ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ფიქრები 

მე მაინც ჩემსას ვამბობ: არ უდევს ყველას სული და გული, თუმცა ყველა ცოცხალი დამიანი ჰსუნთქავს და ფეხზე დაიარება. მწერლობის გარეშე მცხოვრებელი კაცი უსულგულობით განაღამც იოლად გამოვა, შეიძლება დიდ ბედნიერადაც ჰრაცხდეს თავისს თავს, მაგრამ ვაი თქვენს მტერს, თუ ეს უბედურება მწერალს დაატყდა თავზე და მაინც კიდევ მწერლობას არ იშლის! აბა მაშინ დატრიალდება უკუღმა ჯარა, აბა მაშინ „დავალდებიან ყურნი მსმენელთანი!“
იქნებ, მკითხველო, გეგონოს, იფიქრო, მშვილდს იმიტომ ვსჭიმავდე, ისრის სროლა მეწადოს კერძო კაცისათვის? არა, თუმც კი შეიძლება ბევრი იყოს ღირსი ისრისა. მე პირადად საქმე უსულგულობასთანა მაქვს და არა სხვასთან ვისთანმე. ვებრძვი უსულგულობას და ვებრძვი ჩემს თავს, რადგან მინდა ორიგინალური რამე ვსთქვა ორიგინალურადვე. მაშ დავიწყოთ.
მწერლის სულის და გულის ქონა იქიდამა სჩანს, აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა ქვეყნისათვის, ცხოვრებისათვის სიკეთე, თუ არა. თავი და თავი აზრი მიწის შვილთა, ჩემის ფიქრით, ცხოვრება უნდა იყოს, მისი სიავ-სიკეთე. მწერალი კიდევ, როგორც გამომხატველი ცხოვრებისა, უსათუოდ ამ წრეში უნდა ტრიალებდეს, მისი გრძნობა იმას უნდა დაჰფოფინებდეს, თვით ცხოვრებიდამვე გამომდინარი, თვით ცხოვრებისაგან შობილი. უამისოდ მწერალი უაზრო ხმაა, გაურჩეველი, გაურკვეველი, ყველასათვის გაუგებარი.
ბევრი რამ გამიგონია ჩვენს მწერლობაში ჩვენის მწერლებისაგან უსულგულოდ ნათქვამი სიტყვა, უმარილო, უგემური, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ გულიდან ჟანგი გადასწმინდოს კაცისა, უფრო უმატებს ჟანგსა და ობსა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მარტო უგემური სიტყვა გვესმოდეს; უგემურთან მადლიანი სიტყვაც ბევრი გაგვიგონია.
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან
მზე სწორად მიეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა
შენმცა ნუ მოგეწყინების და სხ.
თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი,
ოსი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი და სხ.
მრავალთ ყმაწვილთ კაცთ,
ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის;
აწ სამარეცა არსად არს მათთვის,
ჰაერში გაქრა მათი სახელი!..
და იმ ჟამთ მოწმე სადამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა და სხ.
ერთს ბედს ქვეშა ვართ,
ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს
შავი მიწა ჩვენ,
ერთგულად ვსჭამოთ
ჭაპანი ჩვენი, -
უსიხარულოდ
დავლიოთ დღენი და სხ.
ბევრი სხვაა ნათქვამი მარილიანად ჩვენებისაგან, ნათქვამი სულით და გულით. ესეთი ნათქვამი სულ სხვაა და უსულგულოდ - სრულიად სხვა; იგი მარტო იმის მთქმელს მოსწონს, დანარჩენის ყურებს ყინვა-ზრობასავით ჰხვდება. უგულო, ძალათ მწერალი იმით იცნობა, რომ უეჭველად უგულო საგანს აირჩევს სალაპარაკოდ, ცდილობს, რომ გულიანად აჩვენოს თავი მკითხველებს, ამის გამო სულსაც აწვალებს და გულსაც.
სულიც სტკივა,
გულიც სტკივა
მეტიჩარა მჯღაბნელასა,
ემდურება თავისს გამჩენს,
ემდურება ის ყველასა.
ჩვენა გვქირდავს,
ჩვენა გვწყევლის,
არა ესმის სულბნელასა.
სამუდამოდ იმის კალმის წვერზე შემდეგი სტრიქონები აწერია, რომელიც არაგზით, არა საშუალებით არ ამოიფხიკება:
ყინულის ცეცხლი ვინა სთქვა
და ჯოჯოხეთის სიკეთე?!
დროა თავიდამ მოგვშორდე,
გვეყო რაც საქმე გვიკეთე.

***
მაინცდამაინც წერის უფლებას ჩვენ ვერავის წავართმევთ; ყველას ნება აქვს წერისა და ფიქრისა, როგორც სიყვარულისა, სიხარულისა, სიცოცხლისა და ხეირიანის ცხოვრებისა, მაგრამ ყველას კი ვერ დავაჩემებინებთ მწერლის სახელს, მით უმეტეს უსულგულო ადამიანს...
სხვა ყველა ყველა და განა ეს არის მარტო საფიქრებელი და მოსასაზრებელი, თითქოს დიდხმიანი სახელი დავარქვი ჩემს წერილს. დიაღ, დავარქვი „ფიქრები’’ და ჩავაცივდი ერთს ბეჩავს კაცს, რომელსაც სწადიან მწერალი გახდეს. სხვა რამდენი რამ არის ცხოვრებაში თავსატეხი, ზოგზე თუ ვერას გეტყვი, მკითხველო, ძალიანაც რომ მეწადოს-ზოგს ხომ მაინც ვიტყვი... ან კი მარტო ჩემი ფიქრი რა იქნება, მე მინდა ახლა შენი ფიქრიც შევიტყო. ზოგს შენს ფიქრს რომ ვიცნობდე, ზოგი რომ შენი განზრახვა ვიცოდე, ზოგი არ ვიცი. ეს ზოგიც იმიტომ ვიცი, რომ შენც კაცი ხარ და მეც, ერთის წყალ-ადგილის შვილები ვართ, თავდაპირველ ადამიანები, ერთს ცხოვრებაში მომწყვდეულნი, ერთის ტკივილის მტვირთველ მზიდველნი და ამის გამო ვიცნობ შენს ფიქრს, მკითხავი არა მჭირდება. ამიტომ დაბეჯითებით გეტყვი, რომ უმთავრესი ფიქრი მე და შენი უმთავრესს ჩვენის ცხოვრების საგანზე ერთია, თუმცა კი ბევრი წვრილმანი ფიქრი ჩვენი ერთმანეთს კვერს ვერ დაუკრავს. მე ზოგჯერ ახირევბული ფიქრი წარმომიდგება, ვიცი. ეს ფიქრი შენ არ მოგეწონება...
ვფიქრობ, ნამეტნავ ახლა, რაკი გინდადრობით მოვინდომე, თავისებურობით გამოვსჩნდე-მეთქი. ვიცი, - რაც უნდა გითხრა, არ გეჭაშნიკება, მაგრამ მაინც მეტი ჩარა არ არის, უნდა ეს ფიქრი გაგიზიარო, რადგან სიმართლედ, სამართლიან ფიქრად მიმაჩნია, თუმცა კი არც მე მომწონს. განა არ იცი, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ბევრი საწყალი ჰკიდია ზურგზე და ბევრი ბედნიერად მცხოვრებელი, ბევრი მშიერი, ბევრი მაძღარი. მე და შენაც ვფიქრობთ და ვამბობთ: ეს ესრე რად არისო? წარმოიდგინე, ამ საათში ფიქრმა მომიარა და ვამბობ: სწორედ ასე უნდა იყოს-მეთქი. რადა? მიტომ რომ მადლი სუფევდეს ქვეყანაზე, ვხედავდეთ შეწევნას, შველას, შებრალებას. დაჩ გრულობა, ბეჩაობა რომ არ იყოს ქვეყანაზე, გრძნობას კაცთმოყვარულს, გრძნობას შებრალებისას რაშიღა უნდა ევარჯიშნა? მაშინ ჩემი ნახევარი ბუნება ხომ მკვდარი უნდა ყოფილიყო. რითიღა უნდა დამეყენებინა მაღლა ჩემი თავი უგულო, უგრძნობელს ხარ-კამბეჩებზე, რომელნიც მაინც კაცის სახელს ატარებენ? ერთის სიტყვით, რით უნდა ვყოფილიყავი კაცი?
წარმოვიდგინოთ ისეთი, როცა შესაბრალებელი ცხოვრებაში აღარავინ იყოს, შეწყალებას ბინა აღარსად არა ჰქონდეს წუთისოფელში, რა იქნებოდა მაშინ თვით ადამიანთა კრებული და თვით კაცი? იქნება, თუ მოსახერხებელია ეს, კარგი რამ იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის კი მრავალი სურათი, რომელიც ჩემსთავზე მეტად მიყვარს, მკვდარი იქნებოდა. გამეორებით გეუბნებით, ეს ფიქრი გულწრფელია, გულწრფელად ნათქვამი. იქნება, ეს ფიქრი, ეს აზრი იმიტომ მომწონს, რადგან შეუძლებელია ცხოვრების ისე მოწყობა, რომ შესაბრალისი აღარავინ და აღარაფერი იპოვებოდეს მასში. შეიძლება, ესეც იყოს. ალბათ ბუნებას ასეთი კანონი აქვს, რასაც აკეთებს, გონივრად აკეთებს, მოსაზრებით აწყობს და ჰშლის...
გულით გეტყვი, მე რომ არ მიყვარდეს და არ მებრალებოდეს ვინმე, თავს არ ვიცოცხლებდი და ვგონებ, შენც დამეთანხმები, რომ არც სასიცოცხლო ვიქნებოდი. ერთი რამ მიყვარს და მებრალება; ეს გრძნობა სიბრალულისა მტანჯავს კიდეც, მაგრამ დიდადაც მასიამოვნებს, - მასიამოვნებს ისრე, რომ ამ საბრალო არსების ცხოვრება ოღონდ კი გავაუკეთესო და სიცოცხლე არაფერია ჩემთვის; იმის გულისთვის სიკვდილი სასიამოვნო, საამაყო, თავმოსაწონებელია ჩემთვის. ეს რა ამბავია, ეს რა წესი უნდა იყოს ბუნებისა საზოგადოდ და კერძოდ ადმიანის ბუნებისა? ა? ასე რადა ჰსჯის, ამგვარად რადა სჭრის და ჰკერავს ბუნება? თითქოს კაცს სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარს. მაგრამ ხომ ხშირად სიკვდილში კაცი სიცოცხლეს პოულობს? ბუნებაც ამას ალბათ იმიტომ ჩაადენინებს კაცს, რომ იმისთვის სიკვდილი, რაც კაცს უყვარს და ებრალება, იგივე სიცოცხლეა. მაინცდამაინც ბუნებას ხომ სიკვდილ-სიცოცხლე ერთნაირად უყვარ და ორივეც იმის ხელთ არის... ამ ფიქრმა აი რა ლექსი მათქმევინა:
ბევრი რამა მაქვს სათქმელი
და დიდი გულისჭირვება;
სათქმელი დარდი მდუღარე
გულს ნისლად დამეფინება.
ვინაც გაზარდა ობოლი,
იმასვე აეტირება!...
დარდი კი არა, ლხინია,
მოჩვენებული ვარმადა,
მაშ უმისობას რად არ ვძლებ,
რად ვეღირბი სალმადა,
თუკი საჭირო არაა
ის ჩემი გულისჭირია?
ან იმის მოგონებაზე
რადა ხმამაღლობს სტვირია?!
ლხინიც ხო არ მელხინება,
ზოგჯერ თუ არა ვსტირია.
მაგრამ მაგარი ის არის, რომ ახლა კიდევ სხვა ვიფიქრე. ვფიქრობ, რომ სიბრალულს სიყვარული სჯობია ბევრით; სიბრალული, ცოტა არ იყოს, ბატონყმური გრძნობაა. მე რა უფლება მაქვს მებრალებოდეს ვინმე, მე, რომელიც, იქნება, თვითონ ვიყო შესაბრალისი? ნუთუ ეს იმას არა ჰნიშნავს: მე ბატონი და შენ კი ბეჩავი, ჩემი ყმაო. ვის ებრალება სხვა? იმას, ვისაც თავის თავი იმაზე ბედნიერად მიაჩნია, რომელსაც იბრალებს და იწყალებს. ღმერთმა ჰქნას, მომავალმა დრომ სიბრალულის ნაცვლად სიყვარული გაამეფოს, მომავალმა მოჩანგემ სიყვარულს უმღეროს, ხოლო დღევანდელს დღეს კი ისევ სიბრალული გვასულდგმულებს, რადგან შესაბრალებსა და შესაწყალებს ბევრს ვხედავთ - გვებრალება და, რამდენადაც გვებრალება, იმდენად აღარ გვიყვარს.
წუხელა ვნახე სიზმარში
გუშინდელის დღისა შავობა,
ზოგჯერ ძვლები სჯობიან,
ზოგს დროს - ახალი თაობა.

1891წ

??????