოიშალა და ჩავარდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში, რომელშიაც ჭურჭლის გასარეცხი წყალი ცხელდებოდა. ამოვიყვანე და ნახევარი საათის განმავლობაში ცივი წყალი ვასხი თავზე. ბილი ნელ-ნელა წამოდგა, ყურის ძირი მოისინჯა და მითხრა:

__ იცი, სემ, ვინ არის ჩემი საყვარელი გმირი საღვთო წერილში? 

__ ნუ გეშინია, __ დავამშვიდე მე, __ ახლავე დაგიბრუნდება გონება.

__ მეფე ჰეროდე, __ თქვა ბილმა.

__ ხომ არ წახვალ და მარტო არ დამტოვებ, სემ? გარეთ გავედი, დავიჭირე ბიჭი და მანმადე ვაჯანჯღარე, სანამ სახეზე ჭორფლები არ აუთამაშდა. თუ ჭკუით არ იქნები ახლავე სახლში გაგიშვებ_მეთქი, დავემუქრე მას.

__ მე მხოლოდ ვიხუმრე, __ გაიბუტა ბიჭი, __ სრულებით არ მინდოდა ბებერი ჰენკის წყენა, მაგრამ იმან რატომ გამარტყა? ახლა კარგად მოვიქცევი, გველის თვალო, თუ შინ არ გამისტუმრებ და ნებას მომცემ შავი მზვერავობანა ვითამაშო.

__ მე არ ვიცი ეს თამაში, __ ვუთხარი, __ შენ და მისტერ ბილმა გადაწყვიტეთ. დღეს ბილი იქნება შენი ამხანაგი. მე პატარა ხნით საქმეზე მივდივარ. აბა ახლა, შეურიგდი ბილს და ბოდიში მოუხადე თორემ ახლავე შინ წახვალ. 

მე ვაიძულე ბიჭი და ბილი ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთმიათ. მერე ბილი გვერდზე გავიხმე და ვუთხარი, რომ მივდივარ ,,ალვის ჭალაში” __ ჩვენი გამოქვაბულიდან სამი მილით დაშორებულ პატარა სოფელში.

__ გასაგებად, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მიდამოებში ბავშვის მოტაცებამ.

აგრეთვე მიზანშეწონილად მიმაჩნდა, იმავე დღეს გაგვეგზავნა დორსეტისათვის მუქარის წერილი, გამოსასყიდი თანხა მოგვეთხოვა და მიგვეთითებინა როგორ უნდა მომხდარიყო მისი გადახდა. 

__ ხომ იცი, სემ, __ მითხრა ბელადმა, __ ყოველთვის შენთან ვიყავი ჭირსა თუ ლხინში, მიწისძვრების დროს, ცეცხლსა და ნიაღვარში, პოკერის თამაშში და მატარებლების გაძარცვაში, პოლიციის თავდასხმებსა და ქარიშხლებში. ერთხელაც წარბი არ შემიხრია და სულიერი სიმშვიდე არ დამიკარგავს, სანამ ამ ორფეხა მაშხალას მოვიტაცებდით. უკვე სული ამომართვა. დიდხანს ხომ არ დამტოვებ მასთან მარტო, ჰა, სემ?

__ საღამოზე დავბრუნდები. რამენაირად გაართე ჩემს მოსვლამდე. ეხლა კი მოდი, ბებერ დორსეტს წერილი მივწეროთ.

მოვიმარჯვეთ ქაღალდი და ფანქარი და შევუდექით წერილის წერას.

წითელკანიანთა ბელადი კი ამასობაში, საბანში გახვეული, ამაყად დააბიჯებდა გამოქვაბულის წინ და შემოსასვლელს დარაჯობდა. ბილი თვალცრემლიანი მევედრებოდა, გამოსასყიდი თანხა ორიათასი დოლარიდან ათას ხუთას დოლარზე დამეყვანა. 

__ სულაც არ მინდა მშობლიური გრძნობების შეურაცხყოფა, __ წუწუნებს ბილი,__ მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანებთან გავაქვს საქმე. ამ ჭორფლიანი ორმოც გირვანქიანი გარეული კატის გულისთვის ორიათასი დოლარის გადაგდება კი სრულიად არაადამიანულრი საქცილეი იქნებოდა. ათას ხუთას დოლარზეც ყაბულსა ვარ. განსხვავება შეგიძლია მე დამიქვითო. 

ბილის დასამშვიდებლად მეც დავთანხმდი და ერთად შევთხზეთ შემდეგი წერილი: 


ბენზორ დორსეტს, ესკვაირს!

თქვენი ბიჭი საიმედოდ მყავს გადამალული.

ნურც თქვენ და ნურც საუკეთესო გამოცდილ პოლიციელებს ნუ გაქვთ მისი პოვნის იმედი. ყოველი ცდა ფუჭი იქნება. ერთადერთი პირობა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ მისი დაბრუნება, შემდეგია: ჩვენ მოვითხოვთ ათას ხუთას დოლარს მსხვილი ფულით. თანხა დატოვებული უნდა იქნას ამაღამ სრულ 12 საათზე, იმავე ადგილას და იმავე ყუთში, რომელშიც პასუხს ჩასდებთ (რაც დაზუსტებული იქნება ქვემოთ). თუ თანახმა ხართ ამ პირობაზე, გამოატანეთ თქვენი წერილობითი პასუხი მხოლოდ ერთ კაცს ამ საღამოს ცხრის ნახევარზე. ,,ჭოტის წყაროს” რომ გასცდება, ალვის ჭალის მიმარათულებით, მინდორზე ღობესთან სამ დიდ ხეს დაინახავს, ერთი მეორისაგან ას-ასი იარდით დაშორებულს. ღობის ძირში მესამე ხის პირდაპირ პატარა მუყაოს ყუთს იპოვის.

შიკრიკი ჩადებს ამ ყუთში და დაუყოვნებლივ ქალაქში გაბრუნდება.

თუ ღალატს განიზრახავთ, ან ზუსტად არ შეასრულებთ პირობას, თქვენს ვაჟიშვილს ვეღარასდროს ვეღარ იხილავთ. თუ გადაიხდით ფულს მოთხოვნის თანახმად, ბიჭი ცოცხალი და უვნებელი დაგიბრუნდებათ სამი საათის ვადაში. ეს პირობები საბოლოოა. თუ არ მიიღებთ მათ, ჩვენი მხრივ თქვენთან კავშირის დამყარების ცდა აღარ განმეირდება. 

ორი თავზეხელაღებული კაცი 



წერილს დორსეტის მისამართი დავაწერე და ჯიბეში ჩავიდე. წასვლას რომ ვაპირებდი, ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა: 

__ გველის თვალო, ხომ დამრთე ნება, შენს მოსვლამდე შავი მზვერავობანა ვითამაშო? 

__ რა თქმა უნდა, __ კვერი დავუკარი მე. __ მისტერ ბილი გეთამაშება.

ეს რა თამაშია? 

__ მე შავი მზვერავი ვარ, __ ამიხსნა წითელკანიანთა ბელადმა, __ ცხენით უნდა წავიდე და დაბის მცხოვრებლები გავაფრთხილო ინდოელების შემოსვლის შესახებ. მომბეზრდა ინდოელობა. ახლა შავი მზვერავი უნდა ვიყო.

__ ძალიან კარგი, __ დავეთანხმე. __ როგორც ჩანს, უწყინარი გართობაა. მე მგონი მისტერ ბილი დაგეხმარება მაგ აბეზარი ველურების მორჯულებაში.

__ მე რას გავაკეთებ? __ იკითხა ბილმა და იჭვნეულად გადახედა ბიჭს.

__ შენ ცხენი ხარ, __ გადაწყვიტა შავმა მზვერავმა.__ დაიჩოქებ და ოთხით წახვალ, აბა როგორ მივალ დაბამდე უცხენოდ? 

__ გირჩევ გაართო, სანამ ჩვენს გეგმას შევასრულებთ, __ ვუთხარი ბილს, __ აბა შენ იცი!

__ ბილი ოთხზე დადგა და მისმა თვალებმა ხაფანგში მომწყვდეული კურდღლის გამომეტყველება მიიღო.

__ რა მანძილია დაბამდე, ბიჭიკო? __ იკითხა ბილმა ხრინწიანი ხმით.

__ ოთხმოცდაათი მილია, __ უპასუხა შავმა მზვერავმა. __ აბა, იჩქარე, რომ დროზე მივუსწრო. აჩუ ცხენო!...



შავი მზვერავი მოახტა ბილს ზურგზე და დეზები დაუშინა.

__ თუ ღმერთი გწამს, სემ, __ შემევედრა ბილი, __ რაც შეგიძლია მალე დაბრუნდი. ნეტა ათას ხუთასის მაგივრად ათასი გვეთხოვა. შენ, ეი, ნუ მარტყამ, თორემ ავდგები და გიჩვენებ სეირს!

ჩავედი ,,ალვის ჭალაში’, ცოტა ხანს ვიტრიალე ფოსტასთან და მაღაზაიაში, გავესაუბრე მყიდველებსა და გამვლელ-გამომვლელებს. ერთმა წვეროსანმა მიამბო, რომ თურმე ქალაქში განგაში ატეხილა ებენეზორ დორსეტის შვილის დაკარგვის გამო. ბავშვს, ეტყობა, ან გზა დაბნევია, ან მოუტაციათ. მეც სწორედ ამის გაგება მინდოდა. ვიყიდე თუთუნი, ვთქვი რაღაცა ცერცვის ფასების შესახებ, ჩუმად ჩავაგდე წერილი ყუთში და იქაურობას გავეცალე. 

ფოსტაში შევიტყვე, რომ საფოსტო ეტლი ერთ საათში გამოივლის და წერილებს ქალაქში წაიღებს.

გამოქვაბულში რომ დავბრუნდი, ბილი და ბიჭი არსად ჩანდნენ.

მოვიარე იქაურობა. ერთი ორჯერ დაძახებაც გავბედე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, მაშინ ჩიბუხს მოვუკიდე და ხავსიან ლოდზე ჩამოვჯექი მოვლენათა შემდგომი განვითარების მოლოდინში.

დაახლოებით ნახევარ საათში ბუჩქების ლაწალუწი მომესმა და გამოქვაბულის წინ პატარა მინდორზე ბარბაცით და ბორძიკით გამოჩანჩალდა ბილი. მის უკან მზვერავის ფრთხილი ნაბიჯით, აღტაცებული კრეჭით ბავშვი მოიპარებოდა. ბილი გაჩერდა, ქუდი მოიხადა და სახე წითელი ცვირსახოცით შეიმშრალა. ბიჭიც გაჩერდა მისგან შვიდიოდე ფუტის მოშორებით.

__ სემ, __ დაიწყო ბილმა, __ შენ, ალბათ, მოღალატედ ჩამთვლი, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. მე მოწიფული კაცი ვარ, თავდაცვის უნარი შემწევს, ჩვევებიც ვაჯკაცური მაქვს, მაგრამ ხდება ხანდახან ცხოვრებაში, რომ ადამიანს ყველა მისი ჩვევა ავიწყდება... ბიჭი წასულია...

მე გავგზავნე შინ. ყველაფერი გათავდა. ძველ დროში არსებობდნენ წამებულები, __ განაგრძობს ბილი, __ რომელთაც სიკვდილი ერჩიათ წამოწყებულ კომბინაციაზე ხელის აღებას. არც ერთი მათგანი არ ყოფილა განწირული ჩემსავით ზნეობრივი წამებისთვის. ყველანაირად ვცდილობდი ჩვენი ყაჩაღური მცნებების ერთგული დავრჩენილიყავი, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს.

__ რამ შეგაწუხა, ბილ? __ ვეკითხები მე.

__ დაბამდე 90 მილი ზურგით ვატარე, სულ ჭენებ-ჭენებით.

ერთი გოჯიც კი არ შემარჩინა, მერე, როცა დაბის მცხოვრებლებს ხიფათი ავაცდინე, შვრია დამიყარა, ე.ი ქვიშა მაჭამა. რა საზიზღარი გემო ჰქონია! მერე, ერთი საათის განმავლობაში ვუხსნიდი, თუ რატომ არის, რომ ნახვრეტები ცარიელია, როგორ აქვს გზას ორი მიმართულება, რატომ არის ბალახი მწვანე, გეუბნები, სემ, ადამიანს მეტის ატანა არ შეუძლია! ვტაცე ხელი კისერში და ფერდობზე ჩავათრიე.

მაინც კიდევ იმდენი მოახერხა, რომ ფეხი მუხლამდე სულ ერთიანად დამილურჯა. ერთი ორჯერ ხელზედაც მიკბინა. 

ახლა ნაკბენს უნდა ვუწამლო.

__ მაგრამ ის უკვე წავიდა, __ განაგრძობს ბილი, __წავიდა შინ. მე ვასწავლე გზა და ერთი გარტყმით რვა ფუტით მაინც მივუახლოვე იქაურობას. ძალიან მწყინს, რომ გამოსასყიდი დავკარგეთ, მაგრამ ან ეს უნდა მომხდარიყო, ან ბილ დრისკოლი პირდაპირ საგიჟეთში წავიდოდა.

ბილი ქშინავს და იბერება. მისი ვარდისფერი სახე კი გამოუთქმელ სიმშვიდეს და თანდათანობით მზარდ კმაყოფილებას გამოხატავს.

__ ბილ, __ ვეკითხები მე, __ გვარში რაიმე გულის დაავადება ხომ არ გქონიათ?

__ არა, __ მპასუხობს ბილი, __ არაფერი ქრონიკული, ციებისა და უბედური შემთხვევების გარდა. რატომ კითხულობ?

__ მაშ შეგიძლია უკან მიიხედო, __ ვეუბნები მე.

ბილი მიტრიალდა და ბიჭი დაინახა.

ის გაფითრდა მოცელილივით დაეშვა მიწაზე და უაზროდ დაიწყო ბალახებისა და ნაფოტების კრეფა. ერთი საათის განმავლობაში მისი გონების ბედზე ვწუხდი. მერე ვუთხარი, რომ ჩემი გეგმის თანახმად ბიჭის ჩაბარების ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა ჩავატაროთ, შუაღამისას ფულს მივიღებთ და მაშინვე მოვუსვამთ აქედან, თუკი ბებერმა დორსეტმა ჩვენი წინდადება მიიღო. ასე, რომ ბილი იმდენად მოცოცხლდა, რომ სუსტად გაუღიმა ბიჭს და შეპირდა __ როგორც კი ოდნავ მოვმჯობინდები ომობანა ვითამაშოთ.

გამოსასყიდის მიღების ჩემი გეგმა, რომელიც უზრუნველგვყოფდა ყოველგვარი მოტყუებისა და ხიფათისაგან, თვით პროფესიონალ ბავშვის ქურდსაც კი არ შეარცხვენდა; ხე, რომლის ქვეშაც პასუხი და ფული უნდა დაედოთ, განცალკევებით იდგა გზის პირას ღობესთან და ყოველი მხრიდან შიშველი მინდვრებით იყო გარშემორტყმული. იქ რომ კონსტებლების ხროვა ჩასაფრებოდა პასუხის წამღებს, მას შორიდანვე დაინახავდნენ, როგორც კი მინდორზე გამოჩნდებოდა; ან გზაზე გამოვიდოდა. მაგრამ ნურას უკაცრავად. ცხრის ნახევარზე მე უკვე ხეზე ვიჯექი, ისევე საიმედოდ დამალული, როგორც ხის გომბეშო, და დორსეტის შიკრიკს ველოდებოდი.

სწორედ დანიშნულ დროს გზაზე ვიღაც ველოსიპედიანი ყმაწვილი გამოჩნდა. მან იპოვა ღობის ძირში მუყაოს კოლოფი, შიგ დაკეცილი ქაღალდი ჩააცურა და ისევ ქალაქისკენ გაბრუნდა.

დაახლოებით ერთი საათი ვიცადე და მერე გადავწყვიტე, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

ხიდან ჩამოვხტი, ბარათი ავიღე, ღობე-ღობე გავძვერი ტყემდე. ნახევარ საათში უკვე გამოქვაბულში ვიყავი და სანათის შუქზე წავუკითხე ხმამაღლა ბილს. ბარათი ბატიფეხური ხელით იყო დაჩხაპნილი. მისი აზრი და შინაარსი შემდეგი იყო: 



ორ თავზე ხელაღებულ კაცს! 

ჯ ე ნ ლ ტ მ ე ნ ე ბ ო: დღეს მივიღე ფოსტით თქვენი წერილი. გამოსასყიდის მოლოდინში მთხოვთ დავიბრუნო უკან ჩემი ვაჟიშვილი. თქვენი მოთხოვნა ოდნავ გადაჭარბებულად მიმააჩნია, და, აქედან გამომდინარე, შემომაქვს საწინააღმდეგო წინადადება, რომელსაც, მე ვფიქრობ, მიიღებთ. თქვენ მოიყვანთ ჯონის შინ და გადაიხდით 250 დოლარს ნაღდად.

მე კი დავთანხმდები დავიბრუნო ბიჭი თქვენი ხელიდან. გირჩევნიათ ღამე მოხვიდეთ, რადგან მეზობლებს ის დაკარგული ჰგონიათ და მე ვერ ვაგებ პასუხს მათ მოქმედებაზე ჯონის მოყვანის მიმართ.



ღრმა პატივისცემით ე ბ ე ნ ე ზ ო რ დ ო რ ს ე ტ ი.





__ო, დიდო ყაჩაღებო და მეკობრეებო! __ წამოვიძახე მე, __ გაგონილა ასეთი თავხედობა... __ მაგრამ, ბილს შევხედე და შევყოყმანდი.სახეზე ისეთი მუდარა ეწერა, რომლის მსგავსი ჯერ არასოდეს მენახა უტყვი თუ მეტყველი არსების სახეზე. 

__ სემ, __ ამბობს ის, __ რა არის ბოლოს 250 დოლარი? ფული გვაქვს. კიდევ ერთ ღამეს რომ დარჩეს ჩვენთან ეს ბავშვი, პირდაპირ ბედლამში გამისტუმრებს. მისტერ დორსეტი, გარდა იმისა, რომ თავიდან ფეხებამდე ჯენლტმენია, მფლანგველიც ყოფილა, რომ ასეთ შეღავათიან გაცვლაზე გვთანხმდება. ნუთუ ასეთ ხელსაყრელ შემთხვევას გაუშვებ, სემ?

__ გამოგიტყდები, __ შევნიშნე მე, __ ეს მამა აბრამის ბატკანი ცოტა არ იყოს მეც მიშლის ნერვებს.

მივიყვანოთ სახლში, გადავიხადოთ გამოასასყიდი და გავეცალოთ აქაურობას.

იმავე ღამეს ბავშვი სახლში წავიყვანეთ. ძლივს დავითანხმეთ; ვუთხარით, თითქოს მამისს მისთვის მოკასინები და ვერცხლით მოჭედილი თოფი ეყიდოს და მეორე დღეს სანადიროდ მივდიოდეთ.

სრულ 12_ზე ებენეზორ დორსეტის კარზე დავაკაკუნეთ. სწორედ იმ დროს, როცა მე, თავდაპირველი გეგმის თანახმად, ხის ძირას ყუთიდან ათას ხუთასი დოლარი უნდა ამომეღო, ბილი ებენეზორ დორსეტს 250 დოლარს უთვლიდა.

როცა ბიჭმა დაინახა, რომ ჩვენ მივდივართ და მას სახლში ვტოვებთ, დასაკლავი გოჭივით აჭყივლდა და წურბელასავით მიეკრა ბილს წვივზე. მამამისმა გაჭირვებით ააგლიჯა ბავშვი მის ფეხს. 

__ რამდენ ხანს შეგიძლიათ მისი დაჭერა? __ ჰკითხა ბილმა.

__ წინანდელივით ღონიერი აღარა ვარ, __ თქვა ბებერმა დორსეტმა, __ მაგრამ ვფიქრობ, ათი წუთის გარანტიის მოცემა მაინც შემიძლია. 

__ საკმარისია, __ თქვა ბილმა, __ ათ წუთში მე გადავირბენ ცენტრალურ, სამხრეთსა და შუა დასავლეთის შტატებს და კანადის საზღვრისკენ გავქუსლავ.

და მიუხედავად სიბნელისა, მიუხედავად ბილის სიმსუქნისა, მიუხედავად იმისა, რიომ კარგი მორბენალი ვიყავი, ბილს უკვე მილნახევარი ჰქონდა გავლილი, როცა მე მას წამოვეწიე..

??????