ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

*** "ჩემი - სიძულვილიც გშველის" ექსკლიუზივი

ჩემი - სიძულვილიც გშველის,
შენი - სიყვარულიც მზაფრავს.
დამრჩა ნავისაგან ძელი,
არც ნიჩაბი და არც აფრა.

არც სურვილი ნაპირისკენ,
თუმც გავწყალდი წყალში გდებით.
რომ გამრიყოს,ვშიშობ, ისევ
ქართულ მიწას მოვადგები.

არც შვილი და აღარც გერი
ჩემი ხარ და შენი არ ვარ.
გეყო სიძულვილისფერი
სი-სი-ყვა-ყვა-რულის ფარვა.

არც მკვდარი და არც ცოცხალი
თავით არ დაგენახები.
სხვამ გაგისხლას საგოლგოთე
ჯვრად საზრდელი ვენახები.

სხვებმა მოილექსონ ეშხით
შენი გელათი და მცხეთა.
ამ უღმერთო სამოთხეში
მზეც იღიმის ჯოჯოხეთად.

,,სხვა საქართველო სად არი...''
იქნებ მართლაც იყოს სადმე
სხვა სამშობლო,ოღონდ არა
ეს,რომელიც მომისაჯეს.

მიხარია - ვკვდები,გტოვებ.
მაგრამ ვაი,როგორს გტოვებ,
რაც გადარჩა,ისიც დარჩა
შინამტერს დს უცხოტომელს.

რატომ,გეკითხები,რატომ...
რისთვის,მიპასუხე,რისთვის...
ცისკენ,სულო,უსხეულო
ჩვენი საქართველო გვიცდის!

??????