მეუნარგია იონა
გაზიარება

სიტყვა ილიას დასაფლავებაზე 

დაუვიწყარო მამულის შვილო ილიავ! შენი ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი დღეა შენს ცხედარს გარს ახვევია?
არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო-კახეთიდამ დაწყებული შავ-ზღვამდის. ამ ქვეყანაში ყველას უგემნია შენი ნაწერების სიტკბოება და ყველა სასოებით და სიამაყით იხსენებს შენს სახელს; ოჯახი სად დარჩა ამ ქვეყანაში, საცა ბავშს შენი “აყვავებულა მდელო” არ ეკითხოს და მოზრდილს “მკრთალი ნათელი” და “ჩემო კარგო ქვეყანავ” არ ემღეროს?
შენის ქმნილებით დამტკბარმა, შენის მოკვლით გულს ჩამწარებულმა, საქართველო შორეულმა ქალაქმა ფოთმა დაფნითა და ყვავილით შეამკო ცხედარი შენი და უკანასკნნელი სალამი გიძღვნა შენ, დაუვიწყარო ილიავ, შენ, რომლის მარჯვენისა ქმნილებამ აღზარდა რაზმი საქართველოს მოზარდთა თაობათა და მწერალთა, შენ რომელმაცა “კაცია-ადამიანი” სთქვი, “გლახის ნაამობობი” გვიამბე თავდადებული შეგვაყვარე და “ნაოჭის მსგავსად შეკრული” შუბლი განდეგილისა დაგვიხატე ხელოვნურად.
შენ, რომ ფეხიშემოდგი მწერლობაში, სთქვი, “მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდებიო” და მთელი შენი სიცოცხლე ამ მამულის აყვავებას ამსახურე და მამულის შვილების გულში აღაგზნე ყოველგავარი კეთილი აზრი და გრძნობა.
დღეს ყოველი ქართველი, თვით შენი მტერიც, შენი შეგირდია. ნეტავ გაგაგონა ის ძლიერი ღაღადი ჩვენის მწერლობისა, რომელიც შენმა მკვლელობამ ასტეხა, რომ დამტკბარიყავ იმ აზრით, რომ სამწერლო მემკვიდრობა შენგან დატოვებული არც ისე მჩატეა, როგორც მტერსა ჰგონია.
შენ არ გვასწავლე ქართული ენა? შენ არ შეჰქმენ უკანასკნელად “სულთა სწრაფვა”, “თვალთა ხედვის ისარი”? შენ შეგვაყვარე მამული და გვაჩვენე, როგორ უნდა სამშობლოს მტერთან ბრძოლა. “დიდ მუხასთან პატარა ია, რომ ყვაოდეს, ვის რა უნდაო”, გააგონე შენს მამულის მტრებსა; სამეგრელოს ჩამოშორება, რომმოინდომეს საქრთველოდამ, შენს სამეგრელოში მოდი, იქურობა ნახე და სთქვი: “სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო” და მედგრად გამოესარჩლე დაჩაგრულ სამეგრელოს.
და აწ შენ დაგვშორდი, დაგვტოვე იმ დროს, როცა თვით მამულის წმინდათა-წმინდას შეეხო განუსჯელი თაობა და როცა შენს წინასწარ მეტყველურ სიტყვას შეეძლო ეს თაობა გონს მოეყვანა.
ვინ იცის ეგებ შეიძლებოდეს კაცს კაცობრიობა უყვარდეს მამულზე უფრო, მაგრამ მამული რომ არ უყვარდეს კაცს, სამშობლოს ენა არა სწამდეს, ამის სმენაც კი ეჩოთირება ჩვენს ყურს, რომელშიაც შენ 40 წელიწადი სულ ჩაგვძახოდი: ჩიტს თავისი ბუდე უყვარს, ნადირს თავისი კლდე და სორო, მთელ განათლებულ ქვეყანას თავისი მხარე და ენა და მხოლოდ ჩვენში გამოჰტყვრა პირველად ეს დაუჯერებელი: “ენა რა არის, მამული რას მიქვიაო”.
ვიმედოვნებ, მოძღვარო, რომ ეს შეცდომა წარმავალია, რომ ჩვენნი ძმანნი და შვილნი, ვითარცა უძღებნი შვილნი, დაუბრუნდებიან სამშობლოს და მამული კვლავ დარჩება ყველასათვის საუკუნოდ თაყვან საცემად ისე, როგორც საუკუნო არის იდიალები სიმართლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, რომელთაც შენ მსახურებდი.
მშვიდობით ჩვენო ენის კანონმდბელო, დიდო მამულის შვილო!

(1907 წ 9 სექტ. ილიას დასაფლავებაზე წარმოსთქმული სიტყვა. იხ. კრებული-”ილიას სიკვდილი და დასაფლავება” გვერდი 194-195).

??????