პაპიძე ნათია
გაზიარება

ეშმა 

კარი ზურგსუკან მოუხურეს.
კამათლებისგან გაკეთებული ქალამნები ჩააცვეს, ბანქოს ქაღალდისგან შეკერილი მოსასხამი მოაცვეს :
“_არც ამის ღირსი ხარ, შე უუნარო და უქნარავ, უბრალოდ, მაინც, ჩვენი ოჯახიდან გადიხარ და სხვანაირად არ უნდა გამოიყურებოდეო“.
სანამ კარისკენ მიუთითებდნენ, მათი საცხოვრისის ახლოს რომ ცეცხლოვანი გოგირდის პატარა ნაკადულია, იმის თავზე შეიყარნენ გამოცდილი და ჭკვიანი, პატივსაცემი და მრავლისმქმნელი და მრავლისმომსწრე მისი მოდგმის წარმომადგენლები. იმსჯელეს და დაადგინეს:
„–გვარცხვენს. არაფერს აკეთებს. იქ ზევით, ერთი კაციც არ მოიძებნება - ამას ერთხელ მაინც რომ შეეცდინოს. ან რისთვის ვარჩინოთ, ან რისთვის ვუთმინოთ. სიკეთე და მოთმინება რომ ვიცოდეთ - ამ ცეცხლოვანი გოგირდის ნაკადულებთან კი არ ვისხდებოდით – თეთრ ღრუბლებში მიგვიჩენდნენ ადგილსო“.
უსმინა, მაგრამ სადარდებელი არ მოჰმატებია ამ გაუთავებელი ლანძღვის ობიექტს. უბრალოდ, ჩუმად დგომით და იძულებითი დარცხვენით დაიღალა და ცოტა მოიწყინა. ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდნენ მის „გასამართლებას“, ამიტომ, რაც უფრო ლაკონური და თუნდაც, მკაცრი და შეუბრალებელი იყო მორიგი გამომსვლელის სიტყვა, მით მეტად მადლიერი იყო მისი.

* * *
წამოსვლისას ცოტა სევდა შემოაწვა. იცის, არსად არის ისეთი გარემო, როგორც აქ, მის სამშობლოში. აბა, სად არის ასეთი მოჩუხჩუხე ვულკანები?! ამგვარი შეუდარებელი სიცხე და სუნი სად შეგხვდება, კიდევ?!
კი,ნამდვილად შემოაწვა სევდა, მაგრამ ახლა რაღას იზამს?!
წავა, ზესკნელს მაინც ნახავს.
ადამიანებთან ახლოს არასდროს მისულა. არ აინტერესებდა და კიდევ უფრო მეტად – არ ანაღვლებდა.
ჰო, წავა, ნახავს...რა იცის, რაში გამოადგეს!


* * *
კარგა თხუთმეტი წუთი სტკიოდა თვალები. ვერა და ვერ უსწორებდა მზერას ამ საშინელ სინათლეს. რამდენჯერაც სცადა თავის ამოყოფა ამოსასვლელიდან, იმდენჯერ ბრუნდებოდა მშობლიურ სიბნელეში.
შეკრთა ცოტა.
მერე, კიდევ უფრო მეტად შეეშინდა და პირველად გაუჯავრდა საკუთარ თავს: “რა ჯანდაბად გადავყევი გართობას და უსაქმურობას. გამენძრია ხელი, მემუშავა როგორც წესია და არ ჩავვარდებოდი ამ დღეში. აღარ მოვწყდებოდი ოჯახს და სამშობლოს. დღეში ერთი–ორი კაცისთვის რომ ამერია თავ–გზა და სხვა ორისთვის ცდუნებების კორიანტელი მიმეყარა, ახლა ვიქნებოდი ბედნიერად და ამ საშინელი დედამიწის რელიეფური ხედები არ გამიხეთქავდა გულსო.“– ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილებით თვალებზე ბანქოს ქაღალდისგან შეკერილი მოსასხამი აიფარა და ამოსასვლელიდან ააბიჯა.

* * *
რამდენი იბორიალა სანამ ამ ქალაქში მოაღწევდა, ვინ იცის. დაიღალა... ერთი კია – სინათლეს ნელ–ნელა შეეჩვია. ოდნავ, სუუულ ოდნავ მოუშინაურდა დედამიწას, ნუ, ყოველ შემთხვევაში, გალიიდან გამოქცეულ ველურს აღარ ჰგავს მანერებით.
ჩამოუყვება ახლა მთავარ ქუჩას და გადაწყვეტს დარჩეს აქ, თუ სხვა ადგილის ძებნა განაგრძოს.
ეს პირველი ქალაქია მისთვის. ხმაურიანი. მოზუზუნე. ოთხ ბორბალზე შემდგარი რკინის ცხოველები დარბიან ღმუილით წინ და უკან. აგერ, გრძელი რკინის წითელი ჭია მოდის, ღრიალებს, ყურებით ცაზეა მიბმული და ნაპერწკლებს ყრის.
ადამიანების ნაკადმა გამოქვაბულში შეიყვანა...რას ხედავს?! მოძრავი კიბით მიწაში ჩადიან და მოძრავი კიბითვე ამოდიან ზევით. რაც სახლიდან წამოვიდა _ ასე არაფერი გახარებია. ჩავა ქვევით და მშობლიურ ხვატს მონატრებული დატკბება ერთხანს სიცხით. მოძრავი კიბე ქვედა ბაქანს უახლოვდება – აი, ასეეეე!!!
მაგრამ... სადაა სიცხე?!
ისეთი სიგრილეა, შეიძლება ჟანგბადის მეტისმეტმა დოზამ გონების დაბინდვაც კი გამოიწვიოს (ისე, რა უცნაურია, ადამიანებზე პირიქით, სიცხით გამოწვეული ჟანგბადის უკმარისობა მოქმედებს უარყოფითად).
ამორბის ისეთი სისწრაფით, რომ მოძრავ კიბეს უსწრებს.
უკვე ქუჩაშია და თავზე მოსასხამწაფარებული, გულამომჯდარი, შეშინებული, დათრგუნული, ბუჩქებში ზის გაუნძრევლად დაბინდებამდე. თვალებსაც მაგრად ხუჭავს და ყურები ხელებით ისე აქვს დაცობილი, რომ საკუთარი გულისცემის მეტი აღარაფერი ესმის. ცრემლები ახჩობს, ისე ენატრება სახლი.
თვალებთან რაღაც ინთება... ინთება და ქრება... ინთება და ქრება...
ცალ თვალს ახელს მხოლოდ. გაგლესილი ფერადი შუქი ნელ–ნელა იღებს მკვეთრ კონტურებს. გაოგნებული დაჰყურებს ქალამნებს. კიიი,კამათელია, ნამდვილად კამათელი აქვს შესასვლელში მიმაგრებული იმ შენობას. აგერ ბანქოს სხვა და სხვა ქაღალდიც მიუხატავთ და ფერადი ნათურებით გაუფორმებიათ.

* * *

აღარც ახსოვს როგორ გადაჭრა ამხელა ქუჩა ისე, რომ რკინის ცხოველების ლუკმად არ იქცა :
“–უთუოდ ვნახავ, ჩემიანებს ვნახავ. აქ იქნებიან, არ შეიძლება ამხელა დამთხვევა იყოს, კამათელი, ბანქოს ქაღალდი – ქალამნები, მოსასხამი.... უთუოდ ვნახავ, ჩემიანებს ვნახავ...“ და დარბაზში შევიდა ...
ოთხკუთხედი სათამაშო აპარატები, მრგვალი საბზრიალო მოწყობილობები, მაგიდასთან ბანქოს დასტები და კამათლები... ხმაური, ზუზუნი, ჩხუბიც კი... ერთი–ორჯერ უწმაწური სიტყვაც მოესმა . ყველაფერი საოცრად და მიმზიდველად ბზინავს, ფიქრს და თვალს გტაცებს და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან მისი თანამოძმეები დგანან!
„-ვააააააააშაააააააააა!!! ვაშაააააა!!!! რა ბედნიერებაა! ‘’- გაექანა ერთისკენ, ეხვევა, კოცნის, ისევ ეხვევა... ელაპარაკება –
იმას უკვირს: – Do you speak Bashmantian?-ო,– ეკითხება. ხვდება რომ ვისაც ეხვევა–ის ბაშმანტების ტომის წარმომადგენელია და მისი საუბრიდან ვერა გაიგო რა, მაგრამ უხარია, გოგირდის ალით აქვს სავსე გული სიხარულისგან. მერე სხვასთან მიდის, კიდევ სხვასთან, ყველას ეხვევა – ყველას უკვირს.
აღმოაჩინა რომ აქ იყვნენ ბაშმანტების, მურკების, წითელფეხებათა, გოგირდთვალებიანების და კიდევ სხვა, ნაკლებწარმატებულ ტომთა წარმომადგენლები.
„–რა მნიშვნელობა აქვს სადაურები არიან, რქები ხომ აქვთ და კუდი ხომ აბიათ საკუდეზეო!“– სიხარულის კურცხლებს ჰყრიდა და წინ–წინ მიიწევდა. უცხოტომელებმა საქმიანობას დროებით ანებეს თავი და აქეთ – იქიდან დროდადრო ადამიანების გახარებული შეძახილებით და ცეკვა–თამაშით თუ მოეგებოდნენ გონს, თორემ დაწესებულების მეპატრონეს მომგებიანი ბიზნეს–დღე არ ელოდა...
ამას ვის ხედავს მისი თვალები! ათასგვარი კერძით და სასმელით გადატვირთულ მაგიდასთან თავისი ბავშვობის პუტკუნა მეგობარი არ დგას?! ამას გადაიტანს, ახლა, მისი განცდებით გადაღლილი გული?! ხელგაშლილი გარბის და პუტკუნა სანამ თვალს შეასწრებს ვინ მორბის, ის უკვე კისერზე ჰკიდია .
„–აქ შენ საიდანო?!“– ცოტა არ იყოს, ასეთმა ცივმა შეხვედრამ გააოცა. პუტკუნა თვალებს აქეთ–იქით აცეცებს და რაკიღა რწმუნდება, არავინ გვითვალთვალებს და განკვეთილთან დიალოგი ჩემს კარიერულ წინსვლას ვერაფრით შეუშლის ხელსო, გაუღიმა კიდეც.
როგორ უნდოდა ყველაფერი ეამბნა, ყველაფერი დაწვრილებით მოეთხრო - რაც თავს გადახდა, მაგრამ პუტკუნამ უთხრა:
“–ვმუშაობ ახლა, ჩემი მოცდენა არ შეიძლებაო. შენ იოლი გგონია დღევანდელ დღეს კარგი სამსახურის შოვნაო? იმათ რომ უყურებ, სათამაშო აპარატებთან რომ დგანან და ცდილობენ ხალხი შეიტყუონ თამაშში, ყველა მე შემომნატრის, ძღომის ცდუნების უმცროს ლეიტენანტს_დაწინაურების პერსპექტივითო. ძღომაში რომ შეაცდინო კაცი დიდ ენერგიას და შრომას არ მოითხოვს და ხელფასითაც უკმაყოფილო არ ვარო... მერე, მხოლოდ ნატვრას რომ არ დასჯერდებიან –იცი შენ, ერთი პატარა თუ ჩლიქი წამცდა სადმე, ერთმანეთს გაასწრებენ სადაც საჭიროა იქ – ამბის მისატანად... თუ ძმა ხარ, ნუ დამღუპავ ახლა, ცოლ–შვილს მშიერს ნუ დამიტოვებ. არ მცალია, მაგრამ, მაინც გეტყვი აგერ, ძველი მეგობრობის ხათრით, ცოტა შენც გაინძერი, შეუჩნდი ვინმეს...შეაცდინე, დაღუპე... ხომ იცი ჩვენში სამოთხეში როგორც ხვდებიან?! ცხრა კაცი მაინც უნდა გყავდეს ისე დაქცეული, რომ ჯოჯოხეთის იქეთ არსად მიესვლელებოდეს, ასე ჩვენს სამშობლოს საუკუნო მსახურებსაც შეჰმატებ და შენც შესაბამისი პატივი დაგედებაო.“

* * *
„–არ მინდა და არ დავღუპავ. კი არ მეზარება, მეცოდებიან.
გამოვცადე ბიძია მე რა საშინელია ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არ ხარ შეჩვეული.
მე იმაზე ვოცნებობ – მშობლიური მოწამლული ჰაერი ჩამასუნთქა ერთი და ისე მომკლაო. მე მიყვარს ის ჰაერი თუარა, აბა, კაცს ჩაასუნთქე. ისე დაიგრიხება, რავარც მე იმ გრილ გამოქვაბულში ვიგრიხებოდი.
მერე, სადაური წესია რომ მიდიხარ და იმონებ. იმას თავისი უფალი ხომ ჰყავს და ის არ იმონებს. შენ ვინ ხარ, ვინ გკითხავს...
თან რა სამუშაოები, რა რეორგანიზაციები ტარდება ამ მიმართულებით, რა პროექტებს ამზადებენ და არიან განსჯაში. რამდენ რესურსს ხარჯავენ, ცოტანი ვართ ახლა ჩვენ – სულ ადამიანების ხარჯზე სულადობის ზრდაზე რომ ლაპარაკობენ?! გეგმის შესრულება, გეგმის გადაჭარბებით შესრულება, მოწინავე შემცდენელ– დამღუპველი, ცოდვათა კომიტეტის საპატიო წევრი, დამსახურებული მეგუდრონე, ადამიანის სულთა მოსპობის საკითხში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „შაითან“ პრემიის ლაურეატი... გადაუშენდათ პატრონი! დაეტიონ მის ტყავში და ყველამ მის კუდს მოუაროს... “– ცოდვა გამხელილი სჯობს და ცოტა არ იყოს, რისხვის ელფერი დაჰკრავდა მის ნაფიქრალს.

მიუყვებოდა მთავარ ქუჩას. კი სციოდა მშობლიური ხვატისგან მოშორებულს, მაგრამ რცხვენოდა უფრო მეტად – თავისი რქების, თავისი კუდის, თავისი წარმომავლობის, ქალამნების, მოსასხამის... მიაბიჯებდა მდუმარედ...სად მიდიოდა?
ბოლო მოსახვევთან გალობა შემოესმა.
აი, იქით შეუხვია.
ჩაუყვა პატარა ქუჩას.
გუმბათოვან, წითელი აგურის ნაგებობასთან შეჩერდა სმენადქცეული.
„_როგორი თბილი სინათლე იღვრება ღია კარიდან, თვალებსაც არ ჭრის,პირიქით ამშვიდებს...“
ჭიშკართან ჩამოჯდა. თავი ქვის სვეტს მიაყრდნო და მშვიდად მიიძინა.

??????