ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

***დღეები დღეებს გვანან ექსკლიუზივი

დღეები დღეებს გვანან,
როგორც ფიფქები ფიფქებს.
ყველაფერს ბოლო აქვს და
დარდსაც ეშველოს იქნებ!
დაცარიელდა გული,
მოჭრილი არის გზები,
არ შემიძლია ვწერო
ლექსი ძველებურ გზნებით.
მიწყდა მუსიკის ხმები,
არც შუქი მოციმციმე.
არაფერია, ვხვდები, -
ცარიელ გულზე მძიმე.
დღეები დღეებს გვანან,
ფიქრები გვანან ფიქრებს,
ყველაფერს ბოლო აქვს და
დარდსაც ეშველოს იქნებ!
ვედრება
ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს,
იქმენ კაცთა გლოვის მონაწილე,
ყველა დავრდომილს და ატირებულს,
ლხინი გაუმრავლე, ჭირი მოაცილე.
ბედის თვალია თუ ბორბალია,
ერთხელ ჩვენს სახელზეც დააბრუნე,
ყველა გადახვეწილს (საბრალოა!)
დედა მოაგონე, სახლში დააბრუნე.
კვირას ნუ ჩაარქობ გაჩაღებულს,
ვისაც წამწამები შეუსველე,
ყველა უბედურს და წყალწაღებულს,
ღმერთო, შენ უშველე...
ღმერთო, შენ უშველე...

??????