ქოჩაკიძე პეტრე
გაზიარება

ჯიში 

- არ გეკადრებათ ბაგრატ ბატონო ასეთი აღვირახსნილობა! მეტი თავშეკავება და სიდარბაისლე გმართებთ! ნამდვილად უკადრის საქციელს ჩადიხართ და ჯიშს არცხვენთ! ვითომ რა, სხვანაირები არიან ეს რუსის თეთრი ქალბატონები? - ასე ზრდილობიანად უწუნებდა საქციელს ბებიაჩემი, იმერეთში გათხოვილი მარიამ ჩიქვანი ჩვენს მამალს, რომლის წინაპარიც ბებიაჩემის მონაყოლით სვიმონ მეფეს უჩუქნია მისი წინაპრის, განთქმული მონადირის დოროთე ჩიქვანისთვის. (ეტყობა ძილი უყვარდა დოროთეს და დააგვიანდა მეფესთან ერთად სანადიროთ წასვლა...). რუსის ქალბატონებს ბებია მეზობელი ვენერას თეთრ დედლებს, ანუ “ბროილერის” ჯიშის ქათმებს ეძახდა, სადაც ხანდახან სტუმრობდა ჩვენი მამალი ბაგრატი. ბაგრატიც ბებიას დარქმეული იყო ბაგრატიონების ნაჩუქრობის გამო. ამ “უკადრისი” საქციელის გარდა სხვას ვერაფერს დაუწუნებდი ბაგრატს. ჯერ შესახედავად იყო ისეთი რომ ფარშევანგს შეშურდებოდა მისი ნაირ-ნაირი ფერების, თავზე დადგმული წითელი ბიბილო უფრო გვირგვინს გავდა და ამას ისიც უწყობდა ხელს რომ ისეთ თვლებზე იყურებოდა, აშკარად არწივის ხელი ერია მის სისხლში, ამაში უფრო დარწმუნდებოდი როცა მის ხანჯლებს თუ დეზებს .და კლანჭებს დახედავდი კაცი. ინდაურზე ნაკლები არ იქნებოდა არც სიმაღლით და არც წონით. ბაგრატიონების ჯიშს ამართლებდა ბაგრატი! ეზო-კარ-მიდამოში დაუძახებლად შემოსული სტუმარი არ გამოეპარებოდა ბაგრატს და მერე იწყებოდა განწირული კივილი – მიშველეთ! დამგლიჯა მამალმაო! დამკორტნა არ უთქვია არავის. ერთხელ დენის აღმწერი ისე დაკორტნა რომ სასამართლოში იჩივლა მტაცებელი ფრინველი ჰყავთ ეზოშიო, მერე კაი ხანს შუქის გადასახდელი ქვითრებიდან თვითმფრინავებს აკეთებდა და ისე შემოაფრენდა ხოლმე ქუჩიდან ეზოში. ბიძაჩემი იძულებული გახდა ჭიშკარზე წარწერა გაეკეთებინა “ეზოში ავი მამალია”! ვინც მოინდომა წარწერის გადამოწმება, ყველას მოუწია ახალი შარვლის ყიდვა. ერთმა კიდევ, ჯოხით გაუმართა ორთაბრძოლა ბაგრტს, ისეთ ოსტატურ ჩაკუზვებსა და გვერდზე გახტომებს აკეთებდა მამალი მოქნეული ჯოხის ასაცილებლად რომ მოწინააღმდეგემ რჩევა მოგვცა, პროფესიონალურ კრივში მიიყვანეთ და ფულს იშოვითო. მამალი არ ერჩოდა იმ სტუმრებს, რომლებსაც ბებიას ოჯახის წევრები ჭიშკრიდან სახლამდე მიიყვანდნენ, ისე მიაცილებდა პატივით სტუმარს, როგორც პრეზიდენტების შეხვედრის დროს, საპატიო ყარაულის ოფიცერი მიჰყვება ხმლით ხელში უკან.
ჩვენი ეზოს ჭიშკართან ბაბუაჩემის აშენებული ვეებერთელა ხის მარანი იდგა, ამ მარანში თხილის ხის საწნახელის გვერდზე, ლამაზად მოწყობილ საბუდარაში გამოჰყავდა მარია ბებოს ბაგრატიონის ჯიშის მამალი, მართლაც რომ გამოჰყავდა. მაისის ბოლოს მოკრუხებულ დედალს კვერცხს ისე არ დაუდებდა სანამ ლამფის შუქზე არ გაჭვრეტდა, ხან ხელს ჩამოაფარებდა ლამფასთან მიტანილ კვერცხს და ისე გახედავდა, ხან თვალს მოჭუტავდა და ისე აკვირდებოდა შუქზე კვერცხებს, - ეს მამალი იქნება, ეს დედალი. – დაასკვნიდა ბოლოს და ერთხელაც არ შეშლია საგვარეულო საიდუმლო. მამალს იმ დროს გამოაჩეკინებდა კრუხს, როცა ბატონი ბაგრატი უკვე ხანში იყო შესული და მეორე ბაგრატიც იბადებოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბაგრატიონის მამალს შეშვენოდა. კვერცხების შერჩევის პროცესს მამალიც ესწრებოდა და ელოდებოდა ბებიაჩემის შეფასებას.
- ყოჩაღ, ბაგრატ ბატონო, ყოჩაღ! – შეაქებდა ბებია ნაპეპლი კვერცხებისთვის, ხოლო თუ დაუპეპლავი კვერცხი გამოერეოდა, მაშინ იწყებდა მამლის შერცხვენას.
- რა არის ეს, ჩემო ბატონო! არ ასრულებთ თქვენს საქმეს ხომ კი! იარეთ ასე გვერდზე და უჯიშო ვენერას უჯიშო მამალი რომ დაგიპეპლავთ თქვენს დედლებს მერე უყარეთ კაკალი!
მოკლეთ ბებია აღზრდას არ აკლებდა ბაგრატიონის მამალს, ჭყონდიდელობდა პირდაპირ.
ჯიშს მარია ბებია ყველაზე დიდ მნიშვნელობას აძლევდა და სიტყვა უჯიშოზე მეტი სალანძღავი არ არსებობდა მისთვის. მისმა მეგობარმა ქალბატონებმა, ქიონია აბაშიძემ და ევლუმპი მაჭავარიანმა, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ბებიას, სულ ჯიშზე და ვიღაცის თხოვა-გათხოვებაზე ესაუბრებოდნენ ჩიქვანის ქალს. ისე გამოპრანჭული ჩაცმულები მოდიოდნენ სტუმრად ბებიასთან რომ ბიძაჩემი ჰალსტუხის გაკეთების გარეშე არ შედიოდა მისასალმებლად. შემოუსხდებოდნენ სამოვარს და მიირთმევდნენ ბებიას დამზადებულ ვარდის მურაბას და ვარდის ლიქიორს ჩაისთან ერთად. ყველაზე ბევრს ევლუმპი მაჭავარიანის ლაპარაკობდა, რომელიც ძალიან ინდომებდა ჩიქვანთან და აბაშიძესთან გატოლებას.
- რას იტყვი ჩიქვანის ქალო, ის კაცი იმ ქალს რომ გავურიგოთ? – ვიღაცის გაბედნიერებას აპირებდა ევლუმპი და ბებიაჩემის გარეშე არ გამოვიდოდა არაფერი, ვინაიდან აბაშიძის თანხმობა და ჩიქვანის დასმული ბეჭედი, გასაბედნიერებელი კაცის ან ქალის თანხმობაზე მეტი იყო ევლუმპი მაჭავარიანისთვის.
- არ გამოვა ეგ ამბავი ჩემო ბატონო! – დაუწუნა ბებიამ წამოწყება ევლუმპის.
- რატომ ქალბატონო მარიამ? – შემპარავად იკითხა ევლუმპიმ, იცოდა რა რომ ბებია გაუზომავად და მოუფიქრებლად სიტყვას არ დაძრავდა.
- იმიტომ რომ მაგ კაცის ბაბუა, ციცინათელებს დასდევდა პაპიროსი მომიკიდეთო, ურიკინებდა მაგ საცოდავს და დაარტყავს მერე ჯიში აუცილებლად მის შთამომავლობას! ცოდვაში არ შეიძლება ფეხის ჩედგმა ჩემო ბატონო! – არ დაუსვა ბეჭედი ბებიამ.
- მაგას ჯობია ევლუმპი, ქიონიას ბიძაშვილის შვილი როა ირინე აბაშიძე, ის გავურიგოთ ვინმე კაი კაცს.
- ირინე როგორ? - იკითხა ევლუმპი მაჭავარიანმა, - ირინე ხომ ისეთი კაცის ქვრივია რომ...
- კი ბატონო, ქვრივია, - დაეთანხმა ბებია, - მაგრამ კაი კაცის ნახმარი ქალია და კაი კაცმა უნდა მეიყვანოს კიდო! - ეს “კაი კაცის ნახმარი”- ისე თქვა ბებიამ, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით რომ ქიონია აბაშიძე უცებ დაეთანხმა, ევლუმპიმ კი ხან ბებიას გახედა და ხან ქიონიას, მერე რომ დარწმუნდა, სიტყვა “კაი კაცის ნახმარის” ხმარება თამამად შეიძლებოდა, ერთი “პოლკი” სია დადო, კაი კაცის ნახმარი ქალების.
- მასპინძელო! მასპინძელო! - მოისმა სტუმრის ხმა და მე და ჩემი ბიძაშვილები სიხარულით გავცვივდით ჭიშკრისკენ. ასე “მასპინძელოს” მხოლოდ პოლიაქტორ ჭუჭუნაშვილი იძახდა, სხვა სტუმრები კი “მაინძელოს” ძახილით გვატყობინებდნენ მოსვლას. პოლიაქტორის სტუმრობა დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის, ვინაიდან ცხენით მოდიოდა და უარს არ გვეუბნებოდა მისი “რაშით” გასეირნებაზე ბავშვებს. პოლიაქტორის ცხენს, ერთი ბუნებრივი ნაკლი ჰქონდა, მარცხენა წინა ფეხი ჰქონდა შესამჩნევად მოკლე, ამ ნაკლის დასამალად, ცხენი სიარულის დროს მარცხენა ჩლიქის წვერს ადგამდა, მაგრამ მაინც მოკოჩილი დადიოდა.
პოლიაქტორი ბებიასთან, ქათმის ყოველ მოკრუხების დროს მოდიოდა და მიჰქონდა ბებიაჩემისგან შერჩეული, ბაგრატიონის მამლის ნაპეპლი კვერცხები. ეზოში შემოსული, პირველად ჩვენ გვეკითხებოდა: - ბებიათქვენს კვერცხები აქვს? – კი აქვს, კი აქვს. - მივახარებდით ბავშვები.
- ვინაა მოსული? - იკითხა მაჭავარიანის ქალმა.
- ერთი ჭუჭუნაშვილის კაცია, ვნახავ და მალე მოვალ. - თქვა ბებიამ.
- რაცხა ძაან შემეგეჩვია ქალბატონო მარიამ მაგ ჭუჭუნაშვილის კაცი და რა უნდა ნეტავ? - იხუმრა ევლუმპიმ.
– რა უნდა და.... ბაგრატიონის კვერცხები. -აუხსნა ბებიამ სტუმრის მოსვლის მიზანი. სანამ ბებია სახლიდან ჭიშკრამდე მივიდოდა,
მე და ჩემი ბიძაშვილი უკვე ვიჯექით პოლიაქტორის სამფეხა ცხენზე. რამდენიც არ უნდა გერტყა ცხენისთვის ხელი, ცხენი ადგილიდან არ იძვროდა და ამას ერქვა ცხენით გასეირნება ჩვენთვის.
ბებიამ პოლიაქტორი მარანში შეიყვანა და კვერცხებზე გადამჯდარ კრუხს ორი ცალი კვერცხი გამოუძრო, მერე შუქზე გახედა და პოლიაქტორს მიართვა.
– ა! ჩემო ბატონო, ორივე მამალია. - უთხრა ბებიამ.
- უღრმესი მადლობა! - თქვა პოლიაქტორმა, კვერცხები გამოართვა, ჯერ კვერცხებს აკოცა და მერე ბებიაჩემს ხელზე, მერე ბამბაში შეახვია და წინასწარ მოზადებულ, ჩაის შესანახ რკინის ყუთში ჩადო.
– რა მადლობა ბატონო, ისე არ წახვიდეთ რომ არ დაილოცოთ. - უთხრა პოლიაქტორს ბებიამ და ბოციდან ჭაჭის არაყი ჩამოასხმევინა ჩაის ჭიქაში.
– თქვენ ბევრ და ჩემ ორ ჯიშიან კვერცხს გაუმარჯოს! - დაილოცა პოლიაქტორმა და არაყი ჭიქიანად გადაყლურწა. მერე მარნიდან გამოსული ბებიას დაემშვიდობა და გახარებულ - გახურებული ცხენს მოახტა.
– აბა მიდი პოლიაქტორ! - შესძახა ჭუჭუნაშვილმა,( თურმე ცხენს ერქვა პოლიაქტორი) და მისი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად თავადის ქალთან, ეს ავადმყოფი ცხენი, ყალყზე შეაყენა. ცხენმა სიმწრისგან, ჭიხვინის მაგიერ კივილი მორთო და ძირს დაშვებული ისე ჩაერჭო მიწაში მარჯვენა საღი ფეხით რომ, კაი ხანი იწვალა მის ამოძრობაზე და მერე ისე მოკურცხლა, ოთხფეხა ცხენს შეშურდებოდა. დავიწვით ბავშვები ცხენის საცოდაობით. ჩემი პატარა ბიძაშვილი კი ბებიას კალთას ამოეფარა და ტირილით გასკდა.
– ვაი შე საცოდავო! - თქვა ბებიამ, არ ვიცი რომელზე, ცხენზე თუ მხედარზე.
– რა ქენი მარიამ ქალო, გაატანე ჭუჭუნაშვილს ბაგრატიონის კვერცხები? -შეეკითხა ქიონია აბაშიძე.
– კი გავატანე, თანაც მამლები.
- მერე რას უშვრება მამლებს? - დაინტერესდა ევლუმპიც.
- რას და მიუყვანს მის კრუხს, გამოაჩეკინებს და გაყიდის მერე ბაზარში ბაგრატიონის მამალს. - აუხსნა ბებიამ ჭუჭუნაშვილის საქმოსნობა.
– კი მარა, შენმა კრუხმა რომ გამოჩეკოს და მერე მისცე მამლები არ შეიძლება?
- რას ბჟუტურობ ევლუმპი შენ! - იუკადრისა ბებიამ.
- ჭუჭუნაშვილს გავატან მე გაზრდილ ბაგრატიონს?! ბაგრატიონის ჯიშის მამალს ყიდის ბაზარზე, ოღონდ გაუზრდელს! - აუხსნა ბებიამ.
- თუ მოლაპარაკებულები ხართ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე მიყავს გასაყიდად? ოდიშის თავადის ქალი კი ბრძანდებით და...... - იხუმრა აბაშიძის ქალმა. - ეკლესიის არ გეშინია? ხომ იცი აკრძალული როა ტყვეთა ვაჭრობა! ბებიამ სიცილი ვეღარ შეიკავა მაგრამ ევლუმპი კი გახდა მოსასულიერებელი.
– არ ვიცი საიდან მომაგნო მაგას გოულაყდეს მისი კვერცხები მარა, ისტორიულად კი არის გდაკიდებული ჭუჭუნაშვილი ბაგრატიონზე.
- ისტორიულად როგორ? - დაიტერესდა მოსულიერებული ევლუმპი.
- როგორ და ქართველებმა ერთი მაგარი სირცხვილი ჭამეს უწინ! - დაიწყო ბებიამ მოყოლა. - დედოფალს ეტყობა ჭუჭუნაშვილის კაცი მოეწონა და..... ტახტზე ვერ გაბედა და ვერ ავიდა მაგრამ, მართვით კი თითქმის ერთი წელი მართავდა ჭუჭუნაშვილი სამეფოს.
- მერე, მერე? – პირველად ისმენდნენ აბაშიძე და მაჭავარიანი ამ ისტორიას.
- მერე , მიხვდნენ ჩემო ბატონო თავადაზნაურობა რა სირცხვილში იყვნენ ჩავარდნილები და ქე მიაჭრეს იმ ჭუჭუნაშვილის კაცს კვერცხები! მის მერე დადის ჭუჭუნაშვილი და ეძებს ბაგრატიონის კვერცხებს! - გატრუნულები უსმენდნენ ბებიას მონაყოლს ორივე ქალბატონი.
- თუ გვარის წინა ოთხი ასო ა? – იკითხა მაჭავარიანმა ქირქილით ფიქრის შემდეგ.
- არა, თლად მასე არ გაწირავდნენ მაინც. – შეეცოდა ქიონია აბაშიძეს ჭუჭუნაშვილი.
- დაკოდეს, ჩემო ბატონო, დაკოდეს! - აუხსნა ბებიამ - უფრთხილდებოდნენ უწინ ჯიშს, ვინმე რომ არ შერეულიყო უჯიშო ბაგრატიონების ჯიშში!
კედელზე ჩამოკიდებულმა, ბიცოლაჩემის მზითვში მოტანილმა გირებიანმა გუგულის საათმა (ასე ეძახდა ბიცოლა), საიდანაც ყოველ ერთ საათში გაურკვეველი ჯიშის ჩიტი ხტებოდა ბუდიდან, თანაც იმ სიგრძეზე ხტებოდა რომ სულ მეგონა უკან ბუდეში ვეღარ შეხტებოდა, ”გუ-გუს” მაგიერ ”კუ-კუ” დაიძახა. ბებიამ საათს ახედა.
- რაღაც ჩემებს შეაგვიანდათ და ცოტა ვნერვიულობ.
- სად არიან წასულები მარიამ? – იკითხეს ქალბატონებმა.
-კაცო, ერთი ნათესავი მყავს, მისმა ბიჭმა როგორც იქნა დააყენა საშველი ცოლის მოყვანას და იმათთან არიან ქორწილში დაპატიჟებულები. რაღაც ჭირთ ნამდვილად ჩიქვანის კაცებს! ორმოც წელს თუ არ გადააცილეს ცოლი არ მოყავთ და უარის თქმა როგორ შეიძლებოდა.
ცოტა ხანში ეზოში ბიძაჩემის თეთრი “ვოლგა” შემოვიდა და იქედან შეზარხოშებული ბიძაჩემი, ბიცოლაჩემმა გადმოაბრძანა.
- თავადის ქალებს ჩემი მოკრძალებული სალამი! – თქვა ბიძიამ და სამივე ქალბატონს ხელზე ეამბორა. ყველაზე მეტად ევლუმპი მაჭავარიანს მოეწონა თავადის წოდების მინიჭება და ბიძიას შუბლზე აკოცა. – თქვენ გაგიმარჯოთ ქალბატონებო! – თქვა ბიძიამ და ვარდის ლიქიორი დალია.
- დედა, რა ქენით, როგორი დრო გაატარეთ სამურზაყანოში? – შეეკითხა ბებია. – აუ, არ თქვა დედა რაც მე იქ ვნახე...
- რა ნახე ნანა ამნაირი? – დაინტერესდა ბებია.
- დიდი უცნაური ხალხი ხართ დედა ეს მეგრელები!
- რატომ ვითომ?
- რატომ და პატარძლის მამა ყოფილა დედა ვაჭრობის სამმართველოს უფროსი და მის ქალიშვილს ათასხუთას კაციანი ქორწილი გადაუხადა
- ათასხუთას კაცს რა საჭმელი ეყოფოდა? – გაუკვირდა ევლუმპის.
- საჭმელ-სასმელი იყო ქალბატონო ევლუმპი იმდენი რომ მაგიდებს ბიჯგები ჰქონდათ და მუცლებს ბოძები.
- კი მაგრამ ათასხუთას კაციან სუფრას ვინ უთამადა ნეტავ? – გაოცებული იკითხა ქიონია აბაშიძემ,რომელსაც ის დევგმირი აინტერესებდა,ვისაც ათსხუთასი ქართველი სუფრასთან მოუსმენდა.
- ჰო და ახლა მოუსმინეთ რატომ არიან მეგრელები უცნაურები. თითო ას კაციან სუფრას ორი თამადა ხელმძღვანელობდა, ე. ი. სულ ოცდაათი თამადა და ამ თამადებს ყავდა კიდევ უფროსი თამადა, ფაღავას კაცი, კარგი თამადა კი იყო.
- მერე რა არის ამაში უცნაური დედა? ჩიქვანის კაცმა რომ მოიყვანა მისი გოგო გაუხარდა და მეიქაჩლა კაცმა თავი.
- რა არის უცნაური ქალბატონო მარიამ და ის არის რომ არ გინდოდა ამხელა სუფრის ხელმძღვანელობა? და ამისთვის უფროსი თამადა რომ არ შეწუხებულიყო “ზაპოროჟეცი” უყიდია სიმამრს, გადაუჭრია “კრიშა” მანქანისთვის, საჭესთან მძღოლი იჯდა, გვერდზე “სიდენია” ამოღებულ მანქანაში თამადა იდგა ფეხზე და მოადგილეებთან “ზაპოროჟეცით” მიდიოდა, უკანა “სიდენიაზე” კი განსხვავებული სასმისები ეწყო.
- შენ დედა ქორწილში იყავი თუ წითელ მოედანზე “პარადზე”? შეეკითხა ბებია.
- კი, მართალი ბრძანდებით ქალბატონო მარიამ, მარშალ რაკასოვსკივით დასეირნობდა მანქანაში ფეხზე ამდგარი თამადა სხვადასხვა ჯარის ნაწილებთან ანუ სუფრებთან და პატაკს იბარებდა – თქვა “პარადზე” ნამყოფმა ბიძაჩემმა. მეორე დღეს “საპოჟნიკ” გოგიას ჯიხურში, სადაც დიდი ბიჭები “სეკას” თამაშობდნენ, ხოლო შედარაბით პატარები სიგარეტ “კოლხეთის” მოწევას ვსწავლობდით ფილტვების გაშავებამდე და მერე დაფნის ფურცლებს ვღეჭავდით გულის არევამდე თამბაქოს სუნის გასაქრობად, ღვანიძეების ეზოდან მარო ღვანიძის ყვირილი და მისი ათი წლის ბიჭის კუწუნას კივილი შემოგვესმა. დიდი თუ პატარა ყველა ღვანიძეების ეზოში შევცვივდით.
- ნახეთ რა უქნა ჩემს კუწუნას, დაუგლეჯია მთლიანად მამალს ბავშვი! – ამდენი ხალხის დანახვაზე ყვირილს უმატა მარომ. როცა ზანგივით შავ კუწუნას მივუახლოვდით და დავხედეთ, ფეხებიდან, ხელებიდან და გასივებული ოთხკუთხედი თავიდანაც კი სისხლი მოსდიოდა. ეტყობა ნამეტანი გაუმწარებიათ ჩვენს მამალს და კუწუნას ერთმანეთი.
- ამას მარტო ტრუსიკი რომ არ სცმოდა და ტანსაცმლით ყოფილიყო, გადარჩებოდა ნამდვილად. – დაასკვნა გუსარი გოცირიძემ.
- თავზე “კასკაც” უნდა ხურებოდა! – ახლა გოგია “საპოჟნიკმა” თქვა ჭკვიანური სახით .
- არა გენაცვალე! – ჩაერია საუბარში ისტორიის მასწავლებელი თალიკო ღვანიძე. – ის პირსისხლიანი შაჰ-აბასიც კი არ ექცეოდა ასე ქართველებს, ეს ბაგრატიონების მამალი კი არა კანიბალია პირდაპირ.
- რა იბალიო? - იკითხა რუსეთის ჯარში ნამსახურებმა გოგია “საპოჟნიკმა”
- კანიო, კანიო! - უთხრეს ხმამაღლა დიდმა ბიჭებმა გოგიას, რომელმაც ეტყობა სიტყვა კანი ვერ გაიგონა.
– ხაერი მიეცით, ხაერი! კოპვაჭრობაა აქანა? - თქვა კოპვაჭრობის მაღაზიის გამგე-ნოქარმა ჭაჭიკო კამლაძემ, რომელიც თავზე ცილინდრის დახურვით ინტელიგენტობდა. კუწუნაზე შემოხვეული ბავშვები გვერდზე გაგვყარა და რიგგარეშე დახედა კუწუნას. მერე ძაღლივით აუ! აუ-ს! ძახილით მდგომარეობა დაამძიმა და ყველას გასაგონად გამოაცხადა:
- სასწრაფოდ ამბულატორიაში წავიყვანოთ, სანამ სისხლისგან არ დაიცალა. ცილინდრიანი ჭაჭიკოს ამ ბრძნულ გადაწყვეტილებას,ერთხმად დაეთანხმა კუწუნას მნახველთა საზოგადოება და გუსარი გოცირიძის უფროსების ველოსიპედზე, უკან შემოსმული სასწრაფო მანქანის სირენასავით მოყვირალი კუწუნა, თავის მნახველებიანათ გავქანდით ამბულატორიისკენ.
– აუცილებლად შრატი უნდა გავუკეთოთ! - დასვა დიაგნოზი პაშა ექთანმა, გამოკითხვისა და სხეულის მრავალმხრივი დათვალიერების შემდეგ. მერე ჭრილობები დაუმუშავა და შავი კუწუნა, ისე ლამაზად შეახვია თავიდან ფეხებამდე ბინტის პარალელურ ზოლებში რომ გოგია “საპოჟნიკმა” იკითხა: - ეს კუწუნაა თუ ზებრა! აუცილებლად შრატი უნდა გაკეთდეს! - გაიმეორა პაშა ექთანმა.
– მერე მამლის შრატი გაქვთ? - შეეკითხა გოგია “საპოჟნიკი.”
- მამლის არა, მაგრამ ცოფის საწინააღმდეგო კი გვაქვს. - აუხსნა ექთანმა.
- მაინც რამდენი ნემსი უნდა გაიკეთოს? - იკითხა ახლა ზებრას დედამ.
- ყოველ დღე თითო ნემსი ორმოცი დღის განმავლობაში მუცელში, გამოწერა რეცეპტი პაშა ექთანმა.
–აუჰ! რომ არ გაიკეთოს რა მოხდება? - შეეცოდა დედას ზებრა.
- ჰოო, - თქვა პაშა ექთანმა - ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა ამნაირი, მაგრამ ცოფის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, რადგან მამლის ნაკორტნია, შეიძლება ყივილი დაიწყოს და ჩვენ თავი უნდა დავიზღვიოთ მაინც.
– ე! ზუსტად მაგ საშინელმა ავანტყოფობამ, პაშამ რო თქვა, მაგან მოკლა ჩემი ქვისლი ბეგივით კაცი ოკრიბაში და ამ ანგელოზივით ბოვშს ხო არ გავწირავთ რაცხა ნემსის არ გაკეთებისთვის! - თქვა ჭაჭიკო კამლაძემ განუკურნებელ “ავანტყოფობასთან” დაკავშირებით. ავადმყოფობა “სიმპტომატიკამ” ისე შეაშინა მარო ღვანიძე რომ უცებ დაეთანხმა ნემსის გაკეთებას და შესაძლო შედეგს გადაარჩინა ვაჟიშვილი. პაშა ექთანმა შპრიცს იმხელა ხარდნის ხელა ნემსი წამოაცვა რომ ამის დამნახავმა კუწუნამ ისეთი ყვირილი ატეხა, ყველას გვეგონა, უკვე იწყებდა ყივილს.
- არ მინდა ნემსი, ვიყივლებ დედა! - უკვე ყიოდა კუწუნა.
– იყივლე! შენ მოუკვდი დედაშენს! - მიაწყევლა კუწუნა დედამისმა. - დილას მაინც ვერ დგები სკოლაში წასასვლელად და აწი მაინც დევისვენებ დილის ექვს საათზე რო წეეთრევი სკოლაში! - საღამოს კუწუნას მამა, სოფლის მექანიზატორი ჭვანტე ღვანიძე, ბებიასთან გადმოვიდა საჩივრით.
– ჭვანტე, ერთი აქეთ მობრძანდით! - დაუძახა ბებიამ ჭვანტეს და მარანთან მიიყვანა, სადაც კარების წინ დამტვრეული კვერცხები ეყარა, აქ დაუჭერია კვერცხიპარია კუწუნა ბაგრატს და იქვე აგორა ძირს.
– ა! ბატონო “ვეშდოკი” - ანახა ბებიამ ნივთმტკიცება ჭვანტეს, ჭვანტემ “ვეშდოკი” ვერ გაიგო მაგრამ დალეწილი კვერცხების შემხედვარემ, მაინც გაბედა და წაილუღლუღა: – რო დააბათ ე მამალი არ შეიძლება? - ამის გამგონე ბებია თვითონ დაემსგავსა მამალს.
– რას ბოდიალობ ჭვანტე შენ, გესმის? - ვის გაუგია ბაგრატიონის მამლის დაბმა! თუ გინდა ყვავ-ყორნებმა დაკორტნოს! ამ მამალს ყივილზე მზე ამოყავს, ზოგიერთი მამალივით კი არაა, რო ინათლებს და მერე რო ყივის, თანაც ბაგრატიონის მამალია და კვერცხებს მოაპარინებდა ბაგრატიონი ღვანიძეს? - ისე ამოჭვინტა ბებიამ ჭვანტეს რომ, ჭიშკრიდან გასულმა,
-ოხ მარო შენი..... ჩემი გამოგზანისთვის! - მიაკურთხა მეუღლეს.
მუცელში ხარდნის ნემსებ ნაკეთებმა გამწარებულმა კუწუნამ კი ჩვენ ჭიშკარზე გაკეთებულ გამაფრთხილებელ აბრას “ეზოში ავი მამალია” ნახშირით სიტყვა “ავის” მერე, “ცოფიანი” ჩაამატა.
ბოლოს ბებია, მე და ჩემმა მძღოლმა ალიკ პოღოსიანმა მაშინ ვნახეთ, როცა მსოფლიოს ”მმართველი მამები”კომუნისტებს გაურიგდნენ და ამ მზაკვრულ გარიგებას ყველასათვის უწყინარი სიტყვა "დემოკრატია" დაარქვეს. ჩვენ კი ქართველებმა, კომბოსტოში გაჩენილი უპატრონო ბავშვებივით, მართლა დავიჯერეთ რომ რუსთაველის პროსპექტზე მიტინგებით და “საქართველოს გაუმარ- ჯოს!”- ძახილით შევცვლიდით ჩვენი ქვეყნის მომავალს. გახარებულმა ჩემიანებმა ჭურის თავზე სუფრის გაწყობა დაიწყეს. ალიკამ, ბებიაჩემთან ერთად, ჯარისკაცივით მოსიარულე, უკვე მერამდენე ბაგრატ მამალი პირველად რომ დაინახა, გაოცება ვეღარ დამალა და...
- ეს რა “ გალანდსკი პეტუხივით” დადის ტო! – თქვა “გალანტნის” მაგიერ. ბებიამ ალიკას არაფერი არ უთხრა, სუფრასთან ჩამოჯდა და კიდევ ერთი ისტორიის მოყოლა დაიწყო ბაგრატიონის მამლის წინაპარზე. ერთხელ როდესაც ახალგაზრდა პეტრე დიდი ჰოლანდიაში გაემგზავრა გემმშენებლობის სასწავლებლად, თან წაიყვანა მისი ნახევარი ძმა ალექსანდრე ბატონიშვილი.
- მარია ბებო, მე რომ არ ვიცი ეგ ამბავი? – გავაჩერე ბებია.
- რა ვიცი ნანა, ასეთი უკადრებელი სიტყვა არ უთქვია არავის ბაგრატიონის მამალზე და... – თქვა ბებიამ და ალიკას გახედა.
- მერე, მერე, გააგრძელე ჩიქვანის ქალო, არც მე არ ვიცი! – მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა.
- მერე დედა, თვითონაც მუშაობდნენ ხელოსნებთან ერთად ფიზიკურად და დილით გამთენიისას გემსადგურის სახელოსნოში რომ არ დაგვიანებოდათ, ალექსანდრე ბატონიშვილმა ბაგრატიონების მამალი წაიყვანა.
- ნავსადგური ჰქვია ბებო იმ ადგილს. – გაუსწორე ბებიას.
- დედა, შვილო, ნავები სხვა სადგურში დგებიან და გემები სხვაში, მერე კიდევ პეტრე დიდი ნავმშენებლობის სასწავლებლად წავიდოდა ჰოლანდიაში? – ამიხსნა ადმირალ ნელსონ ჩიქოვანმა! – თურმე იმ დროს ძალიან ერთობოდნენ მამლების ჩხუბით. პეტრე დიდს ალექსანდრესთვის შეუთავაზებია ჩვენი მამალიც ვაჩხუბოთო.
- მერე ბებია იქ სპეციალურად ნავარჯიშები საბრძოლო მამლები გამოჰყავთ და... - შემეცოდა ქართველი მამალი თავის გასაჩეჩქვად.
- ჰო ბებია, მასე უთქვია ალექსანდრე ბატონიშვილსაც მაგრამ...
- ბაგრატიონს თუ ბრძოლის შეეშინდა აღარ ყოფილა საშველიო! – უთქვავს პეტრე დიდს. - ჰო და მთელი ჰოლანდია შეკრებილა ამ ბრძოლის საყურებლად. გამოუყვანიათ ჰოლანდიის ჩემპიონი, რომელსაც ორმოცდაათი მამალი მაინც ჰყოლია მოკლული ჩხუბში. ყველა ელოდებოდა ბებია ამხელა რუსეთის, იმპერეტორის მამალს როგორ მოკლავდა პატარა ჰოლანდიის მამალი. როდესაც მამლები საჩხუბარ მოედანზე შეუშვეს, ერთი კი დააპირა ჰოლანდიის ჩემპიონმა წინ გამოწევა მარა... შეხედა თუ არა მისი არწივის თვალებით ბაგრატიონის მამალმა, ის მამლის მკვლელი მამალი დედალივით ჩაცუცქულა.
- მერე, ბებია? – მოგვეცა იმედი ქართველი მამლის გულშემატკივრებს.
- მერე შვილო, ჩვეული სიდინჯით მიბრძანდა ბაგრატიონის მამალი და გვარიანად შემოაჯდა იმ ჩემპიონ მამალს უკნიდან და ისე დაპეპლა რომ გული წასვლია სახელოვან ჩემპიონს. ამის დამნახავ პეტრე დიდს შეწუხებამდე უხარხარია და “Ах ты, Голландский петух"” – ო უთქვამს მისი მამლის მაგიერ. ამის მომსმენებს ისეთი სიცილი აგვივარდა რომ ხელით ვაკავებდით ერთმანეთს. ჩვენი მერიქიფე კი კუწუნა ღვანიძე, დიდი თავი რომ არა, თავით ჩაგვივარდებოდა კრახუნა ღვინით სავსე თავმოხდილ ჭურში და რა ამოაბრუნებდა მერე იმას.
- “ზნაჩიტ” ის “პეტუხი” ყოფილა ბაბო ჯან და ეს? – იკითხა შეწუხებულმა ალიკამ.
- ეს, მამალი!! – აუხსნა წარბაწეულმა ბებიამ განსხვავება ალიკას. - მერე ბებია, ბაგრატიონის ჯიშის მამალი, გრაფ ორლოვს მოუმრავლებია და დღეს ორლოვის ჯიშს ეძახიან რუსეთში. ასეა დედა, ჯიშს გაფრთხილება უნდა და მოვლა, მერე კიდევ აღზრდა უნდა, თუ ჯიში გიწყობს ხელს! თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაგრატიონები მარტო გვარით კი არ იყვნენ, არამედ აღზრდით იყვნენ ბაგრატიონები! ის ბაგრატიონების გვირგვინი, დავით აღმაშენებელი ვერ იქნებოდა დედა ისეთი დავითი, ჭყონდიდელი რომ არ ჰყოლოდა. მამა ისაა ვინც ზრდის და არა ის ვინც აჩენს. ქართველებმა დედა, ჩვენი ხელით მოვკალით მამა, რომელიც გვზრდიდა და გზას გვასწავლიდა, მის მერე ვერ გავერკვიეთ საით უნდა ვიაროთ. აწი მაინც რომ არ აგერიოთ გზა და "ზეგარდმოითა განგებულებით დადგინებული და სამეფოითა მირონით ცხებული" ბაგრატიონის მოსვლამდე, მისი სამართი ქვეყანა ჭუჭუნაშვილმა რომ არ მართოს, ჯერ მმართველის ჯიში მეიკითხეთ დედა და მერე მთავრობაში მოსასვლელ კვერცხებს, შუქზე გახედეთ კარგად ლაყე რომ არ გაგეპაროთ! თუ არა და... კი შეგრჩებათ ბებიაჩემის კვერცხები!
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ბებიაჩემის ნათქვამი აგვიხდა და მართლაც შეგვრჩა....! ანუ არაფერი!
პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი 2002წელი

??????