შემოქმედელი დავით
გაზიარება

გახსოვს ის ღამე... 

*** 
გახსოვს ის ღამე, 
როცა მეუღლეს 
პეტეფის ლექსებს უკითხავდი, 
სასთუმალი რომ შეიცვალა 
და ძილი დააპირა, 
შენ ადექი, 
ქალიშვილობის კაბა ჩაიცვი, 
ხელიდან ბეჭედი წაიძრე 
და ატირდი. 
თან ისეთი მინდორი მოინატრე, 
სადაც გვირილების ტყეა 
და არც ერთი სარეველა არაა... 
ახლა კი... ისევ ბუზღუნებ შენთვის 
და ჩაფრენილი დილის სარეცხს 
და ათას წვრილმანს, 
ვეღარც კი ამჩნევ – 
აქლემივით მძიმე და ზანტი 
გიახლოვდება საღამოს ჩრდილი. 

* * * 
უთხარი ქარს, რომ 
ის მხოლოდ ქარია 
და სხვა არაფერი და სულ ტყუილად 
აწუხებენ პოეტები. 
სტრიქონებში ჩამწყვდეულს 
აღარც კი ახსოვს, 
რომ ის წარმომავლობით 
მეტეოროლოგიური მოვლენაა. 
უთხარი ქალწულს, 
სარკის წინ რომ ზის 
და ლარნაკში სევდიანი იები უწყვია, 
რომ წარმომავლობით 
ის და მახინჯი, დორბლიანი მიზანთროპი 
ერთნი არიან. 
უთხარი, მსწრაფლლპობადია – თქო 
ამქვეყნიურობა, 
სარკის წინ დაუჩოქე 
და უთხარი. 

* * * 
ჩემი სახლის წინ 
მურას გადარბენაზე 
დაფეთებულო ბოჩოლავ, 
შენ გეკითხები: 
რომელი უფრო საცოდავი ხართ? 
შენ, რომელიც ერთადერთი 
და გამძლე თოკით 
მიბარებულხარ 
ვეება თხმელას, 
თუ ჩემი ეზოს მწვანე ბალახი, 
შენ რომ წიწკნი შეუბრალებლად. 

*** 
ნუ გეგონება, რომ 
იქ, სადაც შენ ამოიყარე, 
მარტო ველის ია ცხოვრობს, 
ან ცივი, ჩქაფანა წყარო, 
სიპ ქვებს რომ ეგლისება - 
რადგან იმ უანკარეს 
ცივ რუშიც, 
შენ რომ ასე გეამაყება, 
ზოგჯერ ღორი ჩადებს დინგს 
და ისეთი მღვრიეა, 
როგორც წყალდიდობისას - 
ნილოსი. 
ასე, რომ ნუ გეგონება – 
იქ, სადაც შენ ამოიყარე, 
მარტო ველის ია ცხოვრობს...

??????