ლიპარტია სოსო
გაზიარება

წერილი დედას ექსკლიუზივი

არ შემავედრეს ქალწულ მარიამს,
ნაგოლგოთარი კრავის წინაშე,
შენმა მკლავებმა.
ნასახლარია
ჩემი სხეული.
ყოფნის მირაჟი
მე მომისაჯე, როგორც არყოფნა,
როგორც სიბრმავე და სიეულე,
ვიდრე ჩვენს სხეულს სივრცე გაჰყოფდა,
ვიდრე მომკლავდა არაღვთიური,
შენი თვალების დაშნა - სიცივე
და უგულობაც, როგორც ასეთი -
- მე განვიცადე და გავიცინე
სიმწრისგან...
შენთვის...
უხმოდ წავედი
შენგან...
ყველასგან...
და ასე ვივლი
ბილიკზე, სადაც სიზმრებს დავათრევ
და ვუსმენ წმინდა ქალწულის ტირილს,
როდესაც ცრემლით ნაწერ ბარათებს
გიგზავნი...
დედა, რისთვის მომკალი?
რა დაგიშავე ჯერ არშობილმა?
დე, ქოფაკები ღამეს ლოკავენ
(სიყვარულისგან უარყოფილო!),
რომ შენი გული, როგორც ნადავლი,
გაიტაცონ და დახრან ძვლებივით
და თუ ცრემლებით არ განიბანე,
ვინ იცის - სულსაც გადასწვდებიან
და წაგიღებენ მუნჯი კივილით...
თუმცა, სატირლად ისიც გეყოფა,
რომ მზის ბილიკზე, როგორც სიკვდილი,
მე, შენი ლანდი გადამეღობა...
სექტემბერია.
მე, ვხედავ სიზმრებს.
მივყვები ბილიკს.
მივდივარ ქარში
და ვხვდები: მე ვარ ტანჯვის მიზეზი -
- გულმკვდარი დედის ობოლი ბავშვი.

??????