ფოცხიშვილი მორის
გაზიარება

უფლისციხეში ნაპოვნი ლექსი ექსკლიუზივი

“მიწა იყავ და
მიწად იქცევი” -
ასე ჩამძახეს ერთხელ.
არ დავუჯერე
წინასწართქმული
წინასწარმეტყველ ღმერთებს.

წინ დავაბიჯე
კვერთხი რკინისა
გზა საუკვდავო ვძებნე.
ბევრი ვიარე,
სად არ ვიარე,
მთებზე, მინდვრებზე, ზღვებზე...

ვერ გავექეცი
მიწის შავ ფრჩხილებს,
ვერ დავემალე ვერსად,
მიწას ერთხელაც ვერ ავაცილე
გულის მოთქმა და კვნესა.

ბევრი ვიარე,
სად არ ვიარე,
და როს ვიგრძენი დაღლა,
ტკბილად მივწექი
გულცივ მიწაზე,
ჰოდა, მიწა ვარ ახლა.

??????