ჭილაძე ოთარ
გაზიარება

თვრამეტი მარტი ექსკლიუზივი

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი.... 
თვრამეტი უკვე გასული წელი, 
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი 
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი, 
ერთად ატანა მზისა და თოვლის.... 
და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის, 
ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი... 
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის... 
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს... 
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...


და შენს კაბაში ირხევა ქალი 
და ნაზი ბინდი ედება თვალებს, 
და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე, 
დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.

და როგორც ღვინო ან როგორც ბროლი, 
ქუჩა სავსეა თრთოლვით და დენით... 
და როგორც ღამე უეცარ სროლით, 
ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.

და აი, ისიც! გაშლილ აფრებით 
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან, 
მე კი ჩუმად ვწერ და არაფერი 
არ შემიძლია სიჩუმის გარდა.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი... 
თვრამეტი უკვე გასული წელი, 
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი 
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.
1959წ

??????