ებანოიძე ზაალ
გაზიარება

ჩიტო, კარგი ამბავი! ექსკლიუზივი

თანდათანობით ებევრება სიგრილე ნიავს
და ფეხაკრეფით მოიწევს ბინდი 
და მზეს ჩამავალს, ყველაზე გვიან
თმობს ასაფრენი ფრინველივით შემდგარი შინდი.

"ფრინველნი მფრინვალნი ქვეყანასა ზედა",
"ცხოველნი წყლისა და ცხოველნი ხმელსა",
დობილო მოიხდენს ლივლივა ქედანს,
ჭალებს რომ ყანჩების ფარფატი შენისლავს.

წყალგაღმა – სახნავი და სათესია,
გამოღმა – ბალახს ძოვს კამეჩი,
თვალები – დღეში აქვს და ნათელში აქვს,
ტანი აქვს – სულ მუდამ ღამეში.

ქედზე ნაუღლარი დატყობია, –
ბედის ამ განაჩენს მეც ველი;
რამდენის ამტანი და დამთმოობია
თავის პირუტყვობით მეტყველი.

ტირიფებს ფოთლები შესცვენია,
მოვდივარ ჟალტამია სოველი;
ნოეს მაგიერ მე მრცხვენია,
ახლაც ამ უწყინარი ცხოველის.

ფშანებში ვასაკების ორკესტრია
და ტანზე ჟრიამულის სამოსელ
აცმევენ, ლანდივით რომ მომეწია
ღამე და მდუმარებით მაოცებს.

შენ ამ დუმილიდან ამოდიხარ
და ბნელში სანთელივით მინთიხარ,
ზოგჯერ ხავსიანი ქვა–ლოდი ხარ,
ზოგჯერ მგალობელი ჩიტი ხარ.

"ჩიტო, კარგი ამბავი, ჩიტო, ოქროს ნისკარტი!" – 
მუდამ ხელაღმართული და მშვიდობის მთხოვნელი,
დღემდე ასე შემომრჩა მშობელი დედის ხატი
ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ახლობელი.

??????