ქვრივიშვილი ნიკოლოზ
გაზიარება

კლდე ექსკლიუზივი

(დეკანოზ მამა პეტრე კვარაცხელიას)

მე ის ლოტი ვარ, ქვად რომ იქცა,
შენ კი ხარ პეტრე. კლდე ხარ ჩემი და
არ შეწუხდე, თუ დაგეყრდნობი!
სიგრძე-სიგანით ჩემი ცოდვა ვწონე და ვმეტრე,
უკან მოხედვით შევცოდე და მედება ობი.
ყველა ტკივილი ჩემი ლექსის შენ უკვე იცი
და ყურის მოჭრას მავანისთვის მე ვერ გასწავლი,
უადგილოა, ალბათ, ახლა ყოველი ფიცი,
ეს მე ვიყავი, იმ წარღვნას რომ გამოვასწარი.
ბიბლიოთეკას, ვიცი, ერთი აკლია წიგნი,
მას არც ფურცელი არ ჭირდება და არც სქელი ყდა,
ქართულ ასოებს (სიმართლეა) დღეს შენთვის ვჯიჯგნი,
არც მიფიქრია, ათას ვერცხლად რომ გამეყიდა.
შენ კლდე ხარ, პეტრე, მე კაცი ქვა და
იქნებ ხვალ ქარმა, მე ეს კენჭი კვლავ მომიხოცოს,
იქნებ გაიგოს „ჰელადოსი” როგორ მიყვარდა,
იქნებ შენც, კლდეო, გაიგო და შემისისხლხორცო.
და წულთუხრწნელი მარიამის ქრისტე შობილი
ჩემში აცხოვრო, რადგან ახლა ცხოვრობს ბარაბა,
სამჯერ კი არა, ათიათას ასჯერ გმობილი,
მაპატიე და შენ გააღე ჩემი დარაბა.
მე ის ლოტი ვარ, რომ მეგონა, მართლად რომ ვვლიდი,
შენ კი ის კლდე ხარ, ქრისტე სამჯერ რომ უარყავი,
„მოთმინებითა შენითაო” – ვყოფილვარ ფლიდი,
ვარდი ხარ, მამავ, იანვარშიც მუდამ რომ ჰყვავი.
მზემ მოაჭირა ბნელ ოთახში – ცივა განთიადს,
შენ შემაჩვიე ხორცზე ჩვეულს ვჭამო ბალახი,
უკან დავტოვებ ლოთობას და იმ აპათეას,
მამაო პეტრე, ჯერ წინა მაქვს გადასალახი.
მოაფრიალებ ანაფორას, გათავდა, მორჩა,
ენგურ-მტკვარი კი შენთვის არის ქართლოს-ლაოსი,
სარეცხის თოკზე ცოლი კიდებს [მაგ ანაფორას] მშვიდობის დროშას,
ხარ მამა პეტრე მე უბრალო ნიკოლაოზი.
შენ კლდე ხარ ჩემი, არ შეწუხდე თუ დაგეყრდნობი!
ჯვარ აღმართული დაგინახო მინდა გორაზე,
ბევრჯერ შესცოდავს ნიკოლაოზ, ბევრ რამის მგმობი,
მერე მოვალ და ყველა ცოდვას შეგაწმინდავ ანაფორაზე.

??????