ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

სახლს აშენებს პოეტი ექსკლიუზივი

სახლს აშენებს პოეტი,
ცას შეჰყურებს პოეტი,
ელოდება დარებს და საიმედო ამინდებს,
და ჰგონია, შეღობაბს
წელსვე ღობე-ღორეთი,
წელსვე გადახურავს და
წელსვე მოაკრამიტებს.
სახლს აშენებს პოეტი,
გზას ამოკლებს რიყემდე,
ზან აგური აკლდება,
ხან ქვიშაა ზედმეტი...
ეგ რა შენი საქმეა,
შენს მაგიდას მიხედე,
არც აგური სჭირდება,
არც ქვიშა და ცემენტი.
ფრთხილად!
ხარაჩოებზე
ბევრი გადაიჩეხა,
ფეხაკრეფით იარე,
ვიდრე კარგად დაცხრები,
შენ არც ეიფელი ხარ, 
შენ არც არსაკიძე ხარ,
ღრუბლის პედესტალებზე
დგანან შენი ტაძრები...
ეღიმება პოეტს და
თავის საქმეს აკეთებს,
მე კი ისევ ვაფრთხილებ:
ცეცხლს ნუ ეთამაშები!
შენ ქაღალდებს მიხედე,
შენს დაბზარულ ფრაგმენტებს, -
არც ამინდი სჭირდება,
არც ფული და მუშები...
ის კი უკვე ათეთრებს 
ეფემერულ ოთახებს,
სხლავს და წამლავს აბსტრაქტულ
ვენახს ტალავერიანს...
არქიტექტორს ურეკავს
და თბილისში უთანხმებს
ინვერსიულ აივნის
მეთერთმეტე ვარიანტს.
მაგრამ წვიმს და ჭალაში
კვნესის ბიჭო-გოგია,
მოდერნისტულ ალიზში
ჩამალულან ველები,
ტიკტიკებს და ტიკტიკებს
წვიმის ტავტოლოგია
და ეზოში ქვა-ღორღი
ყრია, როგორც ვერლიბრი.
მალე წვიმა შეწყდება,
ზეცა გადაიხსნება
და მზე დაემსგავსება
გამარჯვებულ დეტექტივს,
მზეზე გმომჟღავნდება
ბუხრის არქაიზმები,
სხვენის ალეგორია
და ქვევრების ქვეტექსტი...
იღმება პოეტი,
პროზაულად აცვია,
უღიმიან ფანჯრები, 
როგორც საგუშაგონი,
აყურადებს,
არ მოსწონს
ხერხის ინტონაცია,
შალაშინი რეფრენი
და ნაჯახის ჟარგონი.
კიბის თოთხმეტმარცვლოვან
სტრიქონებზე გამოდის,
ღბის მაღალ ცენზურას
ორაზროვნად გაჰყურებს
და სურს
ფამილარული
ტონით გაეკამათოს
გასარითმავ ჩარჩოებს
და გარითმულ აგურებს.
ძმაკაცივით ამხნევებს
ზეცა გადაწმენდილი,
ჯვარედინი კაკლები 
ტყიდან შემოირიგა,
უზიარებს თავხეზე 
ლურსმნის მრავლაწერტილი
არეკლილი სხივების 
ლირიზმსა და ლირიკას.
გულდახლილად სუბრობს,
არ აწუხებს ეზოპეს,
შეიჩვია ნერგებიც
მეტისმეტი ფერებით,
დისონანსი შემოაქვს
ეპიკურელ მეზობელს,
მოაქვს ხაჭაპურების
ცხელი მეტაფორები.
მოძღვარს ხუროთმოძღვარი
დედასა და ქალიშვილს,
ჭკუაშიაც უჯდება
რჩევა თითო-ოროლა,
ანაწილებს, არ ჰყოფნის,
ზუსტად ვერ ანგარიშობს
მოკითხვამდე გაგზავნილ
უკანასკნელ ჰონორარს.
იწურება აგვისტო
უხავერდოვანესი
ქაფჩისა და ჩაქუჩის
ნაცნობ მელოდიაში,
კუკლასავით ჩამჯდარა
თეთრი სახლი მწვანეში
(უყვარს ეს შედარება
ბატონ სერგო კლდიაშვილს)...
ჯერ სადა ხარ?! კაცურად
ჯერ არ დაგიჯვნესია,
მაგრამ მალე ზამთარიც
მოგადგება კარებზე,
ჯერ ეს თეთრი სასახლე
მხოლოდ თეთრი ლექსია,
მოდექი და გაისად
გალესე და გალექსე.
ერთი გაირაკლება
გინდა საგაისოდაც,
ღირს ამ მთებში ოცნება,
მიწა ღირს და ზეცა ღირს,
ფული რომანტიკული
ყვავილია, იცოდე,
როგორც ჩვენი ბებერი
ფალავანი ეძახის.
მე ჯერ შევისვენებდი,
კარგად გავაბოლებდი,
მოვუსმენდი: წყაროზე
კოკა როგორ ივსება...
კარგად ამბობს პოეტი,
თანაც ქალი პოეტი:
„ვინც სახლს არ ააშენებს,
მიწას ვერ ეღირსება!..“
შეისვენე, შეისვი
მხრებზე ლექსის ჭნკა და
გამხნევებად ჩათვალე
თანხმოვანთა დასტური,
დააყენე დარაჯად
სიმბოლისტურ ჭიშკართან
რომანტიკულ ღამეში -
მთვარე რეალისტური...
P.S.
გამიგრძელდა სიტყვა და
საუბარი გულლღია,
საყვედურებს მოველი
ცნობილ მედაფდაფეთა,
თუმცა ვახტანგ ჭელიძეს
წარბიც არ შეუხრია,
ჩაიკითხა ჩუმად და,
როგორც ხედავ, ადბეჭდა.
1977

??????