ქადაგიძე ნინო
გაზიარება

დედაკაცო ! 

მარხვა დაიწყო , დედაკაცო!
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ცისკარი - თეთრი ხილაბანდი,
ჰკიდია სკამზე,
წაიკარი და უკან-უკან
ნუ იყურები!
რაღას დაეძებ, გაზაფხული
მოვა თუ არა,
ან მარტმა უკვე გადმოწყემსა
მერცხლის გუნდები?!...
უცნაურია, წინსაფარში
სიზმარს რომ მალავ,
რომ ისევ გიყვარს,
საკუთარ თავს, რომ არ უტყდები!
ნუღარ კითხულობ
ის პერანგი გაცვდა თუ არა...
ან ჯიბესთან თუ კვლავ ატყვია
ნათითურები?!...
მარხვა დაიწყო...წამოდექი,
გაცერი ფიქრი,
გაავსე ვარცლი,
ამოზილე ცოდვის პურები.
ჭიშკართან - თალხი შეღამება,
ბრუნდება ქმარი,
შეეგებე და უკან-უკან
ნუ იყურები!

??????