სვანიძე ბაკურ
გაზიარება

ახდება 

წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით...
უხდებათ... ცრემლები კუბოსთან ყვავილებს...
უკან აკრეფილი თმებით – გასაშლელით
გიხდება... როდესაც შენ ტირილს აპირებ...
.
იცი? - ეს სიზმარი ჯერ არ ამხდენია,
თითზე შემრჩენია ფეფრფლი სიგარეტის...
გარეთ დაქანცული იდგა გამთენია
შუბლზე მიბჯენილი ნამგალა მთვარეთი
.
მგონი გაიხსენე შენ უკვე ის დრო და
სიცხით გათანგულის ჩახსნილი საკინძე...
გულაღმა ვეგდე და არავინ მინდოდა
შენ კი დაბზარული გული დამაფიცე
.
რომ არ დავხუჭავდი თვალებს არგახელით
არ შეგატოვებდი დროს განმარტოებით...
შენ რომ არ ჩაგეცვა შავი ტანსაცმელი -
მე დავრჩი... და შენ კი წახვედი... დროებით...
.
მძევლად დაუტოვე სახეს განშორება
როგორც გაფითრებულ გვამების ვიზაჟი...
იცი? – სიყვარულიც მალე აშმორდება
თუკი არ გაყინე... ან ჩადე მიწაში!
.
წუხელ კი... კუბო იდო ოთხად მოკეცილი
და მასში ხელები მეცნო გაცილებით...
თითებიც ვიცანი გულთან მოკრეფილი
ნერვიულობისგან დაჭმული ფრჩხილებით
.
ასე ნერვიული მქონდა დაბადებაც
ისე მიტაცებდა გზა მოუსვენარი...
უკვე აღარ მინდა წარსულს გადავხედო
ჩემს თავს შევხედო და ვთქვა – ცოტა ვერ არი!
.
დაბადებიდანვე დარდი გამჩენია –
მომყოლი იყო და არაფრით მომცილდა...
მერე სიყვარულის ბუშტი გამსკდენია
და ყველა მიყვარდა ვისაც კი ვკოცნიდი
.
წუხელ კი... ვიცანი დაჭმული ფრჩხილები
გულიც, დანაბზარი და დანაფიცარი...
თვალში სიმყუდროვედ ახლაც მეჩხირება
ოთხად მოკეცილი ოთხივე ფიცარი...
.
ქვითინით მოჰქონდათ დარდი გასაცვლელი -
წრეზე მოდიოდნენ კაცები... ქალები...
იცი? – გიხდებოდა შავი ტანსაცმელი...
ვიცი – მიხდებოდა მე გარდაცვალება...
.
კიდევ გიხდებოდა ღაწვი ნაწვიმარი
და პანაშვიდები მას ვნებით კოცნიდნენ...
მინდოდა ვინმესთვის მეთქვა სამძიმარი
ვდარდობდი დარდების გადახდილ ქორწილზე...
.
ვბერდები, ანდა თავს ვიბერებ ნამეტარს
რომ ხელი იმ დროებს არავინ არ ახლოს!
მე აღარ მჭირდება ის თეთრი კარეტა,
ვერც ბედნიერებას ამოვთხრი დამარხულს...
.
იცი? - განშორება ამის ჩამდენია...
ზურგით მოვტრიალდი... პირდაპირ წავედი...
უკან თავმოკლული ეგდო გამთენია
შუბლში გარჭობილი ნამგალა მთვარეთი

2008

??????