პაპიძე ნათია
გაზიარება

გაქცევა 

ჩამოდგი ფეხი მატარებლიდან.
ჩემოდნით ხელში.
ვაგონებიდან გადმოსხმული
ოთხკუთხედი შუქ–ნათებები
გამორევია ღამის ბლანტ საფარს.
უძრავად დგახარ.
უცაბედად გაგექცა ლანდი.
დამოგზაურობს ნელად მავალი
ელმავალის
შუქიდან–ჩრდილში,
ჩრდილიდან–შუქში.

ლიანდაგებით,
სამი დე (3D) სივრცის
განზომილებანაკლული კიბით
შეუდგები შენთვის უცნობ გზას.
ხის ძელაკიდან – ხის ძელამდე,
საფეხურიდან საფეხურამდე
ადგამ ნაბიჯებს.
ისე ამაღლდი,
ვეღარ აწვდენ ხელს მოაჯირებს
ლიანდაგებზე, სამი დე (3D) სივრცის
განზომილებანაკლულ კიბეზე.

ჭინჭრებითა და მაყვალის ბუჩქით
ფეხშეუვალი,
ჩამოშლილი სადგურის სულებს–
თვალანთებულებს,
მომკივანებს –
აუვლი გვერდს
და გუბენაყლაპ ბილიკზე გახვალ.
სამთაღოვანი ხიდიდან ხედავ
ნემსიყლაპია როგორ ეხება
კუდით ტბორის წყალს;
ზედაპირზე კი წვრილ წრეებს ხაზავს.
იმ წრეწირებში შენი სახე ჩანს –
ხან ორად...სამად ...–ხანაც, ათასად.
მიდის გზა.
მიდის.
მიიკვეცავს მინდვრის ბოლოებს.
არ აბოლოებს ქალაქიდან გამოქცეული,
ლტოლვილის ბრძოლას გუშინდელ დღესთან.
ძირებგამოჩრილ, ფესვგაფშეკილ,
შენ დგახარ ხესთან,
თავდაღმა რომ ჰგავს დაკიდებულს–
თითქოს და განგებ, ვარჯით, ტოტებით
ჩაგრეხილს და ჩაზრდილს მიწაში
თავის წინაშე შეჩერებული თოკ–ყულფიანი
თვითმკვლელების გასაწბილებლად.

მიდის გზა. მიდის. მიუყვები.
მიწისქვეშეთის ბრმა ქვემძრომების
აელვებული მოგყვება თვალი.

ფოთლებში შუქი თამაშობს მკრთალი .
ამოიხედე. დაინახე.
ფიცრული სახლის აივანზე
ქარ–ქარბორია ფარანს აქანებს.
ანთია მგზავრის არილ – შუქურა.
შენ უკვე აქ ხარ.
გამოუძებნე სულს საბუდარი.
სახლი აქ არი.
სახლი...აქ არი.
სახლი – აქ არი.
შენ ... უკვე ...აქ ხარ –
ხარ _ სამუდამოდ.

??????