ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * მე კარგად მახსოვს 

მე კარგად მახსოვს, 
ყველაფერი მოხდა თანდათან,
პირველმა ჭიქამ შარშანდელი ეჭვი გაფანტა,
მეორემ-მტერთან შემარიგა,
ხოლო მესამე ჭიქით 
 მტკივნეულ მოგონებებს გამოვესალმე,
მეხუთემ ჩემი საიდუმლო გაიზიარა
და შეუმჩნევლად მომიშუშა ძველი იარა,
მეშვიდემ სევდა დამავიწყა გუშინწინელი,
ფერები გათბა, მოერია წითელს წითელი,
საგნები ნელა გამომჟღავნდნენ ნეგატივივით
მერვემ დააცხრო გუშინდელი გულისტკივილი.
მეცხრემ ეჭვების უმნიშვნელო კვალიც წაშალა,
გადაეფარა კენჭებივით გამორიყულებს,
ახლა სარკეში შევცქერი და ვხედავ აშკარად
სარკიდან ჩემზე ბედნიერი კაცი მიყურებს!

1969

??????