შემოქმედელი დავით
გაზიარება

დედი, გზირის მზერასავით... 

დედი, გზირის მზერასავით 
გდევდა მუდამ ავი ბედი, 
სოფლის ბოლოს, ალაგესთან 
რა უმწეოდ დამიბერდი. 
დედი, ჩვენი სახლის ზემო 
ხაკისფერი ღრუბლებია, 
შორს მიდიან სამუდამოდ, 
თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან. 
მამაშენი სახსრის ჩივილს 
ვერ უძლებსო, რა ხანია, 
მწერდი, სულს რომ ვერ გაატან, 
ისე შავი ზამთარია. 
არაფერი აღარ შეგრჩა, 
ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში, 
და უძღები შვილის წერილს 
ფსალმუნივით იღებ ხელში... 
...
დედა, გამოხუნებული, 
შენი კაბის ფერი, 
დედა, მამის ნაქონ ყამას 
დასდებია მტვერი. 
დედა, ყორის ახლო ვნახე 
იის სუსტი ღერი, 
ყველა კენჭი და ბუძგატა 
ბავშვობაა ჩემი. 
ჰოდა, დედი, სიყვარული 
ამ დაბორცვილ მიწის, 
მე კი არა, დამიჯერე 
ქვის ყორემაც იცის...
. . .
სულეთის კართან მელოდე, დედა,
საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,
ეს რა გულსევდა დღე დამებედა,
დამძიმებულა დარდიც ლოდივით.

წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი,
შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს,
ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი,
ცრემლიც უბედო თურმე ბედია.

შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,
საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,
მე ვარო შენი ბოლო სადგური.

გადაუარეს წვიმებმა ბალახს,
სექტემბრის უხმო დილაა თბილი,
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,
მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
...
დედის საფლავზე
ამოსულო ყვავილო,
ნიავზე რომ ირხევი,
დედის სუნთქვა მგონიხარ...

??????